დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სულ არ მეხალისება ბაჭიობა!
2010/03/15 13:08:29

ანა კამლაძე მრავალმხრივი ნიჭით გამორჩეული გოგონაა: წერს ლექსებს, ცეკვავს, წარმატებით ეუფლება ენებს, კარგადაც სწავლობს. წერილი, რომელიც მან მოგვაწოდა, ყოველგვარი სარედაქციო ჩარევის გარეშე იბეჭდება. გვინდა, ზუსტად წარმოგიდგინოთ, რას ფიქრობს უფროსკლასელი მოსწავლე ქვეყნის საგანმანათლებლო პოლიტიკაზე.

 

დღეს ისევ არ წავედი სკოლაში. რატომ? დავიღალე. დავიღალე იმით, რომ, შეიძლება, ისევ თავიდან და ახალი მეთოდებით მომთხოვონ უკვე ათჯერ მაინც ნასწავლი და თითქმის გაზუთხული ნაწარმოების გავლა...

რთულია, აღიარო და გაიმეორო გენიალური სიტყვები: „მე ვიცი ის, რომ არაფერი არ ვიცი“. რთულია, თუმცა, ყველაფრის უმაღლესად ცოდნის ამბიციებით შეპყრობილნი, ალბათ, მალე მივალთ შედეგამდე და, სავარაუდოდ, საბოლოო ჯამში, მართლაც მხოლოდ ის გვეცოდინება, რომ არაფერი ვიცით...

დღესდღეობით განათლების სისტემის სრული გარდაქმნა ხდება. სასიკეთოდ, თუ პირიქით, თავად განსაჯეთ. ძალიან ადვილია, იჯდე თბილ სავარძელში - ევროპულ-ამერიკული განათლებით - და მორიგეობით გასცე ათობით ბრძანება, როგორ უნდა დაინერგოს ახალი მეთოდიკა განათლების სისტემაში. საზოგადოების რაღაც ნაწილისათვის ეს ცვლილებები სრულიად გამართლებულია, ზოგისთვის, უბრალოდ, სულერთი. აი, ის კი რა გრძნობაა, როცა 15 წლის ხარ და თავი საცდელი ბაჭია გგონია, რომელსაც „ბედნიერ დასასრულზე“ მხოლოდ ოცნების უფლება აქვს, თუ არ გამოსცადეთ, დამიჯერეთ, ვერაფრით მიხვდებით. მე თვითონ სულ არ მეხალისება ბაჭიობა, მითუმეტეს - საექსპერიმენტო, და მითუმეტეს მაშინ, როცა ცხოვრებაში უფრო მეტს მინდა მივაღწიო, ვიდრე გალიაში სიკვდილია. თქვენ, გაყინული ღიმილით რომ მისწორებთ თვალს და მიმტკიცებთ, რა არის მომავლისთვის უკეთესი, რატომღაც, დამაჯერებლობა გაკლიათ.

ჯერ იყო, პატარა წიგნები დიდმა და პრიალა ყდიანმა შეცვალა, მერე სანატრელი „5“-იანები - მრგვალმა „10“-იანებმა. შემდეგ დაიწყო დაუსრულებელი ბრძოლა, ერთიდან ათამდე. რა თქმა უნდა, ვერავინ მოისაზრა, ეკითხათ, რა გვსურდა, რა გვაწუხებდა, ან რას შევცვლიდით. და ჩვენც, უკვე წლებია, მოვყვებით მძიმე გზას რეფორმიდან - რეფორმამდე. უახლესი და, იმედია, საბოლოო განკარგულება ათი გამოცდის შესახებაა, რომელიც ყველა თორმეტ კლასდამთავრებულმა უნდა ჩააბაროს, თუკი ეროვნულ გამოცდებზე გასვლის სურვილი გააჩნია. ეს, ერთი შეხედვით, სამართლიანი და უწყინარი კანონი საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ ზოგადი განათლების აუცილებლობის შესახებაა, რაც ყველა საგანში უნდა გაგაჩნდეს. რა თქმა უნდა მისასალმებელია სრული მცოდნეობა, თუმცა რატომ ვერ უნდა დაამთავროს სკოლა და არ უნდა მიეცეს შანსი სცადოს და იბრძოლოს უმაღლესი განათლების მისაღებად მან, ვინც თავისი ნიჭიერი მეგობრებისაგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ ბუნების მიერ ბოძებული ნაკლები შესაძლებლობა გააჩნია, გაუგებარია!

გაუგებარი და ბუნდოვანია ჩემთვის ასევე ბევრი ფაქტი და გადაწყვეტილება, რომელსაც განათლების სამინისტრო წარმატებით განხორციელებულ რეფორმებს არქმევს.

და, საერთოდ, როდესაც რეფორმა უკვე გატარებულია, ვერ ვხვდები, რატომ უნდა ამბობდეს მინისტრი ჟურნალისტთა მიერ დასმულ რიგ შეკითხვებზე:     „არ არის დაზუსტებული“, „ექსპერტები მუშაობენ“ და ა.შ.

ან ვინ არიან ეს ექსპერტები? ეჭვი მეპარება, ის გამოცდილი პედაგოგები იყვნენ, რომელთა ცოდნა და რეპუტაციაც ცალკე სადავო საკითხად იქცა.

ნამდვილად არაა მიზანშეწონილი საჯარო განცხადებები გააკეთო იმის შესახებ, რომ „ყველა მასწავლებელი და მოსწავლე ექსპერიმენტის ნაწილია“, რაც ჩვენი მანიპულირების საგნად ქცევას და ღირსების სრულ შელახვას გულისხმობს. როცა ჩემს თანატოლებს ვესაუბრე, ყველამ ერთი აზრი დააფიქსირა: მათ უბრალოდ აღარ სურთ ცვლილება, კარგი იქნება ის თუ ცუდი. მინდა ხმამაღლა ვთქვა: დავიღალეთ! რამდენი „კეთილის მსურველი“ უფსკრულისაკენ მიგვაქანებს და არათუ სწავლის მოტივაციას გვიჩენს, არამედ, ყველაფრის სურვილს გვიკარგავენ.

თუ ესაა თქვენი მიზანი, მაშინ წარმატებული ყოფილა რეფორმა. უბრალოდ, მეეზოვეები ყოველთვის მრავლად იქნებიან, თუმცა ერთი კარგი მეეზოვე რამდენიმე ცუდ პროფესორსაც უდრის, ყველანი ხომ შიშვლები ვიბადებით და შემდეგ ვხდებით მინისტრებიც, მეეზოვეებიც, მწყემსებიც. ამიტომ ყველას ერთნაირი შანსი მივცეთ აღმასვლისაკენ, დაე, თვითონ აირჩიონ, რომელ გზას გაჰყვებიან. თორემ, ეს შანსი რომ არა, იქნებ არც თქვენ ყოფილიყავით დღეს მინისტრის  სავარძელში და რომელიმე ბევრად მოკრძალებული, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანი პროფესია გქონოდათ.

ერთ რჩევასაც მოგცემთ, თუ ნებას დამრთავთ: არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც თქვენთვის უმნიშვნელო რამ მთელ ცხოვრებას წარმოადგენს. არსებობს გამონაკლისი სიტუაციები, როცა, უბრალოდ, ცივი გონების გარეშე უნდა იმოქმედო. არსებობს ზღვარი თითო ქულას შორის, რომელიც, შეიძლება, ვიღაცისთვის მართლა ბევრ რამეს წყვეტდეს. არსებობენ, უბრალოდ, სხვანაირი ადამიანები, და ეს მათი სურვილი სულაც არ არის. კანონთა და წესთა მიღმა არსებობს ღმერთი და რომ არა ის, არც ეს კანონები გვექნებოდა. სასწაულები, უბრალოდ ხდება, ვარსკვლავებიც უმიზეზოდ წყდებიან ციდან, ამიტომ სწორად გაიაზრეთ თითო ნაბიჯი, ჩვენ დღეს ისე გვჭირდება მათი სიკაშკაშე, როგორც არასდროს.

ანა კამლაძე,

ქუთაისის #1 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1805
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია