დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რუსუდან ბოლქვაძე: „გიმნაზიელმა გოგონამ ბავშვობა 22 წლით გამიხანგრძლივა“
2010/02/15 12:48:54

თეატრისა და ხელოვნების მოყვარულთა წინაშე რუსუდან ბოლქვაძეს წარდგენა არ სჭირდება. ქალბატონმა რუსუდანმა მთელი ცხოვრება სცენას დაუთმო, ის დღესაც თუმანიშვილის თეატრში მოღვაწეობს. მაყურებელს ახსოვს მისი როლები სხვადასხვა  სპექტაკლიდან: „მარტოსულნი“, „ბაკულას ღორები“, „ბნელ ოთახში“... სულ ახლახან ითამაშა ახალ სპექტაკლში „ჰარალეთი“. მაგრამ როლების სიმცირეს მაინც განიცდის. ჩვენ ვთხოვეთ ქალბატონ რუსუდანს, ცოტა რამ ეამბნა თავის ცხოვრებაზე.

- ქალბატონო რუსუდან, რას ფიქრობთ განვლილ ცხოვრებაზე, რამეს ხომ არ შეცვლიდით  მასში?

- „რაცა  ღმერთმა კაცსა მისცა, დასჯერდეს და მას უბნობდეს“. რომ შევცვალო, რა, მე რა ვიცი, მერე როგორ იქნება. მილიონი ვარიანტი არსებობს, როგორ შეიძლება, რომ ყოფილიყო. რაც არის, ეგ არის. მთავარია, დიდი ანგარიშით რამე არ შეგეშალოს სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში, შენს სინდისთან არ წახვიდე კომპრომისზე და თვალი არ დახუჭო რაღაც საზიზღრობაზე, არ გააკეთო შენ თვითონ საზიზღრობა. დანარჩენი ახლა - ამ სახლში მეცხოვრა, ჭაღი მქონოდა, თუ  არ მქონოდა და ასეთი რაღაცები - მეორეხარისხოვანია და ამაზე არ მიფიქრია იმიტომ, რომ აზრი არ აქვს. მთავარია, გქონდეს ღვთისა და ადამიანის სიყვარული.

- საკუთარ თავში რა თვისებები არ მოგწონდათ და თუ დაძლიეთ ეს უკვე წლების შემდეგ?

- რა თქმა უნდა, რაღაც ასაკს რომ მიაღწევ, უფრო მეტად აანალიზებ საკუთარ თავს. მაგალითად, მე არ მომწონდა ჩემს თავში სიფიცხე: როცა უსამართლობას ვხედავ, ვერ ვჩუმდები, შემიძლია ამაზე ხმამაღლა ვთქვა, გავაპროტესტო. მეუბნებიან ხოლმე, რა შენი საქმეა, გაჩერდიო. მე კი მგონია, რომ არის საკითხები, როდესაც არ უნდა გაჩუმდე, არ შეიძლება - „რა ჩემი საქმეა“ და გავიარო, როდესაც რაღაც ცუდი ხდება. მე მგონი, არ არის სწორი. ახლაც ასე მგონია, მაგრამ გააჩნია, რა ფორმით გამოვხატავ ამას. ახალგაზრდობაში უფრო მკვეთრად გამოვხატავდი. იცით, რა არის, ერთი და იგივე თვისება რაღაც სიტუაციაში პლუსად შეიძლება გამოჩნდეს, რაღაც სიტუაციაში - მინუსად. ამასთანავე,  ვარ ძალიან დამთმობი და დამყოლი.

- იქნებ გაიხსენოთ თქვენი ბავშვობის წლები, როგორი იყავით?

- ძალიან პატარაობაში გადასარევი ბავშვი ვიყავი, პუნტულა, მერე ნელ-ნელა გავიწოწე, გავხდი. რაც შეეხება სკოლის პერიოდს, მე-8 კლასამდე ძალიან წესიერი ბავშვი ვიყავი, დედაჩემს უხაროდა მშობელთა კრებაზე მოსვლა, იმიტომ, რომ სულ მაქებდნენ. წესიერად ვიქცეოდი, კარგადაც ვსწავლობდი. მერე, მე-8 კლასიდან, ცოტა ავურიე. გაკვეთილებს ისე კარგად აღარ ვსწავლობდი, შატალოზეც დავდიოდი. თუმცა, ოთხოსანი ვიყავი. გარემო, სადაც ვიზრდებოდი, იყო უაღრესად თბილი და კარგი. ოჯახი სავსე იყო მოსიყვარულე ხალხით - ბებია, ბაბუა, მამა, დედა, მამიდები. კმაყოფილი ვარ ჩემი ბავშვობით და იმ ადამიანებით, რომლებმაც შემიქმნეს ეს ბავშვობა.  შეუძლებელია, არ გავიხსენო ჩემი ბავშვობის მეგობრები. დღემდე არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ ერთი საერთო ტკივილი გვაერთიანებს, 17 წლისანი ვიყავით, როცა თანაკლასელი - მამუკა კელენჯერიძე დაგვეღუპა. მამუკას გარდაცვალების შემდეგ ხშირად ვიკრიბებოდით  მის ოჯახში. ასე შევრჩით ერთმანეთს ყოველდღიურობაში  და დღემდე ვუფრთხილდებით ჩვენს ურთიერთობას.

- ცხოვრება, ფაქტობრივად, მთლიანად დაუთმეთ  სცენას და, ჯერჯერობით, ოჯახი არ შეგიქმნიათ. რამ განაპირობა ეს, სცენის დიდმა სიყვარულმა, თუ ვერ იპოვეთ ისეთი პიროვნება, ვისთანაც ისურვებდით ცხოვრებას?

- ამ ტიპის შეკითხვებს, სხვადასხვანაირად ფორმულირებულს, პრინციპულად არ ვპასუხობ. ასე გადავწყვიტე ერთ დღეს, იმიტომ, რომ როცა იწყებ ლაპარაკს, მერე უკვე აღარ მთავრდება  და ამიტომაც მირჩევნია, არ ვილაპარაკო ამ თემაზე.

- თქვენს კარიერულ წარმატებაზე რას გვეტყოდით, როგორ შედგა და ჩამოყალიბდა რუსუდან ბოლქვაძე?

- ბავშვობიდან გაჩნდა სურვილი იმისა, რომ მსახიობი გავმხდარიყავი, გადავლახე მრავალი წინააღმდეგობა და ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში. იქ ძალიან გამიმართლა იმიტომ, რომ ჩემი პედაგოგი გახლდათ ქალბატონი ლილი იოსელიანი. ყოველ წუთს და ყოველ წამს, სადაც მომენტი ჩამივარდება, შეუძლებელია, არ ვისაუბრო მასზე. ეს ქალბატონი არაჩვეულებრივი პიროვნებაა, მას დიდი როლი მიუძღვის ჩემს ჩამოყალიბებაში, როგორც პიროვნულ, ასევე - პროფესიულში. მე მადლობელი ვარ ღმერთის,  რომ მას შევხვდი, თორემ, კაცმა არ იცის, როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება.

- თქვენ თუმანიშვილის მოწაფეც ბრძანდებოდით, როგორ გაიხსენებდით ამ პერიოდს?

- ინსტიტუტში მე ვსწავლობდი ლილი იოსელიანთან, ოფიციალურად თუმანიშვილის მოწაფე არ ვყოფილვარ, მაგრამ უკვე მოწაფედ ითვლები, როცა 25 წელი მის გვერდით ხარ.  მე მინდა, გავიხსენო ჩემი პირველი შთაბეჭდილება, როცა თეატრში მივედი. იგი მანამდე იყო თეატრალური სახელოსნო, ანუ სახელოსნოში იგულისხმება ის, რომ იქ არიან ოსტატები და არიან შეგირდები, შემდეგ დაერქვა მას თეატრი. იქ, იცით, როგორი სიტუაცია იყო? - არაოფიციალური და ფურცელზე დაწერილი, მაგრამ, სინამდვილეში, თავისი არსით ეს იყო სტუდენტებისა და მასწავლებლის ურთიერთობა. როცა თეატრში პირველად მივედი, სარეპეტიციო დარბაზში ეკიდა დაფა და ცარცი იდო. იქ იხაზებოდა პერსონაჟების ურთიერთობა, მთავარი მოვლენა. ამ ხელობას, როგორც მეცნიერებას, ისე გვასწავლიდა თუმანიშვილი. ამდენად, რა თქმა უნდა, მე ვთვლი თავს მის მოწაფედ.

- თქვენს  პიროვნებასთან ყველაზე ახლოს რომელი როლია,  რაც გითამაშიათ?

- ყველა როლთან გაქვს რაღაც სიახლოვე იმიტომ, რომ ის შენგან გამოდის, ჰაერიდან არ მოგაქვს, ის ცალკე არსებობს. შენი და პერსონაჟის ურთიერთობა ძალიან უცნაური პროცესია. ის სადღაც, სივრცეში დაქრის,  არსებობს, მაგრამ არ აქვს სახე. მას მსახიობმა უნდა შეუქმნას, მისცეს სახე, უნდა შეეცადოს, რომ მისი გახდეს და ისე მიიტანოს მაყურებლამდე.

სცენარის წაკითხვისას ზუსტად უნდა წარმოიდგინო ამ გმირის სახე, მანერები და უნდა დააყენო შენი თავი მის ადგილას. მერე ნელ-ნელა  შენი ხდება, ის  შენში შემოდის და შენ იმისკენ მიდიხარ. ეს ორმაგი პროცესია.

- თქვენი დებიუტი რომელ სპექტაკლში შედგა??

- სანამ სცენის დებიუტზე ვისაუბრებდე, მინდა, ვთქვა სტუდენტურ სპექტაკლზე, რადგანაც ეს იყო ძალიან სერიოზული ნამუშევარი ჩემთვის. მე-3 კურსზე ვიყავით   და დავდგით ჰაუპტმანის „მარტოსულნი“ - დედას ვთამაშობდი, ხანშიშესულ ქალს.

რაც შეეხება თეატრს, ჩემი დებიუტი იყო „ბაკულას ღორებში“ - ზენათის როლს ვასრულებდი. სერიოზულ ნამუშევრად მივიჩნევ სამი ვოდევილისაგან შემდგარ სპექტაკლს „ბნელ ოთახში“. 22 წელი ვითამაშეთ ამ სპექტაკლში თაზო თოლორაიამ, ნინო ბურდულმა და მე. მერე თაზო და ნინო შეიცვალნენ და დავრჩი მე, გია აბესალაშვილი და ლალი კეკელიძე. ასე რომ, 22 წლიანი დებიუტი მაქვს. ერთ-ერთი ვოდევილი იყო გიმნაზიელი გოგონა ამ სპექტაკლში. მაშინ სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა. შთაბეჭდილებები ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ჩემში და ძალიან გამიადვილდა ამ როლის თამაში. ფაქტობრივად, ჩემი თავი ვითამაშე. რადგანაც 22 წელი ვითამაშე ამ სპექტაკლში, მან მე ბავშვობა გამიხანგრძლივა. როცა 20 წელი შეუსრულდა სპექტაკლს, გადავუხადეთ დაბადების დღე. ავიტანეთ ტორტი და შამპანურები სცენაზე, ოცი სანთელი  ენთო ტორტში. დავპატიჟე ჩემი თანაკლასელები, რომლებიც ამასობაში გაზრდილიყვნენ. მე კი ისევ სკოლის ფორმით დავხტოდი, ყველა ძალიან გულაჩუყებულები ვიყავით.

- ამჟამად რომელ სპექტაკლებში ხართ დაკავებული?

- სამწუხაროდ, ბევრ სპექტაკლში არა ვარ დაკავებული და ამას საკმაოდ განვიცდი. იმიტომ, რომ მიჩვეული ვარ უფრო აქტიურ მუშაობას. ვთამაშობ ძველ სპექტაკლში „ბაკულას ღორები“, თუმანიშვილის თეატრში, „ჰარალეთში“, ნუგზარ ბაგრატიონის სპექტაკლში და ახლა გვქონდა პრემიერა ზურა გეწაძის პიესის „შვიდი პატარა პიესა“ (7პპ). ჯერ მხოლოდ 4-ჯერ ვითამაშე ციცო დეიდას როლი ამ სპექტაკლში.

- უახლოეს პერიოდში კიდევ ხომ არ შემოგვთავაზებთ ახალ სპექტაკლს ახალი როლით?

- არის რაღაც გეგმები, მაგარმ, ჯერჯერობით, ძალიან ბუნდოვანი და ამიტომაც არ ღირს ამაზე საუბარი.

- წარმატებებს გისურვებთ.   

 

სალომე სანიკიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2234
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია