საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„სიკვდილს ყველაფრით ვებრძვი - ლექსებით,ცხოვრებით...“
2010/09/13 14:09:06

პაპუნა გიორგაძემ წერა მაშინ დაიწყო, როცა სპორტს დაანება თავი. მანამდეც წერდა, ოღონდ ისე, როგორც ამბობს, „აშტა-ბაშტა...“

პირველი ლექსი სიყვარულზე დაწერა, გოგოზე, რომელიც უყვარდა...

„ასეა ყოველთვის, ყველა სიყვარულით იწყებს წერას, მერე ზოგს მოსწონს ეს პროცესი და აგრძელებს, ზოგი - დროებით, ზოგი - მუდმივად....“

მისთვის მარადიული თემები არ არსებობს.

„იყო მომენტები, როცა მარტო გოგოზე ვწერდი, მარტო სიყვარულზე, ხან მხოლოდ სამშობლოზე, ხან მხოლოდ სიკვდილზე, მერე დავწერე ლექსი „სიკვდილზე გამარჯვება“ და ამით დავამთავრე სიკვდილზე წერა, ოღონდ დღესაც ვებრძვი სიკვდილს, სიკვდილს და არა გარდაცვალებას, ვებრძვი ყველაფრით, ლექსებით, ცხოვრებით...“

მამაზეც წერს, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვლა, მანამდეც წერდა. როგორ შემოვიდა მამა მის პოეზიაში, არ იცის, თუმცა, „მაგას რა ცოდნა უნდა, მამაჩემი თვითონ იყო პოეზია, მერე რა, რომ არაფერს წერდა...“

მისი ლექსები მისი ცხოვრებაა,  რაც ცხოვრებას მოაქვს, იმას წერს. ოღონდ ესაა, ლექსების ახსნა არ უყვარს.

„ხანდახან ყოფილა, მე სამშობლოზე დამიწერია, სხვებს კი ჰგონიათ, რომ სიყვარულზეა. როცა ჩემს ნაწერებს კრიტიკოსები კითხულობენ, მეუბნებიან, რომ პათეტიკური ლექსები მაქვს, არადა არაა ასე, ისეთი ლექსები მაქვს, როგორიც თავად მე ვარ, მე კი არა ვარ პათეტიკური და, საერთოდაც, არ მინდა სხვანაირი ვიყო...“

ადრე სამშობლოზე წერდა ძალიან ბევრს, ახლა აღარ, ამბობს, რომ გაბრაზებულია იმ ადამიანებზე, რომლებიც სამშობლოში ცხოვრობენ.

რატომ? ამასაც იტყვის, ოღონდ ჯერ - არა. ამის თქმის დროც მოვა.

თავისი ლექსებით ცხოვრობს, მათ ფორმაზე არასდროს ფიქრობს, ბოლო ხანებში თეთრი ლექსები დაწერა.

„გაცილებით ძნელია თეთრი ლექსების წერა, ვიდრე რითმიანის, რითმა და რიტმი მაინც სილამაზეს აძლევს ლექსს, ხოლო ურითმოში აუცილებლად აზრი უნდა ჩადო, რომ ადამიანებს წააკითხო.“

ის „ძალდატანებით“ არ ქმნის თავის პოეზიას, ყველაფერი თავისთვის მოდის, ბუნებრივად, არ ეკუთვნის არცერთ ლიტერატურულ დაჯგუფებას, წერს და მეგობარს უზიარებს, მერე ერთად აკეთებენ ლიტერატურულ საღამოებს, რომელსაც მხოლოდ მეგობრები ესწრებიან... მას ლექსების გარეშე მაინც არ შეუძლია...

 

მაკა ჩინიჯიშვილი

 

მირაჟებია...

შენ ახლა ქვიშა გეფერება, მზისფერი ქვიშა,

და პირამიდებს ეჯიბრები მყუდროებაში...

სიზმარახდენილს, სხვა სიზმარში მაჯობა შიშმა,

ცოდვების ნაცვლად, შენს თავს მთხოვ და უცხო მებაჟე.

მოაკირქვავა კირითხურომ საბუდებელი,

სალოოოს... მეძახის განდეგილთა მწვანე არმია,

დანაშაული... პატიება - შეუძლებელი...

და მაინც, ცოდვა სააქაოს დიდი შარმია.

დახედავ ფურცლებს, ლექსად ქცეულს (ალბათ მირაჟებს),

ალბათ ჩემი ხმაც გელანდება, ისევ გოდების...

გზა დიდია და... ჩვენს შორის თუ გაი რიჟრაჟებს,

დაგელოდები...

ოქროსფერ ქვიშას, მზე ხელახლა მოაოქროვებს...

მირაჟებია...

 

ჩრდილიდან მზეში...

მზიდან ჩრდილში...

ჩემი მეზობელი

მუსიკოსობაზე ოცნებობს.

ხშირად ეფერება

სახლში უიმედოდ მყოფ გიტარას.

არასოდეს უკრავს.

არც არასოდეს უცდია დაკვრა.

არც არასოდეს დაუკრავს.

ყოველთვის ესიზმრება ჩრდილიდან მზეში გადადგმული ნაბიჯები.

მზეს ერიდება... მზის ეშინია...

როდესაც მასთან შევდივარ,

საყვარელ მუსიკას რთავს.

(ლუი ამსტრონგი გიტარაზე არ უკრავს)

მერე გიტარისკენ მიდის.

მე თავს ვუქნევ.

 

ხშირად იმეორებს, რომ მხატვარია,

თუმცა არასოდეს დაუხატავს.

ვერ მოძებნა პერსონაჟი, რომელიც პერსონაჟობას იმსახურებდა.

მის სახლს,

მხოლოდ ერთი ფანჯარა აქვს.

იგი იყურება ფანჯრიდან

და ხედავს მზისა და ჩრდილის ჰორიზონტს.

ადამიანები მიდიან და მოდიან.

ჩემი მეზობელი

მუსიკოსი და მხატვარია.

მას მზე არ უყვარს,

თუმცა არასოდეს დაბრუნდება ჩრდილში.

 

sfdb hjv vjdbrkf^ itvbylj,^ vfvfj(

ჩაი და თამბაქო მიზიდავს თავისკენ,

პურის ნამცეცები ამინდმა გაფანტა,

სხეული ბოლომდე ვერ გავითავისე,

ანარეკლს ვუყურებ სისხლიან ფანტანთან.

ირღვევა რიტმიან ლოცვების ძაფები,

წუთები გარემოს ქალივით აყვირებს,

მოყვასის გრძნობებში ჩავედაფდაფები

მას თუ შეუძლია რომ იყოს საყვირი.

წლები კი ხაზავენ ბერმუდის სამკუთხედს,

დღეს ხვალის სიცოცხლის დავკარგე იმედი.

აღსავლის კარებთან რატომ არ მაკურთხეს,

მერე რა, მთვრალი და მარტო რომ მივედი.

გარეთ კი ცა ბორგავს, ცა ჭექა-ქუხილობს,

მზე გარდაცვლილია, თვალს ვეღარ გაახელს,

ერთი საიდუმლო რად არ გავუმხილო?

სანამ არ დაფარავს გვამს მწვანე ბალახი.

და კვდება ლექსები, მწირი და ამაო,

ცის მიღმა გააწყვეს ახალი საწოლი,

თავი რომ მოვიკლა, შემინდობ, მამაო?

მერე... რომ არ მიყვარს... ეტყვი ჩემს საცოლეს?

 

ნიმფების არია

გავფრინდეთ,

ცისა და ოცნების მიღმა გავფრინდეთ,

სადაც არ არის მოკვდავთა ადგილი,

შორს მზეა,

მიწაზე დამღალა ფიქრმა,

მოცდამ,

ვინ წამიყვანს?

ვინ გამიგებს?

გზას გამიადვილებს,

იქ - სიზმარია,

არასდროს იმსხვრევა ფერები,

გავფრინდეთ ცისა და ოცნების ამარა,

ნიმფების არია

და დამეწერები,

და მოგეფერები,

ლექსებით,

სიტყვებით,

აქ კმარა სიკვდილი,

ბინძური გრძნობების ქუჩები,

მე ვივლი, ვიპოვნი ნიმფების არიას,

ტუჩები,

კოცნისას გადანაყუჩები,

ისინიც, ისინიც, ალბათ, იქ არიან.

გზებია! და საით?

და საით წავიდე?

რა უსაასრულოა ოცნების სიზმარი!

სად აღიგზნებიან ფიქრები, ან ვიდრე

სუდარას, შავს, უხეშს, სისხლიანს ვნახავდე...

 

იქ მეფიქრებიან ღალატის წვიმები,

მძივები აკინძა ტალღების ხმაურში სიზმარმა,

დღეები მთვარეზე წვებიან,

ჰო და მეც ვიწვები,

ჰო და მეც ვიწვები

დღე,

ასიათასი წელი,

საუკუნე,

უთვალავ თვალების ბრმა შემოფეთება,

მე - ცრემლთა სათავსო ცხრა მძივით ავკინძე,

არ ველი უკუნეთს, სიზმარი ბერდება,

გავფრინდეთ...

შორს, სადაც ისინი არიან,

გავფრინდეთ... გავფრინდეთ... სრულდება სიზმარი....

ნიმფების არია,

ნიმფების არია,

ნიმფების არია,

მე ვხედავ, იქ არის.

 

იქ, ჩემს სოფელში...

ჩემს სოფელში, ყველაფერი სხვანაირი იყო.

ათი წლიდან, ომობანას, თამაში აღარ ერქვა.

ტყვიებმა დაგვიხოცა ბავშვობა.

ჰო, მე სხვა იავნანა მიმღერეს მთებმა.

ჩემს სოფელში ომი იყო.

ჩემს სოფელში ომია ახლაც.

არ ვიცი, იქნება ხვალ?

 

ამ მთის მიღმა ჩემი სოფელია.

ტყვიების ხმა ისმის.

მონადირეებიაო, იტყუებიან.

ბავშვები თამაშობენ ომობანას.

არ ეშინიათ დაბრუნების.

საით? ისმოდა ხმა...

უპასუხოდ დარჩენილა კითხვა-ვედრებები.

სადღაც, აბატს ვიცნობ,

რომელსაც იქ, მეჩეთის ნანგრევები      უფრო ემშობლიურება,

ვიდრე ვატიკანი.

 

ჩემს სოფელში,

სალამურებს აღარ უკრავენ.

წვიმს ტყვიები.

სისხლი,

ცრემლი,

ხელები კანკალებენ.

იქ შიმშილით კვდებიან,

იქ ერთმანეთს არ ღალატობენ.

 

ხმა გავარდა,

სადღაც, სხვის ომში,

ჩემი სოფლელი დაღუპულა.

აბჯარზე სახელი და გვარი ეწერა.

არ ეწერა სისხლის ჯგუფი...

(ამბობენ, მკვლელმა წაშალაო)

მშობელმა იცნო ოცი წლის წინ ძუძუსმოსხლეტილი.

 

როცა მოვდიოდი,

აღარ მკითხა მთებმა, საითო.

უბრალოდ მკითხა, თუ დავბრუნდებოდი.

მე პირობა მოგეცი,

მე დავბრუნდები.

ოღონდ დამხვდი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1663
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია