საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ყველაზე ახალგაზრდა ვიოლეტა - „ტრავიატაში“
2009/07/27 13:06:35

გასულ კვირას ქუთაისის ოპერის თეატრის სცენაზე „ტრავიატას“ პრემიერამ ანშლაგით ჩაიარა. მარიკა მაჩიტიძე, ასაკის გამო, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ვიოლეტაა. თუმცა, მის მიმართ „ბრავო“ არავის დაუშურებია. ვიოლეტას პარტია მისი საოცნებო როლი იყო, ეს უკვე აუხდა, თუმცა, წინ ჯერ კიდევ ბევრი ოცნებაა ასახდენი...

მარიკა მაჩიტიძე ქუთაისელია. დღესდღეობით კი თბილისის ოპერის თეატრის სოლისტია. მან ქუთაისში დაასრულა სამუსიკო სასწავლებელი, შემდეგ კონსერვატორია - პროფესორ გიორგი ლომთაძის ჯგუფი. მერე თბილისში წავიდა მაგისტრატურის გასავლელად და იქვე დარჩა...

მანამდე არჩევანის წინაშეც იდგა. ექიმ მამას ძალიან სურდა, რომ მისი შვილიც ექიმი ყოფილიყო. მარიკა კი ბავშვობის ოცნებებშიც საოპერო თეატრის სცენაზე იდგა. მამის - მამუკა მაჩიტიძის ხათრით, ერთი წელი სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტიც იყო. მაგრამ, დედის ძალისხმევით, მარიკა თავის კუთვნილ სფეროში - მუსიკის სამყაროში აღმოჩნდა. წარმატებებსაც არ დაუგვიანია.

მარიკა მაჩიტიძე: „ეს ისეთი სფეროა, ბევრ შრომასა და სინთეზურ მუშაობას მოითხოვს. პირველ რიგში პირობები და მონაცემები უნდა გიწყობდეს ხელს. ჩემი დებიუტი თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე სპექტაკლში „აბესალომ და ეთერი“ - მარეხის პარტიით შედგა. მერე „ქეთო და კოტეში“ ქეთოს პარტია ვიმღერე. მერე სხვა პარტიებიც იყო. ქუთაისის ოპერის თეატრამდე ვიოლეტა თბილისში, საოპერო სტუდიაში, საკონცერტო შესრულებით ვიმღერე. აქ, ქუთაისის თეატრში რომ მემღერა, სამხატვრო ხელმძღვანელის, ბაადურ სამადაშვილის სურვილი იყო და არც მე მითქვამს უარი, პირიქით, დიდი სიხარულით დავთანხმდი. ეს ჩემი საოცნებო პარტია იყო. ვიოლეტას პარტია ერთ-ერთი ყველაზე რთულია და მის შესრულებას გამოცდილი მიმღერლებიც კი ერიდებიან. ყველა ასპექტში რთულია - ვოკალურად, მსახიობურად.“

საკუთარ ქალაქში სიმღერა მისთვის რთული, უფრო ზუსტად -  საპასუხისმგებლო აღმოჩნდა.

„აქ, როცა დარბაზში თითქმის ყველა მაყურებელს იცნობ, უფრო განიცდი. საოცარი მაყურებელი ჰყავს ქუთაისს, დახვეწილი და ძალიან გემოვნებიანი. ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა პრემიერაზე,“- ამბობს მარიკა.

მარიკას იმაშიც უმართლებს, რომ სცენაზე მის გვერდით ყოველთვის კარგი პარტნიორები დგანან: ირაკლი კახიძე, ნიკა ლაგვილავა, ზაზა ხელაია, რამაზ კუბლაშვილი.

„ჩემი სუბიექტური აზრია, რომ             „ტრავიატაში“ ჩემი და ნიკა ლაგვილავას მონაკვეთი ერთ-ერთი საუკეთესოა მთელი სპექტაკლის მანძილზე, ჩვენ ემოციურადაც, ხმებითაც ყველაზე კარგად ვერწყმით ერთმანეთს. რაც შეეხება რამაზ კუბლაშვილს, ეს ჩემი უსაყვარლესი ადამიანია და ერთ-ერთი საუკეთესო ტენორი. თავიდან, ასაკობრივი სხვაობის გამო, თითქოს ჩვენს შორის ბარიერი არსებობდა, მაგრამ თანდათან ყველა სირთულეს გავართვით თავი. უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა იმ თანადგომისთვის და, საერთოდ, იმ პარტნიორობისთვის, რომელიც მე გამიწია.“

ვიოლეტას პარტიაზე მუშაობა მისთვის ნაკლებად რთული იყო. ამის მიზეზი, ალბათ, ისიც გახლდათ, რომ ჯერ კიდევ მუსიკალური სასწავლებლის მოსწავლე იყო, როცა მისმა კონცერტმაისტერმა მედიკო კობახიძემ „ტრავიატაზე“ მუშაობა დააწყებინა.

„ფაქტობრივად, ექვსი წელია, ამ ოპერაზე ვმუშაობ. თანდათან დაილექა მუსიკალურად ჩემში და მერე დრამატურგიაზეც დავიწყე ფიქრი. თუმცა, ოპერის მომღერალმა, პირველ რიგში, ხმაში უნდა ჩადო ემოცია და მერე ეს ემოციები სახით და მიმიკებით უნდა გადმოსცე. მე არ ვუყურებ ვიოლეტას ისე, როგორც კურტიზან ქალს, იგი სულიერად მაღალი დონის ქალია.“

მარიკას ახლო მომავლის გეგმები თბილისისა და ქუთაისის ოპერის თეატრებს უკავშირდება. ელოდება ახალ როლებს და ახალ პრემიერებს. თუმცა, ქვეყნის საზღვრებს გარეთაც სურს გავიდეს. მაგრამ ეს უფრო შორეული მომავლის პერსპექტივაა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1606
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია