დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გულნარა წიკლაური: ხელოვნება მოაზროვნე ადამიანისათვის
2010/10/11 12:39:31

მხატვარ გულნარა წიკლაურს კარგად იცნობს ქუთაისის საზოგადოება. ის მრავალი წელი იყო საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი. შემოქმედების პირველი ნაბიჯებიც მშობლიურ ქალაქში გადადგა. 2001 წელს კი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა და, როგორც საინტერესო მხატვარმა, ფართო აღიარებაც ჰპოვა. სექტემბერში იგი სამშობლოში იმყოფებოდა. ჰქონდა საინტერესო შეხვედრები, მათ შორის - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი მხატვარი გულნარა წიკლაური, რომელსაც საზოგადოების ნაწილი კარგად იცნობს, ცოდნის თეთრ ტაძარში, უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა. ორგანიზატორი სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი გიორგი ლიქოკელი იყო. მართალია, შეხვედრა სტუდენტების სიმრავლით არ გამოირჩეოდა, მაგრამ საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნო საღამო შედგა. შეხვედრა სტუდენტების სიმცირეზე საუბრით დაიწყო, რასაც ხელოვანმა ახსნაც გამოუძებნა: „მხატვრობა მაღალი მატერიაა და მას არ ჰყავს ბევრი დამთვალიერებელი.“                   

უკვე მეცხრე წელია, როგორც თავად ამბობს, ამერიკა მისი ნავსაყუდელია, თუმცა თავისი კულტურით და ტრადიციებით  ყოველთვის ევროპა უფრო იზიდავდა.. ამ წლების განმავლობაში მას ჰქონდა შვიდი პერსონალური გამოფენა ამერიკაში. იგი ჩამოყალიბდა სიურეალისტ მხატვრად: „ჩემს გამოფენებზე მოდიოდა ბევრი სხვადასხვა ეროვნების ადამიანი და ამბობდნენ, რომ ისინი ისევე ხედავდნენ ქართულ პრობლემატიკას ჩემს სურათებში, როგორც  მე. მათთვის ისეთივე  ახლობელი იყო ის, რასაც ვხატავდი, როგორც ჩემთვის. ესე იგი ხელოვნებას საზღვარი არა აქვს.. ბევრი ქართველი ხელოვანი, მუსიკოსი ცდილობს, შექმნას ისეთი რამ, რაც ქართულ ჩარჩოებში იქნება მოქცეული, მაგრამ ნამდვილი ხელოვნება, დაფუძნებული ჭეშმარიტ ღირებულებებზე, ყველა ერისთვის საერთოა.“

გულნარა წიკლაურის შემოქმედების შესახებ ამერიკაში გამოცემულია ალბომი, რომელიც ევროპის ბევრ ქვეყანაში იყიდება. იგი ერთი პერიოდი ბესთსელერადაც იყო აღიარებული რამდენიმე ქვეყანაში. საბედნიეროდ,  ამიერიდან საქართველოშიც ყველას ექნება საშუალება, გაეცნოს ქალბატონი გულნარას შემოქმედებას. საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში უკვე გახსნილია მისი გვერდი, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება საშუალება, დატკბეს მისი შემოქმედებით.

ქალბატონი გულნარა მართლაც გამოირჩევა თავისი ორიგინალური სტილით, აზროვნებით. მას უყვარს ხატვა ადამიანებზე, მათ განცდებზე, მორალზე. თემატიკა მრავალფეროვანია: ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური, რელიგიური. „მე მაქვს რელიგიური თემატიკის ბევრი სურათიც, იმიტომ, რომ მე მაინტერესებს მორალი ქრისტეში, მორალი ადამიანში, მორალი მაჰმადიანში, ქრისტიანში და სხვებში და სხვებში. ხშირად ვმდგარვარ სურათთან და მიფიქრია, რამდენად ახლოს ვართ ჩვენ, ადამიანები, ერთმანეთთან.“

- დღეს თქვენ ჩამოყალიბებული ხართ სიურეალისტ მხატვრად, როგორც ამბობთ, მაგრამ საწყის ეტაპზე მაინც თუ იყო რომელიმე მხატვარი, ვისმა შემოქმედებამაც გავლენა იქონია თქვენზე?

- არა, არ ყოფილა არცერთი მხატვარი საერთოდ. მე ვარ მხატვარი, რომელიც ვხატავ ბევრი ფიქრის, აზროვნების და ანალიზის შემდეგ, რომელიც მე, კონკრეტულ პიროვნებას, მიყალიბდება. ჩემი მხატვრობის ამოსავალი არის ჩემი პიროვნების, ადამიანური შეხედულებები, აზროვნებითი მომენტები, ჩემი დაინტერესება ადამიანის ფსიქოლოგიით და ფილოსოფიით, რომელმაც მერე ასახვა პოვა ჩემს სურათებში. მე ვფიქრობ, სურათით ადამიანს შეუძლია, ამოიცნოს მხატვარი. როდესაც მიხვალ და დადგები ნახატის წინაშე, მიხვდები, სინამდვილეში როგორი პიროვნებაა ფერმწერი, მოაზროვნე, რომელმაც იცის ხატვა, თუ მხატვარი, რომელიც ხატავს, მაგრამ ვერ აზროვნებს. მე ვიცნობ ძალიან ბევრ მხატვარს, რომელსაც აქვთ კარგი მხატვრული ტექნიკა, მაგრამ აკლიათ აზროვნებითი მომენტები თავის შემოქმედებაში.

- როდესაც მიდიხართ ფურცელთან, წინასწარ იცით, რა უნდა დახატოთ, თუ შემდეგ მოდის იდეა?

- ყოველთვის, როდესაც ვიწყებ ხატვას, უკვე მრავალმხრივ მაქვს ნაფიქრი და გაანალიზებული, რა უნდა დავხატო, რა მინდა და ის ჩამოყალიბებული მაქვს  გონებაში.

მე ჩემი ნახატით გეუბნებით იმას, რისი თქმაც მინდა, მაგრამ ეს არ არის დოგმა, ამიტომ არ მიყვარს როდესაც ვხსნი, თუ რა ჩავდე ჩემს ნახატში. ჩემთვის უფრო სასიამოვნოა მოსმენა, რას ხედავთ თქვენ, ვიდრე ახსნა - რატომ დავხატე ესა თუ ის სურათი, ან რა ჩავდე შიგ.

როდესაც მივდივარ სუფთა ფურცელთან, მე ვარ გადართული მთლიანად მასზე და ვიქმნი იმ განწყობას, როგორი სურათის დახატვაც მინდა. ჩემს სახელოსნოში, ნიუ-იორკში, სამი მოლბერტი დგას. რომ შევდივარ და მოვიმარაგებ ყველაფერს - ფერებს, საღებავებს, ფუნჯებს და ვიწყებ ხატვას, ჩემთვის ის პრობლემები, რაც გარე სამყაროსთან მაკავშირებს, აბსოლუტურად უფერულდება. მთავარია, ვიყო მშვიდ გარემოში და განსაკუთრებით მიყვარს მოცარტის მუსიკის ფონზე ხატვა. ჩემთვის მუსიკა არის ყველაზე ახლობელი ხატვის შემდეგ.

- რა უფრო გიყვართ - უკვე დამთავრებული სურათი, თუ ცარიელი ფურცელი?

- ყველაზე მეტად მიყვარს სუფთა ფურცელი. ვერ აგიხსნით რამხელა სიამოვნებაა ჩემთვის პირველი და ბოლო წერტილის დასმა. ბევრი არის, რომ იწყებს ხატვას და არ ამთავრებს ბოლომდე, ჩემთვის ეს წარმოუდგენელია. მე არ მაქვს არცერთი დაუსრულებელი სურათი და არასდროს ვხატავ ერთსადაიმავე სურათს რამდენჯერმე, იმიტომ, რომ დახატული სურათი მეორედ აღარ არის ის, რაც იყო საწყის ვარიანტში.

***

გულნარა წიკლაური არის მხატვარი, რომელიც ოპტიმიზმით განგაწყობს. მის სურათებში არ იგრძნობა უიმედობა, პესიმიზმი. მართალია, ხშირად იყენებს მუქ ფერებსაც, მაგრამ ეს ყველაფერი ცხოვრებისეული ფერებია, რომელიც ბოლოს მაინც ღია ფერების სიჭარბით გამოირჩევა.

 

ნათია დავლაშერიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2336
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია