საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ჩელენტანო, რომელიც არ მღერის...
2009/09/07 13:42:23

იუმორისტული ტელესივრცის ქუთათური ვარსკვლავი

„ქლაბ-შოუს“ სცენაზე ქართველი „ჩელენტანოს“ გამოჩენას დამანგრეველი ტაში და ოვაციები მოჰყვა. თბილისში დაბადებულ და ქუთაისში გაზრდილ ალეკო ქურდუბაძეს აწეული წარბით, სცენური მოძრაობებითა და მიმიკებით, იტალიელი მსახიობისა და მომღერლის - ადრიანო ჩელენტანოსაგან თითქმის ვერ განასხვავებდით. ეს მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი, წლებია, „ქლაბ-შოუს“ ბიჭებთან ერთად „იუმორს აკეთებს“. ქართულ ტელესივრცეში არ დარჩენილა არც ერთი იუმორისტული შოუ თუ გადაცემა, სადაც მას, როგორც სცენარისტს, მემონტაჟეს, ან მუსიკალურ გამფორმებელს არ უმუშავია, თუმცა, აქამდე, მხოლოდ ტიტრებში ჩანდა. მაყურებელმა კი სწორედ ჩელენტანოს პაროდიით გაიცნო და დაიმახსოვრა.

პაროდია თავისთავად დაიბადა: ერთ დღეს უთხრეს, რომ აწეული წარბით ჩელენტანოს ჰგავდა და მეგობრებმა  გადაწყვიტეს,  მსგავსება იუმორისტული   შოუსთვის   გამოეყენებინათ.  პაროდიით  პირველად  ნიკა ქავთარაძის N-Show-ში გამოვიდა. სიმღერით არც მაშინ უმღერია და ახლაც მხოლოდ ფონოგრამით გამოდის, რადგან, სმენისა და მუსიკალური გემოვნების მიუხედავად, თავად ვერ მღერის. თუმცა, არც იმას გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში ქართველი ჩელენტანოც ამღერდეს.

ალეკო გვიამბობს: „მეგობრებმა იციან, რომ ჩემი საქმე არის მონტაჟი და, ამ მხრივ, ცოტა უცნაურად მოხდა სცენაზე ჩემი გამოჩენა. სცენაზე გასვლის წინ ცოტათი ვნერვიულობდი... მიუხედავად ყველაფრისა, ვცადე, ჩემი დადებითი მუხტი ბოლომდე გადამეცა მაყურებლისთვის - ცოტათი გასუქებულიც ვიყავი... არასდროს მქონია ამბიცია, სცენაზე დავბრუნებულიყავი. ერთად-ერთი, რაც მინდოდა და დღემდე მინდა, ეს არის „კავეენის“ თამაში. მინდა ვითამაშო, ისევ და ისევ!

სიმართლე გითხრა, პირველივე ტაში რომ ვიგრძენი, მივხვდი, - ისევ შემეძლო, „შემესვა“ მაყურებელი ჩემს თამაშზე. „კავეენსაც“ რომ ვთამაშობდი, ყველაზე მაგარი ის სცენური ორგაზმი იყო, ხალხი რომ შეუჩერებლად ტაშს უკრავდა. რუსეთშიც გვქონდა ძალიან ხშირად მსგავსი შემთხვევები. არ გინდა, რომ ამას მოშორდე, სიამაყის გრძნობაც გიჩნდება და იმ მომენტში საოცრად ამაღლებული ხარ. იმან, რომ ასეთი ტაში დავიმსახურე, „კავეენის“ თამაშის კარგი პერიოდი გამახსენა და ეიფორიაში ვიყავი“.

ჩელენტანოს პაროდიის შემდეგ, რამდენიმე გადაცემაშიც მიიწვიეს: „პროფილში“ ვიყავი, თუმცა, მე არ მიყურებია. სხვა გადაცემაშიც მიმიწვიეს, მაგრამ არ წავედი. არ მიყვარს გამოჩენა იმ „ნიჭით“, რომელიც ერთჯერადია. „ჩელენტანო გააკეთა“ - მე ამას ისე აღვიქვამ, თითქოს სხვას ვერაფერს აკეთებ, მაგრამ ჩემი შესაძლებლობები რომ ვიცი, ძალიან ბევრი რამ შემიძლია და ამ მხრივ მაქვს ამბიციები.

იდეაში არის, რომ ჩელენტანოს კიდევ რამდენიმე ნომერი გავაკეთოთ. ვნახოთ, ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული“.

„იუმორის კეთება“, წლებია, მისთვის პროფესია, საყვარელი საქმე და ერთგვარი დოპინგია. სცენაზე პირველად წლების წინ, როგორც „კავეენშიკი“, ისე გამოვიდა. მაშინ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ბიზნეს ფაკულტეტზე სწავლობდა. სწორედ იქ შეძენილმა მეგობრებმა: შონზომ, დათო გოგიჩაიშვილმა, ზვიომ, ვანო ჯავახიშვილმა, მიშა ანდღულაძემ, ნიკა გრიგოლიამ, ირაკლი ვახტანგიშვილმა, გიორგი კეპულაძემ, ირაკლი ცქიტიშვილმა, ნიკა წერეთელმა და იუმორისტულ ტელესივრცეში ყველასთვის კარგად ცნობილმა სახეებმა განაპირობეს მთელი მისი შემდგომი ცხოვრება და საქმიანობა.

„მოხდა ისე, რომ ერთი-ორჯერ ვითამაშე, მერე აზარტში შევედი. ერთგვარი ნარკოტიკია „კავეენი“: რომ თამაშობ, უფრო და უფრო შიგნით და შიგნით მიყავხარ. კრასნოდარში ლიგის თასი მოვიგეთ, შემდეგ, ანაპაში - საზაფხულო თასი. იურმალაში ვიყავით მიწვეული 2003 წელს და ბოლოს იყო პრემიერ-ლიგა, ОРТ-ს სატელევიზიო ეთერით. უმაღლეს საფეხურამდე ავედით, რასაც ჰქვია რუსეთის პირველ არხზე გამოჩენა და ქართული იუმორი. „კავეენს“ 2004 წელს ჩამოვშორდი, იმიტომ, რომ ტექნიკურმა მხარემ დამაინტერესა. მოხდა ისე, რომ ყველანი ტელევიზიაში მოვხვდით, სატელევიზიო იუმორისტული ბაზრის დაპყრობა გვინდოდა“.

ამ ხნის მანძილზე არ დარჩენილა სატელევიზიო არხი, რომელზეც არ ემუშავა. პირველად „იმედზე“, ნიკა ქავთარაძის N-Show-თი დაიწყო. მერე იყო „ლიმონი“ და „საპონი“. თუ „ნიკას შოუში“ სცენარს წერდა და სცენაზე გამოდიოდა, აქ მონტაჟზე გადაინაცვლა. მოგვიანებით, „იმედიდან“ - „მზეზე“ („ტელევიზორის“ მონტაჟი და „ბიჭები და გოგოები“-ს მუსიკალურ გაფორმება), მერე პირველ არხზე ( „მხიარული რინგი“),  ბოლოს  კი,  „რუსთავი-2“-ზე გადაინაცვლა. მისი აქ მოხვედრა არხიდან დათო გოგიჩაიშვილის წასვლას უკავშირდება. 2007 წლიდან უკვე „რუსთავი-2“-ის შოუებში: „ფარული კამერა“, „ცოცხალი შოუ“, „კომედი შოუ“, „ვანოს შოუ“, როგორც სცენარისტი, მემონტაჟე და მუსიკალური გამფორმებელი, ისე მუშაობს. ბოლოს კი, „ქლაბ შოუში“ ახალი სტატუსიც - დიჯეობა შეითავსა.

საკუთარ თავს ასე ახასიათებს: „ახლა ვარ 30 წლის, შავგვრემანი, 1.77მ. 86 კგ. საკუთარ თავს როგორ დავახასიათებდი? „როდენის მოაზროვნე“, ან „ჯოკონდა იღიმის“ არ წავა... უბრალოდ, ერთი მხიარული ადამიანი ვარ, რომელიც ცდილობს, ცხოვრებით დატკბეს. ჩემთვის, იუმორი ის მხარეა, რომლითაც ცხოვრების რიტმს ვინარჩუნებ“.

თვლის, რომ ხელოვნება მისი ჰობია. ძალიან უყვარს მუსიკა და სამონტაჟოში საკმაოდ მდიდარი არქივიც აქვს, თუმცა, მუსიკის ფონზე იშვიათად გამოსდის მუშაობა - მხოლოდ მაშინ, როცა გადაცემისთვის მორიგ სიმღერას ეძებს.

საყვარელი ჯგუფი - „Read Hot Chili Peppers“. კომპოზიტორი - ჰოვარდ ჩოლი. რეჟისორები: რობერტ როდრიგესი, დევიდ ფინჩერი და გილერმო დელტორო, - ეს ის სამი რეჟისორია, რომლებიც დიდ დახმარებას უწევენ საქმიანობაში.

ამჟამად ვარ მემონტაჟე, მუსიკალური გამფორმებელი, დიჯეი, ხანდახან მსახიობი, - როგორც მიწევს. მეგობრები სამსახურშიც მეგობრები ვართ და ეს არის ყველაზე კარგი. ქვეყნის გარეთ 14 გასვლა გვქონდა ერთად და ნახევარი წელი საზღვარგარეთ გვაქვს გატარებული. მე ვთვლი, რომ ყველაფერი ისე აეწყო, როგორც ჩემთვის იყო უკეთესი, - ის ადგილი ვიპოვე ცხოვრებაში, რაც მეკუთვნოდა. ჩემი საქმიანობა, დღესდღეობით, მთავარია ჩემთვის! არასდროს მიფიქრია იმაზე, რა შეიძლებოდა ყოფილიყო, ან როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება, ამ ადამიანებს რომ არ შევხვედროდი“.

ამბობს, რომ „იუმორის კეთება“ სულაც არ არის რთული ქვეყანაში, სადაც ამის დიდი შესაძლებლობებია. თანაც, იუმორი უკეთესად არის განვითარებული, ვიდრე მუსიკალური შოუბიზნესი, რომელიც სკანდალების ნაკლებობას განიცდის. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი მათთვის ისეთი იუმორის წერა, რომელიც   „ქლაბ-შოუშია“. ამბობს, რომ ხუმრობებზე რეაქციები განსხვავებულია, თუმცა წყენით არავის სწყინს და ეს ასეც უნდა იყოს.

„ნახევრადხუმრობა, კონტექსტში, უკვე ხუმრობაა“, - ეს ერთ-ერთი იუმორისტული ფორმულაა, რომელიც მეხსიერებას შემორჩა. ის დრო, როცა სცენარებს წერდა, კარგად ახსენდება, მაგრამ თვლის, რომ ახლა მისი ადგილი სამონტაჟოშია. თუმცა ეს ხელს არ უშლის, ზოგჯერ იუმორის მოფიქრებაშიც დაეხმაროს მეგობრებს, ისე, - გასართობად. ამბობს, რომ იუმორის კარგად გადმოცემისთვის, მონტაჟს და მუსიკალურ მხარესაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

„მთავარია ტემპი! ამ ტემპის შენარჩუნებისთვის კი დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ მონტაჟს. მონტაჟი ალამაზებს იუმორს, თუმცა, ისეც მომხდარა, რომ დარბაზში არსებული მუხტი ეკრანზე სრულად ვერ გადაგვიტანია... მუსიკალურ მხარესაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. „ქლაბ-შოუს“ სიმღერები მთელმა საქართველომ აიტაცა. მაგალითად, „can you Filler“, რომლითაც შოუ იწყება, ერთი ძველი ფილმის საუნტრეკი იყო. მერე მოხდა მისი გარემიქსება და სწორედ ეს საუნტრეკი მოვიპოვე. „ქლაბ-შოუს“ ბოლო სიმღერაც ძალიან პოპულარულია, რომელსაც ფანკი დიჯეი და ადრიან კეი ასრულებენ, - „to night“ - ამასაც ძიების პროცესში მივაგენი“.

მუდმივად ძიების პროცესში მყოფისათვის, კიდევ ერთი სერიოზული გატაცება კინემატოგრაფიაა. სწორედ მას უკავშირდება სამომავლო გეგმები:

„სამწუხაროდ, საქართველოში შეუძლებელია, კინემატოგრაფიას დაეუფლო, იმიტომ, რომ ამის სკოლა არ არსებობს, ხოლო ამერიკაში წასვლა ძალიან ძნელია. ამიტომ, გიწევს კინოს უყურო და მიხვდე, - რა ჩადო მასში რეჟისორმა, რა კუთხით გააკეთა... სპეციალური განათლება არ მაქვს, თუმცა, ვთვლი, რომ დილეტანტის დონეზე უკეთესად შემიძლია გადავიღო. ძირითადად, ქართულ მოტივებზე მიფიქრია. „სტუმარ-მასპინძელს“ გადავიღებდი დიდი სიამოვნებით, - მოყვარულის დონეზე, მაგრამ კარგად და სერიოზულად, ისე, რომ რომელიმე ფესტივალზე მოხვდეს. მყავს მეგობრები, რომელთან ერთადაც ვიღებ რეკლამებს, ჩვენი სცენარით და რეჟისურით. ჯერჯერობით ეს მხოლოდ პატარ-პატარა რეკლამებია, რომლებიც არანაირ „შემოქმედებით ნიმუშად“ არ ითვლება. ნელ-ნელა ვეუფლები ამ საქმიანობას. ძირითადად, ეს შეკვეთებია, რომლებიდანაც, იმდენი არ გვრჩება, რამდენიც უნდა დარჩეს, მაგრამ ვაკეთებთ უკეთესად, იმიტომ, რომ ჯერ საწყის ეტაპზე ვართ და გვინდა, თავი დავიმკვიდროთ 4-5 კაციანმა ჯგუფმა“.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1723
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია