საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ჩემო „მაგნოლია“...
2010/03/15 13:14:03

„მასწავლებელი დღეს - ფიქრით დაღლილი, ყოველდღიურ წვრილმანზე გადაგებული, ატესტაციის მოლოდინში... ან, სადამდე შეიძლება ვაბაროთ გამოცდები?.. მინდა ვუყურებდე გალაღებულ მასწავლებელს, რომელიც ამაღლებულია წვრილმანებზე, მთლიანად იხარჯება მოსწავლეებისთვის და მთელი თავისი შესაძლებლობების კომპენსირებას ახდენს სკოლაში“, - ასეთად სურს ხედავდეს თავის კოლეგებს #3 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გულო ქსანდოპულო.  

ქალაქის საზოგადოება მას კარგად იცნობს, როგორც გამორჩეულ პედაგოგს, ხოლო ვისაც მისი სიმღერისთვის მოუსმენია, ალბათ, აუცილებლად ჰკითხავდა განცვიფრებით: თქვენ არაჩვეულებრივად მღერით, რატომ არ გახდით მომღერალი, ქალბატონო გულო?!

როდესაც საგაზეთო ინტერვიუ ვთხოვეთ, დაიბნა: აბა, რითა ვარ საინტერესო, რომ საკუთარ თავზე ვილაპარაკოო.

 

- და მაინც, როგორია ქალბატონი გულო?

- ალბათ, ბევრი არაფრით გამორჩეული სხვისგან: შვილი, მეუღლე, დედა, მასწავლებელი, მოქალაქე, რომელსაც უყვარს, სტკივა, უხარია... ოცნებით გადავდივარ შორეულ ბავშვობაში... ქალაქი ტყიბული, ყაზბეგის ქუჩა ?31 (უკვე სიზმრადქცეული მშობლიური სახლი). ჩემს მეხსიერებას ღრმად შემორჩა, ჯერ კიდევ დაუმთავრებელ სახლში როგორ ელავდა შავი პიანინო, იგი თავისკენ მიზიდავდა, ჩემთვის უცნობ სამყაროში, იმ სამყაროში, რომელიც მერე ჩემი არსებობის ნაწილი გახდა.

შემდეგ ტყიბულის ?2 საჯარო სკოლა, ბრწყინვალე პედაგოგები, პარალელურად - სამუსიკო სასწავლებელი, კონცერტები... შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ 70-იანი წლების ტყიბულში ჩქეფდა მუსიკალური ცხოვრება. მე ძალიან ბევრს ვუმადლი ჩემს მშობლიურ ქალაქს.

- პროფესიის არჩევა რამ განაპირობა?

- ლიტერატურის სიყვარულმა. ჩემი პირველი მასწავლებელი დედაჩემი იყო, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე საოცრად უყვარდა მხატვრული ლიტერატურა.

- რამდენიმე წუთით ხომ ვერ დაბრუნდებოდით სტუდენტობის პერიოდში?

- 1975 წელს ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, პარალელურად ვსწავლობდი ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე მუსიკათმცოდნეობისა და ვოკალის განხრით. ორივე წარმატებით დავამთავრე.

ყოველი ადამიანის ცხოვრებაში სტუდენტობა განუმეორებელი ხანაა. ბედნიერ ადამიანად ვთვლი თავს, რომ ვისმენდი რისმაგ გორდეზიანის, მზექალა შანიძის, გრივერ ფარულავას, რევაზ სირაძის, ალექსანდრე ბარამიძის, თამაზ კვაჭანტირაძის, ლევან მენაბდისა და სხვა, შესანიშნავ პიროვნებათა ლექციებს. სიმღერას კი მასწავლიდნენ: ზურაბ ანჯაფარიძე, თენგიზ ზაალიშვილი, თენგიზ ჩოჩუა, ოთარ ჩიჯავაძე...

ვცხოვრობდით სისხლსავსე ცხოვრებით, ყველაფერს ვასწრებდით, საქართველოს ყველა კუთხე ფეხით მოვიარეთ, არ ვტოვებდით არც ერთ სპექტაკლს.

სტუდენტურ ცხოვრებას გვილამაზებდა სტუდენტური დღეები. ამ დროს შეიქმნა ჩვენი კვარტეტიც - მარიკა ჩიქოვანის, ნატა გუნციკიძის, ნატა შარვაძისა და თქვენი მონა-მორჩილის მონაწილეობით. ვმღეროდით დები იშხნელების რეპერტუარს. საკმაოდ პოპულარული კვარტეტი ვიყავით იმ დროს.

დღეს, როცა ჩვენს ქალაქში დაიდგა დები იშხნელების ძეგლი, დიდი სურვილი მაქვს, ერთი ლამაზი საღამო მოვაწყოთ ქუთაისში, აღვადგინოთ ჩვენი რეპერტუარი. ვნახოთ, მომავლისთვის...

- წარსულიდან ყველაზე დიდი კვალი რამ დატოვა თქვენს მეხსიერებაში?

- ჩემი თაობის ცხოვრებაში არის ერთი დღე, როცა „ერთ ჟამში შემკვრივდა საუკუნე“. ეს 1978 წლის 14 აპრილია. ერმა გამოხატა თავისი უზენაესი სურვილი - ილაპარაკოს ქართულად! ჩვენც იქ ვიყავით: ნათელა ჩიტაური, ნაირა ცხვედიანი, დალი ჯონჯუა, ზვიად ნოდია, ვასიკო მაღლაფერიძე, ნოდარ გრიგალაშვილი, კარლო ბარდაველიძე, ზურა გოშაძე, რეზო აბაშია, ბაბუა ალუდაური და მრავალნი.

ახალგაზრდობამ იგრძნო, რომ კონსტიტუციის 75-ე მუხლის ფორმულირების მიღმა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ მოიაზრებოდა.

როცა რადიოფიცირებულ რუსთაველზე გაისმა ხმა, რომ საქართველოს სახელმწიფო ენა ქართული ენაა... ძნელია, სიტყვებით გადმოსცე, რა ხდებოდა მაშინ იქ. უეცრად თვალი მოვკარი ჩვენს ლექტორს - ბატონ თეიმურაზ მაღლაფერიძეს (დაადგეს ნათელი!), რომელიც ჩამუხლული-ყო, კაცურად ტიროდა და საოცრად უცახცახებდა მხრები (ეს დეტალი მთელი სიცხადით მახსოვს).

მერე ყველაფერი დაგვირგვინდა „ნატახტარში“ სუფრით, სიმღერა „მაგნოლიით“, ცრემლით, აღმაფრენით, თბილისამდე ფეხით ჩამოსვლით...

ყოველ 14 აპრილს ვარ ძალიან ამაყი და მინდა ყველა მოსწავლემდე მივიტანო იმ დღის განცდა და მადლი.

ჩემი თაობისათვის მარადიული ტკივილია შესანიშნავი ახალგაზრდა პოეტი, დრამატურგი, მთარგმნელი, კრიტიკოსი თამაზ ბაძაღუა, რომელიც ოჯახის წევრებთან ერთად დაიღუპა ავტოკატასტროფაში. „მე ფრინველი ვარ, საკუთარ ფრთას ჩამორჩენილი,“ - ასე წინასწარმეტყველურად წერდა თამაზი და დღესაც კი არ შემიძლია, ცრემლის გარეშე გავიხსენო ჩვენი თაობის ეს უნიჭიერესი წარმომადგენელი.

- სწავლის დამთავრების შემდეგ როგორ განვითარდა თქვენი ცხოვრება?

- ვცხოვრობდი და ვმუშაობდი უკრაინაში, ქალაქ ზაპოროჟიეში, ?2 საშუალო სკოლაში მუსიკის მასწავლებლად. სკოლაში ჩამოვაყალიბე გოგონათა კვარტეტი (ჩემი კვარტეტის ნოსტალგიით), მოვამზადე უკრაინულ-ქართული რეპერტუარი და, ჩემდა გასაოცრად, საოლქო კონკურსში, სადაც 2000-მდე სკოლა მონაწილეობდა, გავიმარჯვეთ. ასე აღმოვჩნდით დიდ სცენაზე უკრაინული სიმღერით და ქართული „სულიკოთი“.

1989 წლიდან ვცხოვრობ ქუთაისში, ვმუშაობდი 37-ე საშუალო სკოლაში, ჩემთვის მეტად ძვირფას ადამიანებთან ერთად. პარალელურად, თსსუ სამედიცინო კოლეჯში 10 წლის განმავლობაში ვკითხულობდი ლექციებს. 2001 წლიდან ვარ ?3 საჯარო სკოლაში, უდიდესი ტრადიციების მქონე სასწავლებელში, სადაც ძალიან უფრთხილდებიან ადამიანურ ურთიერთობებს, ხელმძღვანელიდან დაწყებული კარისკაცამდე (ამის არდანახვა არ შემიძლია).

- ალბათ, ამ ხნის მანძილზე იქნებოდა ბევრი შემოქმედებითი საღამოც...

- აგერ უკვე ხუთი წელია, საქართველოს ამაგდარ პედაგოგთა ასოციაციასთან (ხელმძღვანელი მაია მურუსიძე) ერთად აღვნიშნავთ შემოქმედი პედაგოგები „მასწავლებლის დღეს“, პროფესიულ ზეიმს ვულამაზებთ ხოლმე ერთმანეთს...

- მოსწავლეებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- ბავშვებთან ურთიერთობა არ მიძნელდება. არსებობს ამის „არახალი რეცეპტი“, რომელსაც ყავლი არ გაუვა. ესაა სიყვარული, სიყვარული და კიდევ სიყვარული. თუ მოზარდი იგრძნობს ამას, ყველა ომი მოგებული გაქვს. შემდეგ უკვე ყველაფერი მასწავლებლის ალღოსა და პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული.

- საერთოდ, რას ფიქრობთ თანამედროვე ახალგაზრდებზე?

- თანამედროვე ახალგაზრდებში ძალიან მოძალებულია სისასტიკე, უხეშობა, უხამსობა - ეს ძალიან მაწუხებს, მტკივა. ერთადერთი ბერკეტი ბავშვის ზნეობრივი სამყაროს  მართვისა, ოჯახის მერე, არის სკოლა (დამთავრდა ის დრო, როცა ქუჩა იყო აკადემია). უგემოვნო სატელევიზიო შოუებმა, უაზრო სერიალებმა წალეკა ახალგაზრდების გემოვნება, მორალი, ფსიქიკა.

- გამოსავალი?

- ეკლესია ყოველთვის იყო სულიერი გადარჩენის ციტადელი. განათლება - ესაა სულიერი სინათლით გაჯერებული ცოდნა, დღევანდელმა სკოლამ სწორედ ამ  დონის განათლება უნდა უზრუნველყოს.

სანამ აღზრდაში უპირველესი ფაქტორი არ გახდება სულიერება და მასთან დაკავშირებული ცოდნა, ამ პრობლემას არ ეშველება!

რაც უფრო ადრინდელი ასაკიდან დავიწყებთ ბავშვებში სულიერების აღზრდას, მით უფრო საუკეთესო შედეგი გვექნება.

- სკოლის მიღმა როგორია გულო მასწავლებელი?

- ეს, ალბათ, ჩემს სამეგობროს უნდა ჰკითხოთ. ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ჩემი სიმღერით შემიძლია სულ მცირე სიამოვნება მაინც მივანიჭო ჩემს ახლობლებს, ნათესავებს, ოჯახის წევრებს.

სიმღერა ჩემთვის უფრო მეტად ტკივილია, ვიდრე სიხარული... ჩემმა უახლოესმა მეგობარმა, რომელსაც მეუღლე გარდაეცვალა, მთხოვა, მემღერა მისი დაკრძალვის დღეს და ისე გაგვეცილებინა „მაგნოლიით“. მერე ეს სიმღერა ორი წელი ვეღარ ვიმღერე... დედამ დამიბარა, სიმღერით გაგვეცილებინა ბოლო გზაზე. რა თქმა უნდა, შევუსრულეთ... ამიტომ ვამბობ, სიმღერა უფრო მეტად ტკივილი და სევდაა, ვიდრე სიხარული.

- თქვენს ოჯახზე რას იტყვით?

- მყავს შესანიშნავი მეუღლე - ჯამბულ გვეტაძე. უფროსი ვაჟი - ირაკლი 27 წლისაა, ექიმი, ამჟამად მუშაობს და ცხოვრობს უკრაინაში, რძალი ლია ბირბიჩაძეა. ვართ შვილიშვილის მოლოდინში. უმცროსი შვილი, ლადო, 24 წლისაა, დაუოჯახებელი.

- რა არის ქალბატონი გულოს ყველაზე დიდი სატკივარი?

- მტკივა დღევანდელი საქართველოს სატკივარი, გულისგულში გაიარა ყველა ტრაგედიამ, რაც ქვეყანაში დატრიალდა. აბა, იქით გაიხედეთ... სამოწყალოდ გაშვერილი მარჯვენა, დახრილი თვალები, ღიმილდაკარგული ხალხი.

რამ დაუკარგა ხალხს ღიმილი? სულის სიცარიელემ, ხვალინდელი დღის შიშმა.

მინდა ვიხილო გალაღებული საქართველო, წელში გამართული, ამაყი ქართველები. ქალს ქალობა ეტყობოდეს, კაცს - თავაზიანობა და ჯენტლმენობა ამკობდეს, ზრდილი და განათლებული შვილები და შვილიშვილები გვინდა, მოყვასის სიყვარულით  გამთბარი გულები.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- მინდა მურმან ლებანიძის სტრიქონით გიპასუხოთ (იღიმება):

„შენ მეკითხები: რას ვაპირებ

აწი და აწი?

რას შეიძლება აპირებდეს

ჩემი ხნის ქალი?!

ვაპირებ იმას, რაშიც შაურს

არავინ გიხდის: 

კოხტად,

ლამაზად დაბერებას,        

ლამაზად - სიკვდილს.“

 

*** 

დაბერების რა მოგახსენოთ:

ქალბატონი, რომელიც ასეთი გასაოცარი ემოციით მღერის „მაგნოლიას“, ქალაქის საზოგადოებისთვის მუდამ ახალგაზრდა და მშვენიერია.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2765
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია