დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„კაცები სჭირდება ქვეყანას!“
2011/01/20 14:08:32

ლამაზები, ხუჭუჭები, შავგვრემნები, ქერათმიანები, მოზრდილები, პატარები, ცელქები, მშვიდები, დინჯები, ეშმაკუნები... იმდენნი იყვნენ, რომ თავგზა ამებნა! ახალგაზრდა დიასახლისი ღიმილით შემხვდა და შინ შემიძღვა. ბავშვები ყურადღებით მაკვირდებოდნენ, მაგრამ ომობანას თამაში არ მიუტოვებიათ. ბოლო ანუ მერვე ბარბარობის დღესასწაულზე დაიბადა, უფროსი კი 15 წლისაა. სულ შვიდნი არიან, ძმები ბერიძეები: იაკობი, გიორგი, დავითი, კონსტანტინე, ნიკოლოზი, ლუკა და ნაბოლარა საბა.

37 წლის მანანა კუპრაშვილი შვიდი ბიჭის დედაა. ყველაზე უფროსი, - ღვთისო, რომელიც ახლა 18 წლის იქნებოდა, წლინახევრისა  გარდაიცვალა. მას შემდეგ 7 ვაჟი შეეძინათ, ყველა მათგანის დაბადებას სიხარულითა და ღვთის წყალობის იმედით ხვდებიან.

მანანა 18 წლის იყო, როცა ოჯახი შექმნა და თავს ბედნიერად თვლის, რომ უფლის ასეთი წყალობის ღირსი გახდა. მან და მისმა მეუღლემ, კახა ბერიძემ, ერთმანეთი ეკლესიაში გაიცნეს და მალევე შეუღლდნენ. მას შემდეგ 19 წელი გავიდა, დატვირთული ყოველდღიური ცხოვრების მიუხედავად, ერთმანეთისთვის დროს მაინც პოულობენ და ყურადღებიან მეუღლეს საჩუქრების მირთმევაც არ ავიწყდება ცოლისთვის. კახა ბერიძეს ეკლესიისთვის ქვაზე ჩუქურთმები გამოჰყავს, ოჯახის ძირითადი შემოსავალიც ხელობის გასამრჯელოდ მიღებული თანხაა. მანანას ტექნიკური განათლება აქვს, თუმცა ქორწინების შემდეგ პროფესიით აღარ უმუშავია, ახლა, როგორც თავად ამბობს, „უხელფასო მუშაკია“ ყველაზე საპატიო საქმიანობით.

ოჯახური დილა 7 საათზე იწყება, ხმაურითა და უკვე 8 ადამიანზე ზრუნვით. ზოგი სკოლაში მიიჩქარის, ზოგი ბაღშია წასაყვანი, ჩვილი საკვებს ითხოვს და ტირის... საშინაო საქმეებს მანანა მარტო უძღვება, მეუღლისა და უფროსი ვაჟის დახმარებით. ბავშვები ბუნებით თბილი და ერთმანეთის მოსიყვარულენი არიან. დედასაც ყოველგვარი მითითებისა და ძალდატანების გარეშე ეხმარებიან საოჯახო საქმეების მოგვარებაში. ოჯახის უფროსი მთელი დღის განმავლობაში სამუშაოზეა და შინ საღამოს 7 ან 8 საათზე ბრუნდება. სახლში კი მუდმივად ჟრიამული და ხმაური ხვდება, რის გამოც ხანდახან ბრაზობს კიდეც, თუმცა შვიდივე ვაჟთან ინდივიდუალურია და, როგორც იტყვიან, „დიდთან დიდია, პატარასთან კი - პატარა.“ ბავშვებსაც მამის განსაკუთრებული ხათრი აქვთ. არც დედას უჭირს მათი დამორჩილება, ამბობს, რომ ხშირად არ მიმართავს „ზემდგომ ორგანოს,“ თუმცა, ხანდახან ამის გარეშე უჭირს დააწყნაროს ერთმანეთს აყოლილი და თამაშში გართული 6 ბიჭი.

ცხოვრობენ სამოთახიან ბინაში. ვიწროდ არიან. ბავშვებს ადგილი არც სათამაშოდ ჰყოფნით, არც დასაძინებლად და არც სამეცადინოდ. ერთ ოთახში 6 ბიჭს ერთად სძინავს, რამდენიმე სართულად გაკეთებულ საწოლებზე, (ჯარისკაცების ყაზარმა გაგახსენდება...), საშინაო დავალებასაც ერთ ოთახში ამზადებენ და ხანდახან დედასაც უწევს მათი გაკონტროლება, რომ არ იეშმაკონ და ერთმანეთი არ მოაცდინონ. განსაკუთრებული ცელქი 7 წლის კონსტანტინეა, მოციმციმე თვალებითა და ეშმაკური ღიმილით. 5 წლის დავითს კი ფეხბურთის თამაშის ნიჭი აღმოაჩნდა და ერთ-ერთ გუნდში ვარჯიშობს. 4 წლის ნიკოლოზს წიგნები აინტერესებს და ცდილობს,  წერა ისწავლოს. 15 წლის იაკობი 9 კლასის დასრულების შემდეგ ტექნიკურ სასწავლებელში მიიყვანეს, თავისუფალ დროს მამას ეხმარება და ქვაზე კვეთას სწავლობს.

„ყველამ რაღაც უნდა გააკეთოს საქართველოსთვის, ჩვენმა ცხოვრებამ უკვალოდ არ უნდა ჩაიაროს. ჩვენ ეს გზა ავირჩიეთ. დღეს დემოგრაფიული პრობლემა ნამდვილად აქტუალურია და თან კაცები სჭირდება ქვეყანას. იმდენ შვილს გავაჩენ, რამდენსაც უფალი ინებებს, განსაზღვრული არ მაქვს, შვიდი მეყოლება თუ ათი. ყველაფერი ღმერთის ნებაა და ჩვენც მის წყალობას ვგრძნობთ. ამის გარეშე წარმოუდგენელია, მარტომ გავზარდო და აღვზარდო შვიდი ბიჭი,“ - ღიმილით მითხრა მანანა კუპრაშვილმა. 

სახელმწიფო წელიწადში ერთხელ ურიცხავს ბერიძეების ოჯახს დახმარებას 500 ლარის ოდენობით, რაც ამ მრავალრიცხოვან ოჯახს პურის ფულადაც არ ჰყოფნის. ყოველი ახალი წევრის დაბადებასთან ერთად კომპანია „ავერსი“ მათ აჯილდოებს 1000 ლარით, ესეც ერთჯერადი კამპანიაა.

ოჯახი ყოველ კვირას წირვას ესწრება, ბავშვებიდან რამდენიმე სტიქაროსანია სხვადასხვა ტაძარში, შედარებით მოზრდილები უკვე მარხულობენ და ეკლესიური ნორმების დაცვით ცხოვრობენ, ყოველ კვირას ეზიარებიან და დედაც მშვიდადაა, იცის, რომ ამ გზით საუკეთესოდ იცავს შვილებს. ბავშვებს არც გეგმურ სამედიცინო შემოწმებებს უტარებს და არც ვაქცინაციებს.

ოჯახს 25 ნათლია ჰყავს, მათ შორის - პატრიარქიც. დახმარებას მრევლისა და მოძღვრების მხრიდანაც გრძნობენ.

მიუხედავად იმისა, რომ ხელგაშლილად ვერ ცხოვრობენ, თვლიან, რომ საწუწუნო მაინც არაფერი აქვთ. შვილთა სიმრავლეს ღვთის წყალობად მიიჩნევენ და ამ ბედნიერების განცდას ყველა ქართველს უსურვებენ.

ცხრაწევრიან ოჯახში ამჟამად მხოლოდ ერთი ქალბატონია; ყველას სურვილი აქვს, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა რიცხვი გაიზარდოს. უახლოეს მომავალში ამ სურვილის ასრულებასა და ბედნიერ შობა-ახალ წელს ვუსურვებთ საქართველოსთვის მშრომელ „უხელფასო მუშაკებს.“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2142
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია