დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გიული ლორთქიფანიძის ქუთაისი
2010/10/11 12:38:44

აივანზე დამხვდა. ისეთი, როგორებიც იყვნენ და როგორებიც გვახსოვს ძველი ქუთაისელი ბანოვანები. ინტელიგენტური, წარმოსადეგი, განათლებული, ზედმიწევნით კულტურული და გარკვეული ნებისმიერ საკითხში. ლოგიკურად და სხარტად მოაზროვნე, მუდმივად საქმის კურსში. საკუთარ ქალაქზე უზომოდ შეყვარებული, მისი გადარჩენის გზების ძიებაში. ჯერ მხოლოდ სამოცდაცამეტი წლის ქალბატონი - გიული ლორთქიფანიძე.

მივდიოდი... არა მარტო მისი გაცნობის და სზოგადოებისთვის ამ შესანიშნავი ქალბატონის კიდევ ერთხელ წარდგენის მიზნით, არამედ, იმისთვისაც, მასთან ერთად და მისი თვალით გადაგვეხედა ჩვენი ქალაქის უახლესი ისტორიისათვის: რა იყო, როგორ იყო, რა გვენატრება წარსულიდან, რა არ მოგვწონს დღეს და, ძალაუნებურად, მისთვის ძველი სტატუსის, მნიშვნელობის აღდგენისა და დაბრუნების სტრატეგიებს დავუწყეთ ძებნა.შეიძლება ითქვას, რომ ძირძველი ქუთაისელი ვარ

ჯერ კიდევ ბაბუაჩემი გადმოვიდა ქუთაისში. ჩვეულებრივ ოჯახში დავიბადე. არაფერი განსაკუთრებული ჩვენ არ გვქონდა. ფუფუნებაში არ ვცხოვრობდით. ჩვენი სიმდიდრე და გატაცება იყო წიგნი, კულტურა, განათლება... თეატრი.

ვცხოვრობდით თეატრით და, ფაქტობრივად, იქ გავიზარდე.

ვსწავლობდი მე-3 სკოლაში. მოგეხსენებათ, როგორი ელიტარული სკოლა იყო, ამიტომ ჩემი კლასელები იყვნენ ქალაქის საუკეთესო ოჯახისშვილები. სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე და თეატრზე შეყვარებულმა გადავწყვიტე, თეატრმცოდნე გავმხდარიყავი. სამწუხაროდ, იმ წელს არ იყო მიღება ამ ფაკულტეტზე, დედამ კი, რომელიც უკვე დაქვრივებული იყო და ერთადერთი შვილი ვყავდი, ლენინგრადში არ გამიშვა და მეც სულ სხვა პროფესია შემრჩა ხელთ. ამჟამად მუსიკოსი ვარ. თუმცა, დღემდე მწყდება გული, ჩემი ოცნება რომ ვერ ავისრულე. სულ ვფიქრობ, რომელია ჩემთვის მთავარი - მუსიკა თუ თეატრი. მაინც თეატრი სძალავს. დღესაც, ყველა სპექტაკლს პროფესიონალის თვალით ვაფასებ.

ახლა რომ ვუყურებ... მგონია, რომ სულ სხვა ქალაქი იყო ჩემი დროის ქუთაისი. მუდმივი დინამიკა. ლამაზი ხალხი, ახალგაზრდობა. სავსე ქუჩები, ვარდების სურნელი იდგა, ყველა ეზოში მაისის ვარდი ხარობდა.

საღამოობით, ბაღში ვსეირნობდით. გამოპრანჭულები. უკან ლამაზი და კვიმატი კომპლიმენტები მოგვყვებოდა.

ახლა კი რაა?... გამოშიგნული, ცარიელი ქალაქი, სადაც, საღამოს 6 საათის შემდეგ, მანქანის მართვას ისწავლი, თუ გინდა.

 

სკოლამ მომცა ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა მცოდნოდა

...ამიტომ ძალიან მიკვირს, დღეს ბავშვებს დამატებითი მომზადება რომ სჭირდებათ. ჩემს დროს ისეთი პედაგოგები იყვნენ, ისე არტისტულად გვიხსნიდნენ ყველაფერს, პირდაპირ გონებაში ჯდებოდა.

დავიწყებ დირექტორით, თამარა დახუნდარიძით, რომელიც იყო საოცარზე საოცარი მასწავლებელი და ადამიანი. შეიძლება, სულაც არ იყო განსაკუთრებული სილამაზით გამორჩეული, მაგრამ  ჩემთვის იგი იყო მშვენიერების ეტალონი.

არასოდეს დამავიწყდება უფროს კლასებში ჩემი ქართულის პედაგოგები ჟორა მსხვილაძე და მიშა კუჭუხიძე. ისინი თვითონაც ახლო მეგობრები იყვნენ. ჟორა ძველ ქართულ ლიტერატურას გვასწავლიდა. იყო საოცრად არტისტული ადამიანი, კრაველის ქუდით დადიოდა და ამით საკუთარ ეროვნულობას უსვამდა ხაზს.  მას არ აინტერესებდა ჩარჩოები და სტანდარტები, არ უყურებდა გაკვეთილისთვის გამოყოფილ 45 წუთს. „ვეფხისტყაოსნის“ ახსნისას სამი გაკვეთილი შეაერთა და ჩვენს წინ, ფაქტობრივად, სპექტაკლი დადგა. გაკვეთილის ბოლოს ტაში დავუკარით. თვითონ მადლობა გადაგვიხადა და წავიდა.

მიშა კიდევ, ქართული ევროპეიზმის ტიპური წარმომადგენელი იყო, მშვიდი და წყნარი. მე ჩემს თავს დავალებულად ვთვლი ამ ადამიანების წინაშე. მათ შემაყვარეს ძველი და ახალი ქართული ლიტერატურა. ჩემმა სკოლამ მომცა ისეთი განათლება და სტატუსი, რომელიც მიადვილებდა ადამიანებთან ურთიერთობას.

 

თეატრის გარეშე საკუთარი თავი არც მახსოვს

სადღაც წავიკითხე: თუ თეატრი ბავშვს ათ წლამდე არ შეაყვარე, მერე აღარ უყვარს. მჯერა ამ სიტყვების. არ ვიცი, როდის შემოვიდა თეატრი ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ, რომ მის გარეშე საკუთარი თავი არ მახსოვს.

თეატრის ფარდა რომ იხსნებოდა, ცა იხსნებოდა მეგონა, ეს იყო მაგია, რაღაც ჯადოქრობა.

შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ვარ ძალიან კომპეტენტური ქართული თეატრის ისტორიის ცოდნაში და ყურადღებიანი მაყურებელი, არ გამომრჩება არცერთი დეტალი.

ჩვენი ქალაქი ხომ თეატრალური ქალაქი იყო ოდითგან. იყო ლადო მესხიშვილი, კოტე მარჯანიშვილი - მისი სპექტაკლების სანახავად სპეციალური მატარებლები ინიშნებოდა, რომელსაც ქუთაისში მოჰყვებოდა მთელი თეატრალური თბილისი. მეც მისი ხელოვნების თაყვანისმცემელი ვარ. ამიტომ ვცემ ძალიან დიდ პატივს დოდო ანთაძეს. მან შეიძლება ვერ გაიბრწყინა, როგორც დიდმა რეჟისორმა, მაგრამ  კოტე მარჯანიშვილის ბევრი სპექტაკლი აღადგინა, რითაც საშუალება მოგვცა, გვეხილა ცნობილი რეჟისორის უკვდავი ნამუშევრები.

პირველი, რაც მაშინდელ თეატრს განასხვავებდა ახლანდელისგან, მსახიობთა მომზადების დონე იყო. ადრე საკუთარ თავზე მეტს მუშაობდნენ. დოდო ალექსიძე თურმე რეპეტიციების დროს ქანდარაზე ჯდებოდა, რათა გაეგო, ისმოდა თუ არა იქ მსახიობის ხმა.  დღეს (მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა) ეს პრობლემაა, ზოგჯერ ხმა პარტერის მეხუთე რიგს ვერ სცილდება. აკი, ვამბობ, როგორც გამოცდილ მაყურებელს, ვერაფერს გამომაპარებ. ძალიან ახლო ურთიერთობა მქონია თეატრალებთან, სამხატვრო საბჭოს წევრიც კი ვყოფილვარ და უშუალო მონაწილეობა მიმიღია ამა თუ იმ სპექტაკლის ბედის გადაწყვეტაში.

ბავშვობაში შეყვარებული ვიყავი ვერიკო ანჯაფარიძეზე, იმდენად, რომ მე-11 კლასში სკოლიდან წამოვედი და პირდაპირ ვერიკოს მივადექი სასტუმროში გასაცნობად. მანაც ძალიან თავაზიანად მიმიღო. მშვიდად, წყნარად. თავისი ამბები მიამბო. გაუხარდა, როცა გაიგო, რომ ყველა მისი საუკეთესო როლი ვიცოდი, ნანახი მქონდა სპექტაკლები „მარგარიტა გოტიე“, „ხეები ზეზეულად კვდებიან“, „მარია სტიუარტი“,  „ანტონიუსი და კლეოპატრა“. დამშვიდობებისას ფოტო მაჩუქა წარწერით. კი არ მოვდიოდი, მოვფრინავდი. სურათი ისე მეჭირა ხელში, ყველას რომ დაენახა. მეგონა მთელი ქალაქი შემხედავდა და მკითხავდა ამ ფოტოს ამბავს.

მოგვიანებით, როდესაც ქუთაისმა ვერიკოს იუბილე მოუწყო, მეც ვმონაწილეობდი საორგანიზაციო საკითხებში, ვინაიდან კულტურის სამსახურში ვმუშაობდი, მაგრამ ვერ მივეცი ჩემს თავს უფლება, ეს ამბავი შემეხსენებინა მისთვის. ჩემი ბავშვობისდროინდელი მოულოდნელი და თამამი ნაბიჯი იქნებ კიდეც დამახსოვრებოდა.

 

ქუთაისი  იყო განათლებული და ლამაზი ადამიანების ქალაქი

ძალიან ბევრ მათგანთან მქონია შეხება და მეგობრობა. მათი ჩამოთვლა, უბრალოდ, შეუძლებელია. მათგან გამოვარჩევ ერთ ოჯახს, რომელიც ძალიან ძვირფასი იყო ჩემთვის. ესაა უგრეხელიძეების ოჯახი. ბატონი გურამი, შესანიშნავი იურისტი და ადამიანი! მე და მისი უფროსი ქალიშვილი ნიბლია კლასელები და მეგობრები ვიყავით. ყოველთვის მქონდა ბატონი გურამის მიმართ მოწიწება და რიდი. ალბათ, იმიტომ, რომ თვითონ ჰქონდა ასეთი თვისება, პატარებს, როგორც თანატოლებს, ისე ესაუბრებოდა. ერთხელ, მახსოვს, ნიბლიას წითელა ჰქონდა და ვაშლებითა და ჩურჩხელებით ხელდამშვენებული, სანახავად მივედი (მე მგონი, მე-2 კლასში ვიყავი). „ააა, მობრძანდით?.. - შემომეგება ბატონი გურამი, - თქვენ, ალბათ, ავადმყოფის გასართობად ხართ მოსული. მერე, რით შეგიძლიათ გაართოთ?..“ მე ვუთხარი, რომ ორი თითით „კუკარაჩას“ დაკვრა შემეძლო. მიმიყვანა ინსტრუმენტთან და დამაკვრევინა. მახსოვს მისი ჭკვიანური და ღრმა საუბრები. ერუდიციით და გამოცდილებით სავსე.

ასეთივე შვილები ჰყავდა. მინდია უგრეხელიძე  ხომ  ყველასთვის  საამაყო  ადამიანია.  მეტიც,  მე მიმაჩნია, რომ დიდი ცოდვაა, მისი გამოცდილების და ცოდნის არგამოყენება ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ. მით უმეტეს, რომ მას აქ თავისი ბუდე აქვს, ერთხელ კი ისიც თქვა, „რომ დავბერდები, ქუთაისში უნდა წამოვიდე საცხოვრებლადო.“

 

ქუთაისი მინდა იყოს ისეთივე ლაღი, როგორიც ადრე“

სწორედ გურამ უგრეხელიძისგან გამიგია, როგორ აუარა გვერდი ქუთაისს რკინიგზამ. მოგეხსენებათ, ვარციხეში ცხოვრობდა ცნობილი მეწარმე ანანოვი, რომელიც მეღვინეობას მისდევდა. როცა რუსეთ-საქართველო ერთმანეთს რკინიგზით უკავშირდებოდა, ამ ადამიანმა დიდძალი ოქრო ჩაიტანა პეტერბურგში, მოქრთამა კომისიის წევრები, რათა ღვინო არ გაფუჭებოდა და რკინიგზას გაევლო არა ქუთაისში, არამედ - რიონში.

მას შემდეგ, ეს ანარეკლი ძველი ამბისა, სულ მოგვსდევს. თითქოს მას შემდეგ ვერ გამოვედით ჩიხიდან. მოგვიანებით კი სცადეს კომუნისტებმა ამ შეცდომის გამოსწორება და ქუთაისის ინდუსტრიულ ცენტრად გადაქცევა მოინდომეს. აქ იყო ლითოფონის ქარხანა, რომელიც ლენინგრადმა, ეკოლოგიური ფაქტორის გამო, ლამის მოიცილა თავიდან. იყო აბრეშუმკომბინატი, რომლის პროდუქციაც მსოფლიო ბაზარზე გავიდა და თვით ობრაზცოვაც კი იძენდა ქუთაისურ აბრეშუმს. როდესაც ჩამოსული იყო და აბრეშუმკომბინატის ნაწარმი უჩვენეს, მომღერალი აღფრთოვანდა. ამბობდა, მე ამაში საზღვარგარეთ ვალუტას ვიხდიო.

იყო ქუთაისის ავეჯის ქარხანა, მშვენიერი პროდუქცით, სუფთა ხის ავეჯით, რომლის შეძენაც პრესტიჟულად ითვლებოდა.

იყო საკონსერვო ქარხანა, რომლის დღესაც გამოუყენებლობა და უმოქმედობა, მე დიდ ცოდვად მიმაჩნია. მით უმეტეს, რომ ახლომახლო სოფლებში უამრავი ნედლეულია, რომელიც ხელს შეუწყობს ამ საწარმოოს წარმატებულ მუშაობას.

იყო მინისტარის, საგრენაჟო, ავტომშენებელი ქარხნები, რომელთაც სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდათ. მთავარი კი ის იყო, რომ ქუთაისი ინდუსტრიულ ქალაქად ქცეულიყო. დღეს უკვე კატეგორიულად ითქვა უარი ამ სტატუსზე.

ისიც კარგად მახსოვს, როგორი კულტურული სამუშაოები მიმდინარეობდა ქალაქში, თუნდაც სოლიკო ხაბეიშვილის დროს. როცა ის ქალაქკომის მდივანი გახდა, კულტურის სამსახურში ვმუშაობდი და დღემდე აღფრთოვანებით ვიხსენებ მის მიერ ჩატარებულ თათბირებს. ერთი თავის გადაქნევით ეს კაცი გლობალურ საკითხებს წყვეტდა.  რომელი ერთი უნდა ჩამოვთვალოთ: ქუთაისის სამხატვრო გალერეა, ოპერის თეატრი, სიმფონიური ორკესტრი... ორკესტრისთვის რომ ბაზა შეექმნა, საორკესტრო საკრავების ინტერნატი დააარსა, სადაც მოდიოდნენ რაიონებიდან ნიჭიერი ბავშვები და სწავლობდნენ.

სოლიკო ხაბეიშვილი არაფერს წყვეტდა ისე, აუცილებლად გათვლილი და გაანგარიშებული იყო მისი ყოველი ნაბიჯი. მე არ ვიცი, სხვაგან როგორ, მაგრამ ქუთაისს მან დიდი კვალი დააჩინა. სწორედ მის პერიოდში ტარდებოდა საოპერო  და სიმფონიური მუსიკის ფესტივალები. რომლის ორგანიზებაში, ასევე დიდი წვლილი მიუძღოდა ქუთაისელების სიძეს, დიდებულ მომღერალს ზურაბ სოტკილავას. მინდა გითხრათ, რომ ფესტივალის მონაწილეებს ყოველთვის უხაროდათ აქ ჩამოსვლა.

...თუმცა მაშინაც პრობლემა იყო და დღესაც პრობლემაა ქუთაისში დიდი საკონცერტო დარბაზის არქონა. მაინც ვახერხებდით რაღაცას და კონცერტები ახლადგახსნილ კინოთეატრ „საქართველოში“ იმართებოდა.

ფალიაშვილის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით  ვატარებდით ქართული მუსიკის დღეებს და ამით ეროვნული მუსიკის პროპაგანდას ვეწეოდით. ეწყობოდა ბავშვთა კონკურსები ცარცით ხატვაში (ეს იდეა ჯეირან ფაჩუაშვილმა ჩამოიტანა ბალტიისპირეთიდან). შეხვედრებს ვუწყობდით ცნობილ ადმიანებს. არცერთი კულტურული მოვლენა არ რჩებოდა აღუნიშნავი. დღეს კი, სულ ელემენტარული, ჩვენი სამუსიკო სასწავლებლის გუნდმა ბევრი წარმატებების შემდეგ დისკი გამოსცა, თბილისში პრეზენტაციაც მოეწყო, დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ქუთაისში კი არავის არაფერი აინტერესებს, სრული უგულვებელყოფა და გულგრილობაა!

თუ კულტურული აღორძინება უნდათ, მაშინ მხოლოდ ოპერის თეატრის მშენებლობა არაა საჭირო. მას ბაზა სჭირდება, ორკესტრი სჭირდება. ორკესტრს კიდევ კადრი უნდა. საკონცერტო დარბაზია საჭირო, რომ მაღალი დონის ფესტივალები და კონცერტები მოეწყოს. ანაკლიაში შენდება უზარმაზარი დარბაზი და მეორე დედაქალაქს არ უნდა ჰქონდეს?...

აი, ასე ცხოვრობდა ჩემი დროის ქუთაისი. ყოველდღიური ბრძოლა და შრომა იყო წარმატებისთვის და საკუთარი ქალაქის წარმოჩენისთვის. მაგრამ ამას ისეთი დრო მოჰყვა, რომ რაც შეიქმნა, ყველაფერი განადგურდა. მაშინ შეძენილი უძვირფასესი დაზგები და ჩარხებიც კი სულ ჯართად გაიყიდა.

დღეს გვაწონებენ თავს დეცენტრალიზაციით. ვიცით, გასაგებია, რომ ცენტრალიზაცია ლპობას იწვევს, რომ დეცენტრალიზაციას მიმართავენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნები. მაგრამ, ჩვენთან რაც ხდება, თვალებში ნაცრის შეყრას ჰგავს. ჩამოიტანეს ქუთაისში სხვადასხვა სამსახური (თვით პარლამენტიც კი), მაგრამ - რა: არცერთი ადგილობრივი არაა დასაქმებული ამ სამსახურებში. მჯერა, რომ  რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლება, მაგრამ ამ რეფორმების კორიანტელში ჩემს ქალაქს  როდის  დაეტყობა ეს უკეთესობა?..

მინდა, ქუთაისი ვნახო ისეთივე ლაღი, როგორიც იყო.

რა დამავიწყებს თეატრში, პრემიერაზე, უამრავ ლამაზ ადამიანთა თავყრილობას. დაუვიწყარია ლოჟაში მჯდომი მარო ჯანდიერი, გრაციოზული და მშვენიერი, თავისი სირაქლემის  ფრთების მარაოთი. ეს ხალხი იყო ქუთაისი...

უშუალო მოწმე ვარ 50-იან წლებში, როგორ დაიწყო მიგრაცია ქუთაისიდან თბილისში. რამდენიმე წელიწადში თითქმის მთლიანად დაიცალა ჩვენი კლასი. სამი მოსწავლეღა შემოვრჩით. ინტელიგენციის უმეტესი ნაწილი თბილისში გადავიდა. მაშინ ქუთაისმა ერთგვარი მსხვერპლი გაიღო, ლამის გადაარჩინა თბილისის ქართული ეთნიკური შემადგენლობა. მაგრამ, როცა ეს მიგრაცია დღესაც გრძელდება, უკვე სავალალოა. ქუთაისიდან გაედინება ნიჭიერ, პერსპექტიულ ახალგაზრდათა ნაკადი. არსად ხდება ამ ბავშვების აღრიცხვა, აღნუსხვა, რომ ისინი მოიძიონ სხვადასხვა უნივერსიტეტში, მოიზიდონ, პირობები შეუქმნან და საკუთარ ქალაქს დაუბრუნონ.

ჩვენ დღეს ხომ ტოლერანტობის ეპოქაში ვცხოვრობთ და ლამისაა, ამ ტოლერანტობას საკუთარი თავისუფლება, ენა და სარწმუნოება შევწიროთ. ცოტა არ იყოს, დავიღალეთ კიდეც ამ ტოლერანტობით მაშინ, როდესაც ჩემი ქალაქი ცარიელდება, როცა მას მაჯისცემა არა აქვს! უდიდესი სურვილი მაქვს, ვნახო ისეთივე ლაღი და სიცოცხლით სავსე, როგორიც ადრე იყო, მის ქუჩებში მოსიარულე ლამაზი ადამიანებით. რომ გარეთ გასულს არ ამეკვიატოს გალაკტიონის ფრაზა   „სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული...“

 

მანანა ქურციკიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2035
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია