დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მარიკა სამანიშვილის ყველაზე გამორჩეული როლი
2010/05/17 12:16:05

„ამ როლს თქვენ არ ასრულებთ, თქვენ ამ ამბის თანამონაწილე ხართ!“ - ეს სიტყვები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II „ბამბაზიის სამოთხის“ ნახვის შემდეგ უთხრა მარიკა სამანიშვილს.

„ეს ჩემთვის ყველაზე დიდი შეფასებაა,“ - ამბობს ქართველი დედის როლის შემსრულებელი.

როცა გადაწყვეტ, რომ მასზე, როგორც შემოქმედზე დაწერო, ალბათ, სწორედ „ბამბაზიის სამოთხიდან“ უნდა დაიწყო.

„ბამბაზიის სამოთხის“ წარმატებები და იღბლიანობა მასაც გადაედო. უფრო სწორად, ამ სპექტაკლისა  და ფილმის წარმატებების ისეთივე თანამონაწილე გახდა, როგორც - პიესაში მოთხრობილი ისტორიისა.

წარმატებები არც მანამდე აკლდა, შესაბამისად - არც როლები. ძალიან ახალგაზრდა გახდა საქართველოს დამსახურებული არტისტი. თუმცა, „ბამბაზიის სამოთხის“ შემდეგ კიდევ უფრო სხვა  „შემოქმედებითი ცხოვრება“ დაიწყო.

არც თუ დიდი ხნის წინ ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია მიიღო - უკვე გარდაცვლილ მედეა ჩახავასა და დოდო ჭიჭინაძესთან ერთად. ის ყველაზე ახალგაზრდა იყო. მაშინ თქვეს, რომ პრემია განვლილი შემოქმედებითი ცხოვრებისთვის ხვდა წილად.

„არადა, ეს იყო „ბამბაზიის სამოთხის“ დამსახურება. ჩემთვის, ჩემი ასაკისთვის, დიდი პატივია ვერიკო ანჯაფარიძის პრემია. სიმართლე გითხრათ, არც კი ველოდი,“ - გულწრფელად აღიარებს.

 

***

მსახიობობა იმ დროიდან უნდოდა, რაც თვალი გაახილა, რაც ლაპარაკი დაიწყო...

ახსოვს, დედა პრემიერისთვის სპეციალურად უკერავდა კაბებს. ეს მისთვის დღესასწაული იყო, საიდუმლოდ აპარებდნენ დარბაზში, მაშინ, წესი იყო ასეთი - ბავშვებისთვის სპექტაკლებზე დასწრება არ შეიძლებოდა.

„ვიჯექი დარბაზში და, როცა ფარდა იხსნებოდა, იქ სხვა სამყარო  იშლებოდა, ჩემთვის ძალიან მიმზიდველი.“

სცენაზე პირველად რომ დადგა, პირველ კლასში იყო. „კულისები, სცენა, ფარდები... მივხვდი, რომ აქ მინდოდა, თეატრში, ამიტომაც ძალიან, ძალიან პატარა ვიყავი, ჩემი მომავალი პროფესია რომ ავირჩიე...“

მთელი ათი წელი „ემზადებოდა“ პროფესიის დასაუფლებლად, გზაჯვარედინები არ ყოფილა, არც სხვა ცდუნებები. უბრალოდ, თეატრისა და სცენის გარდა ვერაფერს ხედავდა. კითხულობდა ძალიან ბევრს - გრძნობით, სახლი ივსებოდა შემოქმედებითი ოლიმპიადებიდან გამოგზავნილი ოქროს მედლებით და დიდი სცენისაკენ ძალიან მყარი ნაბიჯებით მიდიოდა...

ერთადერთი, ვისაც მისი მსახიობობა არ სურდა, ოჯახის უახლოესი მეგობარი - იპოლიტე ხვიჩია იყო, მან ყველაზე უკეთესად იცოდა ამ პროფესიის სირთულეები და ყოველთვის იმეორებდა, რომ ქალისთვის ორმაგად რთული იქნებოდა ეს არჩევანი...

არ დაიშალა! არც დაიშლიდა, ბავშვობის ოცნებებზე ხომ არ ამბობენ უარს...

„პირველი  გამოცდიდან გამოვვარდი გახარებული, ხუთი  მივიღე-მეთქი და იპოლიტემ მითხრა, ზუსტად ისე, როგორც „ფეოლაში“ - გაგიჭირდებოდაო. ნინელი ჭანკვეტაძე აბარებდა ჩემთან ერთად და მანაც ხუთი მიიღო, მერე სტუდენტობისას ვერეოდით ხოლმე ერთმანეთში: მე ნინელი ვეგონე, ნინელი - მარიკა. დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი და ქუთაისის თეატრში წამოვედი, ნინელიმ მაშინ ხუმრობით მითხრა, შენ გაბარებ დასავლეთ საქართველოს  მე კი აღმოსავლეთში დავრჩებიო.“

მარიკა სამანიშვილს თბილისში დარჩენაზეც უფიქრია, მაგრამ...

„ცხოვრებაში, ხანდახან ყველა ადამიანი ფიქრობს, იქ რომ დავრჩენილიყავი, მაშინ შეიძლება უკეთესად ყოფილი-ყო ყველაფერიო, რა თქმა უნდა, მეც მიფიქრია, მაგრამ ჩემი ქალაქი, ჩემი მაყურებელი ყველაფერია ჩემთვის და ვერაფერზე გავცვლი...“

თეატრალური ინსტიტუტი დაასრულა და ქუთაისში დაბრუნდა. დაბრუნდა მსახიობ მეუღლესთან თენგიზ ჯავახაძესთან ერთად. 31 წლის წინ გადაწყვიტეს, რომ შემოქმედებითი და ცხოვრების გზა ერთად გაევლოთ და დღემდე ერთად მოდიან...

სიძნელეები, რა თქმა უნდა, იყო...

„მერე და როგორი სიძნელეები! ჩემი შვილები კულისებში გაიზარდნენ, მყავდა დედა, რომელიც მეხმარებოდა, მაგრამ, შვილები მე და ჩემმა მეუღლემ გავზარდეთ. ბევრი ტრაგედია გადავიტანე, ჯერ დედა გარდაიცვალა, მერე ძმა - ძალიან ახალგაზრდა, მერე მამა... ბევრი რამ დამატყდა თავს, მაგრამ, შინ რომ ჩაჯდე ან მთელი დღეები ამაზე ილაპარაკო, არავის აინტერესებს, არავის უნდა ათქმევინო, ცხოვრებამ დააბეჩავაო... სხვა სიძნელეებიც იყო: უშუქობაში ვთამაშობდით, მერე  პურის გრძელ რიგებში ვიდექით, მაგრამ ამაზე არასდროს გვიტირია, კულისებში გავდიოდით და ვიცინოდით. ჩვენი საქმის სიყვარული გვიათკეცებდა მოთმინებას. ასეა, როცა საკუთარი საქმე გიყვარს, მაშინ ყველაფერს უძლებ.“

როლებს რეჟისორებთან ერთად ქმნის. ბევრ რეჟისორთან უმუშავია, მაგრამ თავის მასწავლებლად იური კაკულიას თვლის.

„მე თეატრალურში მყავდა პედაგოგი დოდო ალექსიძე, შესანიშნავი პროფესიონალი, მაგრამ როლზე მუშაობა იური კაკულიასთან ვისწავლე. „მთვარის მოტაცებაში“ ვთამაშობდი. რატომღაც ისე გამიჭირდა, რომ გადაწყვეტილი მქონდა, როლი დამეტოვებინა. ეს ყველაზე საშინელია მსახიობისთვის. ამ გადაწყვეტილებით მივედი რეპეტიციაზე, ეტყობა, „დათმობა“ ისე მიჭირდა, რომ მთელი ეს ემოცია როლზე გადავიტანე, მომიბრუნდა ბატონი იური და მითხრა, ამას გთხოვდი, მეტს არაფერსო.

არ შემიძლია, განსაკუთრებულად ცალკე არ გამოვყო ავთანდილ ვარსიმაშვილი, რომელმაც ძალიან საინტერესო მონოსპექტაკლი გამიკეთა, და, რა თქმა უნდა, არ შემიძლია, არ გამოვყო „ბამბაზიის სამოთხის“ რეჟისორი გიორგი სიხარულიძე.“

მისთვის ყველაზე გამორჩეულად საყვარელი „ბამბაზიის სამოთხეში“ ქართველი დედის - ელენეს როლია. 

„მეკითხებიან ხოლმე, ალბათ, ვინმე ახლობელი გყავდათ, ვინც ელენეს მსგავსი ისტორია გადაიტანაო. არავის ვიცნობდი, ეს უბრალოდ, ჩემი, როგორც ჩვეულებრივი ადამიანის, დაგუბებული პროტესტი იყო ომებისა და უბედურებების მიმართ.

ეს არის სპექტაკლი, რომლის ყველა წარმოდგენაც ისე იმართება, როგორც პრემიერა, ისეთი განცდა გაქვს, რომ ყველას ერთი სუნთქვა აქვს, ერთი სურვილი, ერთი არსი... მე შევხვდი შვილმკვდარ დედებს, ვერც კი აგიღწერთ, როგორი ემოცია იყო! საერთოდ, ამ როლში იმდენ ენერგიას ვდებ, რომ ფიზიკურად მფიტავს, მაგრამ საოცრად მავსებს შემოქმედებითად... ეს ჩვენი დღევანდელობაა, დღევანდელობა, რომელიც ძალიან მტკივნეული და გადამდებია ყველასთვის. ღმერთმა ქნას, მალე ყველაფერი ისე დასრულდეს, რომ ეს ისტორიები მხოლოდ თეატრში დარჩეს.“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2415
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია