დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კორუმპირებულებს პლუს 60 წელს გადაცილებულნი
2011/01/31 12:47:36

ამღვრეულ წყალში თევზი კარგად დაიჭირებაო... ჰოდა, ამ ჩვენს განათლების სისტემაში უკვე იმდენჯერ აიმღვრა წყალი, რომ ერსაც მოსწყინდა და ბერსაც „თევზის ჭერისთვის“ თვალყურის დევნება. ქუთაისში ამ ბოლო ხანებში ბაგა-ბაღების გამგეებთან დაკავშირებით აგორებული სკანდალი, ალბათ ყველას კარგად ახსოვს. რა თქმა უნდა, კორუმპირებული კადრები უნდა დაისაჯონ, თუმცა, ისევ ერთი ანდაზა მახსენდება: „თევზი თავიდან ყარსო“...

 

ახლა წყალი ისევ „აიმღვრა“ და, ოფიციალური მონაცემებით, ამის მიზეზი რეორგანიზაციაა. ქუთაისში უკვე ჩამოყალიბდა ბაგა-ბაღების გაერთიანება, რომელიც ქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 4 მილიონ 856 ათასი ლარით უზრუნველყოფს  35 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სხვადასხვა ხარჯების სწორად გადანაწილებას. რეორგანიზაცია მხოლოდ ამით არ დასრულებულა, 60 წელს გადაცილებულ მასწავლებელთა მთელი კონტიგენტი სამსახურებიდან გათავისუფლებულია, განცხადებები სამუშაოს დატოვების შესახებ დაწერილია, მათ თან ერთვის აღდგენის თხოვნით დამშვენებული ბარათები.

24 იანვარს სამსახურებიდან მოულოდნელად გათავისუფლებულმა ბაგა-ბაღების  მასწავლებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს მერიის შენობის წინ, თუმცა, გამოხმაურება ხელისუფალთა მხრიდან ვერ მიიღეს, ვერც რაიმე იმედი მათი პრობლემის მოგვარების შესახებ.

როგორც ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელი და საკრებულოს წევრი მამუკა მღვდელაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ოფიციალური ბრძანება პედაგოგების გათავისუფლების შესახებ ჯერ არ არსებობს და მასწავლებელთა პრობლემების მოგვარება იმერეთის გუბერნატორს შეუძლია: „რეორგანიზაციის შედეგად 100 მასწავლებელი დარჩა სამსახურის გარეშე. სხვა ქალაქებში გაათავისუფლეს 65 წელს გადაცილებული პედაგოგები, აქ კი ზღვარი დასწიეს 60 წლამდე. ალბათ, იმიტომ, რომ ქუთაისში 60-დან 65 წლამდე ასაკის ბევრი მასწავლებელია ბაღებში, შესაბამისად, რეორგანიზაციის შედეგად მეტი ადგილი დარჩება თავისუფალი და მეტ „თავისიანებს“ დაასაქმებენ.“

პირველი თებერვლიდან ბაგა-ბაღებში სწავლის პროცესი აღდგება, თუმცა ბავშვებს ახალ აღმზრდელებთან მოუწევთ შეჩვევა. სამსახურის გარეშე დარჩენილი პედაგოგები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ამ ფაქტს თავიანთი ღირსების შემლახველად მიიჩნევენ.

ციცინო მუკბანიანი, 34-ე ბაგა-ბაღის ყოფილი პედაგოგი: „15 იანვარს დაგვაწერინეს გათავისუფლებისა და აღდგენის ბარათები. როცა 17-ში მივედი ბაღში, გვითხრეს, რომ საპენსიო ასაკის პედაგოგები აღარ ვიმუშავებდით. გამოვიდა, რომ ის განცხადებები მოტყუებით დაგვაწერინეს და ყველაფერი რეორგანიზაციით ახსნეს. ჩვენ ვითხოვთ, დაგვაბრუნონ სამსახურებში და რეფორმა ახალი სასწავლო წლიდან, სექტემბრიდან დაიწყონ.“

მე-17 ბაგა-ბაღის ყოფილი მასწავლებელი (ჩვენთან საუბრისას ვინაობა არ დააკონკრეტა): „მივესალმები იმას, რომ ახალგაზრდები უნდა დასაქმდნენ, უკვე დროა, გზა დავუთმოთ მომავალ თაობას. თუმცა, არა ასე. რატომ არ შეიძლება ეს სასწავლო წელი დავასრულოთ ჩვენს აღსაზრდელებთან ერთად? რა თქმა უნდა, სამსახურს დავტოვებ, მაგრამ არა - „ქუთაისური“ კანონის საფუძველზე. მიიღონ ერთი კონკრეტული და საყოველთაო დადგენილება, რომელიც ყოველ წელს არ შეიცვლება. ეს ხომ დიდი ფსიქოლოგიური სტრესია? მთელი ცხოვრება ბაღში ვიმუშავე და ახლა ასე უნდა გამაგდონ?“

„რეორგანიზაციაა“ ეს,  ქალ-ბატონებო და ბატონებო! (აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ვინაობა არც მან დაასახელა): არც დროს დაგიდევთ, არც ფსიქოლოგიურ დარტყმას და არც თქვენს ღირსებას. არადა, ამართლებდეს მაინც... რამდენი რეფორმა ვიცით მე და თქვენ, ბოლოს რომ აღიარეს, უი, არ ვარგოდა, შეგვეშალა და თავიდან დავიწყოთო. ბოდიშიც არ მოუხდიათ, ისე დაიწყეს ძველი რეფორმის ახლით ჩანაცვლება“.

ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებათა დირექტორის მაია პაქსაძის განცხადებით, 2011 წლიდან ქალაქის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მართვა ცენტრალიზებულად უნდა მოხდეს: „რეორგანიზაციის ფარგლებში გათავისუფლდა 35 ბაგა-ბაღის ხელმძღვანელი, მათ ნაცვლად დაინიშნენ მოვალეობის შემსრულებლები. ასევე, სამსახურები დატოვეს 60 წელს გადაცილებულმა მასწავლებლებმა. არ მესმის, რატომ უნდა შეფერხდეს რეფორმა, ახლა შევწყვიტოთ და სექტემბერში განვაგრძოთ? ეს ზედმეტ გაუგებრობებს წარმოშობს.“

აი, ასე „აიმღვრა წყალი“ და „თევზის ჭერაც“ მალე დაიწყებაო, როგორც ამბობენ... ვინ იცის, სანამ თქვენ ამ ინფორმაციას კითხულობთ, იქნებ  დაიწყო კიდეც?

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1720
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია