დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მუზეუმში ახალი ექსპონატები გამოფინეს
2010/09/13 13:58:07

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში უკვე რამდენიმე დღეა გამოფინეს ახალი ექსპონატები, რომლებიც მანამდე ფონდებში ინახებოდა. ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს განახლებულ დარბაზებში ბევრი სიახლე ელოდება.

მუზეუმის დირექტორის, პროფესორ ომარ ლანჩავას თქმით: „ბევრი ამ ექსპონატებიდან უნიკალურია და მსოფლიო კულტურის ნიმუშებს წარმოადგენს. ფონდებში დაცული ექსპონატების რაოდენობა 200 000 აჭარბებს. ჩვენ 30 წლის წინ გამოფენილი ნიმუშები განვაახლეთ და ფონდებში დაცული მასალები გამოვიტანეთ და გამოვფინეთ. მაგალითად, გაახლდა ქსოვილების ოთახი, სადაც გამოვფინეთ ქართული საერო და სასულიერო ტანსაცმელი, რომელიც აქამდე ფონდებში იყო დაცული. ესენი მე-15, 16, 17 საუკუნეების ნიმუშებია. სპეციალისტებისა და ხელოვნებათმცოდნეებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი დარბაზი კი სრულად დავუთმეთ ქართულ იარაღ-საჭურველს, რომელიც ეთნოგრაფიული განყოფილების მასალების ნაწილია.“

დღეს მუზეუმში გამოფენილი მასალები ფონდებში დაცული ექსპონატების მხოლოდ 10%-ს შეადგენს. მუზეუმის დირექტორი არსებული შენობის გაფართოების შესაძლებლობებზეც საუბრობს, რაც უახლოეს მომავალში იგეგმება. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ახალი შენობა აშენდეს, სადაც შესაძლებელი იქნება ფონდებში დაცული ექსპონატების სრულად გამოფენა. მუზეუმის ახალი შენობის მაკეტი უკვე არსებობს, დეტალების დასაზუსტებლად სპეციალისტები მუშაობენ. ახალი შენობის მშენებლობა კი გაცილებით მეტი თანხის გაღებას ითხოვს, თუმცა, ბატონ ომარ ლანჩავას თქმით, ამ თანხის გაღება ნამდვილად ღირს, რადგან ფონდებში დაცული მასალები დღითიდღე ძვირად ფასობს. გარდა ამისა, ტურისტებისა და დამთვალიერებლების რაოდენობამაც გასულ წლებთან შედარებით წელს მნიშვნელოვნად მოიმატა. ქუთაისის მუზეუმს დამთვალიერებლები იაპონიიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, უკრაინიდან, ესპანეთიდან და იტალიიდანაც ჰყავდა. ერთი თვის მანძილზე მუზეუმში სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის გამო დამთვალიერებლების ნაკადიც შეწყდა. სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო თანხა მუზეუმის შემოსავლებიდან დაიხარჯა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ ეტაპზე მხოლოდ მუზეუმის 60-მდე თანამშრომლის სახელფასო ფონდი ფინანსდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2175
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია