დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სკოლებში ეთიკის ახალი კოდექსი ამოქმედდება
2010/09/13 14:01:12

ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები საკუთარ პედაგოგებს რეპეტიტორებად ვეღარ აიყვანენ - ეს ეთიკის ახალი კოდექსის ერთ-ერთი პუნქტია, რომელიც, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ბრძანებით, საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლაში მასწავლებლების, მოსწავლეებისა და დირექტორებისთვის ამოქმედდება.

 

სამინისტროს განმარტებით, კოდექსების შემუშავებისას ყურადღება იმ პრობლემებზე გამახვილდა, რაც სკოლებში რეალურად არსებობს და მისი მიზანი, მოსწავლეებს, დირექტორებს, მანდატურებსა და მშობლებს  შორის  „ცივილური ურთიერთობების დამკვიდრებაა“. მასწავლებლების თქმით კი, მათ სკოლებში შინაგანაწესი აქამდეც არსებობდა, თუმცა კანონის ძალით დამტკიცებული ეთიკის კოდექსები სკოლებში მთელი დატვირთვით იმუშავებს.

დირექტორის, მოსწავლისა და მასწავლებლის ვალდებულებები და აკრძალვები სამივე კოდექსში ზუსტად არის განაწილებული. მოსწავლეს მასწავლებლებთან, დირექტორთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან ურთიერთობაში თავაზიანობა ევალება და ვალდებულია, მათ კანონიერ მითითებებს დაემორჩილოს. ეკრძალება ძალადობა, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებების გავრცელება; არა აქვს უფლება, მასწავლებლის ნებართვის გარეშე დატოვოს გაკვეთილი. ეთიკის კოდექსის თანახმად, მან სკოლაში შესაფერისი სამოსით და აქსესუარებით უნდა იაროს. დროულად გამოცხადდეს გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებზე.

მოსწავლის ეთიკის კოდექსში ყველაზე საინტერესო იმ ნივთების ჩამონათვალია, თუ რისი შეტანა ეკრძალება მას სკოლაში. ესენია: თამბაქო, ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას იარაღად; სანთებელა ან ასანთი; ალკოჰოლური საშუალებები; ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; აზარტული თამაშის საშუალებები; უხამსობის ამსახველი ნივთები; ნარკოტიკული საშუალებები; ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები და ფსიქოტროპული საშუალებები - ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე.

დირექტორებს სკოლაში კეთილსინდისიერება და მიუკერძოებლობა მოეთხოვებათ. მათი მოვალეობაა, ხელი შეუწყონ მოსწავლეებში დემოკრატიული და პატრიოტული ღირებულებების ჩამოყალიბებას; თავად მისცენ მოსწავლეებს სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების და გარემოს დაცვის მაგალითი.

კოდექსით, მათ არა აქვთ უფლება, ბავშვებს სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენონ, ან მათზე ემოციური (ფსიქოლოგიური) ზეწოლა მოახდინონ. უნდა შეინარჩუნონ სიმშვიდე და სამართლიანი გადაწყვეტილებები მიიღონ. ვალდებულნი არიან, სასწავლო პროცესისას მოსწავლის ჯანმრთელობაზე, პირად უსაფრთხოებასა და საკუთრების დაცვაზე იზრუნონ.

თავად სკოლის დირექტორები ეთიკის კოდექსის შემოღებას იწონებენ და ეთანხმებიან. ამას ხელს ის შეხვედრებიც უწყობს, რომელთა დროსაც მათ თავად შეიტანეს კოდექსში გარკვეული კორექტივები. დირექტორები ამბობენ, რომ კარგია ეთიკის კოდექსის კანონის ძალით ამუშავება.

„ჩვენ თავად მივიღეთ მონაწილეობა ეთიკის კოდექსის შემუშავებაში. ვიმსჯელეთ, მიუღებელი არაფერი იყო, ცოტა ტერმინოლოგია აღმოჩნდა გაურკვეველი და დასამუშავებელი. ვთქვათ, რას ნიშნავს „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ და ა.შ. ვფიქრობ, მაგალითი უნდა მისცე მოსწავლეს“, - აღნიშნა პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა თამაზ ცხადაძემ ჩვენთან საუბრისას.

კოდექსის თანახმად, მასწავლებელმაც და დირექტორმაც ყველა პირობა უნდა შექმნან მოსწავლეთათვის, რომ იდეები და შეხედულებები თავისუფლად გამოხატონ. არა აქვთ უფლება, მოსწავლის ფიზიკური და ინტელექტუალური შრომა, მისი პოტენციალი პირადი მიზნებისათვის გამოიყენონ. თანაბარი ყურადღება უნდა გამოიჩინონ ყველა მოსწავლის მიმართ, განურჩევლად სქესისა, რასისა, ენისა, რელიგიისა, ეროვნული ან სოციალური წარმოშობისა და ქონებრივი მდგომარეობისა. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის მიუხედავად, უნდა იზრუნონ, რომ ყველა მოსწავლემ ხარისხიანი განათლება მიიღოს. მათ ასევე მოეთხოვებათ პუნქტუალობა, მოწესრიგებულად ჩაცმა, ეთიკური ნორმების დაცვა და მოსწავლეებისათვის გასაგები ენით მეტყველება.

სიახლეა ისიც, რომ გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დირექტორებს ეკრძალებათ საკუთარი მოსწავლის რეპეტიტორობა, ამასთან, მოსწავლეებთან რელიგიური და პოლიტიკური პროპაგანდა.

 

***

კოდექსებში გაწერილია ისეთი პუნქტები, რომლებიც დირექტორსა და მასწავლებელს ცალ-ცალკე მოთხოვნებს უყენებს. მაგალითად, მასწავლებელმა უნდა შეითავსოს მოსწავლის მრჩევლის ფუნქცია სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადასალახავად. მოსწავლის სურვილის შემთხვევაში, დაეხმაროს პირადი პრობლემების მოგვარებაში. საჭიროების შემთხვევაში, ვალდებულია, მოსწავლის მშობელს ინდივიდუალურად შეხვდეს და თავაზიანი იყოს მასთან ურთიერთობისას. ყოველი სემესტრის დასაწყისში სასწავლო გეგმისა და მის მიერ არჩეული სწავლების მეთოდების შესახებ, ვალდებულია, მშობლებს განმარტებები მისცეს. გარდა ამისა, შეატყობინოს მშობელს მისი შვილის დისციპლინური დარღვევის შესახებ და ხელი შეუწყოს მშობლის ჩართვას სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრულ დისციპლინურ წარმოებაში.

როგორც პედაგოგები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, ეთიკის კოდექსს დიდი ხანია იცნობენ. თავის დროზე ცვლილებები და უმნიშვნელო შესწორებები მათაც შეიტანეს. კანონის ძალით მის დამტკიცებას, დირექტორების მსგავსად, ისინიც ეთანხმებიან და იწონებენ.

„ვთვლი, რომ მასწავლებლისთვის აუცილებელია ის ჩარჩოები, რაც აქ არის მოცემული. რაც შეეხება მოსწავლეთა ქცევის კოდექსს, ისინი იცნობენ ჩვენს შინაგანაწესს, ახალი ეთიკის კოდექსს კი სასწავლო წლის დაწყებისთანავე გავაცნობთ“, - გვითხრა 32-ე სკოლის პედაგოგმა თამარ მურუსიძემ.

 

***

მასწავლებელს, თუ ის კლასის დამრიგებელია, აუცილებელია, ჰქონდეს ყველა მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია, რათა დროულად შეძლოს მათთან დაკავშირება. თუ მოსწავლე სკოლაში არ გამოცხადდა, მის ჯანმრთელობასა და პირად უსაფრთხოებას საშიშროება დაემუქრა, ვალდებულია, მშობელს დაუ-ყოვნებლივ აცნობოს.

რაც შეეხება სკოლის დირექტორს, მისი მოვალეობაა, ხელი შეუწყოს ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების მიღწევასა და ამ პოლიტიკის შესაბამისი სიახლეებისა და ცვლილებების განხორციელებას. უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო, ეფექტური, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი სასწავლო და სამუშაო გარემო და ხელი შეუწყოს სკოლაში ინკლუზიური განათლების დანერგვას.

დირექტორმა სასკოლო დისციპლინის დაცვა ისეთი მეთოდებით უნდა უზრუნველყოს, რომ არ ეწინააღმდეგებოდეს მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლისა და სკოლაში დასაქმებული პირების ღირსების პატივისცემას. ის პატივისცემით უნდა მოეპყრას მასწავლებელს და სკოლაში დასაქმებულ ყველა პირს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა და პიროვნული თავისებურებებისა. ურთიერთობის დროს ვალდებულია დაიცვას მორალური და ზნეობრივი ნორმები. უნდა გაუფრთხილდეს და კეთილსინდისიერად განკარგოს სკოლის ადამიანური, ფინანსური და მატერიალური რესურსები... ხელი შეუწყოს მასწავლებელსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს პროფესიულ განვითარებაში. ყველა პირობა შეუქმნას დამწყებ მასწავლებლებს სასკოლო გარემოში ინტეგრაციისთვის და სხვა.

სკოლის დირექტორი ვალდებულია იზრუნოს, რომ ყველა მოსწავლემ ხარისხიანი განათლება მიიღოს და სასწავლო პროცესში მშობლებიც უნდა ჩართოს. მშობლის სურვილის შემთხვევაში, ვალდებულია, მისცეს განმარტებები სასკოლო სასწავლო გეგმის თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში, მათთან ინდივიდუალური შეხვედრები ჩაატაროს.

ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევთა პასუხისმგებლობა სკოლის შინაგანაწესით დარეგულირდება. პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს: საყვედური, გაფრთხილება, მშობლის გამოძახება. ურთულეს შემთხვევაში შესაძლოა, საქმე გარიცხვამდეც მივიდეს. ხოლო მასწავლებლებთან და დირექტორებთან მიმართებაში, თუ რომელიმე არაერთგზის დაარღვევს კოდექსს, არ არის გამორიცხული, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შეუწყდეთ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1921
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია