საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
როგორ აძველებს ახალგაზრდა დირიჟორი თავის „ღვინოს“
2010/02/08 13:48:34

„ორკესტრი ერთი დიდი ინსტრუმენტია, რომელზედაც ერთი ადამიანი, დირიჟორი უკრავს,“ -ამბობს ქუთაისის ოპერის თეატრის დირიჟორი რეზო ჯავახიშვილი. თავად ამ „ინსტრუმენტზე“ დაკვრა 6-7 წლის წინ დაიწყო, 24 წლის ასაკში. დღეს ქუთაისის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორია. გაუმართლა: საყვარელ, მშობლიურ ქალაქში საყვარელ საქმეს აკეთებს.

მისი პროფესიული არჩევანი მაინც ოჯახმა განსაზღვრა.

„დედაჩემი მუსიკოსია, მამაჩემი - სპორტსმენი. მუსიკას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩვენს ცხოვრებაში, გაჭირვების წლებიც სიმღერამ გადაგვატანინა. როცა ქვეყანაში ყველაფერი „უ“-თი იწყებოდა - უშუქობა, უპურობა და ასე შემდეგ... ჩვენ მაინც ვმღეროდით.“

მიუხედავად ამისა, მაინც არ ფიქრობდა, რომ მუსიკა მისი ცხოვრების არჩევანი იქნებოდა. მართალია, სამუსიკო სკოლაში ვიოლინოს კლასში სწავლობდა, მაგრამ, როგორც იტყვიან, „ძლივსძლივობით“ დაჰყავდათ გაკვეთილებზე.

„ისე, როგორც ყველა ბიჭს, მეც ძალიან მეზარებოდა ვიოლინოს გაკვეთილებზე სიარული“.

რეფორმამ მოუსწრო. მაშინ ქუთაისში ლიცეუმების დაფუძნება დაიწყო. ქვეყანაში სისტემურ გადატრიალებას ოჯახის წევრები სიფრთხილით შეხვდნენ. ურჩიეს, სანამ ყველაფერი დალაგდებოდა, სამუსიკო სასწავლებელში ჩაებარებინა.

საგუნდო-სადირიჟორო კლასის დასრულების შემდეგ სწავლა ჯერ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ქუთაისის ფილიალში გააგრძელა, შემდეგ - დედაქალაქში.

„სწორედ თბილისში სტუდენტობის დროს შევხედე სხვა, უფრო პროფესიული  თვალით მუსიკას, მივხვდი, მუსიკის გარეშე წარმოუდგენელი იყო ჩემი ცხოვრება.“

თბილისში დაასრულა ბაკალავრიატის სრული კურსი და მაგისტრატურაში განაგრძო სწავლა, პარალელურად ნიკო სულხანიშვილის სახელობის კაპელაში მუშაობდა, რომლის ხელმძღვანელიც გივი მუნჯიშვილი იყო.

სახელმწიფო გამოცდებს რომ აბარებდა, მასთან ქუთაისის ოპერის თეატრის მაშინდელი სამხატვრო ხელმძღვანელი მედეა ამირანაშვილი მივიდა და სთხოვა, თუ სხვა გეგმები არ ჰქონდა, მშობლიურ ქალაქში, ოპერის თეატრში დაბრუნებულიყო, რადგან ადგილობრივი კადრები ძალიან სჭირდებოდა ქალაქს.

„იცით, ეს რა იყო ჩემთვის? ღმერთის წყალობა! ბედნიერებაა, როცა საშუალება გეძლევა, მშობლიურ ქალაქში შენი პროფესიით იმუშაო. შენს თავსაც გამოადგე და შენს ქალაქსაც.“

მუშაობა ქორმაისტერად დაიწყო. მაშინ თეატრის მთავარი დირიჟორი თენგიზ ჭუმბურიძე იყო. სწორედ მის სახელს უკავშირებს თავის შემდგომ კარიერას ბატონი რევაზი.

„მან, მამაშვილური დამოკიდებულებით, ხელი შეუწყო იმას, რომ ორკესტრთან დავდექი. მაშინ რახმანინოვის „ალეკოს“ დგამდნენ, ბატონი თენგო ვერ იყო კარგად და მთხოვა, მომეხმარეო. მთელი წინასაპრემიერო პერიოდი ვიმუშავე ორკესტრთან. ხშირად ხდება ჩვენს პროფესიაში: შეიძლება, იმუშაო და მარტო ამისთვის უნდა იყო მადლობელი, რადგან ის სხვა, ვინც შენზე თანამდებობრივად მაღლა დგას, იბარებს პრემიერას. ჩემს შემთხვევაში ასე არ მოხდა.“

პრემიერაზეც თენგიზ ჭუმბურიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა. „ალეკო“ რევაზ ჯავახიშვილის პირველი სპექტაკლი იყო.

„როცა პრემიერის შემდეგ, ე.წ. „პაკლონზე“ გამოვედი, ვხედავ, დარბაზში გაბადრული სახით ზის ბატონი თენგო და ტაშს მიკრავს. მივხვდი, ეს სიურპრიზი იყო ჩემთვის.“

სიმფონიურ ორკესტრშიც თენგიზ ჭუმბურიძისა და დიმიტრი იამანიძის წაქეზებითა და მხარდაჭერით მოხვდა.

„რომ იტყვიან, ძალით მადირიჟორეს ბეთჰოვენის უვერტიურა და შტრაუსის ვალსი. ძალიან მადლობელი ვარ ამ ორი ადამიანის.“

სანამ ამ გზას გამოივლიდა, მანამდე სხვა ჟანრშიც მოსინჯა ძალები, კონსერვატორიის პარალელურად, მეგობრებთან ერთად, ჯგუფი გააკეთა - „გოგლი-მოგლი“. ერთი დისკიც ჩაწერეს.

უნდოდა, სწავლა გაეგრძელებინა. განათლების სამინისტროდან გრანტი მოიპოვა და რუსეთში, კონსერვატორიაში, გაცვლითი პროგრამით უნდა წასული-ყო, ასპირანტურაში. შეცდომით გამოგზავნილი ფაქსის გამო სპეციალობის გამოცდაზე დააგვიანდა. მეორე წელს კვლავ გამოიძახეს, მაგრამ დიპლომატიური დაძაბულობა სწორედ იმ წელს დაიწყო რუსეთ-საქართველოს შორის და საელჩოში მისულს კარი ლამის ცხვირწინ მოუხურეს. ისევ აქ დარჩა.

ალბათ, ღმერთის ნება იყო. რადგან მომავალ წელს ცოლი შეირთო და მამაც გახდა. ისევ თეატრშია, ამჯერად - სიახლეების მოლოდინში.

„თეატრი კეთილთვისებიან დაავადებასავითაა,  ცუდი  სიტყვაა,  მაგრამ  „ჭაობია“, თანდათან გითრევს, თავს ვერ ანებებ. ქართულ ცნობიერებაში, იმის გამო, რომ ფოლკლორი გვაქვს ძალიან ღრმა და საინტერესო, უცხოა კლასიკური მუსიკა. ნიჭიერი ხალხი ვართ, არა მგონია, „ხასანბეგურა“ და „ჩვენ მშვიდობა“ ბუხართან დაწერილი სიმღერები იყოს. ევროპისთვის ახლობელია კლასიკური მუსიკა. ვიოლინო, ჩელო და სხვა ინსტრუმენტები მათთვის ისეთივე ახლობელია, როგორც ჩვენთვის - ჩონგური და ფანდური. მე მინახავს, ევროპის ერთ-ერთ ქალაქში როგორ უკრავენ ოჯახის წევრები ბეთჰოვენის კვარტეტს. მათი კულტურაც, რწმენაც სიმებიან საკრავებთანაა დაკავშირებული. ჩვენთან ბავშვი გალობით იზრდება და მისი ინსტრუმენტი ხმა არის. უცხოა კლასიკური მუსიკა, და ამიტომაც საქართველოში მისი რჩენა და დაფასება სირთულეებთანაა დაკავშირებული. ოპერა ფუფუნებაა. ყველაფერი ერთად უნდა გქონდეს - კარგი სანახაობა, ინსტრუმენტები, მსახიობები.“

დირიჟორობა ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნებაა. ურთიერთობის დალაგების ნიჭი უნდა გქონდეს. მოდის ორკესტრის მსახიობი და ზოგი არ არის შენთან გონებით, „ქელასშია“ ისევ, რადგან შუქის ფული აქვს გადასახდელი. ზოგიც გუშინდელი ნაქეიფარია და არ აინტერესებს, რა ხდება, ზოგი - პირიქით, ძალიან მონდომებულია. დირიჟორია გამტარი, სწორედ მან უნდა დაარეგულიროს, დააბალანსოს. შეიძლება, დირიჟორი კარგი შესახედაობის იყოს და მარტო ამიტომაც დაუკრან კარგად. თუმცა, ჯანსუღ კახიძე არ იყო ლამაზი კაცი, მაგრამ ისეთი გადამდები მუხტი ჰქონდა, როცა კაპელაში ვმღეროდი, ვგიჟდებოდით ბიჭები, ისეთ რამეებს გვაკეთებინებდა მისი ანთება და მონდომება.“

ქვეყნიდან წასვლა მისი თვითმიზანი არ არის. „ცუდი თვისება გვაქვს ქართველებს, სანამ არ წავა ადამიანი, მანამდე დაფასება არ ვიცით. თუ შანსი გამომიჩნდა, რომ პროფესიულად გავიზარდო, მთლიანად გავშიშვლდე, მაშინ წავალ. რაც მეტი გამოსვლა გექნება, რაც მეტი კონცერტი, უკეთესია. დირიჟორობა ღვინოსავითაა, რაც ძველია, მით უკეთესი.“ 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1829
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია