დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კუსა ნოდია - ქალი, რომელსაც არასდროს სცალია
2010/03/01 14:06:40

ქუთაისის დედათა და ბავშვთა სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის ნეოტოლოგიური განყოფილების გამგის, კუსა (ვერიკო) ნოდიას ოთახის კარი რომ შევაღე, სამუშაო კაბინეტთან ერთად, იქ მთელი მისი სამყარო დამხვდა. პროფესია, უკვე დიდი ხანია, ცხოვრების „არანორმალურ წესად“ ექცა, - გაუთავებელი ღამის თევები სამსახურში და მუდმივად ჩართული მობილური, რომელიც დღე-ღამის ნებისმიერ დროს რეკავს. დისშვილის სურათებით გადაფარული მარტოობის გრძნობა, ხატების კუთხე და ყოველდღიური ბრძოლა სიკვდილთან, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ შეეგუა - ვერც შეეგუება. უკვე ზუსტად იცის, რომ ყველაფერი უფლის ნებით და მისი ჩარევით ხდება, სხვანაირად არაფერი გამოუვა. რწმენაში მყოფს კი ყველაფერი უფრო უადვილდება.

პროფესიის არჩევაზე ბევრი არ უფიქრია, ბავშვობიდან ზუსტად იცოდა, რომ ექიმობა მისი მოწოდება იყო. მეოთხე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა ლენინგრადის (ახლანდელი პეტერბურგის) პედიატრიის სამედიცინო ინსტიტუტში დაიწყო. იმ დროისთვის საბჭოთა კავშირის ერთადერთ პედიატრიის ინსტიტუტში მოხვედრა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, თუმცა, ადვილად მოახერხა. დამთავრებით კი, თბილისის სამედიცინო სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ერთი დღე არ გასულა ისე, რომ არ ემუშავა.

მასწავლებლები ბევრი ჰყავდა - კარგი ადამიანები, სპეციალისტები, ექიმები, რომლებისგანაც დიდი გამოცდილება შეიძინა. ახლა იმ ადამიანებთან ერთად მუშაობს და თვითონაც ასწავლის ახალ თაობას.

პირველი სამუშაო გამოცდილება, სასწრაფო გამოძახების ცენტრით დაიწყო. ზუსტად ახსოვს ის განცდა, 23 წლის ასაკში რომ გამოიძახეს პირველად. ისიც ახსოვს, იმ დღეს როგორი ამინდი იყო... მერე: უბნის პედიატრად, სკოლაში, ბოლოს კი რეანიმაციაში მორიგეობაზე გადავიდა. 1986 წლიდან დღემდე ნეოტოლოგიური განყოფილების გამგეა და დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ახალშობილთა პათოლოგიებზე მუშაობს თვემდე ასაკის ბავშვებთან. სამუშაო საკმაოდ რთულია.

„როგორ შეიძლება, ამათთან ყოფნა არ გსიამოვნებდეს? თუმცა, ძალიან რთულია. დილით რომ მოვდივარ სამსახურში, თვალებში ვუყურებ დედებს, როგორ ხასიათზეა? თუ კარგადაა, ესე იგი ბავშვიც უკეთაა და მეც კარგ განწყობაზე ვარ. ძალიან რთული განყოფილებაა, ჩვენთან დღენაკლული ბავშვები მოდიან, ყველას თავისი გართულებები აქვს, თვეობით წვანან ჩვენს განყოფილებაში. ვემსახურებით, ვუვლით, ვზრდით... ძალიან მძიმე განცდები გვაქვს, როცა ნორჩი პაციენტი იღუპება - რთულია, ამასთან შეჩვევა არ შეიძლება. ვერც ვეჩვევი, იმიტომ, რომ სიკვდილთან, მითუმეტეს - პატარას სიკვდილთან შეჩვევა - ძალიან ძნელია“.

დიდი ხანია მიხვდა, რომ  სიცოცხლის გადარჩენაში რაღაც უფრო დიდი მონაწილეობს, ვიდრე ექიმის ხელია.

„ექიმობა ძალინ რთულია, უძილო ღამეები, განცდები - ფაქტობრივად, ჩვენს ჯანმრთელობას და ახალგაზრდობას ვტოვებთ საავადმყოფოში, მაგრამ თან ძალიან სასიხარულოა სიცოცხლეს რომ გადაარჩენ. თუმცაღა, მარტო ჩვენ ვერაფერს ვიზამთ, თუ უფალს არ უნდა... მისი ნებაა, გადარჩება თუ არა - ჩვენ, ექიმები, უბრალოდ, ვეხმარებით“.

მისთვის პროფესია მთელი ცხოვრებაა, ყოველი დღე, ყოველი წუთი ამით ცხოვრობს და თვლის, რომ ბედნიერებაც ეს არის - საყვარელი საქმით განიცდიდე რეალიზებას. მთელ დროსაც სამსახურში ატარებს.

„ჩემი ოჯახი არა მაქვს, რომ მქონდეს, ალბათ, ასეთი დატვირთვით ვერ ვიქნებოდი სამსახურში. დისშვილი მყავს, დის შვილიშვილები, ახლობლები, მეგობრები - ძალიან კარგი და ბევრი, რომლებსაც არც მე ვაკლებ ყურადღებას და არც ისინი მაკლებენ, ასე რომ, მარტოობას ვერასრდოს ვგრძნობ“.

უყვარს თეატრი, ზოგადად - ხელოვნება. გამოფენებს ხშირად სტუმრობს და ქალაქის ღირსშესანიშნავ ცხოვრებასაც არასდროს აკლდება. იცის, რომ მსახიობებსაც ისევე სჭირდებათ გვერდით დგომა და შეფასება, როგორც ექიმებს - პაციენტებისა. ექიმი რომ არა, აუცილებლად მსახიობი გამოვიდოდა, სხვა პროფესიაზე კი არასდროს უფიქრია. ძალიან უყვარს სოფიკო ჭიაურელის როლები. არ იცის, როგორ გამოუვიდოდა, თუმცა სიამოვნებით განასახიერებდა მის სახასიათო როლებს. საყვარელ მსახიობს პირადადაც იცნობდა, - მისი სიკვდილიც ძალიან განიცადა.

რამდენიმე თვის წინ „ჩოხოსნებში“ გაწევრიანდა.

„ქართული, ეროვნული სული ტრიალებს და იქნებ ამით ჩვენი ტრადიციები, ჩვენი წარსული და მომავალი უფრო დავაფასოთ. ძალიან მიხარია, რომ იქ ბევრი პატარა ბავშვია, ეროვნულ მუხტსაც სხვანაირად განიცდიან. ასეც უნდა იყოს, იმიტომ, რომ ბავშვები როგორ ტრადიციებზეც აღიზრდებიან, იმ ტრადიციების გამგრძელებლები იქნებიან. საუბედუროდ, ჩვენ გვაკლია ეს სულიერება“.

უხარია, რომ ბოლო პერიოდში შობადობამ იმატა, თუმცა, მასთან ერთად, სამწუხაროდ, - სიკვდილიანობამაც.

„ამ ბოლო დროს მესამე ბავშვს აჩენენ და, სხვათაშორის, ეს ჩვენი პატრიარქის დამსახურებაა, მან იმხელა სტიმული მისცა მშობლებს. მე ვიცი, ძალიან ბევრმა გააჩინა მესამე შვილი მარტო იმიტომ, რომ პატრიარქი მოუნათლავდა. შობადობამ იმატა, მაგრამ თან სიკვდილიანობამაც, - ძალიან მძიმე კონტინგენტი მოდის“.

შინაგანად თბილი, მოსიყვარულე და ძალიან ხალისიანია. საკუთარი ხასიათიც ბევრ რამეში ეხმარება.

„თუ რამეს ვაკეთებ - ყოველთვის გულით, ხალისიანი ვარ ბუნებით, ოპტიმისტი და ეს ბევრ რამეში მეხმარება, ძალიან ხშირად მშველის ჩემი ხასიათი. დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა გამაჩნია და სამართლიანი ვარ, ჩემის აზრით. მიყვარს ჩემი ერი, ხალხი, თუმცა, არც სხვას ვაკლებ ყურადღებას“.

ყველაზე დიდი ხელისშემშლელი ფაქტორი მისთვის ყოველთვის დროა. სწორედ, მოუცლელობის გამო დაანება თავი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციების კითხვას. ვერც დისერტაციაზე მუშაობა მიიყვანა ბოლომდე...

„ალბათ, ასეც იყო საჭირო. მე უფრო პრაქტიკოსი ექიმი ვარ. ისე, კვალიფიკაციას სულ ვიმაღლებ ლიტერატურით, გამოწერილი მაქვს ჟურნალები, ინტერნეტით ვეცნობი სიახლეებს“.

მოუცლელობის გამოა, რომ ოთახის მცენარეებით მხოლოდ კაბინეტი აქვს სავსე. სახლში ვერ აჩერებს, რადგან მათაც ბავშვებივით სჭირდებათ მოვლა და ამისთვის ვერასდროს იცლის.

როცა ძალიან გადაღლილია და თავისუფალი დრო გამოუჩნდება, რამდენიმე დღით ისვენებს და საზღვარგარეთ დადის. ბოლოს, რამდენიმე დღის წინ, ბაკურიანში იყო, შემოდგომაზე - გერმანიაში და საფრანგეთში, მოსკოვშიც ხშირად დადის, თურქეთში, დუბაიში...

„როცა მაქვს დრო, მირჩევნია, სადმე წავიდე და განვიტვირთო. საერთოდ, ადამიანმა ისე უნდა გაანაწილო შენი დრო, რომ ყველაფრისთვის დაგრჩეს. ყურადღება ყველას უნდა: მეგობრებს, ახლობლებს, პაციენტებს, - როგორც მიაჩვევ ხალხს, ისე უნდათ, ვერავის დააკლებ ყურადღებას. ამიტომ, ყოველი დღე და წუთი უნდა გაანაწილო“.

ჰყავს სეხნია დის შვილიშვილი, 9 წლის ვერიკო, რომელიც ძალიან უყვარს. ცოტა ხნის წინ პატარამაც გამოთქვა სურვილი, ექიმი გამხდარიყო. ქალბატონი კუსა ამბობს, რომ ვერ ურჩევს; თუ ეს პროფესია მისი მოწოდება იქნება, რა თქმა უნდა, არ დაუშლის, თუმცა, იცის, რომ ძალიან ძნელი იქნება...

„სამომავლოდ, ჩემი სურვილია, რაც შეიძლება კარგად ვუმკურნალო ჩემს პაციენტებს და მეც შევინარჩუნო ჩემი ჯანმრთელობა. პატარებსაც არაფერი დავაკლო, რომ ჩემი თავის წინაშე ვიყო მართალი. ყველაზე დიდი ბედნიერებაა, საღამოს რომ დაწვები და დაფიქრდები: ვის რა გაუკეთე, ხომ არაფერი დააკელი? როდესაც შენი თავის წინაშე ხარ მართალი, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი არაა“.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2286
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია