დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იყავი აქტიური მოსწავლე და მიიღე გრანტი!
2012/03/05 13:45:03

27 თებერვალს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამა PH international-ის (პროექტ „ჰარმონიის“ ფილიალი საქართველოში) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება. პროგრამას მხარს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო  უჭერს.

 

სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა ითვალისწინებს, საჯარო სკოლებმა უზრუნველყონ დამამთავრებელი კლასების ხარისხიანი სწავლება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, რათა მათ შეძლონ ნასწავლის ყოველდღიურ პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენება.

ეს ყოველივე მნიშვნელოვნად ჟღერს, თუმცა, თუკი მოსწავლეს დაწყებით კლასებში არ ექნება მყარი საფუძველი, რამდენად შეძლებს იგი დამამთავრებელ კლასებში იმ ცოდნის გაღრმავებას,  რაც მას დაწყებით კლასებში არ მიუღია? მარტივად რომ ვთქვათ, თუ ბავშვი „ან“-ს არ ისწავლის, „ჰაე“-ზე როგორ გადავა?!

„ეს არის ოთხწლიანი პროექტი, რომელიც ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. იმერეთის რეგიონში ის მოიცავს 125 სკოლას. დღევანდელ ღონისძიებაზე წარმოდგენილია ბოლო საანგარიშო წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები, განიხილება სამომავლო გეგმები,“ - განაცხადა ქუთაისის განათლებისა და განვითარების ცენტრის დირექტორმა ლია კილაძემ. 

ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ მიზნობრივი სკოლის და სამოქალაქო განათლების პედაგოგები, დირექტორები და ის ბავშვები, რომლებიც ჩართული არიან ამ პროექტში.

გურანდა შანიძე, ქუთაისის 21 სკოლის ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგი: „ჩვენ სკოლაში სამოქალაქო გუნდი ჩამოვაყალიბეთ 2010 წლიდან, ამის შემდეგ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობდით ამ პროექტის ორგანიზატორებთან. საკმაოდ აქტიურად ჩავერთეთ და ბევრი შედეგიც მოგვიტანა. თავიდან ბავშვები ნაკლებ აქტიურები იყვნენ, შემდეგ  ბევრი კონკურსი წამოვიდა და იყო მცირე გრანტების პროექტების წერა, რაშიც ჩავერთეთ და ორი პროექტი მოვიგეთ. ამის შედეგად ჩვენს სკოლაში ვიდეოლაბორატორია შეიქმნა, რომელიც დაეხმარა ბავშვებს სხვა პროექტების განხორციელებაში. სწავლობდნენ იმ პრობლემებს, რომელიც სკოლისთვისაც აქტუალური იყო და თემისთვისაც. დაგვეხმარა ისიც, რომ ჩვენს სკოლაში სამოქალაქო სწავლება მაღალ დონეზეა. კათედრებმა დავიწყეთ თანამშრომლობა და ერთიანობაში მივიღეთ ბევრად უფრო აქტიური თაობა, რომლებმაც ისწავლეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან ურთიერთობა და, ვფიქრობ, უფრო თავდაჯერებულები არიან ახლა, ვიდრე - პროექტში ჩართვამდე.“

ზაზა ზანგურაშვილი, 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლე: „მე მეცხრე კლასში ვიყავი, როცა ჩავერთე ამ პროექტში. ფაქტობრივად, ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ვისწავლე ადამიანებთან ურთიერთობა. ვისწავლე ის, თუ როგორ უნდა მოვაგვარო პრობლემები და ასევე ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანების პრობლემებიც. გავხდი ცხოვრებაში უფრო პერსპექტიული, უფრო რადიკალური და ჩემი თავის აღარ მრცხვენია ისე, როგორც ადრე იყო.“

სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა შეიცავს თორმეტპუნქტიან გეგმას: სამოქალაქო განათლების მასალები, 500 პედაგოგის გადამზადება, 500 სკოლის დირექტორის ტრენინგი, პედაგოგთა წახალისების პროგრამები, სამოქალაქო ტრენინგები სოციალურ მედიაში, სასკოლო სამოქალაქო კლუბები, მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკები, მოსწავლეთა სტაჟირების პროგრამები, მოსწავლეთა და პედაგოგთა პროექტები, 320 მცირე გრანტი და სამოქალაქო პორტალი. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტის ეფექტურად განხორციელების მიზნით, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის საპროექტო ჯგუფი აქტიურად მონაწილეობს და რეგულარულად ატარებს სამუშაო შეხვედრებს მმართველობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, რათა გამოვლინდეს ის სტრუქტურები, რომლებიც სამომავლოდ ხელს შეუწყობენ ახალგაზრდების სამოქალაქო ცხოვრებაში აქტიურ ჩართვას.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1781
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია