დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ერთად დავბერდით მე და ჩემი გარმონი...
2010/06/08 14:01:53

ერთ-ერთ ფოლკლორულ საღამოზე პირველად მოვუსმინე 75 წლის ნამოხვანელ ქალბატონს მარგო სხირტლაძე-სიმსივეს. გამოვტყდები, სახალხო მთქმელის რანგში წარმოდგენილ ჩვენებურ ავტორებთან ცოტა ფრთხილი დამოკიდებულება მაქვს, რადგან მათ ლექსებში პირადად მე იშვიათად დამიჭერია ის ელვარე ნიჭიერება, რაც ხევსური, თუში, მთიული, თუ ფშაველი მელექსეების პირველსავე ფრაზებში შემოგვანათებს ხოლმე.

მაგრამ...

აი, სცენაზე ავიდა დარბაისელი, ასაკოვანი ქალბატონი, რაჭული სიდინჯით წაიკითხა ლექსი „ხატება დედისა“ და პირველი, რაც საკუთარ თავს გაოცებით ვუთხარი, ისაა, რომ ფოლკლორული ნაწარმოების სილამაზე და ნაივური მხატვრობის სადარი ფილოსოფია თურმე კომპიუტერის ერაშიც არ დაკარგულა.

მარგო სხირტლაძე-სიმსივე მართლაც გამორჩეულად ნიჭიერი მთქმელია. მისი „ხატება დედისა“, რომელიც ეპიტაფიის ჟანრშია შესრულებული, შინაგანად თითქოს თავსაფრიანი დედაკაცის უკვდავ სულს ეხმიანება თავისი ქალური სინაზითა და სიწრფელით.

ერთ პატარ ლექსში ავტორი კითხულობს:

„როცა გაცვდება ღიმილის ფარჩა, ჩაქრება ჩემი ბედის სანთელი, ვიფიქრებ: ნეტავ, აქით რა დამრჩა, ანდა რა მიმაქვს იქით სათქმელი?!“

მართლაცდა, ვინაა ეს ქალბატონი, საიდან მოდის, საითკენ მიემართება?

 

მარგო სხირტლაძე-სიმსივე:

- მე და ჩემი ლექსები რაჭიდან მოვდივართ, - რაჭველები ვართ. დავიბადეთ ამბროლაურის რაიონში. ხიმში და ხიდიკარია ჩემი სიყრმის ალაგი.

საოჯახო ფოლკლორული ტრადიციები გვაქვს,  ჩემი ლექსის სათავე ჩემი წინაპრებია: ბაბუა გლახუა, მამაჩემი თედორე, მამიდა ნინა და ბოლოს - ჩემი ძმა გიგა (გიორგი) სხირტლაძე, რამდენიმე კრებულის ავტორი.

აკაკიმ რაჭა-ლეჩხუმში რომ იმოგზაურა1912 წელს, ბარაკონის ეკლესიაში რაჭველების თორმეტკაციანმა ჯგუფმა ხელში ატატებული შეიყვანა. იმ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი მამაჩემი - თედორე სხირტლაძეც ყოფილა, როგორც კარგი მოლექსე და მომღერალი. დიდი პოეტის წინაშე მამიდაჩემი ნინაც წარმსდგარა, რომელსაც ბაბუაჩემის მიერ დაწერილი და მისგან ნასწავლები ლექსი მიუძღვნა აკაკისათვის. ჩემი სოფელი ხიმში ბარაკონიდან სამი კილომეტრით არის მოშორებული და, როგორც ჩანს, მამიდაჩემი გამორჩეულად აზრიანი და მეტყველი ყოფილა, თორემ იქ მეორე სოფლიდან არავინ მიიყვანდა ათი წლის ბავშვს ლექსის სათქმელად.

ხიმშსა და ხიდიკარში განვლო ჩემმა ბავშვობამ.

მამაჩემი გიტარის ცნობილი დამკვრელი იყო რაჭაში.

მე კი, 14 წლის გოგო, ჩემი გარმონიანად (რუსული ბაიანი) დავდიოდი ყველგან, სადაც კი ოჯახური წვეულებები, ან ექსკურსიები იმართებოდა. იმ დროს დაქირავებული დამკვრელებით ქორწილს არავინ იხდიდა. ჩვენსა და ახლომდებარე სოფლებში მე და ჩემი ძმა, გიგა დავდიოდით, თან დაგვქონდა: სალამური, ფანდური, საზანდარი და გარმონი. ვუკრავდი იმ დროისთვის არსებულ ყველა ქართულ სიმღერას, რუსულსაც - მიუხედავად იმისა, რუსული არ ვიცოდი.

ქორწილის დროს, თხოვა იყო თუ გათხოვება, შემოსული ფული ოჯახში რჩებოდა. საცეკვაოს რომ დავუკრავდით, ცეკვა-ცეკვით ჩამოივლიდა ვინმე და გაღებულ ფულს საცერში ყრიდა, ან კიდევ - ნემსსა და ძაფზე ააცვამდა და ჩააბარებდა დამკვრელებს, ჩვენ კი ამ თანხას ნეფე-დედოფალს მივართმევდით.

ასე ხდებოდა იმ დროს რაჭის ყველა სოფელში.

ჩემი გარმონი დღეს ჩემთან არის, ორივენი ერთად დავბერდით. მაშინდელი ყველა სიმღერა დავაბერეთ და ლამაზ მოგონებად დავრჩით.

ჩემი ძმა, გიორგი, ამბროლაურის თეატრის დირექტორი იყო ახალგაზრდობიდან სიკვდილამდე (65 წლისა გარდაიცვალა), საკმაოდ ცნობილი პოეტი და გუდა-სტვირის (საზანდარის) დამკვრელი გახლდათ. ონის რაიონში გიგა ჯაფარიძე უკრავდა გუდ-სტვირს, ამბროლაურში კი - გიგა სხირტლაძე. მისი ვაჟი, დავით (დათუნიკა) სხირტლაძე საკმაოდ ცნობილი მოცეკვავე და მომღერალია. სუხიშვილების ანსამბლის წევრი იყო, ანსამბლ „შინის“ კონცერტებზეც გექნებათ ნანახი მისი ცეკვა. დათუნიკამ შექმნა და ჩამოაყალიბა რაჭული ცეკვა „ტაში, ბიჭო, გიორგუნა!“ მან ცეკვით აიდგა ფეხი, დედაჩემის ტაშით და სიმღერით ცეკვავდა: „ტაში, ბიჭო, გიორგუნა, არ გაგექცეს მა გოგუნა! მოეფერე მაგასო, მაგ გიყიდის კაბასო...“ აი, საწყისი იმ დიდი ცეკვისა, რომელსაც დღეს მთელი საქართველო იცნობს.

 

*** 

1958 წელს დავოჯახდი და წყალტუბოს რაიონის სოფელ ნამოხვანის მკვიდრი გავხდი. მყავს ოთხი შვილი, შვიდი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი.

წლების მანძილზე ვმუშაობდი ნამოხვანის კლუბის გამგედ. სიამოვნებით ვიგონებ ჩემი ინიციატივით ჩატარებულ კონცერტებს, დავდიოდით ახლომდებარე სოფლებშიც: დერჩი, დღნორისა, მექვენა, ოფურჩხეთი, ჟონეთი...

მიუხედავად იმისა, რომ კლუბის გამგე ვიყავი, ჩაიც ბევრი მიკრეფია, მოწინავე მეჩაიე გახლდით. კონცერტებს ჩაის ფართობებშიც ვაწყობდით.

იყო დრო, როდესაც თითქმის ყველა კოლმეურნეობაში ჩამოყალიბებული გახლდათ სიმღერის გუნდი. ჩვენი გუნდის ხელმძღვანელი იყო საშა ჯიმშელეიშვილი, ყველაზე ასაკოვანი წევრი კი მე ვიყავი, როცა წარმატებით გამოვდიოდით „წყალტუბოობის“ დღესასწაულზე (1986,1987, 1988 წლები).

 

*** 

ლექსებს სულ ვწერდი და ვწერდი.

ერთხელ ჩვენი კლუბის კედლის გაზეთში ჩემს მიერ ლამაზად გაფორმებული ეს ლექსები წაიკითხა გაზეთ „წყალტუბოს“ რედაქტორმა მურთაზ კანკაძემ, მოეწონა და... ამის შემდეგ ისინი ბევრჯერ გამოქვეყნდა. მე გაზეთ „წყალტუბოსთან“ და ჟურნალ „სათაფლიასთან“ არსებული ლიტერატურული გაერთიანების წევრი ვარ, თვეში ერთხელ ვიკრიბებით და სიხარულით ჩავდივარ ხოლმე წყალტუბოში. ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერი ვარ, როცა ლექსით დაინტერესებულ საზოგადოებასთან მიწევს შეხვედრა.

„ფოლკლორის მხარდაჭერის საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამის“ ფარგლებში 2007 წელს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა ერვონული დათვალიერება-ფესტივალი ჩაატარეს. მე ამ ფესტივალის ლაურეატი გავხდი.

ხშირად გამოვდივარ საღამოებზე.

ორჯერ მომიწია გამოსვლა თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში გამართულ ხალხური პოეზიის საღამოზე. 2008 წელს საღამოს წამყვანმა, ბატონმა ვახუშტი კოტეტიშვილმა ავტოგრაფით მაჩუქა თავის რედაქტორობით გამოცემული, ხალხურ შემოქმედთა სქელტანიანი კრებული „კლდის ფხაზე თეთრო ყვავილო“. ამ საღამოზე „ოლიმპიური ვარსკვლავის“ პრიზით დამაჯილდოვეს.

იანვარში ქალბატონი ეთერ თათარაიძე იყო ჩამოსული, ჩემი ბევრი ლექსი წაიღო - სახალხო მთქმელების კრებულში შესატანად.

*** 

მარგო სხირტლაძე-სიმსივეს მიერ ქართული ზეპირსიტყვიერების საუკეთესო ტრადიციით შექმნილი ლექსები, ალბათ, გაუძლებენ დროს და მომავალ თაობებსაც უჩვენებენ, თუ როგორ იქმნებოდა ერთი ჩვეულებრივი ოჯახის ჭერქვეშ სიყვარულის, სათნოების, სამშობლოს ერთგულებისა და უკვდავების მადიდებელი, ქართველი დედის მიერ ალალად დაწერილი პოეზია.

ეს დამაშვრალი, ნაჯაფარი ადამიანი, რომელსაც ოთხი შვილიც აღუზრდია და ფიზიკურადაც ბევრი უშრომია, მეტი ყურადღების ღირსია. ორიოდე წლის წინათ ფიზიკური ტრამვის გამო ერთ-ერთ თვალში მხედველობა დაუკარგავს და მის დასაბრუნებლად განმეორებითი ოპერაციაა საჭირო, მაგრამ თანხის არქონის გამო (პოლისი არა აქვს) დღესაც ასე დადის და... ცალი თვალით წერს, კითხულობს...

იგი არავის აწუხებს, ისიც კი არ იცის, თუ ვის უნდა მიადგეს და სთხოვოს, - ასეთი მოკრძალებული და ხათრიანია ჩვენი ნამოხვანელი პოეტესა.

მხოლოდ ერთადერთი, დიდი ხნის ნატვრა აქვს: თავისი მდიდარი შემოქმედებითი მემკვიდრეობა ერთ კრებულში თავმოყრილად დაუტოვოს შთამომავლობას.

- წიგნის გამოცემა ძვირია, ძალიან ძვირი... ამის საშუალება ნამდვილად არასდროს მექნებაო, - ჩემთან საუბრისას წამოსცდა დაღონებულს.

 

 

ხატება დედისა

ჩემი სიკვდილით მივედი ჩემი სამარის კარსაო,

მმარხავენ, მიწას მაყრიან, გულზე  მადებენ ქვასაო,

დამილოცავენ სამარეს, მიქებენ დედურ კვალსაო,

ცრემლებით გასცილდებიან სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარსაო;

ბევრ სიტყვას დამატირებენ, იხდიან თავის ვალსაო

ცრემლნადენ-გულდათუთქულნი მტოვებენ გზა მართალსაო.

დედა ვარ, სიკვდილს ვაჯობებ, მაინც გავიკვლევ გზასაო,

სიზმარში მოგელანდებით, მოვალ თქვენს სასთუმალსაო,

ლოყაზე მოგეფერებით, ყველას გადაგწერთ ჯვარსაო.

სუყველას გადაგივარცხნით მაგ ჩემს ნაფერებ თმასაო.

ლოცვის სანთელსაც აგინთებთ, შეგიჭამთ გულის ჯავრსაო

კეთილი თვალით ჩაგხედავთ ყველას, ჩემს მონაგარსაო.

მოვიპარ-გავიპარები, თქვენ ვერ შემავლებთ თვალსაო,

ბნელეთით შემოვულოცავ ჩემეულ ეზო-კარსაო,

ვაი დედას რომ იძახით, აქეთ ვგებულობ      ხმასაო,

მე სიკვდილს არ მოვუკლავარ, მე თქვენი     დარდი მკლავსაო,

კაი სიცოცხლით იცოცხლეთ, ნუ გამიტეხავთ ძვალსაო.

ქალს, დედად დაბადებულსა, სიკვდილი ვერა ჰკლავსაო.

 

ხეს ფესვი დარჩეს, ტოტს კი -კვირტები

შვილთაშვილებს

ჩვენი სიცოცხლის გამგრძელებლებო,

თქვენ ხართ კვირტები, ჩვენ კი -       ფესვები,

ასე ყოფილა წუთისოფელი,

თქვენ მაღლა ილტვით, ჩვენ - ძირს ვეშვებით.

ერთმანეთისთვის გავჩნდით ამ ქვეყნად,

გთხოვთ, სხვა ვინმეში ნუ შეგეშლებით,

ერთხელ დაგვმარხეთ, ერთხელ გვიტირეთ,

მერე ჩვენს სიკვდილს ნუ შეეცდებით.

სანთელს ვანთებთ და თქვენზე ვლოცულობთ,

დღეგრძელ სიცოცხლეს ღმერთს       ვევედრებით,

თქვენ ჩაგაბარეთ ჩვენი სახელი,

ჩვენი სახლ-კარი, ჩვენი ედემი.

აბა, თქვენ იცით, თუ არ შეგვარცხვენთ,

კაცურ კაცობას თუ შეეცდებით,

თუ ღირსეულად იცხოვრებთ ქვეყნად,

მკვდრად არასოდეს არ ჩავითვლებით.

საბან-ლებივით გაგვამზეურეთ

და თქვენი გულის სითბოს მივხვდებით,

უკვდავებაში გადაგვიყვანეთ,

შემდეგ მშობლები თქვენც ხომ იქნებით...

ას წელს იცოცხლეთ, ას წელს იხარეთ,

მერე კი, მერე... ჩვენთან იქნებით.

უფალმა მუდამ ასე ინებოს -

ხეს ფესვი დარჩეს, ტოტს კი - კვირტები!

 

ნოსტალგია

ფიქრი ნისლად ჩამოწვება,

თვალში ცრემლად წამომივა,

მე სხვა ქვეყნის მზე არ მათბობს...

არაფერი გამომივა!

ჩემო სახლო, ჩემო კარო,

ღმერთმა იცის, რა მოგივა!..

მე ხომ ის მზე მენატრება,

უჩემოდ რომ ამოგივა!

 

სიბერეს ნუ შეაგინებთ

სადაც სიცოცხლე გაჩნდება,

სიკვდილიც იქვე მდგარია,

წივილ-კივილით გვაცილებს,

სულ ჩვენი თანამგზავრია;

სიკვდილი ყველა ჩვენგანის

გადასახდელი ვალია,

ვერავინ ვერ მოიცილა

მისგან მტრობა და შარია!

სიკვდილ-სიცოცხლის გამჩენი

დიდი განგების ძალია,

ღმერთმაც ვერ დააკანონა

მისი სიგრძე და განია -

ვის სიბერემდე მიჰყვება,

ვის მალე დასდო ბრალია...

ამ ქვეყნის ორომტრიალში

ერთი რამ გარდუვალია:

სხვები წავლენ და მათ ადგილს

დაიკავებენ სხვანია;

ვერავინ ვერ აიშენა

მისთვის კოშკი და გალია, -

მდიდარია თუ ღარიბი,

სუყველა წარმავალია!..

სიცოცხლეს შვენის სიკვდილი,

სიკვდილს - გლოვა და ზარია...

ზოგი სიკვდილსაც ამარცხებს,

კაცი, ვინც საქებარია.

ის არის შესაბრალისი,

ვინც სიცოცხლეშიც მკვდარია.

ვინც მტრობა-შურით იცხოვრა,

სხვასაც აჰკიდა შარია, -

უდროოდა თუ დროულად

ყველამ დახუჭა თვალია.

აკვანი ხეში მოქარგეს,

კუბოც ხით განათალია...

ას წლამდე ვის შერჩენია

თავის ღონე და ჯანია!..

სიბერეს ნუ შეაგინებთ,

ის ღმერთის ნაჩუქარია!

 

ლექსო, ნუ დამიბერდები!..

 

ჯიში ხარ და ჯილაგი ხარ, მომავლისკენ მიდიხარ,

სიკვდილ-სიცოცხლის შუა გადებული ხიდი ხარ,

ბრძენის აზრის ანასხეპი შენახული კვირტი ხარ...

საჭიდაო მოედანზე ნაღდად მჯობნის მჯობნი ხარ,

დუელში გამოწვეული, პოეზიის ომში ხარ;

თუ ვიღაცამ შენ გაჯობა, ვიღაცას შენც ჯობიხარ;

სიტყვა გიჭრის, სამიზნესთან ტყვიასავით მირბიხარ,

მტყუან-მართალს ისე არჩევ, არც არავის     რიდში ხარ,

ხან მზის სხივად აენთები, ხან კი ნისლად მიდიხარ;

ხან სტრიქონაღელვებული, ხან კი ძალზე მშვიდი ხარ,

პატრონს არ ემორჩილები, მოდიხარ თუ      მიდიხარ.

ლექსად ამომღერებული, აწყობილი რითმი ხარ,

დროის წისქვილ-ბორბალიდან აღებული მინდი ხარ;

ულევი ხარ, უწყვეტი ხარ, ჩემთან რომ ხარ, მიკვირხარ;

სხვის გულშიაც ჩაიბუდე, თუ ამისი ღირსი ხარ,

შვილივით დაგიფიცებდი, ჩემს სიცოცხლედ მიღირხარ,

დღე და ღამე არ მცილდები, სასთუმალთან მიზიხარ,

სადაც მივალ, გზას მილოცავ, წინ მეფეხედ მიხვდიხარ...

ლექსო, ნუ დამიბერდები, სულ ჯეელად მინდიხარ,

მზითვად გამოტნეული ხარ, ისევ მზითვად მინდიხარ!..

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3264
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია