საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„მსახიობი რობოტად არ უნდა გადაიქცეს“
2010/03/09 12:18:52

გიგა მიქაძე ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. ექვსი წლის ასაკიდან სცენაზე დგას.

- აქ არ დავბადებულვარ, თორემ ფეხი მართლაც სცენაზე ავიდგიო, - ამბობს ქუთაისელებისათვის კარგად ცნობილი მსახიობის, ნუკრი ჟორჟოლიანის ვაჟი.

 

პირველად ლილი იოსელიანის სპექტაკლ „ზვავში“ ითამაშა.

- ყოველთვის თეატრში ვიყავი, დედის გვერდით, - იხსენებს გიგა, - როცა როლისთვის პატარა ბავშვს ეძებდნენ, სპექტაკლში მე მიმაღებინეს მონაწილეობა. სხვათაშორის, მაშინ ერთი ასეთი სასაცილო რამ მოხდა: მსახიობმა ნატო ნოსელიძემ სცენაზე გასვლის წინ მითხრა, შენი გულისთვის ერთი ლამაზი, შავთვალება გოგოა მოსული, გიყურებს და გაკვირდებაო. ეს გულში ჩამრჩა და, რა თქმა უნდა, გავიპრანჭე. მახსოვს, მაშინ სცენაზე ნაბდით გამოვდიოდი, დარბაზს ვათვალიერებდი და იმ გოგოს ვეძებდი, რაზეც ძალიან ხალისობდა ყველა. შემდეგ იყო „მე, ბებია, ილიკო და ილარიონში“ - ზურიკელას ბავშვობა, ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი როლი.

- შესრულებული როლებიდან რომელს გამოარჩევდით?

- ყველა ნათამაშევი როლი ჩემია. იმ წუთში იმ გმირით ვცხოვრობ. არასდროს მქონია ოცნება, რომელიმე გმირი მეთამაშა. ყველა როლი, რომელსაც შემომთავაზებენ, ძალიან მიყვარს. ბევრ სპექტაკლში მითამაშია, მათ შორის: „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ - სერგო; „ამიკო“ - ავთანდილი; „მარიამ სტიუარტი“ - შოტლანდიის მეფე ჰენრი დანლეი; „გუშინდელნი“ - ადიკო;            „დიდრო“ - ნოდარ დუმბაძე; „ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი“ - თოვლის ბაბუა... და სხვა.

როცა სცენაზე დედასთან ერთად დგას, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობს. იმიტომ, რომ დედა მისი თამაშის ყველაზე კრიტიკული, მკაცრი და ობიექტური მსაჯულია:

- დედაჩემის შეფასების ყოველთვის მეშინია. მან კარგად იცის ჩემი შესაძლებლობები, ეს როლი რა ხასიათში შეიძლება გაკეთდეს და მე როგორ შევძელი ამ ხასიათში როლის მორგება.

თუმცა, მსახიობი რომ გამხდარიყო, ამას სწორედ დედამ გაუწია ყველაზე მეტი წინააღმდეგობა. მიზეზი ბევრი იყო, ერთ-ერთი კი - ფინანსური პრობლემები, რაც მსახიობების ცხოვრებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა...

- სკოლის პერიოდში ფიზიკა-მათემატიკაში მოსამზადებლად პედაგოგთან დავდიოდი. ეს საგნები ნაკლებად მაინტერესებდა. მხოლოდ იმიტომ არ ვტოვებდი მეცადინეობას, რომ იქ ერთი ლამაზი გოგო მომწონდა... გარკვეული დროის შემდეგ მშობლებიც მიხვდნენ, რომ მე მხოლოდ მსახიობი უნდა გავმხდარიყავი და ხელიც შემიწყვეს.

რომ არა მსახიობი, ალბათ, მომღერალი გახდებოდა და სცენაზე მაინც დადგებოდა. წლების წინ ესტრადაზეც მოსინჯა ბედი და - საკმაოდ წარმატებულად. გიგას მიერ შესრულებული სიმღერები მესხიშვილელთა სპექტაკლებშიც აჟღერებულა.

ამბობს, რომ შემოქმედის ცხოვრება რთული, მაგრამ ძალიან საინტერესოა. მისაბაძი მსახიობები არა, მაგრამ, აი, საყვარელი სცენური პარტნიორები კი  მრავლად ჰყავს: ევა ხუტუნაშვილი, ანზორ ხერხაძე, ლელა ლომთაძე, ნინო ჭოლაძე, სპარტაკ ბენიძე, აბელ სოსელია... ასეთები ძალიან ბევრია, მეშინია, არ გამომრჩესო, - ამბობს მსახიობი, - ერთმანეთს ყოველთვის ვამხნევებთ და გვერდით ვუდგავართ.

მიხარია, რომ ასეთი კარგი თაობა მოდის. ყველა თეატრში ასე როდი ხდება. ჩვენ, ფაქტობრივად, ერთად ვცხოვრობთ, ერთმანეთის მეგობრები ვართ.

გიგა მიქაძე ახალგაზრდობის წლებში რომანტიულ გმირებს თამაშობდა. ახლა შუახნის ასაკის ბიძებს ასახიერებს.

ღიმილით ამბობს, რომ მოხუცების როლებსაც კი ვირგებ და ვასრულებ, ნელ-ნელა ამასაც ვეგუებიო.

რეჟისორებთან მუშაობა არ უჭირს. „ყველას თავისი სტილი აქვს, რაც გამოცდილებისთვის ძალიან კარგია. ყოველთვის ვენდობი და ვითვალისწინებ მათ სურვილს,“ - გვეუბნება გიგა. მისი თქმით, ზოგიერთ რეჟისორთან რთულია მუშაობა, ზოგიერთისა კი უსიტყვოდაც ესმის. მართალია, საბოლოოდ რეჟისორის აზრს ითვალისწინებს, მაგრამ თავის ჩანაფიქრს მაინც ავითარებს, საკუთარ ფანტაზიას აცოცხლებს და ფერებს მატებს როლს. ამბობს, რომ, მართალია, მსახიობი რეჟისორის დავალებას უნდა ასრულებდეს, მაგრამ რობოტად არ უნდა გადაიქცეს. ჯერჯერობით ახალ როლზე არ მუშაობს, მხოლოდ სკოლის ბავშვებთან ახორციელებს სხვადასხვა პროექტს:

- სმენადაქვეითებულ ბავშვთა 45-ე სკოლაში ჩემი სცენარით დავდგით მიმოდრამის ჟანრში სპექტაკლი „ევოლუცია“. მან ახლახან ჩატარებულ სასკოლო თეატრალურ ფესტივალზე პირველი ადგილი აიღო.

ახლაც მუშაობს მორიგ პროექტზე - ისევ ბავშვებთან, იმავე სკოლაში.

ყოველთვის ახლის ძიებაშია. მისი თქმით, როცა ახლის კეთების სურვილი და ამბიცია გაქვს, უნდა მოსინჯო კიდეც საკუთარი ძალები.

ქორეოგრაფიით გატაცება კი ბავშვობის ასაკიდან დაეწყო. ამბობს, გენებმა ითამაშა დიდი როლიო - იმიტომ, რომ მამა, გულო მიქაძე, ცნობილი ქორეოგრაფია. თუმცა თავად მსახიობს აქაც წინააღმდეგობა ჰქონდა მშობლის მხრიდან: არც მამას უნდოდა, ბიჭს ცეკვის სიყვარული პროფესიად გადაქცეოდა.

მართალია, მსახიობს სცენაზე არასდროს უცეკვია, მაგრამ ბექა ყურაშვილის თოჯინურ სპექტაკლში „ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ“ - პლასტიკა და ქორეოგრაფია თავად მას, გიგა მიქაძეს ეკუთვნოდა. მას შემდეგ ამ საქმისთვის თავი აღარ მიუნებებია, მეტიც, განავითარა კიდეც.

- ზუსტად შემიძლია, პლასტიკური და ქორეოგრაფიული ენით გადმოვცე სათქმელი. ვიცი, რა უნდა გავაკეთო და, ალბათ, გამომდის კიდეც; სცენა ჩემი ცხოვრების ნაწილია, - ამბობს მსახიობი.

ოჯახის წევრები ყოველთვის გულშემატკივრობენ, მის სპექტაკლს არასოდეს აკლდებიან.

თავად გიგა?

დილით ადრე დგება, ბავშვებს სკოლაში წასასვლელად ამზადებს. შემდეგ ყავას სვამს, სიგარეტს გააბოლებს, დღის განრიგს შეადგენს და თეატრში მიდის - იქ, სადაც ცხოვრების დიდი ნაწილი აქვს გატარებული.

თუ თეატრში საქმე არა აქვს, სხვადასხვა პროექტზე იწყებს მუშაობას. შემდეგ კი ხან მეგობრებთანაა, ხან ისევ თეატრში, საღამოს ოჯახში ბრუნდება, - ეს გიგა მიქაძის ერთი ჩვეულებრივი დღეა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1772
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია