დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვინ „აჩუქა“ ქუთაისი გოდერძი ჩოხელს
2010/02/15 13:14:30

მდიდარი შემოქმედებითი ბიოგრაფიის მიუხედავად, მისმა გზამ საბოლოოდ სკოლამდე მიიყვანა და აქ დატოვა. 20 წელია, ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის ქართულის მასწავლებელია.                   „სკოლამ სხვანაირი ჩათრევა იცის, ახლა მთლიანად სკოლით ვარ დაკავებული“, - ამბობს და მის შემოქმედებით გზას სიამოვნებით იხსენებს... 

თუმცა: დედა, მასწავლებელი, მომღერალი, ისტორიული მუზეუმის თანამშრომელი, მწერალი, არაერთი წარმატებული მოსწავლის პედაგოგი და ლამაზი საღამოების ავტორი - ეს ყველაფერი ლალი მიქაძეა.

 

- დავამთავრე ქუთაისის მესამე საშუალო სკოლა, იმ დროს, როცა ამ სკოლის დირექტორი იყო თამარ დახუნდარიძე, ცნობილი ქალბატონი და ნამდვილი პედაგოგი. პედაგოგებიც ისეთი ჰყავდა სკოლაში, ნამდვილი სასწავლო და შემოქმედებითი გარემო იყო.

თითქმის ყველა საგანს თანაბრად ვსწავლობდი, თუმცა, შემოქმედებითი მიდგომები სკოლიდანვე გამოკვეთილი მქონდა. ერთი პერიოდი ქიმიკოსობაც მინდოდა, იმიტომ, რომ კარგი მასწავლებელი მყავდა - ევა ჩარკვიანი. ინგლისურს მზია ყანჩაველი მასწავლიდა, - ბევრი რამ მისგანაც მივიღე.

პირველ საჯარო სკოლაში მუშაობის დროს, არ შემიძლია არ აღვნიშნო ქართულის არაჩვეულებრივი პედაგოგი - გოგოლა ჩხეიძე. ამ ქალბატონისგან ძალიან დავალებულად ვგრძნობ თავს. მაშინდელი დირექტორი, ალეკო ბელთაძე გვეუბნებოდა: „მიდით და გოგოლა ჩხეიძე გაძარცვეთ ცოდნისგან ახალგაზრდა მასწავლებლებმაო.“

საბოლოოდ, პროფესია ოჯახმა უფრო განაპირობა. დედა ფილოლოგია, მამიდაც, უფროსი და - პროფესორი მანანა მიქაძე, უნივერსიტეტის ქართული ენის დეპარტამენტის უფროსია. მამაჩემი პროფესიით ეკონომისტი იყო, მაგრამ მისი დროის ერთ-ერთი ძალიან განათლებული და წიგნიერი კაცი. მამისგან გვქონდა წიგნის სიყვარული. გვიწყობდა ხელს იმით, რომ არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა გვქონდა შინ. ჩემს სახლში, როგორც ბიბლიოთეკაში, ისე მოდიოდნენ და ნათხოვრობდნენ წიგნებს. ხანდახან ბიბლიოთეკაში რომ ვერ იშოვიდნენ, ისეთი წიგნი ჩვენთან იყო.

 

მასწავლებლის პროფესია

რთული პროფესიაა, ნამდვილად, მასწავლებლობა, იმიტომ, რომ ძალიან დიდ პასუხისმგებლობასთან გაქვს საქმე. ასწავლო - სიამოვნებაა, მაგრამ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა მოსწავლის შეფასება.

მეხუთედან დამამთავრებელი კლასის ჩათვლით ვასწავლი. 20 წელია, სკოლაში ვარ და, რა თქმა უნდა, დროის ცვალებადობასთან ერთად, ბევრი რამ იცვლება. თაობებიც განსხვავებულია, პრობლემები, სოციალური გარემო, - ყველაფერი ახდენს ბავშვებზე გავლენას.

ახალ სახელმძღვანელოებს რაც შეეხება, ნამდვილად არ ვარ კმაყოფილი, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი სწორი პრინციპი, რაც იყო მანამდე, - დაიკარგა. ცოდნას ცოტას აძლევს ბავშვს, შეიძლება, ჩვევებს უფრო უვითარებს, მაგრამ - ცოდნის ხარჯზე. მერე ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების ინტეგრირება მოხდა, - ენის და ლიტერატურის შერწყმა ერთმანეთთან და მე ეს არასწორ პრინციპად მიმაჩნია.

ლიტერატურაში ქრონოლოგიის პრინციპი ამოიღეს, თემატურად არის დაწყობილი ნაწარმოებები. ამან ისე აურია ბავშვებს გონება, ერთმა მოსწავლემ მკითხა (სხვათა შორის, გონიერმა): მასწავლებელო, ვეღარ გავიგე - ილია ჭავჭავაძის დროს საქართველოში მეფე ვინ იყოო? მერე მითხრა: საბჭოთა კავშირი იყო მაგ დროსო? აერიათ ბავშვებს, იმიტომ, რომ ისტორიაში აღარ სწავლობენ, ლიტერატურაში ეპოქების ანალიზი არ ხდება...

კარგია, რომ თანამედროვე მწერლები შემოიყვანეს. ეპოქა გრძელდება, მოდიან ახალი მწერლები და ბავშვმა თავის მშობლიურ ლიტერატურაზე უნდა იცოდეს ყველაფერი. ახლა შეტანილია, რაც არ იყო მანამდე: გოდერძი ჩოხელი, გურამ დოჩანაშვილი, ჯემალ ქარჩხაძე, ნუგზარ შატაიძე. სამაგიეროდ, არც ერთი კლასი აღარ სწავლობს რაფიელ ერისთავის „სამშობლო ხევსურისას“. ჩვენ უნდა აღვზარდოთ მოქალაქე და მოქალაქეს ვასწავლოთ ისეთი განწყობის ლიტერატურა, როგორიცაა რაფიელ ერისთავი.

 

სიმღერა

სიმღერას ყოველთვის ძალიან დიდი ადგილი ეჭირა ჩემს ცხოვრებაში. ბავშვობაში მეცადინეობისგან რომ დავიღლებოდი, გადავდებდი წიგნებს გვერდით, საათობით შემეძლო ვმჯდარიყავი პიანინოსთან და მემღერა. მახსოვს, ფირფიტებს ვუსმენდი, იქიდან ვიწერდი სიმღერის ტექსტებს და მერე მე თვითონ ვაწყობდი. სულ ვმღეროდი, სულ...

მესამე სკოლას ჰყავდა ცნობილი გუნდი და მისი ლოტბარი იყო სულიკო ვეფხვაძე. მეუბნებოდა ხოლმე: შენ, იცოდე, კონსერვატორიაში უნდა წახვიდეო, - როგორც ჩანს, ხედავდა რაღაც გამორჩეულს ჩემში, მაგრამ მე არ ვფიქრობდი ამაზე სერიოზულად.

სტუდენტობის დროს, მახსოვს, მორის ფოცხიშვილი იყო ჩვენთან სტუმრად და მის ტექსტზე შექმნილი სიმღერა ვიმღერე. ფიცხიშვილმა თქვა: ნანი ბრეგვაძის სიმღერა რომ მაქვს მოსმენილი, არ მეგონა, თუ ვინმეს მოვუსმენდი და მომეწონებოდა, მაგრამ ამ გოგოს ნამღერი მომეწონა ძალიანო. მერე, მედეა ჯაფარიძესთან მქონდა სტუდენტობის დროს შეხვედრა და მირჩია: რა გინდათ თქვენ პედაგოგიურ ინსტიტუტში, მოდით კონსერვატორიაში, მე მოგეხმარებითო. მედეა, საერთოდ, ასეთი ქალი იყო - სულ განწყობილი ვიღაცის დასახმარებლად.

ახლაც, მასწავლებლობის დროსაც, მაქვს იმის საშუალება, რომ ხანდახან ვიმღერო სცენაზე. ამ სკოლას აქვს ეს ხიბლი, რომ აქვს არაჩვეულებრივი სცენა და საინტერესო საღამოების გამართვის არაჩვეულებრივი ტრადიცია, სადაც მოსწავლეებთან, კურსდამთავრებულებთან ერთად ვმღერით მასწავლებლებიც.

 

ლიტერატურული საღამოები

ძალიან ბევრი საღამო მაქვს ჩატარებული, მაგრამ განსაკუთრებით გამოვყოფ გოდერძი ჩოხელთან შეხვედრას. აღმოჩნდა, რომ პირველი მასპინძელი მე ვყოფილვარ მისი ქუთაისში. ეს იყო, დაახლოებით, 10 წლის წინ. აღფრთოვანებული დარჩა საღამოთი, მითხრა: თქვენ ყველაზე დიდი საჩუქარი გამიკეთეთ, იმიტომ, რომ თქვენ მე ქუთაისი მაჩუქეთ, სხვანაირი თვალით დამანახეთ ჩემი შემოქმედებაო.

ძალიან კარგი შეხვედრა მახსენდება აფხაზეთის ინტელიგენციასთან. მაშინ, აფხაზეთის ომი ახალი გადატანილი ჰქონდა საქართველოს, სოხუმის ინსტიტუტის პროფესურა მოვიყვანეთ აქ და ჩამოვუყვანეთ დიმა ჯაიანი - სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. ძალიან ლამაზი საღამო გავმართეთ. იმდენი ცრემლი იყო... გვითხრეს: ასეთი რაღაც თუ გადაგვატანინებს ჩვენ იმ ტკივილს, რაც გადავიტანეთო. სხვათაშორის, იმ საღამოს დავარქვი: „გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!“ - გალაკტიონის ცნობილი ლექსიდან, იმიტომ, რომ ის რწმენა გასდევდა საღამოსაც და მთლიანად ჩვენს დამოკიდებულებას აფხაზეთისადმი.

 

მოსწავლეები

კარგი მოსწავლეებით ყოველთვის განებივრებული ვიყავი. ბევრიც წარმატებულია. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მოსწავლეები იყვნენ: ნინო გეწაძე (ფილოლოგი გახდა), ნინო ჭოლაძე (მსახიობი), არჩილ ნიჟარაძე (ახალი დამთავრებული აქვს უნივერსიტეტი, იურისტია  პროფესიით და იმედი მაქვს, რომ ის კარგი იურისტი იქნება და გამოჩნდება კიდევაც საქართველოში), თამრიკო ჩიხლაძე - ცნობილი ჟურნალისტია, გიორგი თარგამაძესთან ერთად დროებაში ძალიან კარგი რეპორტაჟები მიჰყავდა. რომ მოვისმენდი მის კარგ და გამართულ ქართულს, სამზარეულოში მივატოვებდი საქმეს და გამოვრბოდი.

ვინც ამ სკოლის სცენამ გაზარდა, ყველას ჰქონდა შემოქმედებითი ურთიერთობა ჩემთან. უშუალოდ ჩემი მოსწავლეები არ იყვნენ, ქართულის გაკვეთილზე არ ისხდნენ ჩემთან, მაგრამ შემოქმედებითი კუთხით იყვნენ ჩემთან დაკავშირებული.

გიორგი მეფისაშვილიც პირველად ამ სკოლის სცენაზე მე გამოვიყვანე. მეორე - კლასელი იყო, მე და გიორგიმ რომ ვიმღერეთ ერთად მასწავლებლის და მოსწავლის დუეტი. არაჩვეულებრივი მუსიკოსის, ნელი სარდალიშვილის და დედაჩემის - ნელი დარსაველიძის ლექსზე შექმნილი სიმღერა. ეს მისი პირველი გამოსვლა იყო სიმღერით, მანამდე ლექსებს კითხულობდა ძალიან კარგად.

მასწავლებლობა ძალიან დიდი ბედნიერებაა. რომ იგებ შენი მოსწავლეების წარმატებებს და იცი, რომ ამ წარმატებაში რაღაც, იოტისოდენა წვლილი მაინც გიდევს, ძალიან დიდი ბედნიერებაა.

მუზეუმი

ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმთან საუკეთესო წლები მაკავშირებს, იმიტომ, რომ ინსტიტუტის შემდეგ, პრაქტიკულად, ჩემი მიღებული თეორიული ცოდნის რეალიზება მე იქ მოვახდინე. თან, ძალიან კარგ თაობაში მოვხვდი, ბევრი რამ ვისწავლეთ ერთმანეთისგან. გარდა ამისა, მუზეუმში დაცულ ფონდებზე ვმუშაობდი. ხელნაწერ ფონდზე მუშაობა, რომლითაც ცნობილია მუზეუმი, ის გარემო, იმ ადამიანებთან ურთიერთობა, (განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ბატონი მიშა ნიკოლეიშვილი, მუზეუმის მაშინდელ დირექტორი) - დიდი ცხოვრებისეული გაკვეთილი იყო ჩემთვის.

სკოლაში რომ დავიწყე მუშაობა, მუზეუმში ვიყავი ძირითადად და აქ ერთი კლასი მყავდა მარტო შეთავსებით. 2001 წელს გადმოვედი სკოლაში მთლიანად სრული დატვირთვით, მანამდე ის იყო ჩემი პირველი და ძირითადი სამსახური. სხვათაშორის, წამოსვლასაც არ ვაპირებდი და ძალიან გული დასწყდა ბატონ მიშას, მეუბნებოდა: სკოლამ სხვანაირი ჩათრევა იცის და ჩაგითრევთ სკოლაო. ჩამითრია ნამდვილად! მერე უკვე ვეღარ გაიყოფი, სკოლას და ბავშვებს ძალიან დიდი ენერგია სჭირდებათ. ახლა მთლიანად სკოლით ვარ დაკავებული.

წიგნები

ორი წიგნის ავტორი ვარ: „ვისაც სამშობლო საფლავშიც სტკივა“, და „რწმენის ტაძარი“. „რწმენის ტაძარი“ - ეს უკვე ამ სკოლის ისტორიაა, ამ სკოლის კურსდამთავრებულებზე, მის წარსულზე და ა.შ.

სხვათაშორის, მუზეუმში მე ვიყავი მუზეუმის სამეცნიერო კრებულის პასუხისმგებელი მდივანი წლების განმავლობაში. მთელი შრომები ჩემს ხელში გადიოდა, მე ვუკეთებდი კორექტირებას, ვასწორებდი და ვგეგმავდი ამ ჟურნალებს. ძალიან საინტერესო იყო ამაზე მუშაობა. იმ ორი წიგნის გარდა, სამეცნიერო ნარკვევები მაქვს: „გოდერძი ჩოხელის პოეტური პროზა“, „აკაკი და ქუთაისი“, „ღოღობერიძეების ოჯახი“, „ქუთაისის მუზეუმში დაცული გლიპტიკური მასალები“, „ცისფერყანწელების სალონური შეხვედრის ადგილები“...

ახლა სკოლას 180 წელი უსრულდება და, თუ იქნება ამის შესაძლებლობა, განვაახლებდი ჩემს წიგნს „რწმენის ტაძარს“, იმიტომ, რომ, ამ სკოლაზე მონოგრაფია არ არის დაწერილი, არადა, რამხელა ისტორია აქვს - უზარმაზარი და ამ ისტორიას სულ სჭირდება შევსება. სიამოვნებით ვიმუშავებდი ამ წიგნზე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2757
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია