დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჩვენებური კონკიას იტალიური ზღაპარი
2010/02/22 12:26:57

მშვენიერი ახალგაზრდა ქალბატონი ნანა ზარქუა მაშინ გავიცანი, როცა იტალიის ქალაქ ბარში მცხოვრებმა ქართველთა მცირე ჯგუფმა იტალიელებისათვის საშობაო მიღება მოაწ-ყო. იყო ამაღელვებელი გამოსვლები, ქართული სიმღერა, ცეკვა, საქართველოს ცალკეული კუთხეების ვიდეოჩვენება... იყო ცრემლიც და ღიმილიც, სიხარულიც და ტკივილიც.

საღამოს ამშვენებდნენ ქართველი ბავშვებიც და შვიდი წლის მშვენიერი იტალიელი გოგონაც - ლუსი ბინეტი, რომელმაც ქართულად წაიკითხა უკვდავი გალაკტიონის ლექსი „ქარი ქრის“. ლექსს იტალიური თარგმანი გაუკეთა ნანა ზარქუამ, რომელმაც შემდეგ საოპერო ხმით შეასრულა რევაზ ლაღიძის უკვდავი სიმღერა „თბილისო“.

იტალიელებმა ერთხმად აღიარეს ქართული სიმღერისა და ცეკვის ინდივიდუალობა, მომხიბვლელობა, ღვთიურობა. იმ დღეს ღონისძიების მონაწილე ყველა ქართველი ერთგვარად გმირიც იყო, რადგან არ არის ადგილი, დიდი კულტურისა და სასიმღერო სკოლის მქონე ქვეყანას შენი პატარა ქვეყანა გაუთანაბრო. ეს მათ შეძლეს. ნანა ზარქუა მათ შორის გამორჩეული იყო.

ისტორიკოსი დავით ჯანელიძე ამბობდა: „საქართველოს ისტორია დაწერილია, ქართველთა ისტორია დასაწერიაო“ და, რატომღაც, მომინდა იტალიაში მყოფი ამ ახალგაზრდა ქალის ცხოვრების ბილიკებზე გატაროთ. ეს ბილიკი აფხაზეთში იწყება და აქ, ბარში, სრულდება...

ნანა ზარქუა აფხაზეთში დაიბადა. ულამაზესი ბავშვობა ჰქონდა, ომმა კი ყველაფერი წაართვა.

„ლტოლვილი რომ ვარ, ჩემი ბრალი არ არისო,“ - სიმწრის ღიმილით ამბობს. ლტოლვილის ცხოვრება არცერთ ქვეყანაში არ არის დალხინებული... გოგონას, რომელსაც უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდა დიმიტრი არაყიშვილის სახელობის პირველი სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი, გამოჩენილი მომღერალი თენგიზ მუშკუდიანი, უსახსრობის გამო კონსერვატორიის კარები უღმერთოდ გამოუკეტეს. ერთმა მუსიკოსმა ისიც კი უთხრა: „ფული თუ არ გაქვს, რა გემღერებაო (?!)“

შემდეგ იყო თსუ-ს სოხუმის ფილიალი. შეხვედრები, კონცერტები, საესტრადო გამოსვლები... მუშაობა აფხაზეთის ახალგაზრდულ დეპარტამენტში. 2003 წელს დაამთავრა ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. ერთ-ერთ საღამო-კონცერტზე მისი ვოკალით აღფრთოვანებულმა უკრაინის ელჩმა, ბატონმა სტეპან ვოლკოვეცკიმ კიევის კონსერვატორიაში სწავლა შესთავაზა, მანვე გაუწია რეკომენდაცია უკრაინულ სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად. ისევ  დაწყევლილი უფულობა -  ნანა ზარქუამ ვერ შეძლო კიევში გამგზავრება!...

2005 წელს იტალიური ენის შესწავლა დაიწყო დედის მეგობართან, ქალბატონ გულიკო გამსახურდიასთან. ნანას დედა - მთვარისა ბენდელიანი გერმანულის მასწავლებელია, მამა - ბატონი ამირანი ქორეოგრაფი.

2009 წელს იტალიაში ჩამოვიდა და „ორმაგად“ დევნილი გახდა... ოცნებად ისევ სცენა და სიმღერა რჩებოდა. საოცრად ემოციურს და რომანტიკულს უყვარს სიცოცხლე, სილამაზე, ადამიანები. ბარში ჩამოსვლისთანავე წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარს მიეახლა, დიდი წმინდანის განსასვენებელს მუხლი მოუყარა, თავისი აფხაზეთი შეავედრა და მგალობლადაც ჩაეწერა.

ერთ საღამოს ეკლესიიდან გამოსულმა ზღვის სანაპიროს მიაშურა. ცრემლი მოერია. ზღვამ თავის წართმეული სამშობლო მოაგონა, პალმებში ჩაკარგული სოხუმი, ტალღებს შემსკდარი თოლია... ტიროდა ქართველი გოგონა და არ ცდილობდა ცრემლების დამალვას...

ვინა თქვა, კონკიას ზღაპრები აღარ არსებობსო?! ატირებულს მაღალი, მწვანეთვალება იტალიელი მიუახლოვდა, მუხლი მოუყარა და ტირილის მიზეზი ჰკითხა... ნანას გული უფრო ამოუჯდა და იტალიელმაც აღარ მიატოვა. ისხდნენ: ნანა ზღვის ხმაურს უსმენდა, იტალიელი - ნანას ტირილს... ასე მოვიდა სიყვარული თავისთავად, დაუკითხავად.

ის პატარა იტალიელი გოგონა, ლუსი ბენეტი, სწორედ ამ მაღალი, მწვანეთვალება იტალიელის - ნიკოლა ლოვეროს დისშვილია. არაჩვეულებრივი გონებისა და ნიჭიერების ბავშვი უცებ დაუახლოვდა ნანას. მისგან ისწავლა ნოდარ დუმბაძის ლექსები, გალაკტიონის რამდენიმე ლექსი, დუტუ მეგრელის საყოველთაოდ  ცნობილი „მე პატარა ქართველი ვარ“, ისწავლა ქართული სიმღერები და ცეკვა. ბავშვი ისეა შეყვარებული საქართველოზე და ქართველებზე, რომ ძია ნიკოლას სულ აწუხებს: „როდის წავალთ საქართველოში და როდის იქნება ნანა შენი?“

ალბათ, სულ მალე იქნება კიდევ ერთი შერეული ქორწინება და კიდევ ერთ შვილს დაკარგავს საქართველო...

და რა იქნება შემდეგ?

ნიკოლა ლოვერო: „ნანა არაჩვეულებრივია! ჩემზე მეტად ჩემს მშობლებს და ჩემიანებს უყვართ. ასეთი ქალიშვილები, ალბათ, მხოლოდ საქართველოში იზრდებიან. მან საუცხოოდ იცის ქალის მოვალეობები, ოჯახისადმი პასუხისმგებლობა, უფროს-უმცროსობა და, რაც მთავარია, სიყვარულისა და ერთგულების დიდი ნიჭი აქვს. მე მიყვარს საქართველო და ქართველი ხალხი. მინდა, ნანას მისი ოცნება - იმღეროს, აქ, იტალიაში აუსრულდეს. მე და ჩემი ოჯახი ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის. ქართველებო, მიყვარს ნანა და მიყვარხართ თქვენც“.

უფალო, იყოს ნება შენი!

 

ცისანა იობიძე

იტალია

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2031
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია