დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იღბლიანი ვარსკვლავი
2010/03/01 13:56:42

იღბლიანი ვარსკვლავი

კიდევ ერთი ვარსკვლავი გაიხსნა მესხიშვილის თეატრის წინ 26 თებერვალს. ანზორ ხერხაძე ამაყად იდგა თავისი მაყურებლისა და თეატრის წინაშე და ქედს იხრიდა იმ სიყვარულისთვის, ვარსკვლავის დღეს რომ აჩუქეს უშურველად.  

„ვერ ვიტყვი, რომ არ მიხარია, მოვიტ-ყუები, არც არავინ დამიჯერებს. ესაა უკვდავყოფა, რჩები სამუდამოდ, რჩება ისტორია, რჩები შენ... არცერთ პრემიერაზე ასე არ მიღელვია, როგორც ახლა. ჯერ კიდევ ბურანში ვარ... “ გამოტყდა იგი ჩვენთან საუბრისას.

ვარსკვლავამდე იყო ძალიან რთული და გრძელი გზა, ნახევარ საუკუნეზე მეტია სცენაზე დგას, თან იღბლიანად:

„მეიღბლა თეატრში მოსვლა. კარგ ფეხზე მოვედი...“

საქართველოს სახალხო არტისტია, ლადო მესხიშვილის, აკაკი წერეთლის და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე და უბრალოდ, ქალაქის საყვარელი ადამიანი...

„ეს ყველაფერი თეატრმა მომცა, რომ არა თეატრი, მაშინ ეს სიყვარული, ეს ცნობადობა არ იქნებოდა... ადამიანს სიამოვნებს ყურადღება. არტისტობა ამ მხრივ ყველაზე კარგი საშუალებაა, არ მრცხვენია და არ მეშინია ქუჩაში გასვლა, გიცნობენ, მაგრამ ეს შენი დამსახურება კი არ არის, არამედ - თეატრის.“

თეატრი მისი არჩევანი იყო...

იურისტ მამას ძალიან კარგი ბიბლიოთეკა ჰქონდა, ბატონი  ანზორიც მთელი დღეები კითხულობდა და ოცნებობდა, რომ სხვისი შექმნილი გმირები განესახიერებინა...

პირველად ნაცარქექია წაიკითხა. 

„მინდოდა, მეც ნაცარქექია ვყოფილიყავი, ჩემს ფიქრებში ვანსახიერებდი, როგორ ვეომებოდი დევებს, როგორ ვებრძოდი მათ...

თან თითქმის ყველა სპექტაკლს ვესწრებოდი, ყველა მათგანი ზეპირად ვიცოდი, ჩემი თაობა თეატრზე იზრდებოდა.

მამას არ ესიამოვნა, ეს გზა რომ ავირჩიე, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე რომ ჩავაბარე, წლების განმავლობაში ხმას არ მცემდა, მხოლოდ  სადიპლომო სპექტაკლის ბოლოს დავინახე დარბაზში, მესამე თუ მეოთხე რიგში, ფეხზე იდგა, ტაშს მიკრავდა და თან ულვაშებში იღიმოდა. მივხვდი, მამაზე გავიმარჯვე...“

თეატრალური ინსტიტუტიდან რუსთავის თეატრში გაანაწილეს, იქ, ერთ-ერთი სპექტაკლის დროს, აკაკი ვასაძემ ნახა და შესთავაზა, ქუთაისში წამოდიო.

„როგორ შეიძლება, აკაკი ვასაძეს უთხრა უარი და წამოვედი...“

1962 წლიდან ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუშაობს და დღემდე 218 როლი აქვს ნათამაშევი, უმრავლესობა  - მთავარი.

„218 ადამიანის ცხოვრებით ვიცხოვრე, 218 ადამიანის სულში შევედი. შენ უნდა გადანაწილდე როლებში, სცენაზე უნდა იცხოვრო. თუ მხოლოდ ილაპარაკე, არავინ დაგიჯერებს. მთელი ის ეპოქა უნდა იცოდე, სადაც შენი გმირი ცხოვრობს, ერთი როლის თამაშისთვის რამდენიმე წიგნს ვკითხულობ ხოლმე... მაგრამ, როცა ფარდა იხურება და ტაშის ხმა მესმის, იქვე ვტოვებ ჩემს გმირს. მერე მთელი ღამე არ გძინავს, აანალიზებ, როგორ ითამაშე, რა შეგეძლო უკეთ, მსახიობზე კარგად არავინ იცის, როგორი იყო იმ დღეს სცენაზე...“

მისი შესრულებული როლებიდან გამოირჩევა : სოსოია (ნოდარ დუმბაძის  „მე ვხედავ მზეს“), პლატონ კრეჩეტი (ა. კორნეიჩუკის - „პლატონ კრეჩეტი“) იეთიმ გურჯი (ო. მამფორიას - „იეთიმ გურჯი“), ფრანც მოორი (შილერის „ყაჩაღები“), ნაცარქექია (გ. ნახუცრიშვილის „ნაცარქექია“), მეფე გიორგი, თარაშ ემხვარი (კ. გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“, „მთვარის მოტაცება“), ყვარყვარე (პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“), ოსვალდი (ჰ. იბსენის „მოჩვენებანი“), დათიკო (ი. ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობი“), მეფე სოლომონ პირველი (მ. ჯაფარიძის „ჟამთაბერის ასული“), აინშტაინი (დიურენმატის  „ფიზიკოსები“),  ტიგელინი (ლ. სანიკიძის „ნერონი“), სენეკა (ე. რაძინსკის              „ნერონისა და სენეკას ჟამინდელი თეატრი“), ამილკარი (ივ. ჟამიაკის „ბატონი ამილკარი“), აგაბო (ო. იოსელიანის „ურემი გადაბრუნდა“), აქტიორი (ა. წერეთლის „სამეფოო „ძველთა-ძველო“), მირვანოზი (ი. სამსონაძის „აბეშურა - ფარნავაზიანთა უკანასკნელი დედოფალი“)...

და კიდევ უამრავი...

საოცნებო როლი ვერ შეასრულა, ამიტომაც არ ამხელს, რა იყო ის. „რაღა მნიშვნელობა აქვს, რატომ გავიხსენო, რატომ ვიტკინო გული! იმ ასაკში აღარ ვარ, ეს როლი რომ შევასრულო. ეს იყო შექსპირი, მაგრამ არა - რომეოს როლი... არც დადგმულა ჩვენს თატრში ეს პიესა, ალბათ, რეჟისორებმა ვერ გაბედეს.“

ამბობს, რომ მისი პარტნიორი მთელი თეატრი იყო და რომ არა ის მსახიობები, ვისთან ერთადაც მოდის აგერ უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტი, მარტო თვითონ ვერაფერს გააკეთებდა.

„ყველასი, ვისაც კი ერთი როლი უთამაშნია ჩემთან, მადლობელი ვარ!!!“

მადლობელია რეჟისორების, ყოველთვის წყალობის თვალით რომ უცქერდნენ. „საქართველოში თითქმის ყველა რეჟისორთან მაქვს ნათამაშევი, გარდა რობერტ სტურუასი. ძალიან შრომისმოყვარე ვიყავი, ალბათ, ამიტომაც აკეთებდნენ არჩევანს ჩემზე... არა, იღბალიც მქონდა და მაქვს...“

ანზორ ხერხაძე გადაღებულია კინოფილმებში: „მაიაკოვსკი იწყებოდა ასე“, „პირველი მერცხალი“, „თბილისი და თბილისელები“, „ბაკულას ღორები“.

„მე, როგორც შემოქმედს, მაინც თეატრი მირჩევნია, მითუმეტეს - ჩემი თეატრი. სხვაგან, მაგალითად, დედაქალაქში რომ წავსულიყავი, შეიძლება, ამდენი როლი ვერ მიმეღო, აქ უკეთესად ვარ...“

 

***

ვარსკვლავის გახსნის შემდეგ არაფერი შეიცვლება... ის ძველებურად ეყვარებათ, ძველებურად იმუშავებს თავის თეატრში, უბრალოდ, ქუთაისის თეატრის ისტორიაში ის მეორე ვარსკვლავი იქნება... თუმცა, ნუმერაციას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს...

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2329
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია