საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ბიჭი საქსაფონით
2009/12/14 14:31:05

ცხრა წლის იყო, პირველი ნოტი სათამაშო პიანინოზე რომ აიღო. მერე მელოდიის აწყობაც სცადა. მალე ნიჭი ბაბუამაც შეამჩნია... სწორედ ორი მტკაველის ზომა სათამაშო პიანინო იყო პირველი ინსტრუმენტი, რომლითაც ცნობილმა მუსიკოსმა დევის ახვლედიანმა შვილიშვილი, ლაშა საყვარელიძე ნოტების სამყაროს აზიარა.

ახლა ლაშა 17 წლისაა და მუსიკა მისთვის მთელი სამყაროა. ღიმილით იხსენებს იმ პერიოდს, ბაბუასთან ერთად ნოტების აღქმა რომ დაიწყო. მაშინ ამერიკაში იყვნენ. 8 წლის იყო, ბაბუას, ქართულ ხალხურ ანსამბლ „გელათის“ პრეზიდენტს, მოცეკვავის სტატუსით რომ წაჰყვა და იქ დარჩენა გადაწყვიტეს. საქართველოში მხოლოდ 6 წლის შემდეგ დაბრუნდა - ამერიკული სკოლის დიპლომით და განუყრელი საქსაფონით, თუმცა - ეს მერე, მანამდე კი...

პირველი სერიოზული ინსტრუმენტი, რომელიც სათამაშოს შემდეგ ბაბუამ უყიდა და რომლითაც მუსიკის სამყაროში შეაბიჯა - ფორტეპიანო იყო. მასზე ორი წელი უკრავდა. საქსაფონთან პირველი შეხვედრა მეექვსე კლასში შედგა. ამერიკულ სკოლაში, სადაც თითქმის ყველა საგანს გაძლიერებულ ჯგუფში სწავლობდა, ჯერი არჩევით საგანზე მიდგა და მუსიკა აირჩია, ინსტრუმენტად - საქსაფონი. ესეც - ბაბუას გავლენით.

„ჯაზი ბაბუამ შემაყვარა, თავიდანვე მასმენინებდა. ყველაზე მეტად საქსაფონის ბგერა მომწონდა - ასე ვთქვათ, ჩემში იჯდა და ახლაც ზის. ანუ, მე რაც მინდა, იმ გრძნობას ამ ინსტრუმენტის საშუალებით გადმოვცემ“.

მას შემდეგ ექვსი წელი გავიდა. ახლა საქსაფონი ის ინსტრუმენტია, რომლითაც აზროვნებს, გამოხატავს გრძნობებს, პოულობს საკუთარ თავს და იდეალურად ერწყმის სამყაროს.

„რას ვგრძნობ დაკვრის დროს? თუ ვუკრავ რაიმე რითმულს, გული მიჩქარდება, ბევრი აზრი მომდის თავში და ამ აზრებს დაკვრით ვახორციელებ. თუ რაიმე რომანტიულს ვუკრავ, მახსენდება ის ადამიანები, რომლებიც მიყვარს და ასე შემდეგ.“

სიამოვნებს ყველაფერი, რაც მუსიკას უკავშირდება - დაკვრა, მოსმენა... ეს მისთვის არა მარტო პროფესია, ცხოვრების გზაა. ამ გზის გამკაფავი და მისი მთავარი თანამგზავრი, მასწავლებელი და გვერდში მდგომი კი - ბაბუაა.

„ზოგი იმიტომ ირჩევს მუსიკას, რომ მუსიკის ნიჭი აღმოაჩნდება და სხვა გამოსავალი არა აქვს. მე თითქმის ყველა საგანში ძლიერი ვიყავი, განსაკუთრებით მათემატიკა მიყვარს, მაგრამ მუსიკა ის არის, რაც ყველაზე მეტად მსიამოვნებს, ამიტომ, მუსიკა ავირჩიე. ბაბუამ მითხრა: მე მათემატიკაში ორჯერ შენზე ძლიერი ვიყავი, მაგრამ მუსიკა ვარჩიე, შენ, სამაგიეროდ, მუსიკაში ხარ ორჯერ ჩემზე ძლიერი და კარგი ქენი, მუსიკა რომ აირჩიე. მე ამდენს მივაღწიე და წარმომიდგენია, შენ რას მიაღწევო“.

ბაბუასთან იდეალური ურთიერთობა აქვს, თუმცა, ხშირად კამათობენ კიდეც, ძირითადად - მუსიკაზე, მაგრამ ესეც ორივეს მოსწონს.

„ხშირად გვიდავია მუსიკის საკითხზე, მეც მიმიცია მისთვის რჩევები, მაგრამ მას ეს პირიქით, სიამოვნებს. მოსწონს, რომ რობოტივით არ ვუკრავ, ვაზროვნებ, ყველაფერში არ მივყვები და ჩემი აზრი გამაჩნია. შესრულებაზეც გვქონია განსხვავებული აზრი, უნდოდა, ნაწარმოები სხვანაირად დამეკრა, მე ვეუბნებოდი: „ასე მინდა“.

მუსიკის საყვარელი მიმდინარეობა ლაშასთვის, რა თქმა უნდა, ჯაზია. ჯაზის გარდა უსმენს: როკს, ბლუზს, გასპელს, ხანდახან - ჰიპ-ჰოპსაც, ძირითადად - აზრიან მუსიკას, თუმცა, ზოგჯერ გასართობსაც, განწყობას გააჩნია. ქართული ხალხური სიმღერებიც უყვარს.

„ხალხურიც მიყვარს, რადგან ჩემში ზის. ქართველი თუ ხარ, ბუნებრივია, რაღაც გრძნობებს აღვიძებს შენში, როცა ქართულ ხალხურ მუსიკას უსმენ“.

საქართველო ის ადგილია, სადაც თავს ყველაზე კარგად გრძნობს, თუმცა იცის, რომ პროფესიული ზრდისთვის ამერიკაც აუცილებელია. ამერიკაში ყოფნის ექვსი წლის მანძილზე ყველაზე მეტად და ენატრებოდა, ექვსი თვის რომ დატოვა წასვლისას და ექვსწლინახევრის დახვდა დაბრუნებულს.

„ჩემი სურვილი იყო, დავბრუნებულიყავი საქართველოში ხალხის გამო. ქართველ ხალხს უფრო ვეწყობი, ვიდრე ამერიკელებს. პატარა ვიყავი, მაგრამ მაინც კარგი მოგონებები მქონდა საქართველოზე“.

პირველი მუსიკალური გამოსვლები ამერიკას უკავშირდება - უკრავდა ჯაზ-ბენდში, სასულე ორკესტრში. კონკურსებშიც არაერთხელ მიუღია მონაწილეობა და საკმაოდ წარმატებულადაც... იქ მხოლოდ კოლექტიური გამოსვლები ჰქონდა, პირველი სოლო კონცერტით კი ქართველი მაყურებლის წინაშე წელს ლადო მესხიშვილის დრამატულ თეატრში წარსდგა.

მონაწილეობდა ამერიკის საელჩოს მიერ რუსთაველის სახელმწიფო თეატრში წარმოდგენილ მიუზიკლების პროექტში „საბავშვო ბროდვეი“, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში შერჩეული ნიჭიერი მოზარდები მონაწილეობდნენ. მაყურებელმა იხილა სცენები სხვადასხვა დროს ბროდვეიზე დადგმული განთქმული მიუზიკლებიდან.

საქართველოში დაბრუნებისთანავე მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში მივიდა, სადაც საქსაფონის კლასი არ იყო, მაგრამ გახსნეს და აქ მხოლოდ ლაშა სწავლობდა...

„კლარნეტისტი იყო ჩემი მასწავლებელი, მალხაზ მჭედლიშვილი, მონათესავე ინსტრუმენტებია და მეხმარებოდა. ორი წელი ვისწავლე იქ. ახლა თბილისში გადავედი და წელს კონსერვატორიის ჯაზის ფაკულტეტზე ჩასაბარებლად ვემზადები, რომელიც წელს გაიხსნა თბილისში“.

გული სწყდება, რომ საქართველოში ჯაზი იმ დონეზე არ არის განვითარებული, როგორც უნდა იყოს. ჯერჯერობით, ვერც პერსპექტივას ხედავს ამ ჟანრში.

„მასალაც არ არის აქ, რომ ისწავლონ ბავშვებმა. მასალა და პირობები რომ იქნება, მაშინ იქნება დაინტერესება... პროფესონალები საქართველოში იყვნენ ამ ჟანრში, ერთეულები, მაგრამ თითქმის ყველა წავიდა საზღვარგარეთ. საერთოდ, მუსიკა არ ფასდება, ჩემი აზრით, საქართველოში, არანაირი შემოსავალი არა აქვთ მუსიკოსებს“.

მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით, საქართველოდან წასვლას არ ფიქრობს, თუმცა, სამომავლო გეგმები მაინც ამერიკას უკავშირდება.

„უმაღლესი მინდა ამერიკაში დავამთავრო. არა იმიტომ, რომ ამერიკაა. ჩემი სურვილია, იმავე დონის სასწავლებელი იყოს საქართველოში, მაგრამ იქ წასვლაა საჭირო, რომ კვალიფიკაცია ავიმაღლო. წარმოუდგენლად რთულია, მაგრამ, გეგმაში მაქვს, ჩავაბარო ბერკლის მუსიკალურ უნივერსიტეტში, ჯაზის და მუსიკის განხრით, ყველაზე ძლიერი უნივერსიტეტია მთელს მსოფლიოში. წელიწადში 50.000 დოლარი ჯდება, მაგრამ, იმედი მაქვს, დაფინანსებას მოვიპოვებ“.

ჯერ მხოლოდ იდეის სახით არსებული - ბაბუას სამომავლო გეგმაც გაგვანდო - საქართველოში ჯაზის სკოლის გახსნა, 10-11 წლის ბავშვებსაც რომ ლაშასავით გაუკვალოს გზა და 17-18 წლის ასაკში იმ დონეზე იყვნენ, ნებისმიერ ქვეყანაში შეძლონ ჯაზის ფაკულტეტზე ჩაბარება. თუმცა, ამ გეგმის განხორციელება ქალაქის ხელმძღვანელობის მხარდაჭერაზე იქნება დამოკიდებული.

თავად ლაშას მუსიკის გარეშე საკუთარი თავი მომავალში ერთი წუთითაც ვერ წარმოუდგენია.

„შეიძლება 10, 20 წელიწადში არ გამოვიდე სცენაზე საქსაფონით და სოლო კონცერტებს არ ვაკეთებდე, მაგრამ კომპოზიტორად წარმომიდგენია ჩემი თავი, ან დირიჟორად. შეიძლება ჩემი ჩამწერი სტუდია მქონდეს, მაგრამ მუსიკაში ვიქნები ნამდვილად“.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1713
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია