საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ძიებას+შრომისმოყვარეობა=მათემატიკას
2010/03/29 12:45:29

ასისტენტ-პროფესორი ბაკურ ბაკურაძე სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში მათემატიკის ლექციებს კითხულობს. იგი პედაგოგების ოჯახშია დაბადებული, პროფესია მამისა აირჩია. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მაგისტრატურაში ჩააბარა, შემდეგ დოქტორანტურაში გადავიდა. დღეს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში მუშაობს.

- ჩემს პროფესიას თავისებური სილამაზე და ხიბლი აქვს, რადგანაც არაფერი შეედრება იმ გრძნობას, როდესაც რაიმე პრობლემას გადაწყვეტ. მათემატიკა სწორედ ასეთია, ძიებას მოითხოვს. უბრალოდ, ამოცანის ამოხსნის დროსაც კი უდიდეს სიხარულს განიცდი, რაც თავისთავად, აღვივებს შენში კვლევის ინტერესს, - ამბობს ახალგაზრდა პროფესორი.

სტუდენტებთან მიდგომის განსაკუთრებული მეთოდი არა აქვს. თვლის, რომ თუკი კარგი სპეციალისტი ხარ, აუცილებლად შეძლებ სტუდენტებისთვის საგნის ადვილად მიწოდებას.

- ყველაზე ნაკლებნიჭიერმაც უნდა შეძლოს, შენი ლექციიდან წაიღოს აუცილებელი და ძირითადი. შეიძლება, ეს ვერ გამოიყენოს და განავითაროს შემდგომში, თუმცა, როგორც ფაქტი, მას ეს ეცოდინება. რამდენად გამომდის, სტუდენტებმა განსაჯონ. მაგრამ, შედეგებიდან გამომდინარე, უკმაყოფილო არ ვარ. მათემატიკა ზოგს უჭირს, თუმცა იმიტომ კი არა, რომ არ შეუძლია ისწავლოს, არამედ იმიტომ, რომ თავის დროზე ვერ აუხსნეს სათანადოდ ეს საგანი.

ჯერ მხოლოდ 28 წლისაა. თუმცა, უფროსი კოლეგების აზრით, ნიჭიერება და მიზანსწრაფვა არ აკლია. თავად ამბობს, რომ სავალი გზა საკმაოდ რთულია. თუ ის რაღაცას წარმოადგენს, შრომის შედეგია. ყოველდღიურად საათობით მუშაობს, შაბათ-კვირის ჩათვლით. პრობლემების გადასაჭრელად ხანდახან ძალიან დიდხანს ფიქრობს.

თავისუფალი დრო თითქმის არ აქვს, რის გამოც ძალიან ბევრ სიამოვნებაზე უარის თქმა უწევს. ხშირად ვერ ხვდება მეგობრებს. ვერც სპექტაკლებს ესწრება. თუმცა ცდილობს, პრემიერები არ გამოტოვოს. კითხვაც ძალიან უყვარს, მაგრამ დროის უქონლობის გამო მხოლოდ სპეციალურ ლიტერატურას კითხულობს.

- რამდენად რთულია პედაგოგობა? - ვეკითხები.

- პედაგოგობა არ არის ისეთი საქმიანობა, მაინცდამაინც, სახელმწიფომ რომ მიგითითოს, როგორ მიაწოდო ესა თუ ის მასალა სტუდენტს. როცა შედიხარ ჯგუფში თუ აუდიტორიაში, ვალდებული ხარ, თავად გამოიყენო ყველა საშუალება, რათა შენი საგნიდან აუცილებელი მინიმუმი დარჩეს ყველა შენს მსმენელს. პასუხისმგებელი ხარ არა მარტო სახელმწიფოს წინაშე, არამედ სტუდენტების მიმართაც.

სხვათა შორის, ეროვნული გამოცდების რეფორმა ჩვენი ხელისუფლების ყველაზე წარმატებული ნაბიჯია. რადგანაც მიღწეულია ერთი მნიშვნელოვანი შედეგი: გამოცდა არის სამართლიანი. შეიძლება, პროგრამა რთულია, ან ადვილი, შეიძლება, უკეთესად ან უარესად იყოს შედგენილი - ეს განსჯის საგანია, მაგრამ ის, რომ ყველა აბიტურიენტი თუ მოსწავლე ერთიან პირობებშია და არავინ იჩაგრება, მიუხედავად მისი სოციალური მდგომარეობისა, ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესია. რაც შეეხება ახალ რეფორმას, რომელიც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის 10 სავალდებულო საგნის ჩაბარებას ითვალისწინებს, ცოტა ნაადრევია, მე სასერთიფიკაციო გამოცდების შედეგებს დაველოდებოდი და საამისოდ ნიადაგს მოვამზადებდი, რათა რამდენიმე წლის შემდეგ ყველა აბიტურიენტს ჰქონოდა შესაბამისი ცოდნა ფუნდამენტურ საგნებში. ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, საკმაოდ ძნელი იქნება სასურველი შედეგის მიღწევა, რადგან სათანადო ცოდნა არ გააჩნიათ.

გამოცდილ კოლეგებს დიდ პატივს სცემს. თუმცა იდეალი არასდროს ჰყოლია. ერთ ასეთ ფაქტსაც იხსენებს:

- სკოლას რომ ვამთავრებდი, ცნობარი შეგვავსებინეს, სადაც უნდა ჩაგვეწერა, თუ ვის მივბაძავდით ცხოვრებაში. მე მივუთითე ერთი ახალგაზრდა იურისტის შესახებ. მას საინტერესო კარიერა ჰქონდა და წარმატებული პიროვნება იყო. უბრალოდ, მომწონდა მისი მიზანმიმართულობა, მაგრამ, როგორც იდეალი, არასოდეს არავინ მყოლია.

ყოფილი სტუდენტებიდან ბევრთან მეგობრობს, მაგრამ აუდიტორიაში შესვლისას მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებს: მსმენელს გადასცეს მაქსიმალური ცოდნა და გამოცდილება. თემის გარეთ არასდროს ლაპარაკობს, საუბრის 90 პროცენტი საგანზე მსჯელობას ეთმობა.

ახალგაზრდობის გამო სტუდენტებს ზოგჯერ თანაკურსელიც ჰგონიათ. თუმცა, ნიშანს რაც შეეხება, არც არავის უკლებს და არც უმატებს.

- ყველა იღებს იმას, რაც ეკუთვნის. არც მეტი და არც ნაკლები, - ამბობს.

სამომავლოდ, გეგმაში სადოქტორო დისერტაციის დაცვა შედის. ყურადღებაც ამ საკითხისკენაა მიმართული და ყველა სხვა საქმე, მათ შორის - დაოჯახებაც, ჯერჯერობით, გვერდზე აქვს გადადებული.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1532
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია