დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მადონა ბასილაძის „სავიზიტო ბარათი“
2010/03/15 13:11:14

უკვე რამდენიმე წელია, სხვების უფლებებს იცავს, თავის საქმეს ყოველთვის ძალიან კეთილსინდისიერად ეკიდება, თუმცა, რაც არ უნდა რთული სიტუაცია იყოს, რაც არ უნდა მძიმე საქმე ჰქონდეს განსახილველად, მისი „სავიზიტო ბარათი“ - ძალიან, ძალიან თბილი ღიმილი - ყოველთვის თან ახლავს.

 

სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის რეგიონული რწმუნებულის - მადონა ბასილაძის ქალურ ბუნებას ყოველდღიურმა მძიმე სამსახურმა და ციხის კარზე სიარულმა „მსახვრალი ხელი“ მაინც ვერ დაატყო.

„ვერ ვიტყვი, რომ უხეში სამსახური მაქვს, მართალია, სიმკაცრესთან ასოცირდება, რაღაც ჩარჩოებში უნდა ჩასვა და შემოქმედებითად ვერ მიუდგები, მაგრამ, რასაც ვაკეთებ, სიყვარულით ვაკეთებ, ეს ჩემთვის მხოლოდ თანამდებობრივი მოვალეობები არ არის, პიროვნულიცაა,“ - ამბობს მადონა.

მისი ხასიათი ძალიან მოერგო მის სამსახურს, სიმართლისათვის ბრძოლის სურვილი მხოლოდ სამსახურში არ უჩნდება - თითქმის მთელი ცხოვრება ამ განცდით ცხოვრობს. მისმა თანამდებობამ ხასიათში რაღაც ცვლილებები მაინც შეიტანა. მაგალითად, ამბობს, რომ წინააღმდეგობის გაწევის მძაფრი უნარი გამოუმუშავდა და მისი გადალახვის გზებიც ისწავლა.

მუდმივი სავიზიტო ბარათი - თბილი და ახლობელი ღიმილი კი თანდაყოლილია. უფრო სწორად, ოჯახიდან გამოჰყვა. „ძალიან დიდი ოჯახიდან ვარ, სადაც თაობები ვცხოვრობთ: ოთხი დედმამისშვილი ვართ, იმათი შვილები, დედა, მამა, სულ სითბო და სიყვარულია, სწორედ ეს არის ჩემი პიროვნების მთავარი მამოძრავებელი შტრიხი.“

მადონა თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში დაიბადა, იქვე სწავლობდა ბაღშიც და სკოლაშიც. მოსწავლეობისას აქტიური იყო. „მე დღემდე ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, რომელმაც ყველაფრის საფუძველი მომცა, დღესაც დიდი სიყვარულით და მოწიწებით ვხვდები ჩემს პედაგოგებს. ლამაზი ბავშვობა მქონდა, ყველაფერს ვასწრებდი,“ - იხსენებს მადონა.

ბავშვობისას მისაბაძი მაგალითი ჰყავდა - ძალიან ლამაზი დეიდა. მასავით იცვამდა, მასავით საუბრობდა, უნდოდა მას დამსგავსებოდა. სწავლა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო, იურიდიულ ფაკულტეტზე, მას შემდეგ საკუთარი თავი თვითონ იპოვა. სტუდენტობის პერიოდში იმაზე, აღარ ფიქრობდა, ვინმესთვის მიებაძა, დღეს მისი საუბრის, ჩაცმის, მუშაობის, ცხოვრების სტილი მხოლოდ საკუთარია, შეიძლება არაფრით გამორჩეული, მაგრამ არც არავისთან თანაზიარი.

ძალიან საქმიანი ქალბატონის მიღმა კი ძალიან რომანტიული ბუნების ადამიანი დგას. ამას სამუშაო ოთახშიც იგრძნობ: მისი ხელით ჩარგული ქოთნის ულამაზესი ყვავილები, არასდროს დაცარიელებული ლარნაკები სხვაგვარ გარემოს ქმნის. მართალია, ხანდახან ყვავილებისთვის წყლის დასხმა ავიწყდება, მაგრამ ისე ხშირად ესაუბრება და ეალერსება მათ, რომ უწყლობის არც არაფერი ეტყობათ. რომანტიულის გარდა, თავმდაბალი, დამთმობი და ძალიან მოსიყვარულეა.

„არცერთი დღე სიყვარულის გარეშე არ არსებობს, ცხოვრება ისედაც ძალიან რთულია და, თუ სიყვარულით არ იცხოვრე, მაშინ უფრო გართულდება ყველაფერი.“

სიყვარულის დეფიციტი არ აქვს, თავს მარტო არ გრძნობს, თუმცა, თვლის, რომ ცხოვრების მეგზური მაინც საჭიროა.

კი, ბატონო, მადონა ბასილაძე ისევ პრინცის მოლოდინშია. თუმცა, როგორც თავად ამბობს, თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს არ ელოდება: „მე არ ვეძებ პრინცს, მე ვეძებ რაშს, რომელსაც უნაგირი ჯერ არ დაუდგამს.“

ეს მისი ოჯახის წევრების, ახლობლების, მეგობრების საერთო საზრუნავია. თითქმის ყოველდღიური ჩიჩინისა და მოკითხვის დროს პირველი კითხვის თემაც ესაა: „მადონა, აღარ აპირებ ოჯახის შექმნას (არადა, სიტყვა „აღარ“ ამ შემთხვევაში ძალიან ზედმეტია)?

„ამ კითხვაზე პასუხი, ჯერჯერობით, არ მაქვს.“

იმიტომ არა, რომ ამისთვის ვერ იცლის. „ქალი პირადულისთვის ყოველთვის იცლის. რაც არ უნდა დაკავებული, რაც არ უნდა საქმიანი იყოს, გული თავისას შვრება.“

ისიც იცლის. ოღონდ ესაა, თამამმა და აქტიურმა ქალბატონმა რამდენიმე თაყვანისმცემელი დააბნია და დაფრთხა.

„მე კიდევ ასეთი მამაკაცები არ მიყვარს და არ მიზიდავს.“

პირად ცხოვრებას თავისი თანამდებობიდან არ უყურებს. „ამ თანამდებობაზე არ დავბადებულვარ და ხვალ, შეიძლება, აქ აღარ ვიყო, მე პიროვნება ვარ და პიროვნებად უნდა დავრჩე. პირადი ცხოვრება კი სამსახურს ხელს საერთოდ არ უშლის. თვითგამორკვევის პერიოდიც მქონია, იმედგაცრუების, დიდი სიყვარულის, მაგრამ სამსახურში ხელი არ შემშლია, ახლაც შეყვარებული ვარ, მაგრამ შენი ცხოვრება სხვას არ უნდა მოახვიო თავს.“

მშვენიერი სარძლოა, თუმცა, თვითონ ხუმრობს, რომ დამხვდურზე ბევრი იქნება დამოკიდებული. ძალიან ხელმარჯვეა, მართალია, ახლა ვერ იცლის და სამზარეულოს იშვიათად სტუმრობს, მაგრამ, თუ რამეში ხელი გაურია, უგემრიელესი გამოდის. ძალიან უყვარს სუფრების გაშლა და მორთვა, სადღესასწაულო სამზადისშიც ყოველთვის ერევა.

სამსახურის გამო მეგობრებთან ურთიერთობა ძალიან ენატრება. მის სამუშაო მაგიდასთან, ოჯახის წევრების ფოტოების გარდა, კიდევ ერთ ფოტოს უჭირავს საპატიო ადგილი. ამ ფოტოს, ხუმრობით, დარტანიანსა და სამ მუშკეტერს უწოდებენ. დარტანიანი - მადონაა, მუშკეტერები მისი მეგობრები: ლაშა გვენეტაძე, ამირან თევდორაძე და გიორგი გვარაკიძე. ესენი ის ადამიანები არიან მადონას სულ, სულ რომ ენატრება. „მათ უნდა კითხოთ, როგორი დარტანიანი ვარ, როცა ჩვენი მეგობრობა დაიწყო, ძალიან პატარები ვიყავით, დღეს ძალიან მიხარია, რომ ყველანი წარმატებულები ვართ.“

მადონას თავისი წარმატების ფორმულა აქვს, ყველა საქმეს კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით ეკიდება და კიდევ მთავარი - ძალიან თბილი ღიმილი, რომელიც თანდაყოლილია და ოჯახიდან მოჰყვება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2602
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია