დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მდიდარი კაცი
2010/02/22 12:19:47

მოცეკვავე და ქორეოგრაფი სულიკო ხაჭაპურიძე უკვე მოგონებებს წერს. გასახსენებელი მართლაც ბევრი აქვს: მან მის მეგობრებთან ერთად ცეკვით თითქმის მსოფლიოს შემოუარა. ბოლომდე დაიხარჯა, სხვებსაც ასწავლა. ქართული როკვის ტრადიციული საიდუმლო, გამოცდილება, სიყვარული - ყველაფერი უშურველად გასცა.

მისი ამბავი დიდი ხნის წინ დაიწყო... 6 წლის სულიკო ქუთაისის ბულვარში სახელმწიფო ანსამბლის კონცერტს დაესწრო. ქორეოგრაფი დიდი ჯანო ბაგრატიონი იყო. იქ ნანახმა ცეკვებმა და სიმღერებმა პატარა ბიჭში სურვილი აღძრა, რომ მასაც ესწავლა ცეკვა...

მაშინ სტუდიები არ არსებობდა, ისე უნდა მისულიყავი ქორეოგრაფთან და ისინიც მხოლოდ ერთ თუ ორ მოძრაობას გასწავლიდნენ, „მაყარიჩის“ სანაცვლოდ. ოჯახი კი ხელმოკლედ ცხოვრობდა და ამის საშუალება არ ჰქონდა. ბატონმა სულიკომ გზა თავისთვის იპოვა: მაშინდელ პიონერთა სასახლეში მივიდა, სადაც ქორეოგრაფი პავლე ბასილაძე დახვდა. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, შორიდან უყურებდა, როგორ ასწავლიდა სხვებს ილეთებს. ის კი ფანჯრიდან მალულად აკვირდებოდა და თავისთვის იმეორებდა მოძრაობებს.

„მხოლოდ ფერხულს გვასწავლიდა, დილიდან საღამომდე ვიძახდით: ერთი, ორი, სამი და ვასკდებოდით ერთმანეთს. კარგად მახსოვს, ერთხელ დედამ ახალი პერანგი მიყიდა. კონცერტი გვქონდა პირველ სკოლაში, მაშინ იქ დგამდნენ საახალწლო ნაძვის ხეს, ფერხულის ცეკვისას მხრებზე შემადგნენ ბიჭები და სულ დასვრილი მოვიტანე შინ ეს ახალთახალი პერანგი.“

დედა არ უშლიდა, ენდობოდა და არც კითხულობდა, სად დადიოდა მისი ბიჭი. ეს იყო, დროს დაუნიშნავდა: ამა და ამ დროს მოდიო და ისიც არასდროს გადააცილებდა დათქმულ საათს.

მალე მურმან ლომთათიძემ ქუთაისის ქართული ხალხური ცეკვის ახალგაზრდული ანსამბლი შექმნა, ბატონი სულიკოც იქ მოხვდა.

ანსამბლის პირველი საპასუხისმგებლო გამოსვლა 1957 წელს ქალაქ თბილისში, ახალგაზრდობის პირველ რესპუბლიკურ სტუდენტურ ფესტივალზე მოხდა. კონკურსში გაიმარჯვეს.

მალე დაიწყო გასტროლების დიდი სერია: ჯერ საქართველოს მასშტაბით. თითქმის მთელი საქართველო შემოიარეს.

„ქუთაისის ცეკვის ანსამბლის შესანიშნავი გამოსვლების შესახებ ამბავი მთელ რესპუბლიკას მოედო, სადაც კი ჩვენი ანსამბლის აფიშები გაჩნდებოდა, უამრავი ხალხი ესწრებოდა კონცერტებს. მახსოვს, სოხუმში ძალიან დიდმა წვიმამ მოგვისწრო. მიუხედავად ამისა, ხალხი მხრებზე შემსხდარი გვიყურებდა. საოცარი მოწიწებით შეგვხვდნენ იქაური ანსამბლის წევრები, კონცერტს ძვირფასი სუფრა მოჰყვა, იმ სუფრაზე ჩვენი მოწონების ნიშნად პირველი რესპუბლიკური ფესტივალის ოქროს მედალოსანმა ქართულ ცეკვაში, ჩიტო კაკაბაძემ, თავისი ხელით დაჭერილი თევზი მოგვართვა...

ქეიფის დასრულების შემდეგ ქუჩაში გამოვედით, წვიმისგან სულ გუბეეები იდგა. ომარ ჩიკვილძემ მთხოვა, მისი შეყვარებული მავრა დეისაძე ხელდახელ გადამეყვანა ქუჩის მეორე მხარეს. თვითონ ისე უყვარდა, ხელის მიკარებასაც ვერ ბედავდა. ჩემი მეტისმეტი მოწიწებისგან მავრას ხელი გაეშვა და წყალში მოადინა ზღართანი. მაშინ კი იკადრა ომარმა და ხელში აყვანილი მიიყვანა სასტუმრომდე.“

თითქმის ყველა კონცერტი ახსოვს. ახსოვს, ახალციხეში, სომხური ცეკვის დროს, კომბლით როგორ დაამსხვრია ფეზუ ქიშაევმა განათების 5 ნათურა და მერე მთელ ანსამბლს ბნელ სცენაზე მოუწია კონცერტის გამართვა.

საქართველოს შემოვლის შედეგ ჯერი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებზე მიდგა.

ორ-სამჯერ ჩამოვიდა კომისია ანსამბლის დონის შესამოწმებლად. წუნი ვერ დაუდეს.

1960 წელს ანსამბლი სრული შემადგენლობით ეწვია თბილისს, საზაფხულო თეატრში, პლეხანოვზე, ანშლაგით შედგა კონცერტი. იქ ერთი ინციდენტიც მოხდა. დღეს რომ ღიმილით იხსენებს ბატონი სულიკო:

„ტრიალისას ცხონებული არჩილ ჭიქაბერიძე ფარდაში გაეხვია, მე სხვა პარტნიორს შევეჯახე და, ამ დროს, ხმალი მომხვდა თავში. იფეთქა სისხლმა, მაგრამ მაინც ბოლომდე ვიცეკვე, უფრო მეტიც, ბისზე, გაბინტულმა, თავიდან შევასრულე ეს ცეკვა.“

ისიც ახსოვს, ერთხელ, ყაბარდო-ბალყარეთის ქალაქ ნალჩიკში გამართულ კონცერტზე ფარიკაობის შესრულებისას, ანსამბლის წევრებს: ჯუმბერ ფილიასა და ჯაბა ჩხეტიანს ხმლის ნაპერწკლები წარბსა და ლოყაზე მოხვდათ. „იფეთქა სისხლმა და ისე დაამშვენა ცეკვა, გეგონებოდათ, ნამდვილი ომიაო. მაყურებელმა კი მილიციაში დარეკა: „მოგვეხმარეთ, ქართველები ერთმანეთს კლავენო. მართლაც, მოვიდა მილიცია, მაგრამ, რომ შეხედეს, ფინალში როგორ ვკოცნიდით და ვეხვეოდით ერთმანეთს, ხმა არ ამოუღიათ.“

ერთხელ  მუშტაიდის ბაღშიც გამართეს კონცერტი, გალაკტიონს ხვდებოდნენ, დაიგვიანა დიდმა პოეტმა, ფინალისკენ მიდიოდა საღამო. დარბაზში რომ შემოვიდა, ფეხზე წამოუდგა ყველა, ანსამბლმა  კი   სულ,   სულ   თავიდან   დაიწყო პოეტთა მეფისთვის ყველაფერი.

„გალაკტიონის ქება დავიმსახურეთ, ეს ჩვენი დიდი გამარჯვება იყო“

სადაც მიდიოდნენ,  ყველა ქალაქიდან დიდი სითბო და სიყვარული მოჰქონდათ, აქ ხვდებოდათ აღტაცებული სამადლობელი ბარათები. სად არ დატოვეს თავისი კვალი ცეკვით, მთელ საბჭოთა კავშირში, ევროპის სხვა ქვეყნებშიც - იუგოსლავია, გერმანია, ფინეთი...

შემდეგ სულიკო ხაჭაპურიძე თვითონ გახდა მასწავლებელი, თვითონვე უზიარებდა ქართული ცეკვის სულის სიდიადეს სხვებს. არაფერს იტოვებდა თავისთვის.

ცეკვა დღესაც მისთვის ყველაფერია. ფიქრობს, რომ ქართულ ცეკვებს შორის ეროვნულ სულს ყველაზე მეტად  ცეკვა „ქართული“ გამოხატავს.

„სუხიშვილი იყო ქართული ცეკვის უბადლო შემსრულებელი, სხვებიც წამოვიდნენ - კოწო მანჯგალაძე, ბუხუტი დარახველიძე, მაგრამ ყველას მაინც ფრიდონ სულაბერიძემ აჯობა. არავის ისე არ უცეკვია, როგორც მან. ძალიან შრომატევადია ეს ცეკვა, ნიჭთან ერთად შრომისმოყვარეც უნდა იყო. მე არ ვიყავი ქართულის მოცეკვავე, უფრო მთიულური და ფარიკაობა მემარჯვებოდა, სადაც მეტი ენერგია და მუხტი იყო.“

თვლის, რომ ერთ ადგილზე არ უნდა გაჩერდეს ქართული ცეკვა. ამიტომაც არ აკრიტიკებს უმცროსი ილიკო სუხიშვილის ინიციატივებს.

„თავის დროზე, როცა მისმა ბაბუამ შექმნა ანსამბლი, მასაც ასე საყვედურობდნენ, მასობრივი გახადა ქართული ცეკვაო. პატარა ილიკო ძველ ცეკვებსაც ინახავს ხელუხლებლად. მე ძველი ცეკვები უფრო მომწონს, სადაც ქალი მოკრძალებულია. ქალთა ცეკვა რომ იწყება,  მაყურებელმა უნდა დაისვენოს, ისეთი ნარნარი უნდა ახლდეს თან.“

მთელი ცხოვრება მეგობრებს და სიყვარულს აგროვებს, ამიტომაც ოჯახში სტუმრისთვის ყოველთვის ღიაა კარი.

ახალგაზრდობაში კიდევ სულ სხვა ელფერი ჰქონდა ყველაფერს, ვინ არ იყრიდა მასთან თავს: მწერლები, პოეტები, მხატვრები. ისინი, ვინც ამ ქალაქში ცხოვრობდნენ და ისინიც, ვინც სტუმრად ჩამოდიდნენ. ოჯახიც ყოველთვის უბამდა სტუმრის მიღებასა და მასპინძლობაში მხარს.

„დაუზარელად, წარბშეუკრელად ეგებებოდა სტუმრებს ჩემი მეუღლე ვენერა, საერთოდ, ის რომ არ ყოფილიყო ისეთი, მისგან რომ მხარდაჭერა არ მქონოდა, ალბათ, ვერ გავყვებოდი ცეკვას. მთელი ოჯახი მედგა მხარში.“

თუმცა, შეეძლო, თბილისში წასულიყო, იქ გაეგრძელებინა კარიერა. მაინც ვერ დათმო ოჯახი...

„ვერ მივატოვე დედა, არადა, იქ მეტის გაკეთება შემეძლო...“

დღეს მწერალთა კავშირშია, როგორც თვითონ ამბობს, საუკეთესო „თავშესაფარში“, და ქუთაისელი მწერლების შემოქმედებით მაჯისცემას უგდებს ყურს. თითქმის ყველა მწერალი მისი მეგობარია, მაგრამ მეგობრობა ხელს სულაც არ უშლის იმაში, რომ კრიტიკულად იკითხოს მათი ნაწერები...

რომ არა ცეკვა, ამბობს, რომ აუცილებლად შეცვლიდა რაღაცას, სრულიად ახალ დანადგარს შექმნიდა, ადამიანს რომ გაუადვილებდა ცხოვრებას.

უკვე 70-ს გადააცილა, იმდენი სიყვარული და მეგობრები აგროვა, რომ დღეს ძალიან მდიდარია, კმაყოფილი კი - არა. ბევრს არაფერს შეცვლიდა, მაგრამ დღეს ჰგონია, რომ უფრო მეტი შეეძლო...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2129
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია