დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რომანტიკოს-რეალისტი „ბავშვი“
2010/02/22 12:23:59

27 წელია, თამაშობს - თოჯინებით, ფანტაზიით, ფერებით, ფიგურებით... ამბობს, რომ საკუთარ თავს ბოლომდე ჯერ კიდევ არ იცნობს, თუმცა ის ცუდად არასდროს აკვირვებს. ყოველთვის თავისუფალი და გამჭვირვალეა - ყველასთან ერთნაირი და ბუნებრივი. მისი შექმნილი თოჯინებიც მასავით ლაღები, უშუალო და გულახდილები არიან, - ყოველთვის იცინიან, ან მღერიან და კეთილ, დადებით აურას აფრქვევენ. მაგდა ღვინერიაც ასეთია, თუმცა, მისი სითამამის მიუხედავად, საკუთარ ოცნებებს ბოლომდე ჯერ მხოლოდ თოჯინებში ახორციელებს...

 

ყველაფერი  ექვსი  წლის  წინ  დაიწყო,  როცა  თიხით  მოფენილ  მაგიდასთან იჯდა და უყურებდა, მეგობარი პატარა, ლამაზ სამკაულებს როგორ აკეთებდა. თვითონაც სცადა...

„ავიღე თიხის ნაკუწი და დავიწყე ძერწვა, ნელ-ნელა მივედი რაღაც ფორმამდე. მერე, რომ დავაკვირდი, ადამიანის სახე იყო და იმდენად ჰგავდა ბაბუას პორტრეტს - გავგიჟდი. ამის შემდეგ დავინტერესდი. ვძერწავდი პატარა პორტრეტებს, შემდეგ მივხვდი, რომ კარგი იქნებოდა, თუ ჩავაცმევდი, მაგრამ ვეღარ ვხვდებოდი, გამშრალი თიხა როგორ დამემაგრებინა. მერე მივხვდი და, სანამ თიხა სველია, ვტოვებ ადგილს, სადაც შემდეგ მავთულს ჩავამაგრებ. ასე დაიწყო ეს ყველაფერი, მარტივად და მოულოდნელად“.

პროფესიით სცენოგრაფია, ხელოვნების ლიცეუმი დაამთავრა. ამიტომაცაა, რომ თოჯინების ტანსაცმლის დიზაინიც მისია, ამბობს, რომ სცენოგრაფია ძალიან ეხმარება. ახლა იმაზე ფიქრობს, როგორი სადგამები გაუკეთოს საკუთარ ნამუშევრებს. თოჯინებზე მუშაობა ნებისმიერ დროს შეუძლია, - სპეციალური მომზადება ან განწყობის შექმნა არ სჭირდება. ეს პროცესიც იმ ძიების ნაწილი, რომელიც მისთვის მუდმივად მიმდინარეობს და ამ ყველაფერს აკეთებინებს.

„საერთოდ, მე ის პიროვნება ვარ, ვინც არასდროს ფიქრობს, რას გააკეთებს, უბრალოდ, ვიწყებ და თავისთავად გამოდის. თუ ოდესმე დავგეგმავ: ამას გავაკეთებ-მეთქი, ის არასდროს არის ისეთი, ყოველთვის სხვა რაღაც გამოდის“.

ამიტომაცაა, რომ გამოფენისთვის ერთი თვით ადრე ემზადება. ურჩევნია, მცირე დროში გააკეთოს. ის სამი თოჯინა, რომლის შექმნაც დიდი ხნის წინ დაიწ-ყო, დღესაც დაუმთავრებელია: „ალბათ, ასეც დარჩება.“

საყვარელი ფერები არ აქვს. უყვარს ცისარტყელა, რადგან აქ ყველა ფერია, შავის გარდა - ეს ის ერთადერთი ფერია, რომელიც არ უყვარს. უპირატესობას გახუნებულ ფერებს ანიჭებს.

„როცა ჩემს თოჯინებს ვაცმევ, ყოველთვის ვეძებ ძველ ქსოვილებს, რომელსაც გახუნებული ფერი დაკრავს, რადგან ეს თიხას უხდება და - ჩემს ხასიათსაც.“

ხშირად აღმოუჩენია, რომ თოჯინა ვიღაცას ჰგავს. საკუთარ თავთან მსგავსებას კი ყოველ მათგანში ნახულობს.

„ყველა მე მგავს რაღაც-რაღაცებით, ხასიათით ლაღები არიან, ძალიან ღია, გახსნილი და გულახდილი. არ მაქვს ორი სახე და სამი მხარე, ყველასთან ისეთი ვარ, როგორიც ვარ. საკუთარი თოჯინა არ გამიკეთებია, თუმცა ჩემი თავი ასეთი წარმომიდგენია: ხელში - ფისო, მუხლებზე თათები ექნება ძაღლს დაწყობილი, რომელიც მე შემხედავს, კატა ხელში მეყოლება და ვიქნები ძალიან ბედნიერი. დიდ მოლზე იქნება ეს ყველაფერი, სიმწვანეში და მინდვრის ყვავილებში.“

საკუთარი თოჯინები ძალიან უყვარს, მარტოობა - არა, არც მათი შექმნის  დროს.

„საერთოდ, ისეთი პიროვნება ვარ, რომელსაც სიმარტოვე არ უყვარს. აქ არ იგულისხმება მამრობითი სქესი, ან სიყვარული. ჩემს გვერდით სამი მეგობარი მაინც უნდა იყოს, მეზობელი ან ახლობელი და ამ ერთ საათში მე იმდენი რამ შემიძლია გავაკეთო!.. არიან ხელოვანები, რომლებსაც მარტო ურჩევნიათ მუშაობა, მე არ შემიძლია, ამ დროს ყველაფერი გარბის, ჩემში რაც არის შემოქმედებითი.“

ხშირად დილამდეც მუშაობს. პირველი შემფასებელი ყოველთვის დედა იყო, რომელიც ბოლო სამი წელია უკრაინაშია და ის ძმამ შეცვალა. მაგდას სახელოსნო მთელი სახლია, რომელშიც ფისოსავით დაძვრება ოთახიდან ოთახში და მერე მთელი სახლი თიხით არის მოსვრილი. ამის გამო არასდროს საყვედურობენ, პირიქით, ყველანაირად ხელს უწყობენ. ძმა მავთულებით, თიხით და სხვა საჭირო ნივთებითაც ამარაგებს.

გამოფენებსა და აქციებში ხშირად მონაწილეობს. პირველი პერსონალური გამოფენა 2008 წელს ჰქონდა, რომელიც შობას მიუძღვნა. მისი თოჯინები საქართველოს ყველა კუთხის თოვლის ბაბუებს განასახიერებდნენ. აქვე იყო ბროლია თავისი მეპატრონით, რომელიც იმათ სიას კითხულობდა, ვისთვისაც შემდეგში უნდა აესრულებინათ სურვილი.

ბოლო გამოფენა, როგორც თავად ამბობს, ცოტათი განსხვავებული იყო. დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერეაში გამოფენილი თოჯინები სიყვარულის დღეს ეძღვნებოდა, მაგდას საყვარელ თოჯინას კი „სიყვარულის მოწმე ერქვა.“

„ძალიან მიყვარს ეს თოჯინები - გოგო და ბიჭი მოსეირნობენ, წინ ძაღლი მიუძღვით და ორივეს ერთ თოკზე აქვს ხელი ჩაჭიდებული. მეორეს „კუკურუკუ“ დავარქვი - ბრაზილიური სერენადის სახელია, თუ არ ვცდები. მამაკაცს, რომელსაც ცილინდრი ახურავს, გიტარა უჭირავს ხელში და გოგონას სიმღერას უძღვნის. გოგონას ძალიან ლამაზი ფისო ჰყავს ხელში“.

ახლა მისი თოჯინების ნაწილი სამხატვრო აკადემიაში, ნაწილი - სახლში, ნაწილი კი - დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაშია, სადაც ბოლო კვირის მანძილზე დამთვალიერებელს მასპინძლობდა. ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურეს, თუმცა მთავარი და ყველაზე სასიამოვნო მაგდასთვის მაინც ორი ადამიანის აზრი იყო...

„ირაკლი ლიტვინენკო დარბაზში რომ შემოვიდა, მკითხა: „როგორ გაათბე ამხელა დარბაზი? მე რომ შენს სახლში შემოვიდე, ალბათ, სულ დავიკარგები, იმხელა კეთილი აურა გაქვსო“. მოგვიანებით, მირიან გორგოძის სმს მომივიდა: „იმდენად სათუთი იყო ეს ყველაფერი, შეხებასაც ვერ გავბედავდიო“, - ამ სმს, ალბათ, არასდროს წავშლი. ძალიან ბევრი ასეთი ფრაზები იყო გამოფენის მსვლელობის დროს, აღფრთოვანებული ვიყავი კომენტარებით, მაგრამ ამ ორი პიროვნების ყველაზე მეტად მეშინოდა, იმიტომ, რომ ექსტრავაგანტულები არიან და ჩემი იმდენად მარტივია ყველაფერი, არ მეგონა, თუ ასეთი კმაყოფილები დარჩებოდნენ“.

ამბობს, რომ რომანტიკოს-რეალისტია. აქვს, „კოკროჭინა“ ჩანახატებიც, თუმცა, დიდი ხანია, აღარაფერი დაუწერია. ამ ბოლო დროს ფოტოებისკენ გადაიხარა. ფოტოხელოვნების ეშინია, - არ იცის, როგორი რეაქცია ექნებათ. ძირითადად, სიუჟეტურ ფოტოებს იღებს.

„ბაზრის ტერიტორიას გადავეკიდე. რეალური სურათებია და, თუ ოდესმე იქნება ჩემი გამოფენა, სათაურად ექნება: „განწყობისთვის“.

ფოტოგამოფენის გარდა, მისი კიდევ ერთი, ჯერჯერობით, აუხდენელი ოცნება სიმღერაა. აქვს ძალიან ლამაზი იასამნისფერი გიტარა, რომელიც მეგობარმა აჩუქა და რომელზეც, შესვენების დროს, ყოველთვის უკრავს. თოჯინებზე მუშაობის დროს კი „ცისფერ ტრიოს“ ან ქართულ ხალხურ სიმღერებს უსმენს, ზოგჯერ - როკ-ნ-როლსაც.

„ჩემი ოცნებაა, ერთი სიმღერა მაინც დავწერო, რაც ჯერ ვერ გავაკეთე, მაგრამ, ალბათ, ოდესმე გავაკეთებ. ძალიან მინდა, რაღაც მელოდია ტექსტით იყოს ჩემი. დარწმუნებული ვარ, ეს მელოდია იქნება ძალიან მშვიდი, ლაღი...“

სიმშვიდე და „შინაგანი ფსიქოლოგი“, რომელსაც საკუთარ თავში გრძნობს, ბავშვებთან ურთიერთობაშიც ეხმარება. უკვე მესამე წელია, ყოველ წელს ანტალიაში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, ბავშვების მასპინძელია.

„არასდროს შემშლია, როგორ მიმემართა, ან მოვქცეოდი ბავშვს. სულ ვამბობ, რომ შინაგანად ვარ ფსიქოლოგი. მათთან ერთად ბავშვივით ვთამაშობ. თოჯინებით თამაში ბავშვობაშიც ძალიან მიყვარდა, უბრალოდ, მაშინ ვერ ვუვლიდი თოჯინებს, სულ მეკარგებოდა.

ახლაც არ ვთამაშობ? - ვაცმევ, სახელებს ვარქმევ - მარადი ბავშვი ვარ...“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1980
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია