დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„სკოლებში მუშაობენ პროფესიონალი, შარლატანი და პროფესიის ნაბიჭვარი პედაგოგები...“
2011/05/03 13:36:55

ინტერვიუ განათლების აკადემიურ დოქტორთან, დიმიტრი გოშხეთელიანთან

 

ჩვენს რესპონდენტს პედაგოგიურ წრეებში იცნობენ როგორც მათემატიკის სწავლებაში რამდენიმე მეთოდური სახელმძღვანელოს ავტორს, პრაქტიკოს პედაგოგს, ადამიანს, რომელსაც საკუთარი დამოკიდებულება აქვს განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენებთან. კარზე მომდგარი საატესტაციო გამოცდების წინ, ალბათ, საინტერესო იქნება ის საკმაოდ ხისტი და პირუთვნელი შეფასებები, რასაც ბატონი დიმიტრი გოშხეთელიანი თავისი კოლეგებისა და საგანმანათლებლო სფეროს მესვეურთა მისამართით აკეთებს. თუმცა, მკითხველი უთუოდ იგრძნობს მთავარს - ჩვენი რესპონდენტის გულწრფელ სურვილს, რომ სკოლაში შეწყდეს ზედაპირული სწავლების ტრადიცია.

- ბატონო დიტო, მალე დაიწყება საატესტატო გამოცდები, მოგვიანებით - ერთიანი ეროვნული გამოცდები. თქვენ, როგორც განათლების სფეროს გამოცდილი მუშაკი, როგორ შეაფასებდით მდგომარეობას, რას უნდა ველოდოთ ამ გამოცდებიდან?

- საატესტატო გამოცდების შემოღება თავისთავად კარგია, საჭიროა. ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა სკოლაში სწავლების ხარისხის ასამაღლებლად. თუმცა სწავლების ხარისხის ამაღლება მხოლოდ საატესტატო გამოცდებზე არ არის დამოკიდებული.

- რამდენად მოსალოდნელია, რომ მოსწავლეთა დიდმა ნაწილმა საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბაროს?

- თუ გამოცდები წესიერად, პატიოსნად ჩატარდა (ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული), მოსწავლეთა 30-40%-მა ბარიერი შეიძლება ვერ გადალახოს და ატესტატის გარეშე დარჩეს. ეს მაშინ, როდესაც საატესტატო გამოცდის საკითხები ზომაზე მეტად მარტივია.

იმაში, რომ მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი ატესტატის გარეშე დარჩება, საგანგაშო არაფერია. ეს შემდგომ წლებში ჩვეულებრივი მოვლენა იქნება, როდესაც საგამოცდო სისტემა სრულყოფილად ჩამოყალიბდება. საგანგაშო სხვა რამაა, კერძოდ, როგორც კვლევებიდან ჩანს, ჩვენი მოსწავლეების განათლების დონე მსოფლიო ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა.

ეს კი გამოიწვია მრავალმა ფაქტორმა - სკოლაში არსებულმა მდგომარეობამ, მასწავლებელთა მნიშვნელოვანი ნაწილის უვიცობამ (რაც აჩვენა სასერთიფიკაციო გამოცდებმაც), პროფესიონალი სპეციალისტების დიდი ნაწილის სკოლიდან მოწყვეტამ...

- უფრო დაწვრილებით ხომ არ ისაუბრებდით?

- კეთილი, დავიწყოთ იქიდან, რომ მოსწავლეთა სწორი განვითარების ხელისშემშლელი აღმოჩნდა:

პირველი - პროფესიონალი სპეციალისტების დიდი ნაწილის სკოლიდან მოწყვეტა. აქ არ იგულისხმება მაინც და მაინც ასეთი სპეციალისტების სკოლიდან გაგდება (თუ გაშვება), თუმცა ზოგ შემთხვევაში ამასაც აქვს ადგილი. აქ იგულისხმება პროფესონალი სპეციალისტების სკოლაში არ შეშვება.

წლების განმავლობაში, მოგეხსენებათ, მასწავლებელთა დიდი ნაწილის დანიშვნა ხდებოდა ანგარებით, ნაცნობობით, ფულის გადახდით. პროფესიონალი სპეციალისტი ასეთ დროს ქრთამს, იშვიათი შემთხვევის გარდა, არ გასცემდა, რადგან ეს მას პირად შეურაცხყოფად მიაჩნდა. არადა, სხვა შემთხვევაში, იშვიათი გამონაკლისის გარდა,სკოლაში მას არავინ შეუშვებდა. ამიტომ  მისასალმებელია მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდების დანიშვნა; ვთვლი, რომ ეს არის ერთადერთი გზა, რომ სკოლაში პროფესონალი პედაგოგი შევიდეს.

მეორე, რაც მოსწავლეთა სწორი განვითარებისათვის ხელისშემშლელია, ის არის, რომ სკოლებში მრავალი შარლატანი პედაგოგი მუშაობს. ეს ცრუ პედაგოგები ელემენტარულ დონეზე ვერ პასუხობენ თანამედროვე მოთხოვნებს.

შარლატან მასწავლებელთა დონე არ სცილდება მეხუთე-მეშვიდე კლასების მოთხოვნებს და ზოგჯერ ასეთი დონეც არ არის.

მე არაერთი შეხვედრა მქონდა სხვადასხვა ქალაქში მასწავლებლებთან (მოგეხსენებათ, რამდენიმე წიგნის ავტორი ვარ) და, არც თუ იშვიათ შემთხვევაში, სახტად დავრჩი, როდესაც მასწავლებელს თითქმის საზეპირო ამოცანის ამოსახსნელად ერთი გვერდიც არ ჰყოფნის.

ამასწინათ, ერთ-ერთმა ისიც მიბრძანა, რომ თქვენს წიგნში მოთავსებული ამოცანების უმეტესობის ამოხსნა პედაგოგთა უმრავლესობას უჭირსო და ეს ისეთი ტონით მითხრა, თითქოს ეს ჩემი პრობლემა იყო და არა - მათი.

მესამე ხელშემშლელი ის არის, რომ სკოლაში არც თუ ცოტაა  პროფესიის „ნაბიჭვარი“ პედაგოგი.ესენი კიდევ უფრო მეტი არიან, ვიდრე შარლატანები, რადგან შარლატანი, ავტომატურად, პროფესიის „ნაბიჭვარი“ პედაგოგია.

პროფესიის „ნაბიჭვარ“ პედაგოგებს მე ორ ნაწილად დავყოფდი: ერთნი, რომლებიც ზედაპირულად ასწავლიან თეორიულ საკითხებს, ფორმულის დონეზე და არა - ცნების შინაარსის დონეზე და შემდეგ დიდი მოცულობის დავალებას აძლევენ მოსწავლეს. (მაგალითად, მათემატიკაში 100-მდე ამოცანა). ასეთ პედაგოგებს სწორედ ეს მიაჩნიათ ნამდვილ სწავლებად. აქ ერთი საინტერესო ფაქტი უნდა აღინიშნოს. ასეთი სწავლებისას ხშირ შემთხვევაში მშობლებიც კმაყოფილები არიან და ვერც ხვდებიან, თუ როგორ მონაწილეობენ თავისი შვილის, რბილად რომ ვთქვათ, გამოშტერების პროცესში. ასეთი სწავლებით (უფრო სწორად, ცრუ სწავლებით) მიღებული ცოდნა იმდენად ზედაპირულია, რომ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაშიც კი მოსწავლეს მოკლე ხანში ავიწყდება, მეტიც - ხშირ შემთხვევაში უმაღლეს სასწავლებლებში სწავლაც კი უჭირთ.

არიან კიდევ ისეთი ტიპის პროფესიის „ნაბიჭვარი“ პედაგოგები, რომლებიც ცდილობენ, მეტად წარმოაჩინონ საკუთარი თავი (განსაკუთრებით - მათემატიკის სპეციალისტები), ამიტომ ჯგუფთან არჩევენ ურთულეს ამოცანებს, რომლებიც ხეირიანად თვითონაც არ იციან და სურთ, დაანახონ მოსწავლეს - აი, ხომ ხედავ, რამდენი რაიმე ვიციო...

- რა, თქვენ უარყოფთ რთული ამოცანის როლს მოსწავლეთა განვითარების საქმეში?

- გააჩნია, ჩემო კარგო, როდის როგორ და სად გაარჩევ ამ რთულ ამოცანას. არაერთხელ მსმენია და პირადად მოვსწრებივარ, როცა მათემატიკის მასწავლებელმა ერთ-ორ გაკვეთილზე ახსნა მთელი ერთი თვის საკითხები, ფორმულები - რა თქმა უნდა, ზედაპირულად - და შემდეგ გაკვეთილზე მოსწავლეს დავალებად მისცა 50-60 სავარჯიშო. განა ეს ნორმალურია?

სკოლის მოვალეობაა, ჯანსაღი თაობა აღზარდოს. ასეთი სწავლება ჯგუფის უმრავლესობას ხომ აკომპლექსებს, პირდაპირ ვთქვათ აშტერებს, ადებილებს. რას ერჩი იმ მოსწავლეს, რომელიც იურისტი, ექიმი, ფილოლოგი, ეკონომისტი, მძღოლი, მზარეული თუ მკერავი უნდა გამოვიდეს და სწავლისადმი ასეთი მიდგომით არასრულფასოვანი გახდა?

- მაგრამ ერთეულმა მოსწავლეებმა ასეთი სწავლებით ხომ შეიძლება მაღალ დონეზე შეისწავლონ საგანი?

- ჰოო, ეს კიდევ საკითხავია. სხვათა შორის, ასეთი ცრუ სწავლება ახალი არ არის. ასეთ ცრუ სწავლებას (განსაკუთრებით - მათემატიკაში) ადრეც მიმართავდნენ. მაგალითად, როდესაც, დაახლოებით, 25 წლის წინ ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მაშინ პედაგოგიური იყო) მისაღები გამოცდების დროს ყველა ამოცანა სასკოლო წიგნიდან შეიტანეს, თანაც ისეთი, რომელიც სახელმძღვანელოში დაწვრილებით განხილული იყო, შედეგი კატასტროფული აღმოჩნდა!

მაშინდელი ეს მოქმედება (რასაც ბატონი კოტე სვანაძე ხელმძღვანელობდა) პროგრესული იყო, რადგან ამით მცირედით მაინც მოხდა დაპირისპირება მაშინდელ დროში ფეხგადგმულ, აბსოლუტურად მახინჯ, ძირმომპალ, ყოვლად გაუმართლებელ მისაღები გამოცდების სისტემასთან, იმ გამოცდების სისტემასთან, რომელთა პატიოსანი ჩატარების შემთხვევაშიც კი ხშირად საქმე გვქონდა არა აბიტურიენტის ნამდვილი ცოდნის შემოწმებასთან, არამედ, სინამდვილეში, ის სურათი წარმოჩნდა, თუ როგორ იყო აბიტურიენტი გაწაფული გამოცდებისათვის და რამდენად დაზეპირებული ჰქონდა მას საგანი.

რა თქმა უნდა, მაშინაც არსებობდა მოაზროვნე აბიტურიენტი და სტუდენტი. მაგრამ ხშირ შემთხვევაში მათ მისაღებ გამოცდებზე აზროვნებას არავინ სთხოვდა.

გავაგრძელებ ჩემს სიტყვას და რამდენიმე ფრაზით შევეხები დაწყებით კლასებს. ახსნისა და დავალების მიცემის მხრივ არც იქ არის სახარბიელო მდგომარეობა.

დაწყებითი კლასის მასწავლებელთა მნიშვნელოვანი ნაწილის სისუსტე, განსაკუთრებით - მათემატიკაში, ცალკე აღნიშვნის თემაა და აქ არ შევჩერდები. მხოლოდ ერთ რაიმეს აღვნიშნავ: განა ნორმალურია, როდესაც მეორე თუ მესამეკლასელ მოსწავლეს 30-40 სავარჯიშოს მისცემ გასაკეთებლად? ამით მოსწავლეს ხომ უბიძგებ ზედაპირული აზროვნებისაკენ და იქვე კლავ მას, როგორც მომავალ ინტელექტუალს? ხომ უმჯობესია, რამდენიმე (3-4) ამოცანა დეტალურად გაარჩევინო, დაანახო ამოცანის სტრუქტურა, ასწავლო სიტუაციური აზროვნება, სხვადასხვა ამოცანასთან კავშირი, განუვითარო მოსწავლეს სისტემატური აზროვნება, კრიტიკული აზროვნება, წარმართო მოსწავლის აქტიური აზრობრივი საქმიანობა და არა - ზედაპირულად გაწაფო. 

იმის ნაცვლად, რომ დაწყებითი კლასის მასწავლებელმა ჩაატაროს მოსწავლეზე ორიენტირებული ღია გაკვეთილი, ისინი ხშირად ატარებენ შოუ-გაკვეთილებს (სპექტაკლ - ღია გაკვეთილებს) და ამით აშტერებენ მშობლებსაც და მათ შვილებსაც.

- გამოდის, სკოლებში პროფესონალი მასწავლებლები აღარ მუშაობენ?

- რა თქმა უნდა, სკოლაში მუშაობენ კეთილსინდისიერი მასწავლებლებიც, მათში შერწყმულია პროფესიონალიზმი, პატიოსნება და საგნის სიყვარული. მაგრამ ისინი ცოტანი არიან და მთლიან სურათს ვერ ცვლიან.

ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა ჩამოაყალიბა კიდევ ერთი თაობის პროფესიის „ნაბიჭვარი“ პედაგოგები. ისინი ცდილობენ, მოსწავლეს საგანი შეასწავლონ მხოლოდ ტესტირებით. არავითარი ახსნა, მხოლოდ ტესტირება!

ამ შემთხვევაშიც, რა გინდ გასაოცარი არ უნდა იყოს, მშობლების (და მასწავლებლების) უმრავლესობა კმაყოფილია.

სწორედ ამიტომ, არაერთხელ მითქვამს და ვიმეორებ, რომ, ხშირ შემთხვევაში, მოსწავლის გამოშტერების პროცესში ხელიხელჩაკიდებული მონაწილეობენ მასწავლებელი და მშობელი. ისინი ავსებენ ერთმანეთს, ანუ ამ საქმეში პარტნიორები არიან.

როდესაც მასწავლებელი მშობელს აჯერებს ზემოთ მოყვანილ მეთოდებით სწავლების აუცილებლობაში, მშობელი ვერც კი ხვდება, რომ მას მასწავლებელი უვიცად თვლის, ხოლო მის შვილს - უაზრო არსებად.

მასწავლებლები, რომლებიც შარლატანები და პროფესიის „ნაბიჭვრები“ არიან, ხშირად აკომპლექსებენ მოსწავლეს. თითქოს მათ იმიტომ ვერ გაიგეს ახსნილი მასალა, რომ უინტელექტონი არიან. სამწუხაროდ, ასეთი გავლენის ქვეშ არცთუ იშვიათად ხვდებიან ისეთი მოსწავლეებიც, რომელთაც აქვთ განვითარების დიდი პოტენცია და რომელთა სწორი სწავლებითაც მივიღებდით მაღალი ინტელექტის მქონე ახალგაზრდას.

სწორედ ის სწავლება (ცრუ სწავლება), რასაც გვთავაზობს შარლატანი, პროფესიის „ნაბიჭვარი“ პედაგოგები, მოსწავლეთა საგნის შესწავლისადმი ინტერესის დაკარგვის, მისი შეძულების საფუძველია.

სწორს ბრძანებს ბატონი ზურაბ ვახანია, როდესაც ამბობს: „ეს აბსურდამდე მისული სიყალბე სადისტურ პორნოგრაფიულ ფილმებზე მეტად ამახინჯებს მოსწავლის ზნეობას, მათ შრომის უნარსა და სულიერ სიჯანსაღეს“.

გასული საუკუნის 70-იან წლებში აკადემიკოსი გნედენკო ბრძანებდა: „რომელიღაც ეტაპზე სწავლისადმი ინტერესის დაკარგვა შობს სიზარმაცეს, ხოლო სიზარმაცე უსაქმურობასა და უნარის დაკარგვას. აი, რატომ არის მნიშვნელოვანი მათემატიკის კურსის ისეთი მოფიქრება, რომ მისი შესწავლა იყოს საინტერესო, შინაარსი თანამედროვე, გააღვიძოს აზრი და განავითაროს უნარი, აგრეთვე გახსნას გზა როგორც სამეცნიერო, ისე პრაქტიკულ საქმიანობაში“.

- როგორ გამოყოფთ სახელმძღვანელოს როლს სწავლებაში? მაგალითად, მათემატიკის სახელმძღვანელოსას?

- სახელმძღვანელოს როლი არსებითია. ამ კუთხით დიდი საქმეა გასაკეთებელი. მართალია, მათემატიკის სახელმძღვანელოების ავტორებმა უდიდესი შრომა გასწიეს და სასკოლო სახელმძღვანელოებში მოგვცეს ისეთი მასალაც, რომელსაც ჩემი თაობა სხვადასხვა წიგნში, ჟურნალებში ეძებდა, მაგრამ სახელმძღვანელო ჯერ კიდევ არ არის მოსწავლეზე სრულად ორიენტირებული.

ამ სახელმძღვანელოებს აშკარად აქვთ ზედმეტი სირთულე, საკითხებიც არ არის ისეთი ენით დაწერილი, რომ საშუალო დონის მოსწავლეთა უმრავლესობისათვის გასაგები იყოს. სავარჯიშოთა სისტემა ზომაზე მეტად რთულია და გადატვირთული. ხოლო ის ნაკლი, რომ წიგნში არ არის გამოყოფილი ძირითადი ტექსტი, ანუ ის მასალა, რომელიც სავალდებულოა ყველა მოსწავლისათვის, ნოყიერ ნიადაგს უქმნის ცრუ მასწავლებლებს, განახორციელონ მისია - დააკომპლექსოს მოსწავლე.

უდიდესი ნაკლია ისიც, რომ ყოველი პარაგრაფის ბოლოს სავარჯიშოთა სისტემა იწყება ტექსტური ამოცანებით. თუ ავტორები ცდილობენ, ტესტური სავარჯიშოებით განუმტკიცონ თეორიული მასალის ცოდნა, მაშინ ტესტური სავარჯიშოები გადახედვას მოითხოვს. რადგან ტესტური სავარჯიშოების იქვე მიცემა ავტომატურად უბიძგებს მოსწავლეს ზედაპირული ანუ ცრუ ცოდნის მიღებისკენ.

მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ IX-XII კლასებში წარმატებულ სწავლებას (სადაც სწავლებაა!) სჭირდება არა მასწავლებელი, არამედ მკვლევარი - მასწავლებელი, რომელიც იცნობს და ფლობს სასკოლო პროგრამას, გარკვეული დოზით - უმაღლესი მათემატიკის საკითხებს და გამოირჩევა კვლევითი უნარით, იცის ფსიქოლოგია. ასეთი პროფესონალი მასწავლებლის პირობებში სახელმძღვანელოების ხარვეზები შეიძლება მინიმუმამდე დავიდეს, შეიძლება საერთოდ გაქრეს. უფრო მეტიც, მოსწავლეთა ნაწილისათვის, პირიქით, მოცემული სახელმძღვანელოები დადებითად იქცეს იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ისწავლიან წიგნზე მუშაობას და განივითარებენ კვლევით უნარს.

ეს ორი რამ აუცილებელია შემდგომში უმაღლეს სასწავლებელში წარმატებული საწავლისათვის. სწორედ ის ნაკლი, რომ სკოლის კურსდამთავრებულმა არ იცის წიგნთან მუშაობა, არა აქვს სათანადო კვლევითი უნარი, არის მიზეზი იმისა, რომ გამოცდების წარმატებით (მაღალი ქულებით) ჩაბარების შემთხვევაშიც უმაღლეს სასწავლებელში სწავლა უჭირს.

- ალბათ, სწორედ ამიტომ არის, რომ მასწავლებელთა უმრავლესობა მიმართავს სხვადასხვა დამხმარე წიგნს. მაგალითად, თოფურიას რედაქციით გამოშვებულ ორტომეულს...

- მიუხედავად ჩემი უდიდესი პატივისცემისა აწ გარდაცვლილი ბატონ სერგო თოფურიასადმი (ის ჩემი დისერტაციის ოპონენტი გახლდათ), პირდაპირ ვაცხადებ: თოფურიას წიგნის გამოყენება, როგორც სასკოლო სასწავლო წიგნისა, კიდევ ერთი უბედურებაა მათემატიკის სწავლებაში (სხვათა შორის, ამ წიგნის დანიშნულება არც იყო მისი საგაკვეთილო სისტემაში გამოყენება). ამ საკითხზე თავად მქონდა საუბარი ბატონ სერგო თოფურიასთან ამ ერთი წლის წინ.

- ამასწინათ ტელევიზორში იყო რამდენიმე გადაცემა, სადაც გამოჩნდა, რომ არა მარტო ჩვენი მოსწავლეების უმრავლესობის, არამედ უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთა უმრავლესობის დონეც დაბალია. როგორ გგონიათ, რამ გამოიწვია ეს, მათ ხომ ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს?

- მართალია, ჩვენ გვყავს განათლებული სტუდენტებიც, მაგრამ უმრავლესობა უვიცია. მათი დონე არ სცილდება მეხუთე - მეშვიდე კლასების მოსწავლეთა დონეს და ზოგჯერ მასზეც დაბალიცაა (მაგალითად, ზოგიერთი სტუდენტი ვერ კითხულობს ხუთნიშნა რიცხვებს, ვერ ანსხვავებს „შ“ და „წ“, „ძ“ და „ხ“ასოებს; არ იცის, დაახლოებით, რა სიგრძისაა 1 მეტრი, რამდენი გვერდი აქვს სამკუთხედს, რამდენი ფილტვი აქვს ადამიანს და ა.შ.). როგორ ფიქრობთ, ბენდუქიძესთან შესახვედრად შემთხვევითი სტუდენტები, ან უმაღლეს სასწავლებლის კურსდამთავრებულები იქნებოდნენ? რა თქმა უნდა, არა. ან, როგორ მიგაჩნიათ, მათ თავის დროზე წილადების შედარება, ან მარტივი პროცენტის გამოთვლა არ ეცოდინებოდათ? რა თქმა უნდა, ეცოდინებოდათ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ზედაპირული, ფსიქოლოგიას მოწყვეტილი სწავლების დამსახურებაა ყოველივე ეს. იგივე საკითხები რომ მივცეთ პირველკურსელებს, რაც მათ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შეხვდათ, ზოგადად 30-40%-ით დაბალ შედეგს მივიღებთ. აი, ეს არის ზედაპირული სწავლების შედეგი.

რაც შეეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებს, მისი მინუსი ის არის, რომ ზღვარი ძალზე დაბალია. ჩემი აზრით, ზღვარი 50-70% მაინც უნდა იყოს და არა 20-25%. ალბათ, გადასახედია საკითხთა სირთულის დონეც. მაგალითად, მათემატიკის ბილეთი ისეთია, რომ მე-8 კლასელს შეუძლია 70%-მდე შედეგი აჩვენოს. დიდი შანსია აგრეთვე იმის, რომ მე-7 კლასელმა ბარიერი დაძლიოს. გადასახედია ბოლო სამი ამოცანის დონეც: ისინი უფრო რთულები უნდა იყოს.

- მაგრამ აბიტურიენტთა ერთმა მესამედმა მათემატიკაში ზღვარიც რომ ვერ გადალახა?

- ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათემატიკის ბილეთი იყო რთული. პირიქით, აბიტურიენტთა დონე იყო დაბალი.

- რადგან სტუდენტები და უმაღლესი სასწავლებლები ვახსენეთ, ხომ ვერ გვეტყოდით რამდენიმე სიტყვას მათ შესახებ.

- აშკარაა, რომ უნივერსიტეტთა უმრავლესობა სულს ღაფავს.

სტუდენტთა უმრავლესობის დონე დაბალია და ელემენტარულ დონეზე ვერ პასუხობს სტუდენტისადმი წაყენებულ მოთხოვნებს.

ამასწინათ ერთ-ერთი პროფესორი მეუბნება, ისეთი მდგომარეობაა უნივერსიტეტში სტუდენტთა დონის მიხედვით, რომ თავმოყვარე ადამიანი არც კი იმუშავებსო. ამით, ალბათ, ყველაფერია ნათქვამი. ვფიქრობ, ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ის, რომ უნივერსიტეტებმა თავად ასწიონ ბარიერი 20-25%-იდან 50-60%-მდე მაინც.

- თქვენი საუბრიდან გამოდის, ამ ოთხი წლის წინ დირექტორთა კონკურსი ტყუილუბრალოდ ჩატარებულა, რადგან ვერ მივიღეთ მაღალი დონის სკოლები...

- სკოლაში სასწავლო - სააღმზრდელო გარემოს შექმნა და გაუმჯობესება მარტო დირექტორზე არ არის დამოკიდებული, თუმცა პროფესიონალი დირექტორი ამისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.

დირექტორთა კონკურსის შედეგად, ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღეთ პროფესიონალი  დირექტორებიც, მაგრამ რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ხშირ შემთხვევაში, მივიღეთ შეშინებული, გასაცოდავებული, უინიციატივო, უსუსური დირექტორი. ხშირ შემთხვევაში დირექტორს ეშინია ყველაფრის - კანონიერი მოქმედებისაც, მასწავლებლისაც, დამლაგებლისაც,  რესურსცენტრისაც, ეშინიათ სიახლის, ინიციატივის, პროგრესის და ა.შ.

მაგალითად მივიყვან ერთ ფაქტს. ერთ-ერთ სკოლის დირექტორს უნდოდა, სკოლაში მასწავლებლად მიეღო ჩემი მეგობარი სოლომონ კოსტავა (იგი არის დოქტორის ხარისხის, იყო უძლიერესი სტუდენტი, სახელობითი სტიპენდიანტი, არაერთგზის გამარჯვებული მოსწავლეთა და სტუდენტთა ოლიმპიადაზე ფიზიკაში, გახლავთ ჩემი თანაავტორი). დირექტორმა რამდენიმე დღის შემდეგ სოლომონს ბოდიში მოუხადა... უთხრა: გავესაუბრე ჩემი სკოლის მასწავლებლებს და შენ რომ სკოლაში მიგიღო, ისინი ამიჯანყდებიან და მომხსნიანო.

თქვენ როგორ ფიქრობთ, ასეთი ფაქტები ერთეულებია?

აქვე ხმამაღლა ვიკითხავ: ჩვენს ქალაქს სკოლაში მომუშავე ფიზიკის ხუთი ნორმალური მასწავლებელი თუ ჰყავს?

არაერთხელ გამოვცადე იგივე საკუთარ თავზეც.

ამ ფაქტებს დაწვრილებით აღარ მოვყვები. ისევ ჩემს მეგობარ დირექტორებს გავუფრთხილდები, კვლავ რომ არ ჩავარდნენ უხერხულ, გაუგებარ, შეშინებულ, გასაცოდავებულ მდგომარეობაში.

თუ თავის ქებაში არ ჩამომართმევთ, მე და სოლომონ კოსტავა ზოგად უნარებში რესპუბლიკის მასშტაბით საუკეთესო წიგნების ავტორებად ვითვლებით. ამას აღნიშნავს არაერთი ცნობილი ქართველი მეცნიერი, პედაგოგი... ამით იმის თქმა მინდა, რომ სკოლაში ჩვენს შესვლას მასწავლებლები აჯანყებით კი არა, ზეიმით უნდა შეხვედროდნენ. მაგრამ, რადგან ფაქტია, რომ დირექტორებს მასწავლებლები დაემუქრნენ და დაშინება დაუწყეს, იმის ნაცვლად, რომ მოეწონებინათ დირექტორის გადაწყვეტილება, დასკვნა ერთად-ერთია: სკოლაში მრავლადაა ცრუ მასწავლებელი. ამიტომ ხმამაღლა ვაცხადებ: მანდატურების სკოლაში შესვლა დადებით მომენტად მიმაჩნია, რადგან სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობდა!

- ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა კვლავ წამოწია წინ რეპეტიტორთა საქმიანობა...

- რეპეტიტორობა, თუ ის მოსწავლის განვითარებას ემსახურება, დადებითად ჩაითვლება. მთელ მსოფლიოში არსებობს ნებაყოფლობითი რეპეტიტორობა.

მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს ქალაქში (და, ალბათ, სხვაგანაც) ამან კრიმინალური ხასიათი მიიღო. აქაც გამოჩნდნენ შარლატანები, პროფესიის „ნაბიჭვრები“, გარეწრები, რომლებმაც იყიდეს სახელი. ისინი არაერთი და ორია.

მაგალითად, ჩვენს ქალაქში არის რეპეტიტორად მონათლული ერთი კაცი. თავის დროზე იყო სუსტი სტუდენტი. მისი დონე, სისუსტე, უწიგნურობა (სხვათაშორის, გამართულადაც ვერ მეტყველებს) აშკარად ჩანს იმ უსუსტეს წიგნში, რომელიც მან დაწერა თუ გადმოწერა. ამ წიგნში, დაახლოებით, 1600 ტესტია და მასში ვერ ამოარჩევ ვერც ვერბალურ და ვერც მათემატიკურ ნაწილში 5% ნორმალურ ტესტს. გარდა ამისა, წიგნში დაახლოებით 25% შეცდომაა (ტესტების მნიშვნელოვანი ნაწილი სხვა წიგნებიდან რომ არ ჰქონდეს გადმოწერილი, ეს რიცხვი გაცილებით მეტი იქნებოდა).

სხვათაშორის, ამ კაცის პიარკამპანიაში რესურსცენტრის ზოგიერთი თანამშრომელიცაა ჩართული (თავად ის ადრე იქ მუშაობდა).

ამ კაცის და რესურსცენტრის ურთიერთობა ცალკე თემაა. მაგრამ თავს უფლებას მივცემ, დავსვა კითხვა: დავიჯეროთ, რეკლამა, პიარი უფასოა?

დიდი ალბათობაა აგრეთვე იმისა, რომ ამ კაცის სარეკლამო კამპანიაში ჩართულია რამდენიმე სკოლის პედაგოგიც. დამერწმუნეთ, საუბარია სოლიდურ თანხაზე, ხოლო რა დოზით ანაწილებს ეს რეპეტიტორი ამ თანხას (ან, საერთოდ, ანაწილებს?) და ვის რა რაოდენობას აძლევს (ან, საერთოდ, აძლევს?), ეს სხვა საკითხია.

- დავუშვათ, რა არის იმაში ცუდი, ან დანაშაული, თუ ვინმე ვინმეს რეკლამას, პიარს გაუკეთებს?

- მე, უბრალოდ, აღვნიშნე: როდესაც უვიცს, არაპროფესონალს, შარლატანს ვინმე პიარს უკეთებს, ეს ბევრ კითხვას ბადებს. აი, მაგალითად, ეს პიარი ვინმეს გენადი მარგველაშვილის, გოჩა გოქაძის, ავთანდილ ჯიშკარიანისა და მსგავსი პროფესიონალებისთვის რომ გაეკეთებინა, ნამდვილად არ გამიკვირდებოდა (თუნდაც ეს პიარი გარკვეული თანხის საფასურად ყოფილიყო). ამიტომ ვიმეორებ: შარლატანის მოვალეობაა შარლატანობა, ხოლო პროფესიონალის მოვალეობაა - ამხილოს შარლატანი, გარეწარი სპეციალისტი. ამიტომ ვთვლი: ამ შემთხვევაში მე, როგორც პროფესიონალმა, ჩემი მოვალეობა შევასრულე.

 

ესაუბრა ნანა ქვიშარელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5538
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია