დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ათავისუფლებენ - არ ათავისუფლებენ?
2010/06/28 12:34:04

შესამცირებელ მასწავლებელთა სიაში მოხვედრილ პედაგოგთა რიცხვი ამ დროისთვის დაახლოებით 20 000-ს აღწევს...

 

„საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და დირექტორებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისაგან უკვე მიღებული აქვთ ზეპირი ბრძანება, რომ 2010-2011 სასწავლო წლიდან მცირე დატვირთვის მქონე და პენსიონერი პედაგოგები სკოლებში აღარ უნდა იყვნენ. ეს კი ნიშნავს ათეულათასობით მასწავლებლის შემცირებას და ქუჩაში დარჩენას“, - ნათქვამია საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტის, მანანა ღურჭუმალიძის მიმართვაში.

შესამცირებელ მასწავლებელთა სიაში მოხვედრილ პედაგოგთა რიცხვი ამ დროისთვის დაახლოებით 20 000-ს აღწევს. პედაგოგთა ნაწილმა თავისუფალ პროფკავშირს დახმარებისთვის უკვე მიმართა. მათ შორის არიან მცხეთის რაიონის  მუხრანის ?1, ქუთაისის 25-ე, 37-ე, თბილისის მე-4, 175-ე და 159-ე სკოლების მასწავლებლები. ანალოგიური პრობლემები აქვთ თბილისის  მე-8, მე-9, მე-11, მე-15, 112-ე,  36-ე, 48-ე, 186-ე, 187-ე სკოლებსა და საქართველოს თითქმის ყველა ქალაქსა თუ რაიონში.

ცნობილია ასევე ის ფაქტიც, რომ დირექტორები პედაგოგებს ხელს აწერინებენ გაფრთხილების ფურცელზე, რომ რეორგანიზაციის გამო, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ისინი გაფრთხილებულნი არიან სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების, ან საათობრივი დატვირთვის შემცირების შესახებ. ქუთაისიდან პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირში ამ დროისათვის  13 განცხადებაა შესული. მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დირექტორებმა შეიყვანეს გასათავისუფლებელთა სიებში, რადგანაც მცირე საათები აქვთ.

დირექტორებმა  უკვე  გაიარეს  სიტყვიერი კონსულტაციები რესურსცენტრში იმის შესახებ, თუ რომელ შტატს დატოვებენ და რომელს - არა. მასწავლებელთა შემცირების მთავარი მიზეზი ჯერჯერობით მხოლოდ საათების რაოდენობაა. ის პედაგოგი, რომელსაც 18 საათზე ნაკლები ექნება, სკოლას დაემშვიდობება. არადა, არსებობს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის ბრძანება, რომლის მიხედვითაც პედაგოგს უფლება აქვს, 2 საათზეც კი იმუშაოს.

„2005 წლის მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვით მასწავლებელი შეიძლებოდა, დანიშნულიყო 2 საათზეც კი და ემუშავა - დღემდე ძალაშია. სხვათა შორის, 2005 წელს, როცა მინისტრის ეს ბრძანება იწერებოდა, თავისუფალი პროფკავშირი წინააღმდეგი იყო. ჩვენ ვთვლიდით, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს გამოიწვევდა მასწავლებლებში დაპირისპირებას და სკოლებში შეიქმნებოდა ცუდი სიტუაცია. უკვე  ამ ფაქტის წინაშე ვდგავართ. სამინისტრომ სერიოზული შეცდომა დაუშვა და ახლა ცდილობს, ეს შეცდომა მასწავლებლის ხარჯზე დირექტორის ხელით გამოასწოროს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ერთის მხრივ, აცხადებს, რომ მასწავლებლების შემცირება არ იგეგმება და საუბარია მხოლოდ სკოლების ადმინისტრაციების ისეთი აბსურდული შტატების შემცირებაზე, როგორიცაა, მაგალითად, მთვლელები, მეტაბელეები თუ ე.წ. მასაჟისტები, ხოლო რეალურად, მისი სიტყვიერი მითითების საფუძველზე დირექტორები მასწავლებლებს ამცირებენ. მინდა ვთქვა, რომ რიგ სკოლებში შტატი მართლაც არის იმაზე მეტი, რაც საჭიროა სკოლისთვის, მაგრამ ასეთი სკოლის დირექტორები უნდა დაისაჯონ და მათ უნდა მოეკითხოთ“, - აცხადებს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ლია რატიანი.

მისივე თქმით, „სამინისტრო ერთის მხრივ ამბობს, რომ 2014 წლამდე მასწავლებელს უფლება აქვს, გავიდეს გამოცდაზე, აიღოს სერტიფიკატი და სერტიფიცირებამ განსაზღვროს მისი წარმატება. მეორეს მხრივ კი - შინ უშვებს. ასეთი გადაწყვეტილება ერთმანეთს უპირისპირდება. თუ მე  მაქვს უფლება 2014 წლამდე გამოცდაზე გავიდე, მაშინ მასწავლებლის უფლებას რატომ მართმევ და მეუბნები, რომ უნდა წავიდე სკოლიდან იმიტომ, რომ მცირე საათები მაქვს? რა თქმა უნდა, გამოცდა დაარეგულირებს ამ ყველაფერს და შექმნის პრეცენდენტს იმისას, რომ სკოლაში დარჩეს ძლიერი მასწავლებელი და არა - სუსტი“.

***

თვითონ სკოლებში კი დირექტორების უმრავლესობა ამ საკითხზე მედიასთან საუბარს გაურბის. შესამცირებელ მასწავლებელთა სიების არსებობას ყველა მათგანი უარყოფს, ხოლო შემცირებას, როგორც მოსალოდნელ ფაქტს - არა.

 ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორმა სალომე სარალიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა: „მოგეხსენებათ, ალბათ, რომ სრული დატვირთვა არის 18 საათი. მე სკოლაში ერთ და ორ საათიანი მასწავლებლებიც მყავს. შემცირებები მოსალოდნელია, თუმცა, ვეცდები, გამოსავალი ერთად გამოვნახოთ. შერჩევის კრიტერიუმები, საათების გარდა, იქნება მასწავლებლების კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი. ალბათ, დირექტორები თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას. შესამცირებელ მასწავლებელთა სავარაუდო სია არ მაქვს. პირველ ოქტომბერს დამიკავშირდით“.

ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ ცხადაძე თავის სკოლაში მასწავლებელთა შემცირებას არ აპირებს:

„მე შეღავათს ვუწევ ყველას. თუმცა, არსებობს გარკვეული წესები, რომელიც გამოავლენს მასწავლებელთა კვალიფიკაციას. მასწავლებელთა შემცირების მიზეზი შეიძლება იყოს მცირე საათები და დაბალი კვალიფიკაცია“.

იმ დირექტორებმა, რომელთა სკოლის მასწავლებლების განცხადება შესულია თავისუფალ პროფკავშირში, კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. 25-ე სკოლის დირექტორმა ნონა ჩუბინიძემ კომენტარი საერთოდ არ გააკეთა, 37-ე სკოლის დირექტორმა მამუკა გიორგაძემ კი (მისი სკოლიდან თავისუფალ პროფკავშირში უკვე 11 მასწავლებლის განცხადებაა შესული) გვითხრა, რომ კომენტარის გასაკეთებლად დირექტორი ძალიან დაბალი რგოლია და რესურსცენტრის უფროსთან, ლადო პატარიძესთან გადაგვამისამართა. პასუხი არც ლადო პატარიძეს აღმოაჩნდა: „მიმართეთ სამინისტროს პრეს-მდივანს“, - ასეთი იყო მისი კომენტარი.

პატარიძე, სამწუხაროდ, ვერ ხვდება, რომ მისი ასეთი პასუხი უკვე კომენტარია და იმას მიანიშნებს, რომ ყველაფერი სწორედ ზემოდან მოდის, სამინისტროს დირექტივაა და რესურსცენტრის უფროსიც და დირექტორებიც მხოლოდ პატარა ჭანჭიკები არიან, რომლებიც თავიანთი სკამის შესანარჩუნებლად ყველაფერზე წამსვლელები არიან.

რედაქციამ გაითვალისწინა ქუთაისის რესურსცენტრის „გადამისამართება“ და ამ საკითხზე კომენტარისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ეკა ჭუმბურიძეს, დაუკავშირდა. 

ეკა ჭუმბურიძე: „მინისტრმა გარკვევით თქვა, ჩვენ არავის ვამცირებთ და რამდენ ხანს უნდა ისაუბრონ ამ საკითხზე, არ მესმის. თუ ვინმე ვინმეს უშვებს სამსახურიდან, ეს უშუალოდ დირექტორების გადასაწყვეტია. ჩვენ მივეცით რეკომენდაცია, რომ მასწავლებელმა, რომელსაც აქვს 24 საათი და მხოლოდ 18-ის ანაზღაურება ხდება, მისი საათები გადასცეს იმას, ვისაც 5 ან 6 საათი აქვს. სკოლების გადასაწყვეტია, ვის რამდენ საათს მისცემს. სამინისტრო არაფერ შუაშია. მინისტრმა თქვა, შემცირებები არ იქნება.“

ამ კომენტარის მიხედვით ჩანს, რომ შეიძლება, მინისტრმა დირექტორებს დაავალა, დაბალსაათიანებს საათები და შესაბამისად, ხელფასი მოუმატეთო, ეს დირექტორები კი ყველაფერს უკუღმა იგებენ... ამას ჰქვია „ხელებიც დამიბანიაო“, „ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებსო“, ჩვენ არ ვათავისუფლებთ, მაგრამ დირექტორებს ვინც უნდათ, იმას გაათავისუფლებენო...

საათების ასე მიმატება-გამოკლება რომ არ ხდება და მისი განაწილება მთლად დირექტორების ჭკუაზე რომ შეუძლებელია, ამასთან დაკავშირებით, სპმთპ-ის აღმასრულებელმა ვიცეპრეზიდენტმა, მაია ლიპარტელიანმა  უკვე მრავალგზის გააკეთა განცხადება: „სამინისტრო საშტატო განრიგს უკავშირებს მასწავლებლის საათობრივ დატვირთვას. მასწავლებლის საათობრივი დატვირთვის სახეები განსაზღვრულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის ?576 ბრძანებით, რომლის მიხედვითაც მასწავლებელს შეიძლება, ჰქონდეს ნაწილობრივი, სრული და სრულზე მეტი დატვირთვა. ის ფაქტი, რომ ზოგ მასწავლებელს 23 ან 21 საათი აქვს, ხოლო ზოგს - 15, ეს დამოკიდებულია ეროვნულ სასწავლო გეგმასა და სასკოლო სასწავლო გეგმაზე, რომელთა მიხედვით განისაზღვრება, ამა თუ იმ კლასში რამდენი საგაკვეთილო საათი ეთმობა საგანს. თუ, მაგალითად, ქართულ ენასა და ლიტერატურაში კვირაში 21 საათი უნდა ჩაატაროს მე-10 კლასის მასწავლებელმა, როგორ შეიძლება, რომ მას მოაკლო 7 საათი და მეორე მასწავლებელი შეუშვა იმავე კლასში: გამოდის, რომ ერთსა და იმავე კლასში ორი სხვადასხვა მასწავლებელი ასწავლის. ამასთან, რომელი საკანონმდებლო ნორმის, რა კრიტერიუმის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს დირექტორმა, რომელ მასწავლებელს ჩამოართვას საგაკვეთილო საათი და რომელს მისცეს?

მოკლედ, ამ და სხვა უამრავ შეკითხვაზე სამინისტროს მხრიდან ზუსტი და ნათლად განმარტებული პასუხი არ არსებობს. არც მინისტრის 576-ე  ბრძანება შეუცვლია ჯერ ვინმეს. ამიტომ სკოლის დირექტორების მიერ მასწავლებელთა გათავისუფლებას საათების სიმცირის გამო არანაირი კანონიერი საფუძველი არ აქვს და თუ მას მასწავლებლები მასობრივად გააპროტესტებენ ან სასამართლოში გაასაჩივრებენ, თავიანთ სიმართლეს უსათუოდ დაამტკიცებენ.

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი, მასწავლებლებთან ერთად, უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ემზადება, თუმცა, იმედოვნებენ, რომ რადგან ამ ყველაფერს მხოლოდ სიტყვიერი სახე აქვს, ეს არის ერთგვარი მოსინჯვა იმისა, თუ რას იზამს პროფკავშირი და მასწავლებელი.

„მასწავლებლების აქტივობა უკვე საკმაოდ დიდია. პროფკავშირს რაც შეეხება, - რასაც მასწავლებლები დაგვიკვეთავენ,  ჩვენი გადაწყვეტილებაც შესაბამისი იქნება  და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ“, - აღნიშნავს ლია რატიანი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იმაზეც ზრუნავს, რომ მასწავლებლებმა მნიშვნელოვანი პროტესტი ვერ მოახერხონ ამ უკანონო შემცირებებთან დაკავშირებით და, პარალელურად,  ღია   ბრძოლა   წამოიწყო პედაგოგთა  და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წინააღმდეგ. კერძოდ, ნაცვლად იმისა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეასრულოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება და დაიწყოს რეალური სოციალური პარტნიორობა პედაგოგთა პროფკავშირთან, ის ასევე ზეპირ მითითებებს აძლევს საჯარო სკოლის დირექტორებს, რომ შეაჩერონ პროფკავშირის საწევროების გადარიცხვა, თუ არ იქნება მასწავლებელთა განცხადებები და ხელშეკრულებები გაფორმებული სკოლებთან.

მინისტრის ზეპირი მითითება ასევე ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. პროფკავშირის ყველა წევრს, ორგანიზაციაში შესვლის დროს უკვე დაწერილი აქვს განცხადება დირექტორების სახელზე, საწევროს სახით მისი ხელფასის 1%-ის პროფკავშირის ანგარიშზე გადარიცხვის თაობაზე. ამდენად, თანხის გადარიცხვა ხდება არა ბიუჯეტიდან, არამედ მასწავლებელთა ხელფასიდან, მათივე ნების საფუძველზე.

ქუთაისში ჩვენ ყველგან გვაქვს ეს ხელშეკრულება დარიგებული, მაგრამ,  არსებობდა  მინისტრის  სიტყვიერი მითითება, რომ არანაირ ხელშეკრულებაზე ხელი არ მოაწერონ, ამიტომ იყვნენ დაბნეული დირექტორები.  მინისტრი გამოდის ტელევიზიით და ამბობს, რომ შემცირებები არ იქნება. შემცირებებს დირექტორების ხელით აპირებენ და მერე დირექტორებსაც ჩაანაცვლებენ. ჩვენი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე უნდა შემცირდნენ მასწავლებლები, მეორე ეტაპზე კი სწორედ დირექტორებს გაათავისუფლებენ. მინისტრმა ისიც თქვა, რომ დირექტორები აღარ იქნებიან არჩეულები და სამინისტრო დანიშნავთ. თუმცა, კანონში ჯერ არანაირი ცვლილება არ შესულა და დირექტორი არჩევით თანამდებობად ითვლება...

განათლების სამინისტრომ კარგად იცის, რომ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ის ორგანიზაციაა, რომელიც მის წევრს დაიცავს კანონიერად. მათ სურთ, ჰყავდეთ ისეთი პროფესიული კავშირი, როგორიც სინდიკატია. შექმნეს და ქმნიან ძალით ორგანიზაციას, რომელიც ხელს უწყობს მასწავლებლების შემცირებას. თვითონ სინდიკატის ხელმძღვანელმა ტარას შავშიშვილმა მინისტრთან და დირექტორებთან შეხვედრისას დირექტორებს უთხრა, რომ მათი წარმომადგენლები გაუწევენ რეკომენდაციას, თუ როგორ უნდა მოხდეს მასწავლებლების შემცირება. სინდიკატი, რა თქმა უნდა, მასწავლებლებს არ და ვერ  დაიცავს.  ჭკუათმ-ყოფელი უნდა იყოს მასწავლებელი, რომ გახდეს იმ ორგანიზაციის წევრი, რომელიც ამას ამბობს.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი მიმართავს მასწავლებლებს, რომ ამ ურთულეს მომენტში სოლიდარობა გამოიჩინონ და პროფესიული კავშირის ირგვლივ გაერთიანდნენ და მოუწოდებს მათ:

„აქტიური პროტესტი გამოვხატოთ იმ უკანონობის წინააღმდეგ, რაც დაგეგმილია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან მასწავლებლებისა და მათი უფლებების დამცველი პროფკავშირის მიმართ“.

ანა ჩაგანავა

P.S. გაზეთ „პოსტსკრიპტუმის“ რედაქცია მზად არის, გვერდით დაუდგეს ყველა უკანონოდ გათავისუფლებულ მასწავლებელს და დაეხმაროს საკუთარი უფლებების დაცვაში. ამიტომ გირჩევთ, თუ თქვენ აღმოჩნდებით შესამცირებელ მასწავლებელთა სიაში, ან თქვენს მიმართ ადგილი  ექნება ნებისმიერი სახის უკანონობას დამსაქმებლის მხრიდან, აუცილებლად დაგვიკავშირდით რედაქციის ცხელ ხაზზე: 4 45 46. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1690
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია