საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუჩაში მიდის და ღიღინებს...
2009/11/30 11:55:12

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ის ჯერ მხოლოდ ხუთი წლის იყო. ქეთინო იონანიძის საოცარი მონაცემები პირველად მომღერალმა ბიძამ შეამჩნია. პატარა გოგონა სცენაზე მიკროფონს რომ ვერ სწვდებოდა, სკამზე შეაყენეს და ისე ამღერეს იტალიური სიმღერა, „ნონოლეტა“. მისთვის უჩვეულო სასცენო განათებებმა ცოტა შეაშინა და მიკროფონს ჩააფრინდა, თუმცა, მის ნამღერს არც შიში დასტყობია და არც მღელვარება. მაშინ გვერდით მისი საყვარელი თოჯინა ჰყავდა, ამ თოჯინას დღესაც ინახავს, ინახავს იმ კაბასაც, რომელიც მაშინ სცენაზე ეცვა.

პირველი ნაბიჯებიდან ბევრი წელი გავიდა. დღეს ქეთინო იონანიძე მრავალი საინტერესო სიმღერის ავტორია. აქამდე მოსასვლელი გზა კი საინტერესო და ბევრი უცნაურობებით იყო სავსე...

მუსიკალურში შეიყვანეს, ნოტები არ უყვარდა, ამიტომაც პედაგოგს სთხოვდა, ერთხელ დაეკრა მისთვის და ისიც იმეორებდა. იმპროვიზაცია უყვარდა, ცნობილ ნაწარმოებებს თავისებურად მიაბამდა ხოლმე „რაღაცეებს“. პედაგოგები ტუქსავდნენ, რატომ აკეთებ ამასო. ისიც ბავშვური გულუბრყვილობით პასუხობდა, „ამის დამწერი ბიძია მაინც მკვდარია, რას გაიგებს, ამას კიდევ ძალიან მოუხდაო...“ უკრავდა ფორტეპიანოზე და არასოდეს იხედებოდა კლავიშებზე:

„მსმენელს ვუყურებდი და ვუყურებ, ყოველთვის მაინტერესებს ისინი რას ფიქრობენ, მათ რა აწერიათ სახეზე.“

საოცრად ფლობდა მარცხენა ხელს. ამიტომაც პატარა გოგონას საგამოცდო კომისია ასე აფასებდა: „ეს მთლად გააგიჟებს ვიღაცას, ან ძალიან დიდ კვალს დატოვებს.“

არ მიუღია მუსიკალური ტექნიკური განათლება, არც კონსერვატორიაში ჩაუბარებია. ამასაც ჰქონდა თავისი მიზეზი - 27 წლის ბიძა მოულოდნელად გარდაიცვალა და ოჯახში დიდმა მწუხარებამ დაისადგურა.

მხოლოდ ორი წელი ემზადებოდა სპეციალისტთან - გენრიეტა ხოჯავასთან. მაგრამ ნიჭი, შინაგანი უნარი არ ასვენებდა, ამიტომაც დაიწყო მუსიკის წერა.

„ვწერდი და მეუბნებოდნენ, ამას ეტიუდი ჰქვია, ამას - სონატა..“ 

მარტივი ნოტები არასდროს ყოფილა მასთან, ყოველთვის მრავალხმიანობა ახასიათებს. სიმღერების წერაზე არც უფიქრია. შემთხვევით დაიწყო ყველაფერი.

„ერთ მშვენიერ დღეს ერთ-ერთ სასწავლებელში თეიმურაზ ლანჩავას შემოქმედებითი საღამოსთვის ემზადებოდნენ. მოვიდნენ და მითხრეს, ასეთი რამეები გამოგდის და იქნებ სიმღერის დაწერა სცადოო. მეც ვათვალიერებდი კრებულს და ერთი ლექსი მომხვდა თვალში. იმ ლექსს „ვერ გაგექეცი“ ერქვა, მე კი იქვე დავარქვი, „ვარსკვლავები“. სიმღერა მოეწონა მსმენელს. ეს იყო პირველი სიმღერა ბატონი თემურის ლექსზე და ეს იყო ჩემთვისაც პირველი სიმღერა.“

პირველს კიდევ ბევრი სხვაც მოჰყვა. ქუჩაში მიდის და ღიღინებს, ყოფილა ისეთი შემთხვევაც, ნაცნობი შეხვედრია, მისალმებია, ქეთინოს კი, იმის შიშით, რომ მელოდია არ დავიწყებოდა, პასუხიც ვერ დაუბრუნებია.

მასთან სტანდარტულად არაფერი ხდება, არასდროს ფიქრობს, მაჟორი სადააა საჭირო და მინორი როდის ჩაანაცვლებს მას. უბრალოდ, ინსტრუმენტთან ჯდება და იქვე იბადება ყველაფერი.

„ხანდახან სხეულში ვერ ვეტევი, მაშინ აუცილებლად უნდა დავწერო.“

მისი ძალიან საინტერესო და რთული მუსიკა ხშირად აოცებდა მსმენელსაც და სპეციალისტებსაც.

როცა დირიჟორმა თეიმურაზ კობახიძემ მის კლასიკურ ნაწარმოებებს მოუსმინა, ურჩია, თბილისში წასულიყო და ნიჭი არ დაეკარგა. ვერ მოახერხა.

მისი სიმღერები კომპოზიტორმა ნუნუ გაბუნიამაც მოისმინა, ისიც აღფრთოვანდა, უთხრა, თუ თბილისში დარჩები, შენი ნიჭისთვის გზა ხსნილი იქნებაო. მაშინაც ვერ მოახერხა. ქალბატონი ქეთინოს კიდევ  ერთი ნამუშევარი გაორკესტრებული ხორუმია, რომელიც თენგიზ სუხიშვილმა მოისმინა, ძალიან მოეწონა და ასე შეაფასა: „ეს არის ხორუმის ურთულესი ვარიანტი, ყველაფერია მასში ჩართული, სიმფონიური ორკესტრი, საესტრადო, ხალხური.“

იყო ერთი კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ქეთინო იონანიძე დედაქალაქში ერთ-ერთ ფესტივალზე ჩავიდა, თითო კონკურსანტს შიდა მოსმენაზე ორი სიმღერა უნდა ემღერა, მას კი თითქმის მთელი რეპერტუარი შეასრულებინეს. მისი ნიჭიერებით აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ბუთხუზ ბასილაია, ჯემალ ბაღაშვილი, მანანა თოდაძე. მაშინაც შესთავაზეს დარჩენა. ვერ შეძლო.

„უნდა წავსულიყავი, დღეს გული აღარ დამწყდებოდა. დღეს თბილისიდან რომ ჩამოდიან აქედან წასული მომღერლები, ისინი მეუბნებიან, თბილისში ახსოვხართო. ესეც კარგია, ესეც ძალიან მიხარია. თუმცა, მაინც ქუთაისი ავირჩიე.“

ამ ქალაქში დარჩა.

მისი სიმღერების გაფონოგრამებას ხელი ნიჭიერმა მუსიკოსმა გოჩა ჩოგოვაძემ მოჰკიდა, თან ისე, რომ ერთი თეთრიც კი არ აუღია ავტორისაგან, ერთხელ სიურპრიზიც გაუკეთა - მისი სიმღერა „უგალობე მზეს და მთვარეს“, რომელსაც თავის დროზე რობერტ ბარძიმაშვილი საბავშვო ანსამბლი „ლახტი“ და პატარა ლევან ლაზარიშვილი ასრულებდნენ ერთ-ერთ კონცერტზე იმღერა და მსმენელი დიდხანს არ უშვებდა სცენიდან. 

ქუთაისში წლების წინათ, ქეთინო იონანიძის შემოქმედებით საღამოებზე დარბაზი იჭედებოდა, ვინც მას და მის შემოქმედებას იცნობს, ყველამ იცის, რომ ქეთინოსთან მარტივი არაფერია.

ქუჩაში მიდის და ღიღინებს, თან ყოველთვის... მუსიკა მასშია... მხოლოდ მსმენელს ელის. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1598
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია