დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სკოლის გარეშე დარჩენილი მასწავლებლები
2011/06/21 15:25:15

ჩინური თუ იაპონური წყევლაა ასეთი „იცხოვრე რეფორმების პერიოდში“. ჩვენს ქვეყანას ეს წყევლად კი არა, ცხოვრების წესად ექცა. ყველაზე მტკივნეულად კი საზოგადოება განათლების რეფორმაში მიმდინარე ცვლილებებს აღიქვამს. ამ სისტემაში ბევრი ცვლილება მოხდა. სულ მალე მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად  მომდევნო გამოცდა ჩატარდება, თუმცა რუსულის, გერმანულის და ფრანგული ენის პედაგოგები, შესაძლოა, გამოცდისთვის ტყუილ-უბრალოდ გაისარჯონ, მათ სახლში „დაჯდომა“ ემუქრებათ.

 

ცოტა ხნის წინ სკოლებში განათლების სამინისტროდან კანონი მივიდა, სასწავლო საგნების საათობრივი განაწილების ძირითადი პრინციპების შესახებ, სადაც მითითებულია, რომ სკოლაში მარტო ორი უცხო ენა უნდა ისწავლებოდეს.

მომავალი წლიდან ინგლისური ენის სწავლება პირველი კლასიდან იქნება სავალდებულო, აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტროს უშუალოდ არ მიუთითებია, თუ რომელი უცხო ენა უნდა დარჩეს, ინგლისურს გარანტირებული აქვს დამკვიდრება. რჩება არჩევანი გერმანულ, რუსულ და ფრანგულ ენებს შორის.

თუ რომელი უცხო ენები დარჩება სავალდებულოდ, ამის გასარკვევად ქუთაისის რამდენიმე საჯარო სკოლას დავუკავშირდით.

ზოგიერთ მათგანში დღეს მხოლოდ ორი უცხო ენა ისწავლება, ხოლო იქ, სადაც სამი უცხო ენაა, სკოლის სასწავლო ნაწილთა  განმარტებით, ინგლისურის გარდა, ის ენა დარჩება სავალდებულოდ, რომელსაც სამეურვეო საბჭო გადაწყვეტს, ასევე მიმდინარეობს გამოკითხვა.

განსხვავებული პოზიცია აქვს №1 საჯარო სკოლის დირექტორს,  თამაზ ცხადაძეს. მისი განმარტებით, „ სწავლების მე-3 საფეხურზე, რომელიც მე-10-12 კლასებს მოიცავს, მოსწავლეს შეუძლია, დამატებით ის ენა ამოირჩიოს, რომელიც მას სურს, შეიძლება ეს იყოს იტალიური ენა, თუ ამ საგნის სპეციალისტი არ გვეყოლა, მოვიწვევთო. შეიძლება მოსწავლემ არც მოისურვოს ახალი ენის დამატება“, - განცხადა მან. თუმცა საათობრივ ბადეში სწავლების მე-3 საფეხურზე დამატებით მე-3 ენის არჩევაზე არაფერია ნათქვამი...

ახალი კანონი უცხო ენების ზოგიერთ მასწავლებელს უმუშევრად ტოვებს. ქუთაისში - 50-მდე საჯარო სკოლაა, იქ, სადაც ბევრი მოსწავლეა გერმანულის-7, ფრანგულის 6 და რუსულის 7 მასწავლებელია, მცირეკონტიგენტიან სკოლებში კი 3-3 უცხო ენის მასწავლებელია. აქედან გამომდინარე, შეგიძლიათ გამოიტანოთ დასკვნა, თუ რამდენი ადამიანი დარჩება უმუშევარი.

მათთან საუბრის დროს გავარკვიეთ, რომ მასწავლებლები გაურკვეველ მდგომარეობაში არიან:

„არ ვიცით, როგორ გადაწყდება ჩვენი ბედი, დავრჩებით თუ არა სკოლაში. იმ ფაქტს შეგუებულები ვართ, რომ რომელიმე ჩვენგანი აუცილებლად დაკარგავს სამსახურს, ახლის ძებნა კი ძნელია, შეიძლება ითქვას, რომ აზრი არა აქვს, რადგან ყველა სკოლა იმ პედაგოგს დაიტოვებს, რომელსაც აარჩევს. მაგრამ გვაქვს კიდევ ერთი პრობლემა - მალე გამოცდებია, ვემზადებით სერიოზულად, ზოგიერთი ფულსაც იხდის ტრენერებთან, ახალმა კანონმა ყველაფრის სურვილი დაგვიკარგა და ვერ ვხვდებით, ღირს თუ არა, რეალურად, გამოცდის ჩაბარება. “

ასეა, ყველა ეპოქას თავისი მოთხოვნები და მიზნები აქვს, რეფორმებს კი მედალივით ორივე მხარე გააჩნია. მაგრამ ამ შემთხვევაში დადებითი მხარე უფრო მნიშვნელოვანია, თუ უარყოფითი?

ერთი რამ ფაქტია: ახალი სასწავლო წლიდან ქვეყანაში კიდევ გაიზრდება უმუშევარი ადამიანების სია.

ვცხოვრობთ რეფორმების პერიოდში და ჩვენს თავზე ვიწვნევთ იაპონურ თუ ჩინურ წყევლას, წყევლას რომელიც ლაიტმოტივად გასდევს ჩვენს ცხოვრებას...   

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1949
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია