საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რეალობა სიზმრიანი ძილიცაა...
2009/10/26 12:20:54

ინტერვიუსთვის მე დავურეკე. დამთანხმდა ზედმეტი რევერანსების გარეშე. არ უთქვამს, რატომ დაინტერესდით ჩემით, ან ჩემთან ხომ არ მოხვიდოდით, ნახატებსაც ნახავდით და უფრო კარგად გაიცნობდით ჩემს შემოქმედებასო, უბრალოდ მითხრა: „კარგი, ხვალ მოვალ...“ 

მართლა ძალიან ძნელია გიორგი ჭიღლაძის შემოქმედებითი პორტრეტი გააკეთო, ერთადერთი მიზეზით - რატომღაც, სიტყვა „შემოქმედებითი პორტრეტი“ ნაკლებად შეესაბამება მის ნატურას. თან, უბრალოდ, ძველ არტ-კლუბელთან შენც არ გინდა, სტანდარტული შეკითხვები დასვა.

მონოლოგი ნამდვილად არ ყოფილა, თუნდაც იმიტომ, რომ ინტერვიუს მხოლოდ ორი აუცილებელი პერსონა - ჟურნალისტი და რესპონდენტი არ ესწრებოდა. სულ ოთხნი ვიყავით, თუმცა, რატომღაც, სტატიის ფორმად მონოლოგის სტილი ვარჩიე...

 

„ძალიან კარგად ვარ, დღეს თეთრ ხიდზე მოვდიოდი და ძალიან ლამაზი გოგონა დავინახე... მე და ჩემი მეგობრები, კეთილი ადამიანები, დავდივართ და არაფერს ვაფუჭებთ, უბრალოდ, გამოფენისთვის ვემზადებით. აქედან წავალთ და ან ახალი აზრი მოგვივა თავში, რაღაცას დავამატებთ, ან რაღაცას ვიზამთ...

სამი წელი ვიყავი ევროპაში და შეიძლება, კიდევ წავიდე. კარგია, ადამიანი რომ არ ჩერდება, კარგია დეპრესიისთვისაც, ჯანმრთელობისთვისაც და სულისთვისაც. ახალ რამეებს რომ ხედავ, ავტომატურად იწყებ შედარებას და ფიქრს. აქ ერთ ადგილას რომ ხარ, ერთფეროვნებაა და ჭაობში ეფლობი.

შინაგანად მაინც კარგად ვარ. ადამიანს იმუნიტეტი აქვს და იქ შეძვრება, სადაც კარგადაა, თუმცა, რამდენი ხნით მოგიწევს გაჩერება, არავინ იცის“.

 

„ქუთაისში ისეთი რამეები მაქვს, სხვაგან რომ ვერ ნახავ. როგორი სოციალური ფონიც არ უნდა იყოს, მაინც სამშობლოა.

ქალაქი ქალაქს უნდა ჰგავდეს, თვალი რომ დაასვენო და სხვა რამეებზე არ იფიქრო. როცა ესთეტიკა გეხმარება, უკვე სხვაგან მიდიხარ. არის მატრიცაც, რომელიც გაქვს მარტო შენ. პრინციპში, შიძლება ითქვას, რომ ცხოვრებაა ამ მატრიცაშიც და რეალობაშიც, რადგან რეალობა არა მარტო თვალით დასანახი სივრცეა, არამედ - სიზმრიანი ძილიც. ანუ, იქაც ხდება მოქმედებები, სადაც არანაკლებ ღელავ და განიცდი. მთავარია, ვინ როგორ უყურებს. მერე, რომელიც გაწყობს, იმას ირჩევ - ესაა ცხოვრება...

ხატვითაც, ხატავ იმას, რასაც ხედავ და - პირიქით, ეს შენშია და არ რჩება მხოლოდ სურათად. ერთია, შეხედო და გადაიტანო ფიქსირებულად და მეორეა, შეხედო და გააკეთო.“

 

„რა თქმა უნდა, მხატვრისთვის ფსიქოლოგიური მომენტია, რა რეაქცია აქვს ხალხს გამოფენაზე, მაგრამ უფრო ხშირად ხედავ, რომ მათ ის არ მიაქვთ, რაც შენ დახატე, რაც შენ გინდა მისცე. შეიძლება, მხატვრამდე მისვლა მაინც გაუჭირდეს, მაგრამ ისეთი ადამიანი, რომელიც მოდის შენთან, შემოდის სახელოსნოში, ხედავს, რასაც აკეთებ, - გაიგებს შენს სათქმელს. ეს არის ბოჰემური სიტუაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით უნდა იყოს ნებადართული.

თუ დავკონკრეტდებით, არასახარბიელო მდგომარეობაა: ხალხი არ არის იმისთვის მზად, რომ მოვიდეს გალერეაში და ნახოს ნამუშევრები. საქართველოში ძალიან მცირე მოსახლეობაა, რომ ხელოვნებას ყიდულობდეს დამთვალიერებელი. მასა ყველგან არსებობს, მაგრამ ის 5% პროცენტიც არა, რომელიც მასას უნდა გამოეყოს და დააინტერესო. მასაზე არც არაფერს ვთვლით, ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ იმას, რასც  ვაკეთებთ ჩვენ თვითონ.

მხატვრობაში ეფექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთგვარი ავანტიურისტობაცაა, სხვადასხვა ხრიკი შემოგაქვს. სალვადორ დალი ეფექტოლოგი იყო, გამოფენებზე ხან რითი გამოცხადებოდა, ხან რით...“

 

„ემოციით გაკეთებული ძალიან ბევრია და მათგან ბევრი - ძლიერი. გინდა მხატვრობა იყოს, გინდა მუსიკა, მაგრამ ემოცია ადამიანს აქვს როგორც ინსტიქტი, საქმე იმაშია, როგორ გამოხატავს ამ ემოციას. შემოქმედი ემოციაში ფიქრობს, როგორ გამოხატოს თავის ემოცია, რა გამოხატოს და რა არა, ანუ ფილტრავს, - ესაა თავისი გონებიდან გამომდინარე. ისეთი დიდი ემოციის დროს, შეიძლება, ნახატს არც მივეკარო. როცა დაიწმინდება, მერე ვიწყებ ფიქრს - რა იყო ეს, როგორ იყო და რატომ იყო. როცა თემაზე ვმუშაობ, ეს თემა რაღაც ემოციამ მომიტანა, იმას ვაკეთებ, რასაც განვიცდიდი. ეს შეიძლება იყოს რელიგიური თემა და გამოხატავდეს ჩემს სულიერ მდგომარეობას. შეიძლება ეხებოდეს ეგვიპტეს, ფრესკული მხატვრობა, ანუ, ეს ყველაფერი მეც მეხება, იმიტომ, რომ ჩემში ვფიქრობ.“

 

„მხატვრობა ყოველთვის იყო ჩემთვის ამოუცნობი და ინტიმური; საიდუმლოება იყო, რომელიც მიზიდავდა. მეოთხე კლასში, ხატვის გაკვეთილზე, დავალებად მოგვცეს რთველი. მე, რადგანაც ხელი მემორჩილებოდა, რამდენიმე ჩემს კლასელს დავუხატე და ჩემი ნახატისთვის მტევნების დახატვა ვეღარ მოვასწარი. მივუტანე მასწავლებელს, მითხრა: რთველია და ყურძენი სადააო? ვუპასუხე, უკვე დაკრიფეს, მასწავლებელო-მეთქი. ეს იყო ჩემი პირველი ავანტიურა. მერე, მოდის ის პერიოდი, როცა ინტერესდები რაღაცებით, ვიღაცებს ითვისებ - მწერლებს, პოეტებს, ხარ ადამიანებთან, რომლებიც შენსავით ფიქრობენ და გადაწყვეტ, რომ ეს სფერო არის შენთვის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული. მიდის წლები და იხვეწები ამაში. კარგად ხატავდე, არ ნიშნავს, იყო მხატვარი, მარტო კი არ უნდა ხატავდე, მხატვარივით უნდა ცხოვრობდე, შეიძლება ჯაჭვები გქონდეს ჩამოკიდებული ჯინსზე, ან წვერი არ გქონდეს და ულვაში გქონდეს, ან ადიდასის სპორტული გეცვას. მე მაქვს ერთი ასეთი კომპოზიცია: ჩემს მფარველ ანგელოზს ადიდასის სპორტული ზედა აცვია - შეცივდა ჩემს ანგელოზს, გავიხადე და მოვახურე, რა...

 

„ძაან მაგრად მომწონს ეს ნამუშევარი.“

ცხოვრებას წინასწარ არ ვგეგმავ, რაღაცები დავგეგმე და...

თუმცა, არა, ვგეგმავ, რომ ინგლისური ძალიან კარგად ვისწავლო და ტიხრულ მინანქარში მოვსინჯო თავი.

გიორგი ჭიღლაძე...

ახლა გამოფენისთვის ემზადება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1493
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია