საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„დნნ, დშნ“ - ყველაზე პოპულარული ფიზიკოსი მომღერალი
2009/10/19 15:18:43

პოპულარობა ზვიად ამყოლაძეს ზუსტად ერთმა იშვიათმა „მუსიკალურმა“ ფრაზამ - „დნნ, დშნ“-მ მოუტანა. მისი იმპროვიზაცია მაყურებელმა „ჯეოსტარის“ შესარჩევ ტურზე იხილა, როდესაც მან „ფელიჩიტა“ სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაციით შეასრულა. ამის გამო ის ახლა საქართველოში ალბანოზე მეტად პოპულარულიც კია. მასზე წერენ გაზეთები, იწვევენ ტელეგადაცემებში, მას უხდენენ ოცნებას და ის ფილარმონიის განახლებულ სცენაზე დგება. 21 წლის ზვიად ამყოლაძის პოპულარობის ხანგრძლივობა ჯერ სამკვირიანია, რეიტინგი კი კიდევ უფრო შთამბეჭდავი. „ფელიჩიტა“ ანუ იგივე „დნნ, დშნ“ დაახლოებით 130000 ინტერნეტმომხმარებელმა ჩამოტვირთა, თვითონ კი ერთხელაც არ უნახავს. არ უყვარს საკუთარი ნამღერის მოსმენა. როცა ინტერნეტით ჯეოსტარის ქუთაისში ჩატარებული შესარჩევი ტური ჩამოვტვირთეთ, მან თვალებზე ხელები აიფარა.

პოპულარობას ის ახლა ყველგან გრძნობს: ქუჩაში, ტრანსპორტსა და ვებ-გვერდ „odnoklassniki.ru“-ზე, ამ საიტზე იმატეს მისმა მეგობრებმა, სტუმრებმა, შეფასებებმა და ასეთმა კომენტარებმა: „მაგარი ხარ, ძმაო, დნნ, დშნ“.

ზვიადის ორგვერდიან რეპერტუარში, რომელიც მან არჩევანის გასაკეთებლად „ჯეოსტარის“ მკაცრ ჟიურის გადასცა, ჟანრობრივი და ენობრივი მრავალფეროვნებაა. არჩევანი „ფელიჩიტაზე“ რომ არ გაკეთებულიყო, შესაძლოა, მაიკლ ჯეკსონის, ელტონ ჯონისა, იგორ კრუტოის თუ ირინა ალეგროვას სიმღერები მოგესმინათ. რეპერტუარში არის აგრეთვე: „ქალს, მშვენიერ ქალს“, „შატილის ასულო“, „რა ვქნა, რომ ბედი არ მწყალობს“.

ზვიადი ამბობს, რომ პოპულარობა ხელს არაფერში უშლის: „ქუჩაში რომ გამოვდივარ, ყველა მიღიმის და მსიამოვნებს, იცინიან და ამბობენ, ეს ის არის, ეს არის ჯეოსტარის შესარჩევ ტურზე რომ იმღერაო. სხვა შემთხვევაში, ამდენი ხალხი ნამდვილად ვერ გამიცნობდა.“

გადაწყდა, რომ მის ცხოვრებაში სიმღერა ჰობია, რომელმაც პოპულარობა მოუტანა, პროფესიად კი ისევ ფიზიკოსობა რჩება. ზვიად ამყოლაძეს აქვს იურიდიული განათლება, რომელიც მან პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტში მიიღო, ამჟამად კი აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერების ფაკულტეტზე, ფიზიკის სპეციალობაზე სწავლობს. მუშაობს კავშირგაბმულობის ერთ-ერთ კომპანიაში დარაჯად, ესეც იმისთვის, რომ სწავლის გადასახადი გადაიხადოს. მისი მოღვაწეობის სფერო ნაწილობრივ ჟურნალისტიკაცაა, კერძო გამოცემებში „ნორჩი ჟურნალისტი“ და „იმერეთი დედაა ჩემი“ - ზვიადის წერილებსაც შეხვდებით.

მისი ერთ-ერთი ღია წერილის ადრესატი საქართველოს პრეზიდენტიცაა. მომღერალი-ფიზიკოსი მას ბიზნეს-გეგმის განხორციელებაში მხარდაჭერას სთხოვს. მას უნდა, რომ ჩამოაყალიბოს პროფესიული დაწყებითი მომზადების (ტექნიკური შემოქმედების) სკოლა-სახელოსნო-სალონი „ნორჩი ტექნიკოსი“. ამ შემთხვევაში კი ის იმერეთის საჯარო სკოლების სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს შემოიკრებდა და დაასაქმებდა.. ნორჩი ტექნიკოსები სხვადასხვა მიმართულებით ისწავლიან: ჟურნალისტიკას ყოვლის მომცველად (ტელე, ფოტო, რადიო, პრესა, პოლიგრაფია); რობოტოტექნიკას; ტურიზმს, მეფუტკრეობას. წყალტუბოს რაიონის სოფელ გუმბრაში უნდა მოაწყოს სტუდენტური ტურისტული სადღეღამისო სასტუმრო, აქვე ჩამოაყალიბებს ფერმერულ მეურნეობას, რაც მისი დიდი ხნის ოცნებაა. წერილი პრეზიდენტისადმი ასე მთავრდება: „ვარ სტუდენტი, სოციალურად დაუცველი, არ მყავს დედ-მამა, არც ვინმე, ეკონომიური დახმარება რომ გამიწიოს ბიზნეს-გეგმის განხორციელებაში, არადა, რაც ჩავიფიქრე, მსურს მისი პრაქტიკულად განხორციელება. მწამს თქვენი გულისხმიერების, რომ არ დამტოვებთ უყურადღებოდ.“

ბიზნეს-გეგმების განხორციელებამდე ზვიადი ჯერ ისევ მღერის და თან ვოკალურ პარტიასთან ერთად ორკესტრის ფუნქციასაც ითავსებს, ეს იმიტომ, რომ თვლის ადამიანის შესაძლებლობები ფართოა, და რაც მთავარია, ფიქრობს, რომ ადამიანმა რაც შეიძლება ნაკლები უნდა ინერვიულოს: „ჯეოსტარზე“ ყველა ღელავდა, რა გვეშველებაო, იძახდნენ, ადგილს ვერ პოულობდნენ, მე კიდევ სულაც არ ვნერვიულობდი, მითუმეტეს, მოუმზადებელი მივედი, რამდენიმე წუთის ჩამოსული ვიყავი კახეთის პატრიოტთა ბანაკიდან.

კონკურსზე გამოსვლა მოულოდნელი აღმოჩნდა მისი ახლობლის, გიული ლოლომაძისთვისაც, რომელიც მშობლების დაღუპვის შემდეგ მასთან ცხოვრობს. (ბევრმა არც იცის, რომ ზვიადი ქალაქისათვის კარგად ცნობილი ინტელიგენტი ქალბატონის, საზოგადოება       „ქუთაისელის“ პრეზიდიუმის ყოფილი წევრის, დალი ლოსაბერიძის ვაჟია).

საყოველთაოდ პოპულარულმა ზვიადმა, შესაძლოა, მომავალ „ჯეოსტარზეც“ მოგვასმენინოს საკუთარი ვოკალი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1643
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია