დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოეზიითა და ჰარმონიით სავსე სამყარო
2010/04/19 13:20:49

მხატვარმა თედო მანჯგალაძემ პერსონალური გამოფენა დაბადების 70 წლისთავთან დაკავშირებით მეგობრების ძალდატანებითა და მხარდაჭერით გააკეთა. 15 აპრილს „ვარლაში“ მის მიერ დამუშავებული ტექნიკით (ცივი ბატიკა) შესრულებული, 65 ტილო იყო წარმოდგენილი.

„თავიდან, მე უარზე ვიყავი, ოჯახური პირობების გამო არ მქონდა გამოფენის განწყობა, თუმცა ჯეირან ფაჩუაშვილის წყალობით, - გინდა თუ არა უნდა გააკეთო აუცილებლადო, -  მაინც  მოეწყო.  კატალოგი და ყველაფერი თვითონ გამიკეთა.

როცა სურათების ჩამოკიდება დავიწყეთ, იმდენი ნამუშევარი აღმომაჩნდა, ძალიან ბევრი აღარ დაეტია. „სულ ფუნჯი გეკავა ხელშიო?“ - ყველა მეკითხებოდა. თვითონ მიკვირს, ამდენის დახატვა როდის მოვასწარი“.

მისი ნამუშევრები ჟანრობრივად საკმაოდ მრავალფეროვანია: სხვადასხვა ხასიათის სიუჟეტური კომპოზიციები, მდინარე რიონი და მისი სანაპიროების ფერწერული პანორამები, ქალაქის ძველი უბნები - მობინადრეების მოძრავი ფიგურებით, არქიტექტურული ძეგლები, ნატურმორტები, ცხოველები, ფრინველები, ყვავილები - ეს ყველაფერი პოეზიითა და ჰარმონიით სავსე სამყაროს ქნის. სწორედ პოეზია და ჰარმონიაა ის, რასაც მისი ნახატების მზერით შეიგრძნობს მნახველი.

„ძირითადად, ვხატავ ქუთაისის ხედებს - ეს არის ჩემი თემა. რიონის თითქმის ყველა კუთხე მაქვს დახატული. აქ წარმოდგენილი 65 ნამუშევრიდან ყველა ხელოვნებისა და პედაგოგიკის ინსტიტუტშია შექმნილი. ბატონი ომარ ნიშნიანიძე და მისი მეუღლე - ქალბატონი ნინო თხელიძე ძალიან დიდ პატივს მცემენ. 1993 წლიდან ვარ მათ ინსტიტუტში პედაგოგად. მოგვიანებით, წამოსვლაც მინდოდა, მაგრამ ომარმა არ გამომიშვა, - სახელოსნოს მოგცემ, ეკონომიურადაც დაგეხმარებიო და მართლაც, დღესაც ყველანაირად გვერდით მიდგას“.

ბატიკა, თექა, გობელენი, გრაფიკა, ფერწერა - თედო მანჯგალაძის, როგორც მხატვრის, ინტერესების სფეროს წარმოადგენს. ამბობენ, რომ მის შემოქმედებაში არ არის რაიმე ზედმეტად რთული, ფილოსოფიურად დამძიმებული, განსაკუთრებული დაძაბულობით აღვსილი. იგი საოცრად შრომისმოყვარე და საკუთარი თავისადმი მომთხოვნი მხატვარია. ამიტომაცაა, რომ მისი ნამუშევრები საოცრად მსუბუქი, ჰაეროვნი და განსულიერებულია.

თბილისის სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტის სადიპლომო ნაშრომი „ძველი თბილისის“ თემაზე, ბატიკის ტექნიკაში იყო შესრულებული. მოგვიანებით, სწორედ ეს რთული და ფაქიზი ტექნიკა გახდა მომავალში მთელი მისი შემოქმედების განმსაზღვრელი.

პროფესიული განათლების მიღების შემდეგ, სამტრედიის რაიონის სოფელ ჯიხაიშში დაბადებული მხატვარი ქუთაისში დასახლდა, წლების მანძილზე მხატვარ-დიზაინერად მუშაობდა აბრეშუმის საწარმოო გაერთიანებაში:

„აბრეშუმის ქსოვილის მოჩითვაზე - ნახატებს ვაკეთებდი ქსოვილებზე, ლამაზ კაბებს ვაცმევდი მანდილოსნებს. ეს შემოქმედება იყო და იმაზე დიდიც, ვიდრე ეს ნახატები... ნახატს რომ გავაკეთებდით, ჯერ უნდა გაევლო ადგილობრივი, მერე რესპუბლიკური, მერე საკავშირო საბჭო მოსკოვში და მერე ჩაიშვებოდა წარმოებაში, დაიჩითებოდა ქსოვილზე.“

როგორც ქსოვილის დეკორატიული დაჩითვის სპეციალისტი, იგი წარმატებით მონაწილეობდა საქართველოსა და საზღვარგარეთ მოწყობილ გამოფენა-კონკურსებში (ლაიფციგი, მოსკოვი). ძალიან ბევრი მისი ნამუშევარი საქართველოში ჩამოსულ ტურისტებსაც მიჰქონდათ. ახლა მათი ნაწილი ინგლისისა და საფრანგეთის კერძო კოლექციებშია დაცული.

თავის, ყველასგან განსხვავებულ ტექნიკას სრულიად შემთხვევით, ექსპერიმენტის შედეგად მიაგნო.

„ამ ტექნიკით არავინ მუშაობს. ეს სპეციალური საღებავია, რომელიც ტყუილა იდო ერთ-ერთ წარმოებაში. აქედან, მე თვითონ გავაკეთე რაღაც ცდები და მივაღწიე ბოლოს ამ შედეგს. სამუშაოდ ეს ტექნიკა არის ძალიან რთული. ჯერ იხატება იმ საღებავით და მერე უნდა გააკეთო ფერში ცალკე - ორმაგი სამუშაოა. ეს მარტო აბრეშუმის ქსოვილზე იხატება, მერე ტემპერატურით ამომყავს ფენებად და მერე ვამუშავებ ფერში.“

ქუთაისის ხელოვნებისა და პედაგოგიკის ინსტიტუტის გამოყენებითი ხელოვნების კათედრის პედაგოგი ცოდნას და გამოცდილებას თავის სტუდენტებსაც გადასცემს. ამბობს, რომ, როგორც მასწავლებელი, ძალიან მომთხოვნია - დროის და შრომის ფასი იცის. მოსწავლეებთანაც ისეთივე კრიტიკულია, როგორც საკუთარი თავის მიმართ. მიაჩნია, რომ კარგი თაობა მოდის.

მის ნამუშევრებში ბაცი ფერები სჭარბობს, ყავისფერი, ოქროსფერი... მთავარია, ნახატი ფოტოს არ ჰგავდეს. პორტრეტების ხატვა არ უყვარს. არც საკუთარის დახატვა უცდია.

„ჩემი პორტრეტი მინდა გავაკეთო ღია ბაც ფერებში და ძალიან შემოქმედებითი უნდა იყოს - მგავდეს კიდეც და არც მგავდეს... არ მინდა ფოტოსავით გავაკეთო, მაშინ სურათს გადავიღებდი. მხატვრული უნდა იყოს ძალიან“.

აქვს პერიოდები, როცა ვერ მუშაობს. ეს მაშინ, როცა ცუდ განწყობაზეა. მუშაობის პერიოდში არავინ უნდა შეუშალოს ხელი, განწყობა რომ არ დაეკარგოს...

ამბობს, რომ მხატვრობას პირველი და ყველაზე მთავარი ადგილი უჭირავს მის ცხოვრებაში, შემდეგ არის ოჯახი და ყველაფერი დანარჩენი. თუმცა, მისი სახლი არ ჰგავს მხატვრის სახელოსნოს, აქ მის მხოლოდ რამდენიმე ნამუშევარს ნახავთ.

„სახლში სულ მაქვს ერთი „კოპიო“ გაკეთებული „ქრისტეს ჩამოხსნა ჯვრიდან“ და ერთი-ორი ნახატი. მე არ მიყვარს ბევრი ნახატი ირგვლივ, რა საჭიროა, სახელოსნოდ ხომ არ გავხდი ჩემს სახლს - სახლი რომ ნახატებით გავავსო, არ არის ლამაზი. სახელოსნოში მაქვს ნამუშევრები“.

გაჩუქება ან გაყიდვა ყოველთვის უჭირს, რადგან თვლის, რომ ნახატი მხატვრისთვის განძია. თუმცა, ბევრჯერ გაუჩუქებია კიდეც... ერთი გამორჩეულად საყვარელი ნახატი აქვს „ფიროსმანის სიზმარი“, რომელზეც ფიროსმანი თავისი პერსონაჟების ფონზეა დახატული. ტილოს, 10 წლის წინ რომ შეიქმნა, ორი წელი მოანდომა... ამბობს, რომ ის ყველა ნახატს ურჩევნია.

ამ წუთას გამოფენის გამო შეჩერებულია, თუმცა წინ დიდი შემოქმედებითი გეგმები აქვს.

„ძალიან ბევრი რამ მაქვს ჩაფიქრებული, მაგრამ არ ვჩქარობ, შეიძლება ერთი სურათი დავხატო, ან ორი - წელიწადში... არ ვიცი, მინდა სასწაული გავაკეთო!“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2111
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია