დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აპაჩის გზა მწვერვალისკენ...
2010/10/04 12:21:07

„მგონია, რომ ყველა ადამიანში არის მთამსვლელი, მწვერვალებზე რომ უნდა ასვლა, ჩემშიცაა სურვილი, სურვილი მთამსვლელობის“- ეს ჩვენი საუბრის თითქმის დასასრულისას მითხრა. მე მინდა, ამ სიტყვებით დავიწყო მასზე წერა, რადგან ეს სურვილი წარმართავს მთელ მის ცხოვრებას, მართალია, ხანდახან იღლება ხოლმე, და facebookze, თავის პროფილში სტატუსად წერს: „მუშაობა- ბევრი, დაფასება - ნოლი“, მაგრამ ასეც ხომ ხდება?

 

ჯერ მწვერვალამდე შორია, ,,ცოცხალი ადამიანი მწვერვალს ვერ აღწევს, თუმცა, პატარ-პატარა მწვერვალებიცაა, მაგრამ მაინც ხომ არსებობს ერთი დიდი მწვერვალი, შენში რომაა და შენშივე რომ გინდა დაიპყრო...“

აპაჩი - ასე იცნობენ მას, არჩილ გეგენავას. იცნობენ იმიტომ, რომ გამორჩეულია, თუმცა, თავად სულაც არ თვლის ასე.

„არაფრით ვარ გამორჩეული, ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, არავისგან განსხვავებული აზრებით და არავისგან გამორჩეული ხედვით. რა ვიცი, ალბათ, იმიტომ ვგონივარ განსხვავებული,  რომ  ახალგაზრდებს საკუთარი თავის პოვნა უჭირთ, მე ვიპოვე, მეტ-ნაკლებად, მაგრამ მაინც ვიპოვე.“

აჩიკომ საკუთარი თავი „ტექნიკის ბოლო მიღწევებით“ - კომპიუტერითა და ფოტოაპარატით იპოვა, ის პროფესიით ე.წ. „კომპიუტერშჩიკია“, ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით. პარალელურად - ფოტოებს იღებს. ფოტოების გადაღება მისი ჰობია, ჰობი კლასიკური მნიშვნელობით, რადგან შემოსავლის წყარო არ არის. თუმცა, ის და ფოტოაპარატი, წლებია, უკვე განუყრელები არიან.

„არც ფოტოს გადაღების დროს  ვარ განსაკუთრებული, ვიღებ იმას, რასაც ვხედავ“.

ესაა, ყველაფერს შემოქმედებითად უდგება.

„მე ასე მგონია, რომ ყველა ადამიანშია შემოქმედი - მხატვარში, ფოტოგრაფში, ეკონომისტში, იურისტში, თუ საქმეს არ მიუდექი შემოქმედებითად  და ზოგადად ადამიანი არ არის შემოქმედებითი ნატურა, ვერაფერს გააკეთებს.“

პროფესიასა და ჰობში რამდენიმე ეტაპი უკვე გაიარა, გასავლელი ჯერ კიდევ არის.

თავიდან კომპიუტერის ჩართვა და გამორთვა ისწავლა, მერე - გაფუჭება, მერე გაფუჭებულის გაკეთება დასჭირდა და გამოუვიდა კიდეც. არ გაჩერებულა, ერთი წუთითაც კი არ დაუშვია, რომ უკვე ყველაფერი იცის. დღეს გრაფიკულ დიზაინსა და ვებ-დიზაინზე მუშაობს, ასევე ქსელების სისტემური ადმინისტრატორია.

რაც შეეხება ფოტოაპარატს და ფოტოგრაფიას:

მათი შეხვედრა 1998 წელს მოხდა, მისი მეგობარი გიორგი კილაძე კალენდრისთვის ფოტოებს იღებდა, მაშინ გაუჩნდა სურვილი, რომ მასაც ჰქონოდა ფოტოაპარატი.

„რაც შეეხება ფოტოგრაფიას, მასწავლებელი არ მყოლია, ყველაფერს ჩემით ვსწავლობდი, მთელი დღეები ინტერნეტთან ვიჯექი და იქ ვეძებდი ინფორმაციებს. მახსოვს, აპარატის დაყენებაც კი არ ვიცოდი. 

თავიდან ყველა ფოტოგრაფი პეიზაჟებს იღებს, მე ცაზე დავიწყე, ტრადიციულად - მზის ჩასვლისა და ბუნების სურათების გადაღებით. თან გგონია, რომ ძალიან მაგარი გადაიღე და შენზე უკეთესი მიგნება არავის აქვს, ამ ფოტოებს ინტერნეტსაიტზე ვდებდი, შემოვიდოდა ვინმე ცნობილი ფოტოგრაფი და ამ ჩემს „შედევრს“ გაანულებდა. ეს კარგი სკოლა იყო ჩემთვის.“

პეიზაჟებსა და მზის ჩასვლებს სხვა ფოტოებიც მოჰყვა, პორტრეტები, ქუჩის კადრები, სხვადასხვა ექსპერიმენტი...

შემოქმედებით მრავალფეროვნებას მრავალფეროვანი ცხოვრებაც უწყობდა და უწყობს ხელს: სამსახურიდან გამომდინარე ხშირად უწევს ხოლმე რეგიონში გასვლა, მასთან ერთად ყოველთვისაა ფოტოაპარატი და თუ რამე მისთვის საინტერესო დაინახა, წამიერად დააფიქსირებს.

არ ჩერდება, სულ დადის და დადის, ლამისაა ფეხით შემოიარა საქართველო, მასთან ერთად, რა თქმა უნდა, მისმა ფოტოაპარატმაც.

„ეს გასვლები ყველაზე საინტერესოა ჩემთვის, ბევრის მომცემი, ესაა იმპულსები, რომელიც ფოტოს გადაღების სურვილებს მიჩენს.“

შიშველი ნატურებიც გადაუღია, მაგრამ ქუთაისი ამის საშუალებას არ აძლევს: ჯერ ერთი, ასეთ გადაღებაზე დათანხმებაა ძნელი, ვინც დაითანხმა, ის ქუთაისელი არაა, და კიდევ - მერე სხვებს ჰგონია, რომ რადგან „ასეთი“ ფოტო გადაუღო, იქ სხვა „რამეებიც“ იყო... რას იზამ, საქართველოა და ქუთაისი...

თუმცა, ამ ქალაქიდან წასვლა ერთხელაც არ მოსვლია აზრად, შემოთავაზებები, თავისი პროფესიიდან გამომდინარე, ბევრჯერ ყოფილა, მაგრამ.. მხოლოდ და მხოლოდ ქუთაისის სიყვარულმა შეუშალა ხელი...

„ არ მინდა სხვაგან წასვლა, არა, შეიძლება ცოტა ხნით წავიდე სხვაგან, მხოლოდ იმიტომ, რომ კარგად მომენატროს ქუთაისი, მაგრამ ამ ქალაქის გარეშე არ შემიძლია. ბევრჯერ მქონია შემოთავაზებები, მაგრამ ვერ წავედი, ვიცი, ეს ცუდია ჩემი კარიერისთვის, მაგრამ მართლა არ შემიძლია.“

ინტერნეტსივრცეში ქუთაისის პოპულარიზაციითაა დაკავებული. „ერთხელ ბრიტანეთიდან იყვნენ ჩამოსულები, ქუთაისზე ინფორმაციის მოპოვება სცადეს ინტერნეტში და მხოლოდ ერთ საიტზე აღმოჩნდა, ისიც - ძალიან მწირი ინფორმაცია. მაშინ გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა საიტი ქუთაისზე. მალე ჩემს მიერ დადებული ინფორმაციები ვიკიპედიაზე ვნახე. მინდა, რაც შეიძლება ბევრმა იცოდეს ქუთაისის შესახებ, ის, რომ ძალიან ძველი და ისტორიული ქალაქია.“

ამ ყველაფერს უსასყიდლოდ აკეთებს, ერთად-ერთი მოტივი ქუთაისის სიყვარულია.

ოცნებები ბევრია, მთავარი ოცნება ისევ მწვერვალს უკავშირდება - მყინვარწვერზე ავიდეს და ფოტოები გადაიღოს...

და, მგონი, მოვიდა დროც, საკუთარი პერსონალური გამოფენა ჰქონდეს... 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2043
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია