საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გაკვეთილი ორბავშვიანი კლასისთვის
2010/03/01 14:05:34

„2009 -2010 სასწავლო წლისთვის ბაღდათის რაიონის სოფელ ზეგანის XI კლასში სიით ორი მოსწავლე ირიცხება. ერთი გოგონა და ერთი ვაჟი, ორივე ფიზიკურად და გონებრივად განვითარებული და ჯანმრთელია, საპროგრამო მასალას ფლობენ 8-9 ქულებზე“ - ეს ორბავშვიანი კლასის დამრიგებლის პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური დახასიათებაა. თამარ ხოჭოლავა ფრანგულისა და რუსულის პედაგოგია. ბაღდათიდან ზეგანში ყოველდღე მიდის და იქ სულ სხვა „სული და სუნთქვა“ მიაქვს. მერე რა, რომ სკოლაში სულ რამდენიმე ათეული ბავშვია, მერე რა, რომ ორბავშვიანი კლასის დამრიგებელია.

ერთი შეხედვითაც კი უცნაური ქალბატონია, განსაკუთრებული ცხოვრების წესითა და „სხვანაირი“ აზროვნებით. ყოველდღე იწერება მისი „დღის სამოქმედო გეგმა“ და მერე იმ გეგმის მიხედვით ანაწილებს ყველა წუთს, დროის ყველა მონაკვეთს.

თამარის აქტიურობით ცოცხლობს სოფლის სკოლა, პოეზიის საღამოები, პოეტებთან შეხვედრები, სპექტაკლები, ათასი უკვე განხორციელებული და განსახორციელებელი იდეა.

ბავშვებიც ცდილობენ, მიბაძონ მას.

„მე ძალიან ახლოს ვდგავარ მოსწავლეებთან, შეიძლება ითქვას, მათი მესაიდუმლეც ვარ, თავის მხრივ ისინიც ძალიან გახსნილები არიან ჩემთან. კარგად მახსოვს, როცა პირველად შევედი ჩემს სადამრიგებლო კლასში, პირველი გამოთქმა, რაც მეხუთეკლასელებს ჩავანიშნინე, იყო: „წესრიგი აიოლებს ცხოვრებას.“

ამიტომაც მისი საკლასო ოთახი გამორჩეულია ყოველთვის.

„სადაც ვარ, იქ სხვა გარემო უნდა იყოს. ბევრი რამ საკუთარი ხარჯებითაც გამიკეთებია, ბავშვებიც და მშობლებიც მეხმარებიან. სადაც მე ვატარებ გაკვეთილს, იქ სხვა სიტუაცია უნდა იყოს.“

დღე-ღამეში მხოლოდ ხუთი საათი სძინავს, ბაღდათიდან სკოლის ეზოსთვის მიაქვს ყვავილები და რგავს. თითქმის ყოველთვის  იპარავენ, მაგრამ ქალბატონ თამარს მაინც არ ეზარება სოფელში უცხო ყვავილის ნერგებთან ერთად სხვა ჩვევებისა და სულის ატანა.

„იქ სხვა მენტალიტეტია, მე სხვა შემაქვს. ვხვდები, როგორ მბაძავენ ბავშვები, როგორ ვუყვარვარ მათ. რადგან მართლა სულითა და გულით მინდა, რაც იმ სოფლის გარეთ ხდება, მათ იცოდნენ. მათთანაც ტარდებოდეს ისეთი ღონისძიება, რომ მოდიოდნენ სტუმრები, და მერე ეს სტუმრები ამ ღონისძიებაზე დიდხანს საუბრობდნენ. ბავშვებისთვის მე არა ვარ მასწავლებელი, მეც მათი თანატოლი ვარ.“

არ უფიქრია, რომ სოფლის სკოლა დაეტოვებინა. ორიოდე მოსწავლისთვის ფრანგული ენის სირთულეებს ხსნის მთელი ცხოვრება და თან, პარალელურად, შემოქმედ ადამიანებთან ეძიებს და ჰპოვებს ნავსაყუდელს. შოთა ნიშნიანიძისა და ანა კალანდაძის მიერ მოწერილი ბარათები მის არქივში სათუთად ინახება. მათი ოჯახის წევრებთან ახლაც ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.

„არ შემიძლია, თუ ასეთ ადამიანებს არ ვეკონტაქტე. მათ უკეთესად ესმით ჩემი. ისინი ისეთს აღმიქვამენ, როგორიც ვარ, სხვებს იმდენად არ ესმით, შეიძლება იფიქრონ, პათოლოგიაო.“

„თამრიკო მასწავლებელი იოგაა. ამიტომაც განსაკუთრებული ცხოვრების წესით ცხოვრობს, 50 წელს უკვე გადააბიჯა და მაინც საოცარ მოძრაობებს ასრულებს:

„იოგას დამსახურებაა, რომ მე ამდენი შემიძლია, იოგას დამსახურებაა, რომ მე დღეს შვილი მყავს. იოგამ მასწავლა სწორი ცხოვრება, სწორი კვება. მახსოვს, სტუდენტობის დროს, უკვე დავრბოდი, ვვარჯიშობდი, ჭაღარა შევნიშნე თმებში, ამოვაძვრე და ვნახე, თმის ძირი შავი იყო. მაშინ მივხვდი, რომ ადამიანს მუდმივად შეუძლია განახლება.“

ორი წლის წინ დიდი ტკივილი შეხვდა: 90 წლის ასაკში დედა გარდაეცვალა. „ეს ყველაზე დიდი დარტყმა იყო, მეგონა, დედაჩემი სულ იქნებოდა, სულ დამიფარავდა.“ დედის დაკრძალვიდან მალე ყაჩაღები დაესხნენ თავს და ესროლეს. ფეხში დაიჭრა.

ექიმები ამბობდნენ, რომ ფეხი უნდა მოეჭრათ. მაგრამ საოცრება მოხდა, თვითგანახლების სურვილი იმდენად დიდი იყო, თამრიკო დღეს კი არ დადის, დარბის.

დარბის იმიტომ, რომ ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი, „არ ვიღლები, სხვანაირად ვიაზროვნე მთელი ცხოვრება, არ შემიძლია, გავინაზო და ისე შევხედო ყველაფერს. ასეთი ვარ და...“

პირადი ცხოვრებაც საოცრად ლამაზი ჰქონდა. „მე და ჩემს მეუღლეს რომეო და ჯულიეტას სიყვარულით გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ, ეტყობა, გრძნობა გაცვდა დროთა განმავლობაში. ერთ დღესაც მოვიდა და მითხრა, სხვა გოგო შემიყვარდაო, ისეთი სხივი ჰქონდა თვალებში, დავლოცე... დღეს იტალიაშია. ჩვენს შვილს, დემნას, იქიდან უვლის და პატრონობს.“

„ცალუღელობამ დამღალა, ცალუღელობა მიჭირს, მაინც არ ვიტეხ იხტიბარს, რადგან მეზრდება ბიჭი...“

ბავშვებმა იციან, რომ მათი თამრიკო მასწავლებელი პოეტიცაა, იციან, რომ ლექსებადაც მრავალჯერ აკინძა თავისი ცხოვრება, სტრიქონებში გააბნია ტკივლიც, ბედნიერებაც, სევდაც და იმედიც...

„განახლდი, სულო“, რადგან: „სიცოცხლე ტანჯვაა რამხელა, თან ამობრწყინება მზისა...“

ხედავს, რომ მზე სხვანაირად ბრწყინავს. და უნდა, თავის ორბავშვიან სადამრიგებლო კლასსაც  ასწავლოს  სამყაროს „სხვანაირი“ ხედვა...  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1793
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია