საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ლაშა კილაძის ინტელექტუალურ-პოლიტიკურ სამყაროში
2009/12/21 12:31:13

„საზოგადოების თავისუფლების და დემოკრატიულობის ხარისხი მნიშვნელოვნად უკავშირდება საზოგადოების განათლების დონეს... 

ბევრი პრობლემა, რომელიც საზოგადოების წინაშე დგას, მიმაჩნია, რომ წიგნიერების უგულებელყოფამ მოიტანა... 

ერთადერთ გამოსავლად განათლება,წიგნთან ურთიერთობა მიმაჩნია, ეს არის ჩვენი საზოგადოების ხვალინდელი დღე...“

ეს სიტყვები ეკუთვნის ადამიანს, რომელსაც უყვარს ჰემინგუეი, თომას მანი... საყვარელი მხატვარი - ვან გოგი, რემბრანდტი, იერონიმეს ბოსხი... მისთვის ყველა ლიტერატურული ჟანრი ღირებულია, გარდა ბულვარული რომანების. განსაკუთრებული ინტერესი ამოძრავებს მემუარული და ისტორიული ლიტერატურისადმი. ადამიანი, რომელსაც კრიტიკული დამოკიდებულება აქვს საკუთარი თავის მიმართ... ის ქვეყნის მართვის საკითხში თანაბარ პასუხისმგებლობას ანიჭებს, როგორც მმართველ გუნდს, ასევე ოპოზიციას, არასამთავრობო სექტორს და მასმედიას... მას ყველაზე დიდ სიბრძნედ მიაჩნია ის, რომ „ადამიანი არ არის დაბადებული დამარცხებისთვის, ადამიანი გამარჯვებისთვის შეიქმნა.“

ეს პიროვნება გახლავთ ინტელექტუალური გათამაშების „რა? სად? როდის?“ მთავარი რედაქტორი, იმერეთის ვიცე-გუბერნატორი და, უბრალოდ, ინტელექტუალი - ლაშა კილაძე.

ალტერნატივის გარეშე არჩეული პროფესია

„ბავშვობიდან არ მქონია ალტერნატივა იმასთან დაკავშირებით, რომ სამედიცინო განათლება მიმეღო და ექიმი ვყოფილიყავი. ორივე ჩემი უფროსი და სტუდენტები იყვნენ მაშინ, დედაც ამ სფეროში იყო დასაქმებული. რაღაცნაირად, ისე მოხდა, რომ ალტერნატივა არ მქონია და არც მიფიქრია, რომ სხვა სპეციალობა ამერჩია, სხვა მიმართულებით წავსულიყავი. მე ფსიქიატრი ვარ და დღეს ძალიან მეხმარება ჩემი სპეციალობა. იმიტომ, რომ ამ რეჟიმში ძალიან ძნელია რეალურად, ამდენი სტრესის და პერმანენტული დაძაბული სამუშაოს ფონზე შეინარჩუნო დამოკიდებულება და სწორი მიდგომები. პრაქტიკულად ყოველდღე მიხდება შეხება კრიზისულ სიტუაციებთან, მწვავე მდგომარეობებთან, ზოგადად, როცა ადამიანის ფსიქიკა იცი, ძალიან სასარგებლოა ყოველდღიურ ურთიერთობაში და მითუმეტეს - ამ სამუშაოში, სადაც ახლა ვარ.“

წიგნი - შეუცვლელი ფენომენი

„ჩემს სახლში ყოველთვის ძალიან ბევრი წიგნი იყო და ძალაუნებურად მიხდებოდა წიგნთან ურთიერთობა რაღაც დონეზე. პირველი წიგნი, რომელიც წავიკითხე, გახლდათ „ბურატინოს თავგადასავალი“, ვიყავი ხუთი წლის. იქიდან დაიწყო და მოვყვებით ერთად მე და წიგნი, წიგნი ძალიან კარგი ფენომენია ზოგადად, შეუცვლელი ფენომენია, მე ვიტყოდი, ადამიანის ჩამოყალიბებისა და ზრდის პროცესში. წიგნი აძლევს ადამიანს იმას, რასაც ვერავინ და ვერაფერი აძლევს. ინფორმაციული მოცულობით დიდი შესაძლებლობები აქვს ინტერნეტს, რაც შეეხება აბსტრაქტული აზროვნების ჩამოყალიბებას, კრიტიკული ანალიზის უნარს - ამაში წიგნი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი.

და ძალიან მწყდება გული, როცა მესმის, რომ წიგნმა თავისი როლი შეასრულა და ეს არის გუშინდელი დღე. ვერანაირად ვერ დავეთანხმები ამას. წიგნს ჰქონდა ყოველთვის, ათეული საუკუნეებით ადრე ჩვ.წ-მდე, ძალიან მნიშვნელოვანი როლი და იგივე როლი აქვს დღესაც. წიგნიერება რეალურად ბევრ რამეს განსაზღვრავს, თუნდაც მიდგომების თვალსაზრისით. წიგნიერი ადამიანი გაცილებით სხვა კუთხით უყურებს საზოგადოებას, სხვა კუთხით ხედავს მიმდინარე მოვლენებს და სხვანაირ კომენტარს აკეთებს, თუნდაც არავერბალურ კომენტარს. მასმედიასთან ინტერვიუებს არ ვგულისხმობ, არამედ - თავის არსებაში.“

ენთუზიაზმით დაწყებული „რა? სად? როდის?“

„ინტელექტუალური თამაშები ჩვენ დავიწყეთ სამედიცინო ინსტიტუტში, ეს იყო 1991 წელი. მაშინ, როცა ენთუზიასტების პატარა ჯგუფი ვიკრიბებოდით, თვითონ ვწერდით კითხვებს, თვითონ ვთამაშობდით ერთმანეთის კითხვებზე და ასე გაგრძელდა სამი წლის განმავლობაში. 1994 წელს ჩვენ დავრეგისტრირდით და შევქმენით ინტელექტკლუბი „რა? სად? როდის?“ ინსტიტუტში. შემდეგ ამან მიიღო რესპუბლიკური სტატუსი.“

ქუთაისის ინტელექტკლუბი

„1996 წელს შეიქმნა ქუთაისის „ინტელექტუალები“, რომელიც დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს და აგრძელებს თავის საქმიანობას. ქუთაისის გუნდში დღეს არის მეოთხე თაობა, რომელიც თამაშობს და აქტიურადაა ჩართული. ქუთაისის გუნდი გახლავთ საქართველოს ამჟამინდელი ჩემპიონი  „რა? სად? როდის?“ - სპორტულ ვერსიაში. ჩვენ ყველამ ვნახეთ, შემოდგომის თამაშებზე რა წარმატებით გამოვიდა ქუთაისის გუნდი სატელევიზიო ვერსიაში და მხოლოდ ერთი ნაბიჯი დააკლადთ, რომ გამხდარიყვნენ სეზონის საუკეთესო გუნდი. ჩვენი თანამოქალაქე და კლუბის წევრი სერგო თევდორაძე არის მსოფლიო ჩემპიონი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, სატელევიზიო ვერსიაში. თუ გადავხედავთ ისტორიას, ქუთაისის გუნდი უკვე სამგზის საქართველოს ჩემპიონია და ამ მიმართულებით, ვფიქრობ, ძალიან სერიოზული შედეგია.“

მოთამაშე მოაზროვნის გზა

„მოთამაშე თავის ჩართულობას კლუბის რეალობაში იწყებს ანკეტის შევსებით, რომელსაც ის აგზავნის ჩვენი საიტის საშუალებით. წლის დასაწყისში ხდება შერჩევა მოთამაშეების, რომლებიც იმ წლის სეზონში მიიღებენ მონაწილეობას. აქ რამდენიმე ინდიკატორი გვაქს, რომელიც გვაჩვენებს, რამდენად წარმატებული იქნება ეს მოთამაშე სატელევიზიო ვარიანტში. არის შოუს ელემენტები. სატელევიზიო ვერსიისთვის ვითვალისწინებთ, რა თქმა უნდა პიროვნების ლოგიკურად აზროვნების უნარს, მის ინტუიციას, მისი ცოდნის მარაგს და ასევე - რამდენად მოახერხებს ეს ადამიანი, რომ ცოდნა და საკუთარი განცდები მაყურებლისთვის საინტერესო გახადოს. არიან მოთამაშე მოაზროვნეები, რომლებიც ამას ძალიან წარმატებით ახერხებენ; არიან მოაზროვნეები, რომლებიც შედარებით ნაკლებად ახერხებენ; არიან მოაზროვნეები, რომლებიც საერთოდ ვერ ახერხებენ. ამ სამ ჯგუფში გვიხდება ვარირება იქითკენ, რომ გუნდები დავაკომპლექტოთ, გუნდები გვყავდეს და მაყურებელს შევთავაზოთ საინეტერესო შოუ.“

კითხვების შერჩევის ინდიკაცია

„ჩვენ, საბოლოო ჯამში, კითხვებს ვაკეთებთ არა მოაზროვნეებისთვის, არამედ - მაყურებლებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მაყურებელი იყოს ჩართული კითხვის გამოცნობის პროცესში და უკვე საკუთარი თავი გამოსცადოს მოაზროვნეებთან შედარებით. ჩვენ გვინდა, რომ გამოვიტანოთ არა ის კითხვა, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა წვრილმანი ნიუანსები იცის მოაზროვნემ ამ ეტაპზე, არამედ - გვირჩევნია ცნობილი მოვლენების შესახებ უცნობი ფაქტები გამოვიტანოთ და გავხადოთ მაყურებლისთვის საინტერესო. ყოველმა კითხვამ, იდეაში, ახალი ინფორმაცია უნდა დატოვოს მაყურებლისთვის.

ძალიან ბევრი კურიოზული კითხვა მომდის. მაგალითად, მოსული იყო კითხვა, სადაც 8 ფაქტიური შეცდომა დავთვალე. ეს იყო ჩემპიონი კითხვებს შორის, ფაქტიური უზუსტობის მიუხედავად. კითხვა უნდა შეიცავდეს ისტორიულად სწორ ფაქტებს. ამის გადამოწმებას ჩვენ ვახდენთ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, კითხვა არ იყოს გასული სხვა გათამაშებაში. ამ ყველაფრის დაწურვის შემდეგ ვიღებთ გაცილებით ცოტა კითხვას, მაგრამ ყელაზე მნიშვნელოვანს და საინტერესოს.“

ადამიანი - ინტელექტუალი

„ეს ნიშნავს, იყო წარმატებული ადამიანი. ეს ნიშნავს, იყო ხვალინდელი დღის ადამიანი. ადამიანს, რომელიც არ არის შემოსაზღვრული დღევანდელობით, იხედება მომავალში, ეს არის ადამიანი, რომელმაც თავის დროზე სწორი ინვესტირება გააკეთა თავის თავში. ცნობილი ფაქტია, რომ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია - ეს არის ინვესტიცია ხვალინდელი დღისა. ჩვენი ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე, განათლება და წიგნიერება გახლავთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იარაღი და გზა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ჩვენ, ქართველები, არა ვართ ისეთი რაოდენობით, რომ სხვა ქვეყანაში შეღწევაზე და იქ ბაზრის აღებაზე ვიფიქროთ. ჩვენი მდგომარეობა გვიტოვებს ერთადერთ შესაძლებლობას, რომ ვიყოთ ძალიან განათლებულები, უახლოეს ტექნოლოგიებში ძალიან გარკვეულები.

ზოგადად დადგენილია, რომ ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა განისაზღვრება არა ჯანდაცვის ინდიკატორებით, არამედ - განათლებულობის ინდიკატორებით.“

პოლიტიკაში წასვლის მოტივაცია

 

„პოლიტიკაში წასვლით მომეცა საშუალება, რაღაც უკეთესი გამეხადა ჩემი მოსვლით, რაც იყო ჩემ მოსვლამდე და, ვფიქრობ, რომ როცა ეს შანსი გეძლევა, უარი არ უნდა თქვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გექნება არავითარი საფუძველი იმისა, რომ გააკეთე ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგეძლო ამ ქვეყნისთვის. ეს არის შანსი, რომ შეცვალო სიტუაცია უკეთესობისკენ. ასე რომ, ვნახოთ, რა გამოვა აქედან. ყოველ შემთხვევაში, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ მუდმივად ვეცდები იმისკენ, არ გამიჩნდეს თვითკმაყოფილების გრძნობა.

ეს არის სტიმული იმისკენ, რომ კიდევ უფრო მეტი იმუშაო, უფრო მეტი გააკეთო რეალურად იმ საქმეში, რასაც აკეთებ. ამის პირობა შემიძლია მივცე ჩვენს მკითხველებს, რომ თვითკმაყოფილების გრძნობა ჩემთვის უცხოა. ეს ძალიან სწორია, იმტომ რომ, როგორც კი წყდება თვითკრიტიკული დამოკიდებულება, იმ წუთშივე დგება სტაგნაციის პერიოდი. ახლა კი ჩვენ სტაგნაციის ფუფუნება და შესაძლებლობა არა გვაქვს.“

ის, რაც ქართულ პოლიტიკას აკლია

„დღეს პოლიტიკას არ ქმნის მხოლოდ მმართველი ძალა, ხელისუფლება. პოლიტიკაში ჩართულია სხვადასხვა სფერო: ოპოზიცია - ძალიან მნიშვნელოვნად, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკაში ჩართულია მასმედია. ძალიან ხშირად ამა თუ იმ რგოლში, რომელიც ჩამოვთვალე, რეალურად ვაწყდებით უპასუხისმგებლო დამოკიდებულებებს საკუთარი თავის, საკუთარი პოზიციის მიმართ. იმიტომ, რომ ზუსტად იმ დონითვე არის პასუხისმგებელი ქვეყნის და საზოგადოების წინაშე ყველა რგოლი, როგორც ხელისუფლება.

არასოდეს არ ყოფილა, რომ კარგ ხალხს ჰყოლოდა ცუდი ხელისუფლება და პირიქით, ცუდ ხალხს ჰყოლოდა კარგი ხელისუფლება. თუკი ჩვენ შევხედავთ ისტორიას, ნათელი შთაბეჭდილება დაგვრჩება იმ პერიოდში საზოგადოებაში არსებული შეჯამებული სახის შესახებ. იმიტომ, რომ როდესაც საზოგადოებას მაკედონიაში სჭირდებოდა ალექსანდრე მაკედონელი, ჰყავდა ეს ალექსანდრე მაკედონელი.“

საქართველო ხვალ

„საქართველოს ექნება ძალიან წარმატებული ხვალინდელი დღე: თუ კი ჩვენ ამას ყველანი ერთად მოვინდომებთ. თუკი  ჩვენ მოვინდომებთ, რომ რეალურად საქართველო იყოს ძლიერი ქვეყანა, ამას გავაკეთებთ. თუ არ მოვინდომებთ... დიდი კონსტანტინე გამსახურდიას ციტატა ვიცით: „თუ ერმა გამარჯვება ვერ მოინდომა, ვერანაირი ალექსანდრე მაკედონელი ვერ გაამარჯვებინებს.“ ჩვენ ყველამ უნდა შევიგნოთ, რომ ვაშენებთ ერთ დიდ სახლს, სადაც ყველა ჩვენგანს თავისი ოთახი ექნება, მაგრამ უნდა გავიგოთ, რომ თუკი ქვედა სართულზე ოთახი არ იქნა ძლიერი, ჩვენ მას ზევით  ვერ დავაშენებთ.“

თეონა თოდუა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2241
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია