დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ არ ანათხოვრებს ფერიდე ჩახუნაშვილი წიგნს და გიტარას?
2010/03/15 13:04:41

ფერიდე ჩახუნაშვილი გამოცდილი ადვოკატია, სისხლის სამართლის სპეციალისტი, თუმცა როგორც თავად ამბობს, მოწოდებით პედაგოგია. შესაბამისად, მისი სურვილი ფილოლოგიურზე ჩაბარება იყო, მშვენიერ ლექსებს წერდა. ის მომღერლების ოჯახში იზრდებოდა, ბავშვობიდანვე სცენაზე იდგა, მოზარდ მაყურებელთა თეატრის  სხვადასხვა სპექტაკლში „მონაწილეობდა: „შენკენ სავალი გზები“ - მარიამი, „ნუ გეშინია დედა“ - დედა, იზიდა და სხვა. ამ როლებს იგი 19-20 წლის ასაკში ასრულებდა.

- იმ დროს ვინც სცენაზე ვიდექით, ყველანი ერთმანეთის მეგობრები ვიყავით. რაღაც მომენტში დავინახე, რომ ხელოვნება ჩემთვის წმინდა და სუფთა იყო, თუმცა დიდ თეატრებში ინტრიგების ხლართვა ჩვეულებრიობაა... ერთი სიტყვით, მივხვდი, რომ სხვა პროფესია უნდა ამერჩია, - იხსენებს ქალბატონი ფერიდე.

მას შემდეგ მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო და პროფესიად იურისტობა აირჩია. ამბობს, რომ ყველაფერი ღვთის ნებაა, ადამიანები მხოლოდ მარიონეტები ვართ და შემთხვევით არაფერი ხდება.

- ცამეტი წელია, ადვოკატი ვარ და უკან მოხედვის არ მრცხვენია. ისეთი რამ არასოდეს გამიკეთებია, შემდეგ რომ მენანა. ყოველთვის ვცდილობ, ვიყო ყურადღებიანი და მაქსიმალურად დავიცვა ადამიანი.

ადვოკატობა კი იმიტომ აირჩია, რომ ხალხთან ურთიერთობა ძალიან უყვარს. ყოველთვის უნდოდა, მოქალაქეები დაეცვა და თავისი საქმე კარგად ეკეთებინა, თუმცა თვლის, რომ იურისტობა მაინც რთული და დაუფასებელი პროფესიაა, მითუმეტეს - ქალისთვის.

- ხანდახან, ვისი ადვოკატიც ვარ, მისი მშობლები საკუთარი შვილის დასაცავად თითქოს „მასწავლიან“, როგორ უნდა მოვიქცე. მხოლოდ ერთადერთი ქალბატონი მახსოვს, რომ ამბობდა: ჩემი შვილი დამნაშავეა და, როგორც საჭიროა, ისე მოიქეცითო. დამნაშავეების დედებს, უმრავლეს შემთხვევაში, ტკბილი ტყუილი ურჩევნიათ მწარე სიმართლეს.

ქალბატონ ფერიდეს თავისი პრინციპები აქვს, ზოგჯერ დამნაშავის დაცვაზე უარს ამბობს, მაგალითად, თუ ის ბავშვზე მოძალადეა... ყოფილა შემთხვევა, როცა ადვოკატისთვის განსასჯელის მამას დაურეკავს და მაღალი თანხა შეუთავაზებია, მაგრამ უარი მიუღია.

- საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ დამნაშავეებად არ იბადებიან. როცა მშობელი შვილს სწორად აღზრდის, თეატრში ატარებს, ბაგრატს, გელათს დაათვალიერებინებს, აღმაშენებლის საფლავს უჩვენებს და ქართულ ფოლკლორს აზიარებს, ის დამნაშავე არასოდეს გახდება, რაც არ უნდა ცუდ სფეროში მოუწიოს შემდეგ ყოფნა.

თვლის, რომ ყველაზე დიდი ნიჭი ადამიანებთან ურთიერთობაა, ამიტომ ყველა პიროვნებაში კარგს ეძებს და ცდილობს, ცუდი თვალით არავის შეხედოს. თუმცა უმადურობას და გულგრილობას ვერ ეგუება, ტყუილიც აღიზიანებს. საინტერესოა, რომ ყველაზე დიდ საკუთარ ნაკლად, ცუდ თვისებად იმას მიიჩნევს, რომ ღალატის პატიება არ შეუძლია.

1996 წლიდან ქუთაისის „ჰუმანიტარულ და სამართლის ინსტიტუტში“ ლექციებს კითხულობს, კერძო სკოლაში „ახალი თაობა“ სამოქალაქო განათლებას ასწავლის. მოსწავლეებისგან ყოველთვის სიყვარულს გრძნობს.

როცა ვკითხეთ, ცხოვრებაში რა უნანია და შეცვლიდა თუ არა რაიმეს, დაფიქრდა.

- ძალიან ვნანობ, რომ პირად ცხოვრებას ვერ მივხედე, - იქვე გაეღიმა და დასძინა:

- სამაგიეროდ, ძალიან კარგი ძმისშვილები და დისშვილები მყავს, მათი მხრიდან უკვე ბებიაც ვარ.

როცა შინიდან გასვლა არ უწევს, რაც იშვიათად ხდება, წიგნებს კითხულობს, თან კერძებს ამზადებს, ტელევიზორს უყურებს და გარეთ გასვლის სურვილიც უქრება, ძალიან ბევრს კითხულობს.

- ჭავჭავაძეზე ვცხოვრობ. ჩემს ფანჯარასთან ღამით გვიან რომ ჩაიაროთ, ყოველთვის შუქს დაინახავთ, იმიტომ, რომ ღამეც მიყვარს კითხვა. საერთოდ, მინდა გითხრათ, ორი ნივთის განათხოვრება არ შემიძლია: წიგნის და გიტარის, თუ, რა თქმა უნდა, ადამიანმა მისი ფასი არ იცის.

ყოველ დილით, შაბათ-კვირის გარდა, ინსტიტუტში მიდის, შემდეგ ხან პროკურატურაშია, ხან - სასამართლოში და, თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ერთი შეხედვით ნაზი ქალბატონი ციხის ხშირი სტუმარიცაა. ხუმრობს კიდეც, რომ ციხეში დროდადრო ზოგიერთ პატიმარზე მეტ ხანს არის ნამყოფი.

ცდილობს, აპოლიტიკური იყოს. რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიიდან შემოთავაზება ჰქონდა, რაზეც უარი თქვა.

- ძალიან პატრიოტი ადამიანი ვარ, პოლიტიკაში ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი. ჩემი საქმე ის არის, რასაც დღეს ვაკეთებ.

გულდაწყვეტით ამბობს, რომ ქუთაისისთვის ისევე, როგორც მთელი ქვეყნისთვის, დიდი პრობლემაა ნარკომანია და სურს ეს, რაც შეიძლება, მალე მოგვარდეს.

49 წლის იურისტს უამრავი მეგობარი ჰყავს, ისინი უმეტესად ბავშვობიდან მოდიან, ყველაზე მეტად გული იმაზე სწყდება, რომ რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი - სულხან მამისეიშვილი დაკარგა.

- სულხანი არა მარტო მე, არამედ მთელ ქვეყანას დააკლდა.

სტუმართმოყვარე ქალბატონია. ადრე, როცა მეგობრები ერთად იკრიბებოდნენ, სალონურ საღამოებსაც მართავდნენ. ზოგი უკრავდა, ზოგიც ლექსებს კითხულობდა.

როცა მასთან საუბარი დავამთავრეთ, მეგობრობასთან დაკავშირებით გვითხრა: - გული უნდა ცნობდეს გულსო.

 

ახლა გიტარა ხშირად დუმს...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1771
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია