დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მოსწავლეებზე მორგებული სქემა“ ახალ სასწავლო გეგმაში
2012/11/06 12:38:08

სკოლებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, როგორი ფორმატის იქნება გამოსაშვები გამოცდები

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა სამინისტროში ათდღიანი მუშაობა შეაჯამა. მან საზოგადოებას ახალი სასწავლო გეგმა წარუდგინა, რომელიც, მისივე თქმით, მოსწავლეზეა ორიენტირებული.

„ეს არის მოსწავლეზე მორგებული სქემა. გამოცდები აღარ ჩატარდება ერთ პერიოდში და არ იქნება ისე დამძაბველი, როგორც ეს იყო მანამდე.  გამოცდები გაიყოფა წლების მიხედვით,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ   შემუშავებული სკოლის გამოსაშვები გამოცდების მოდელის  თანახმად, მომავალი  წლიდან  სკოლაში გამოცდები ჩატარდება როგორც მე-11, ისე მე-12 კლასებში. როგორც გიორგი მარგველაშვილმა 29 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გამოცდები ჩატარდება მაშინ, როდესაც, სასწავლო გეგმის თანახმად, დასრულდება ამა თუ იმ საგნის სწავლება.

გამონაკლისი შეეხება მხოლოდ ახლანდელ მე-12 კლასელებს, რომლებიც, ჩვეულებრივ, სასწავლო წლის ბოლოს ჩააბარებენ ყველა გამოცდას, თუმცა პროცესზე პასუხისმგებელი 2012-2013 სასწავლო წელს იქნება სკოლის დირექცია  და არა - ერთიანი გამოცდების ეროვნული ცენტრი. ერთიანი გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ამბობს,  რომ წელს მე-12 კლასელები  გამოცდებს ჩააბარებენ სკოლაში, შემდეგ კი მოემზადებიან მისაღები გამოცდებისათვის. ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება ისეთივე წესით, როგორც ტარდებოდა წინა წლებში, წლევანდელ საატესტატო გამოცდებზე ბოლომდე  პასუხისმგებელი კი სკოლა იქნება.

მინისტრის თქმითვე, ბარიერს ადგენს სკოლა.  სკოლებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, როგორი ფორმატის იქნება გამოცდა და ეკუთვნის თუ არა მოსწავლეს ატესტატი. „თუმცა ჩვენ ხვალიდან ვიწყებთ შეხვედრებს სკოლის დირექტორებთან და მათ აზრსაც მოვისმენთ. შესაძლოა, მათ დასჭირდეთ ჩვენი დახმარება, ან ჩვენგან ბარიერის დადგენა. შეგვიძლია ასევე მივაწოდოთ საგამოცდო ტესტებიც.“

შემდეგი წლის მე-12 კლასელებს ანუ ამჟამინდელ მე-11 კლასელებს, მოუწევთ, მე-11 კლასში მაისის თვეში ჩააბარონ  ოთხი გამოცდა - ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და გეოგრაფია, ხოლო უკვე მე-12 კლასის ბოლოს, მაისში, კიდევ ოთხი გამოცდის ჩაბარება - ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ისტორიისა და უცხო ენის.

„მათ შეუძლიათ, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია და გეოგრაფია, რომლის სწავლებაც სრულდება მე-11 კლასში, შემოდგომაზევე ჩააბარონ, ხოლო თუ რომელიმე საგანში ვერ გადალახავენ ბარიერს, მაისში კიდევ ერთხელ გადააბარონ გამოცდა,“ - განაცხადა ბრიფინგზე გიორგი მარგველაშვილმა.

როგორ უყურებენ ამ სიახლეს სკოლის დირექტორები?!

„პრობლემა, შესაძლოა, შექმნას იმან, რომელი სკოლა რაგვარად ჩაატარებს ამ გამოცდებს, რადგან ისინი, ვინც გამოცდებს ობიექტურად ჩაატარებენ, სერიოზულად რისკავენ, რომ ბავშვები გადავიდნენ იმ სკოლიდან და სხვა სკოლა დაამთავრონ. ამას გარდა, ჯერჯერობით, დაუდგენელია, რა სახით, რა ფორმატით ჩატარდება ეს გამოცდები, რაიმე ინსტრუქცია იქნება თუ არა ამის თაობაზე, ჯერ არაფერი ვიცით. ისე კი, საერთოდ, პრინციპია ასეთი, რომ ვინც საქმეს აკეთებს, თვითონ არ უნდა იყოს თავის მიერ შესრულებული საქმის შემფასებელი. ეს ერთი წელი ასე გამოვა და, მე მგონი, ეს ცოტა დამაფიქრებელია,“ - ამბობს 24-ე სკოლის დირექტორი გია მურღულია „რადიო  თავისუფლებასთან“ საუბარში.

29 ოქტომბრის ბრიფინგზე გიორგი მარგველაშვილმა ასევე განაცხადა, რომ  საგამოცდო ბაზები მთლიანად ხელახლაა შესამუშავებელი, რადგან არ არსებობს გარანტია, რომ ეს ბაზები არ არის გახსნილი:

„განათლების ყოფილმა მინისტრმა შაშკინმა თავისი მუშაობის პერიოდში  მთელი ეს მონაცემთა ბაზები, რატომღაც, გამოცდების ეროვნული ცენტრიდან სამინისტროში გადაიტანა, რაც აჩენს კითხვებს ამ ბაზების დაცულობის თაობაზე. ასე რომ, დაზღვეული არ ვართ იმისგან, რომ მთელი საგამოცდო მასალა არ იყოს წარმოდგენილი გამოცდების წინა დღეს.“

მინისტრის ამ განცხადებას სოციალური ქსელში გამოეხმაურა ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი და განაცხადა, რომ მინისტრი მარგველაშვილი შეცდომაში შეიყვანეს.

„დღეს განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრმა ბრძანა, რომ მე საგამოცდო ბაზები სამინისტროში გადამიტანია და ეს, თავისთავად, შეკითხვებს ბადებს. ეს ბრალდებაც არ შეესაბამება სინამდვილეს და მე ამ კითხვასაც მინდა, ვუპასუხო და განვმარტო: მინისტრი მარგველაშვილი შეიყვანეს შეცდომაში - მე არ გამიტანია საგამოცდო ბაზები სამინისტროში. საგამოცდო, ისევე როგორც განათლების სისტემის ყველა ელექტრონული, ბაზა არის სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS). ეს არის სპეციალური უწყება, რომელიც მოიცავს განათლების სისტემის ყველა ელექტრონულ ბაზას და მთელი სისტემის ტექნიკურ მხარდაჭერას და გამართულად მუშაობას უზრუნველყოფს,“ - აცხადებს შაშკინი.

რაც შეეხება განათლების სფეროს დაფინანსებას,  როგორც გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, განათლების ბიუჯეტი, შემცირების ნაცვლად, გაიზრდება. მარგველაშვილის  თქმით, მისი მიზანია,  რაც შეიძლება, მეტი თანხები მიმართოს სტუდენტების დაფინანსებისკენ.

„ჩვენი მიზანია სტუდენტების დაფინანსება გავაორმაგოთ და რაც შეიძლება, მეტი ფული მივმართოთ უნივერსიტეტებისკენ,“ - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

განათლების მინისტრის მოადგილის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, სტუდენტების საგრანტო დაფინანსებები გაიზრდება. ამის შესახებ ზურაბიშვილმა „პრაიმ-ტაიმის“ პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„თვით არსებული ბიუჯეტის პირობებში შესაძლებელი იყო ისეთი ტიპის დაფინანსების გაზრდა, როგორიცაა სტუდენტების გრანტები. ბევრი თანხა იხარჯებოდა უაზრო პროექტებზე. მთლიანობაში გრანტის დაფინასება გაიზრდება, ამ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროსთან მიმდინარეობს კონსულტაციები. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ „ქართული ოცნების“ პრიორიტეტი არის თავდაცვა, განათლება და სოფლის მეურნეობა,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ახალმა მინისტრმა იმ პედაგოგებისა და სხვადასხვა სასწავლებლის წარმომადგენლების მისამართითაც გააკეთა საჯარო განცხადება, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდნენ სამსახურიდან. 

მისი თქმით, დაპირისპირებულმა მხარეებმა პიროვნული და კოლეგიალური ჩარჩოების საფუძველზე უნდა მოაგვარონ აღნიშნული პრობლემა და მათი დავა სამართლებრივ ჩარჩოებში არ უნდა გადავიდეს. გიორგი მარგველაშვილს იმედი აქვს, რომ აღნიშნული პრობლემა სამ კვირაში მოგვარდება და დაპირისპირებულ მხარეებს სასამართლო სარჩელების საფუძველზე აღარ მოუწევთ ურთიერთობების გარკვევა.

„განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მინისტრის მისამართით უამრავი წერილი შემოდის პედაგოგების, ლექტორების, დირექტორებისა და განათლების სისტემაში მომუშავე იმ წარმომადგენლებისგან, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში სამსახურიდან არიან გათავისუფლებულნი. განმცხადებელთა უმრავლესობა მათი დათხოვნის საფუძვლად პოლიტიკურ შეხედულებას ასახელებს და სამუშაო ადგილზე აღდგენას ითხოვს. მე, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვთვლი, რომ იმ ავტორიტატულ სისტემაში, რომელშიც ქვეყანა იმყოფებოდა, ყველა მხარე სისტემის მსხვერპლია. ჩვენი პოლიტიკა რადიკალურად განსხვავებულია და გვინდა, რომ მთელს საზოგადოებაში და, განსაკუთრებით, განათლების სფეროში პოლიტიკური ნიშნით დაყოფა აღარ მოხდეს“ - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ, გიორგი მარგველაშვილის მიმართვაში.

მათ ვინც, უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში ერთმანეთთან საერთო ენას ვერ გამონახავენ, მინისტრი მეორე გზას სთავაზობს - კერძოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უშუალოდ მინისტრის ბრძანებით  შეიქმნება  სპეციალური კომისია, რომელიც არსებულ დავებს გაეცნობა და მინისტრთან ერთად მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

„მე იმედი მაქვს, გაგებით მოეკიდებით და გაითვალისწინებთ ჩემს რჩევას და მალე დაუბრუნდებით თქვენს საქმიანობას. პროფესიონალი პედაგოგები ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და, რაც ყველაზე მთავარია, თქვენ უნდა მოახმაროთ და გადასცეთ თქვენი ცოდნა ჩვენს მომავალ თაობას,“ - ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიმართვაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1735
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია