დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვიოლინოს ჯადოსნური ხემი პატარა თითებში
2010/02/15 12:50:53

როცა სახელმწიფო კვარტეტის პირველმა ვიოლინომ, კონსტანტინე ვარდელმა, „საორკესტრო ინსტრუმენტებზე შემსრულებელთა“ კონკურსში ზედინგის მესამე კონცერტის დაკვრა შეწყვიტა და ვიოლინო კონკურსის ერთ-ერთ მონაწილეს - 7 წლის სესილი სანებლიძეს გადასცა, პატარა მუსიკოსმა თავისუფლად აიღო ხელში ინსტრუმენტი და... დაკვრა განაგრძო. სესილის გარდა, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის პირველ სამუსიკო სკოლას კიდევ ორი მოსწავლე - შოთა ბერაძე და ნინი გიორგაძე წარადგენდა. იმ დღეს პატარა ქუთაისელმა მუსიკოსებმა ყველა აღაფრთოვანა.

ჟიურიმ, რომელშიც, კონსტანტინე ვარდელის გარდა, დირიჟორი გიორგი ჟორდანია და პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი შედიოდნენ, სამივე მონაწილეს ლაურეატის წოდება, ხელოვნების აკადემიის სტიპენდია და სპეციალური პრიზები მიანიჭა.

„სამივემ პირველი ნაბიჯებიდანვე საკუთარი ადგილი დაიმკვიდრეს, თავისი სიტყვა თქვეს და საინტერესო შემოქმედებითი ბიოგრაფია შეიქმნეს. მიზანდასახული მუშაობა დაიწყეს და აქვთ კიდეც შესაბამისი შედეგები. მათი გამოსვლა ყოველთვის ძალიან საინტერესოა, თუმცა წელს, მართლაც, რაღაც განსაკუთრებული მოახდინეს, - აღნიშნა მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის პირველი სამუსიკო სკოლის დირექტორმა დალი მარგველაშვილმა, - ასევე, არ შემიძლია არ გამოვყო ნათია ძოწენიძე და ანა დიდიძე (პედაგოგი ციცინო ფარულავა), რომლებიც რაღაც მიზეზის გამო ვერ წავიდნენ, თორემ არანაკლები ჯილდოებით დაბრუნდებოდნენ“.

მეორეკლასელი სესილი სანებლიძისა და მესამეკლასელი ნინი გიორგაძის პედაგოგი ეკა გიორგაძეა, მეექვსეკლასელი შოთა ბერაძისა კი - ხათუნა ჯიმშელეიშვილი.

- „ეს ბავშვები გამოირჩევიან განსაკუთრებული ნიჭით. უფრო მეტად აღსანიშნავია ის, რომ ძალიან მონდომებულები არიან, შრომისმოყვარეები - შეუძლიათ საათობით დადგნენ და აითვისონ, მიიღონ ყველაფერი ის, რასაც გადასცემ. თან, სიამოვნებით აკეთებენ ამას.

დღემდე, უამრავ კონცერტში მიუღიათ მონაწილეობა, გამართული აქვთ სოლო კონცერტები. ორივე 6 წლის უკვე გრან-პრის მფლობელები გახდნენ - აღნიშნავენ სამუსიკო სკოლაში.

„საორკესტრო ინსტრუმენტებზე შემსრულებელთა“ კონკურსში ნინის დიპლომი და ლაურეატის წოდება მიენიჭა. ასევე, გადაეცა ლიანა ისაკაძის სპეციალური პრიზი - 500 ლარიანი ფულადი პრემია და ლიანა ისაკაძის შესრულებული ნაწარმოებების აუდიოჩანაწერი; მის ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ: 2008-2009 წლებში გამართული აქვს სამი სოლო კონცერტი, არის „გაზაფხული 2008“-ის ლაურეატი, ამავე მოსმენის „ყველაზე პატარა გამარჯვებულის“ პრიზისა და იმერეთის ხელოვნების საყმაწვილო დელფიადის 1998-2000წლის გრან-პრის, ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მე-2 რესპუბლიკური ფესტივალის           „იპოვე შენი ვარსკვლავის“ გრან-პრის მფლობელი; სესილი სანებლიძესთან ერთად მიწვეული იყო სამთავრობო თუ საქართველოს პატრიარქის მიერ მოწყობილ კონცერტებზე, საპატრიარქოს ეგიდით მოწყობილ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დასახმარებლად გამართულ გამოფენა-კონკურსში...

სესილი სანებლიძესაც საკმაოდ სერიოზული წარმატებები აქვს. „საორკესტრო ინსტრუმენტებზე შემსრულებელთა“ კონკურსში მას საჩუქრად 300 ლარი და ფრანკფურტის სათვისტომოს კულტურის ფორუმის ხელმძღვანელის მანანა თანდაშვილის სპეციალური პრიზი - გერმანული ვიოლინოც გადაეცა; 2009 წელს გამართული აქვს სოლო კონცერტი; არის ყოველწლიური მოსმენა „გაზაფხული 2009“-ის ლაურეატი“, - გვითხრა პატარა სესილის და ნინის პედაგოგმა ეკა გიორგაძემ.

სათქმელი პატარა შემსრულებლებსაც ჰქონდათ. მორიდებულად ნათქვამი: „მუსიკა ჩემთვის ყველაფერია“, „სცენაზე დგომა მიყვარს“, „სოლისტი მინდა გამოვიდე“, და „ისე არ შემიძლია, რომ არ დავუკრა“-ს მიღმა, დიდ სცენებზე, სერიოზული აუდიტორიის წინაშე შესრულებული რთული ნაწარმოებები იყო, რომლებსაც ყოველთვის აუღელვებლად და დიდი სიამოვნებით უკრავენ.

„ეს ის ნაწარმოებებია, რომელსაც უკრავს ნებისმიერი ვირტუოზი შემსრულებელი, - აღნიშნა შოთა ბერაძის პედაგოგმა ხათუნა გიორგაძემ, - ამჟამად, შოთა მეექვსე კლასშია, ამ კონკურსამდე გამოვიარეთ ბევრი სოლო-კონცერტი, კონკურსები, მესამედაა გამარჯვებული და გრან-პრის მფლობელი. მონდომებული ბავშვია, უკრავს, აინტერესებს კლასიკური მუსიკა. ჩვენ ჟიურის წევრებთანაც გვქონდა საუბარი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ავტორიტეტულია ჩვენთვის ბატონი კონსტანტინეს აზრი და მან აღნიშნა, რომ სამივე ბავშვი არის ბრწყინვალე თავიანთი მონაცემებით და საშემსრულებლო დონით. შოთიკოზე თქვა, რომ არის ძალიან ექსპრესიული შემსრულებელი - პირდაპირ ასხივებს, აფრქვევს ენერგეტიკას.

შემიძლია იმითაც ვიამაყო, რომ ამ ბავშვებს ძალიან დახვეწილი გემოვნება აქვთ“.

შოთა ყველაზე უფროსია და, შესაბამისად, გამოცდილებაც მეტი აქვს. პირველი კლასიდან დღემდე 4 სოლო კონცერტს ითვლის. 2007 წელს ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალ „იპოვე შენი ვარსკვლავის“ გრან-პრისა და 2009 წელს ამავე ფესტივალზე „ფესტივალის ვარსკვლავის“ მფლობელია. 2007წელს მონაწილეობდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაარსებულ ფესტივალში „აღდგომიდან აღდგომამდე“, რომელშიც წელსაც მიიღებს მონაწილეობას.

„პირველი კლასიდან კონკურსებზე და კონცერტებზე გამოვდივარ, ამიტომ, ისეთი სანერვიულოც არ ყოფილა. მუსიკას ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში, უკვე დიდი ხანია ვუკრავ და ვერ შეველევი, ამდენი წარმატებებიც რომ გაქვს, ძნელია არ იმეცადინო და არ გამოხვიდე კონკურსებზე, თუმცა, რასაც აქამდე მივაღწიეთ, ეს არის ზღვაში წვეთი. არასდროს არ უნდა იყო კმაყოფილი, როცა უკრავ და სულ მეტი უნდა გინდოდეს.

ხალხური სიმღერების გუნდშიც დავდივარ, გამოვდივარ კონცერტებზე და გვაქვს წარმატებები. მე მგონი, ცხოვრებაში რისი ნიჭიც აღმოგაჩნდება, იმას უნდა მიყვე. ახლა უფრო ვფიქრობ, რომ მუსიკას გავყვები ბოლომდე, რადგან წარმატებებიც მაქვს, - გვითხრა შოთამ და თავისი ოცნებაც გაგვანდო, - არის რამდენიმე ისეთი რთული დასაკრავი, რთული სასწავლი ნაწარმოები და ძალიან მსურს დავუკრა, მაგალითად -  ოგინსკის „პოლონეზი“.

ასაკის მიუხედავად, კონცერტისთვის მოსამზადებელი გრაფიკი სამივეს ერთნაირად დატვირთული ჰქონდა. როგორც პედაგოგები ამბობენ, ბავშვები ბევრს შრომობენ, თან თითოეულს შესრულების საკუთარი ხელწერა და მანერაც აქვს. ჰყავთ საყვარელი შემსრულებლები, - რომელ კომპოზიტორსაც გადიან, იმ მომენტში იმით არიან გატაცებული. უკვე თავისი აზრიც გააჩნიათ და ნაწარმოების დაკვრისას ყოველთვის საკუთარ საშემსრულებლო ნიუანსს ამატებენ.

მათ წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი კიდევ ერთ ადამიანს - კონცერტმაისტერ თეონა დვალიშვილს მიუძღვის

„ის ბრწყინვალე პიანისტი და საამა-ყო წამყვანია. არ არსებობს მისთვის ტექნიკური სიძნელე. ეს არის ჩვენი                    „ფურცლიდან მკითხველი“ ადამიანი. კონცერტებზე ყოველთვის აღნიშნავენ ჩვენს კონცერტმაისტერს. დარბაზში ხშირად ისმის: „ბრავო კონცერტმაისტერს!“ მხარში გვიდგას და ჩვენთან ერთად შრომობს. სამივე ერთად ვმუშაობთ: კონცერტმაისტერი, მასწავლებელი და მოსწავლე. ბავშვი თუ რამეს გამოტოვებს ან გადაახტება, არ არსებობს, არ გაყვეს, ამ მხრივ ყოველთვის დაზღვეულები ვართ. კარგ კონცერტმაისტერს უდიდესი დამსახურება მიუძღვის ბავშვის წარმატებაში“, - გვითხრეს პედაგოგებმა.

პირველი სამუსიკო სკოლის დირექტორს, ქალბატონ დალი მარგველაშვილს იმედი აქვს, რომ ამ ბავშვების წარმატება სხვებისთვისაც დიდი სტიმული იქნება.

„საორკესტრო ინსტრუმენტებს დღეს ნაკლებად ირჩევენ მოსწავლეები, ამით კიდევ უფრო მეტი ინტერესი გაუჩნდებათ!“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1885
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია