დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სითბოდ და სიყვარულად დახარჯული
2010/05/04 13:43:35

მედდა, პოეტი, ჟურნალისტი, მოქალაქე - რომელი სტატუსით არ მოუპოვებია ქალბატონ ჯანიკო გაბუნიას თანაქალაქელთა სიყვარული და პატივისცემა.  

19 წელია, ქუთაის-გაენათის ეპარქიის გაზეთ „კვალი ნათელის“ რედაქტორია, ქართული საეკლესიო ჟურნალისტიკის ერთ-ერთი გამოცდილი წარმომადგენელი. 

„მდიდარი სიღარიბით... მორწმუნე ღვთისნიერი... ქვეყანაზე და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული... დედა, ბებია, მეგობარი, შემოქმედი - ერთ არსებად ქცეული, სითბოდ და სიყვარულად დახარჯული, ახლობელთა სწორუპოვარი ჭირისუფალი და მოამაგე, სავსე სისადავით, უბრალოებით, გულწრფელობით, ჭირთათმენას შერიგებული, მიმტევებელი...“ - ასე ახასიათებს მას ერთ-ერთი წიგნის წინასიტყვაობაში მწერალი თეიმურაზ ლანჩავა.

მოდით, უფრო ახლოს გავეცნოთ ქალბატონ ჯანიკოს - რითმებში, თეთრ ხალათში და გაყვითლებულ ფურცლებზე...

 

 

ბავშვობა ბავშვობის“ გარეშე...

 

„მე ბავშვობა არ მქონია. 11 წლისას მეორე მსოფლიო ომმა მომისწრო. ხუთი წელი მძვინვარებდა ომი... მამაც და ძმაც ჯარში წავიდნენ. სოფელი დაცარიელებული იყო. რისი ბავშვობა!.. ვთოხნიდი, ვბარავდი, წისქვილში დავდიოდი, არა მარტო ჩემთვის, მოხუცი მეზობლების საფქვავებს, შვილები ჯარში რო ჰყავდათ, მოვიკიდებდი ზურგზე, წავუღებდი წისქვილში და მოვუტანდი. ეს იყო ჩემი ბავშვობა...

დედაჩემს არ მივყავდი პურის რიგში - ცოდო ხარო. გამოვეკიდებოდი მაინც და გეგუთიდან ქუთაისში ფეხით მოვდიოდით. მთელი დღე რიგში ვიდექით. ნათესავი კაცი გვყავდა, თითო ულუფის მაგივრად ორმაგს გვაძლევდა. ჩვენ ოთხ პურს ავიღებდით და შინ მოგვქონდა. წვრილშვილიანი ქალი იყო, ბავშვები სულ მშიერი ჰყავდა, ერთი პური იმისთვის უნდა მიგვეტანა, მეორეს მოხუც ქალს ვაძლევდით, ერთს კიდევ - მეორე მეზობელს, ორი შვილი ჯარში ჰყავდა და... ერთი პური გვრჩებოდა ჩვენ. მეორე დღეს უნდა წამოვსულიყავით ისევ, კიდევ რიგში უნდა დავმდგარიყავით და კიდევ მოვდიოდით, აბა, რა გვექნა? ეს იყო ჩემი ბავშვობა!

მთელი ღამეები ვოცნებობდი, ვითომ დესანტი დავიჭირე და ასეთი გმირობა ჩავიდინე... ვითომ ფრონტზე ვიყავი, დაჭრილები გამომყავდა და ვაბარებდი ჰოსპიტალში...

შუქი, ნავთი და საკმარისი პური სად გვქონდა! ომი იყო. ჭრაქი ბუხარში მედგა, რომ კვამლი გარეთ არ გამოსულიყო, მიმდგარი ვიყავი და იქ ვკითხულობდი წიგნს. ფარხმალი მაინც არ დამიყრია. სოფლიდან მარტო მე და ერთმა გოგომ შევძელით ქუთაისში ჩამოვსულიყავით სასწავლებლად. იმდენად მოწყურებული ვიყავით სწავლას და წინსვლას, რომ წამოვედი. თოხი, ბარი, ცრემლი, შიმშილი და კალამი ხელში - აი, ეს იყო ჩემი ბავშვობა და ახალგაზრდობა.“

 

კარადაში გადამალული ხატი

 

„ჩვენი ოჯახი რელიგიური იყო. მამაჩემი ნასწავლი კაცი გახლდათ. სოფელში ერთი ბერი ცხოვრობდა, დათიაშვილი, მამაჩემს სწორედ მან ასწავლა ძველი ქართული და მედავითნედ აიყვანა. მერე რუსეთმა წაგვართვა რწმენა, დაგვინგრია ეკლესიები, დაგვიხვრიტა მოძღვრები, დახვრიტეს ეს ბერიც... მამაჩემმა კი გამოასწრო როგორღაც.

კომუნისტების დროს ვერ ვახერხებდით ფართო მასშტაბის რელიგიურ საქმიანობას. ბებიაჩემი მარხულობდა, კვერცხებსაც ვღებავდით. პირჯვარსაც ვიწერდით, მაგრამ ხატი კარადაში გვქონდა, რომ ვინმეს, სახლში შემოსულს, არ ენახა.

1983 წელს ქუთაისში პატრიარქი მოვიწვიეთ. განსაკუთრებული შეხვედრა გავუკეთეთ, ღონისძიებები ჩავატარეთ, ამ დროს მე პარტიული ვიყავი და დამიბარა საქალაქო კომიტეტმა - ან დატოვე მანდატი, ან დაეხსენი ეკლესიასო. უფლის წყალობით, მერე კომუნისტური წყობა ჩამოაგდეს და მეც, რა თქმა უნდა, გამოვედი პარტიიდან. მას შემდეგ ძალიან ეკლესიური გავხდი. მაგრამ ისეთი სამსახური, რაც უფალს ეკადრება, ვერ შევძელი, მიწაზე ფეხდადგმული ადამიანი ხომ იშვიათად შეძლებს ამას.“

 

მედიცინაშიც შემოქმედი

 

„მუშაობა დავიწყე პირველ სამშობიაროში. 48 წელიწადი იქ ვიყავი. ძალიან მიყვარდა ჩემი პროფესია და ამ სამშობიაროშივე დავამთავრე მუშაობა, გავედი პენსიაზე. შემოქმედებით მუშაობას აქაც ვეწეოდი. გამოვეცი წიგნები „გახსენება“, „ექიმო, მე თქვენ მიყვარხართ“, რომელშიც ოცდასამ ექიმზეა ნარკვევი. ჯანმრთელობის სამინისტრომ ღირსების მედლით დამაჯილდოვა. მედიცინაში ექთნისათვის ამ მედლის მინიჭება დიდი ჯილდო იყო.

 

იებები

 „ლექსების წერა ბავშვობიდან დავიწყე. პირველი ლექსი რომ დავწერე, 11 წლის ვიყავი. მერე, ქუთაისში რომ ჩამოვედი სასწავლებლად, დავდიოდი მწერალთა კავშირში. 1969 წელს გამოვეცი ლექსების პირველი წიგნი, რომელიც თბილისში გამომცემლობა „ნაკადულმა“ გამოსცა, დირექტორი იყო მწერალი კონსტანტინე ლორთქიფანიძე. სწორედ მისი რედაქტორობით გამოვიდა ჩემი წიგნიც. ეს საამაყოდ მაქვს. დაბადების 80 წელთან დაკავშირებით 2008 წელს გამოვეცი ორტომეული. ვფიქრობ, გავაკეთო რჩეული და საუკეთესო ლექსებს მოვუყარო თავი.

1969 წელს ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში დაიდგა ჩემი პირველი პიესა „კეთილი გოგი“. მის მერე 3-4 პიესა კიდევ დავწერე და იქვე დაიდგა. ახლა უკვე აღარ ვწერ.

ახლა ვმუშაობ საბავშვო ლექსებზე და ვაპირებ საბავშვო ლექსების კრებულის გამოცემას.

წლების წინ ვიყავი საზოგადოება       „ცოდნის“ ლექტორთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი. დავამუშავე სამი თემა, რომელიც ექიმთა საბჭომ დამიმტკიცა და ვკითხულობდი ლექციებს.“

 

ჟურნალისტის კალმით

„როცა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი დავამთავრე სამედიცინო განხრით, შემდეგ გავიარე ჟურნალისტიკის კურსებიც. ჩემი წერილები იბეჭდებოდა „ცისკარში“, „განთიადში“, „საქართველოს ქალში“, „სოფლის ცხოვრებაში“. გაზეთ „ქუთაისშიც“ არაერთხელ დამიწერია ქალაქის პრობლემებზე. მაგალითად, ასეთი რაღაც ხდებოდა მაშინ: მექორწილეები ხელმოწერის და ჯვრისწერის მერე ახლანდელ დავით აღმაშენებლის მოედანს წრეს რომ დაარტყამდნენ (რიტუალი ჰქონდათ თითქოს), იქ სვამდნენ, ბოთლებით და ნარჩენებით იქაურობას მიანაგვიანებდნენ და წავიდოდნენ. მე ამაზე წერილი დავწერე გაზეთში და სხვათაშორის, მერე აღიკვეთა ეს.

1991 წელს დავაფუძნე საეკლესიო გაზეთი „კვალი ნათელი“. ახლაც ფუნქციონირებს და იმ დღიდან მისი რედაქტორი ვარ. ეს გაზეთი ორ თვეში ერთხელ გამოდიოდა. ახლა ცოტა ხელი შეგვეშალა და არ გამოვსულვართ. გაზეთში იბეჭდება საეკლესიო მასალები: წმინდანების წიგნებიდან, ქადაგებებიდან, ეპისტოლეებიდან...“

 

ჩვენ სიყვარული გვაკლია


„ძალიან მტკივა დღევანდელი დღე. დღეს ოპოზიციამ უნდა ისწავლოს ეთიკა, მიმართვის ფორმები. ქვეყნის სასიკეთოდ და გადასარჩენად ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, ისე კი არა, თბილისსა და მოსკოვში რომ დარბიან. ჯერ შენს სახელმწიფოში იმუშავე, დაუდექი გვერდში პრეზიდენტს. ჩვენს სახელმწიფოს შიდა მტერი მუდამ ჰყავდა და ახლაც ჰყავს. ქართველებს ბრძოლისა და შრომის უნარი არ გვაკლია. მაგრამ ერთმანეთის მიმართ ღვარძლიანობა გვაქვს. სიყვარული გვაკლია ჩვენ! იბრძოლე საქმისთვის, მაგრამ გვიყვარდეს ერთმანეთი! - ეს მინდა ვთქვა.

დღესაც ვშრომობ და არ შემიწყვეტია შემოქმედებითი მუშაობა. 82 წლის ვარ და, თუ რამეს მივაღწიე, ყველაფერს -  უმძიმესი შრომით. მიხარია, რომ ხალხს უყვარს ჩემი შემოქმედება, ხალხი აფასებს. გზაში რომ შეგხვდება ადამიანი და შენს ლექსს გეტყვის, როგორია? ხომ შეაფასა?“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2041
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია