დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ცვალებადი ვარსკვლავები
2010/02/01 12:51:04

მზეს რომ სტაბილური, უცვლელი სიძლიერის ნათება ახასიათებს, ეს საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ არსებობენ ცვალებადი ნათების ვარსკვლავებიც, რომელთა გამოსხივების ინტენსივობა პერიოდულად იცვლება, იკლებს და იმატებს. ზოგჯერ ეს მაშინ ხდება, როცა ორმაგ ან ჯერად სისტემაში მართალი მცირემასიანი ვარსკვლავი გარშემოვლის დროს ჩამოეფარება მთავარ ვარსკვლავს და ამ უკანასკნელის ნათება მოიკლებს. ასეთ ვარსკვლავებს „ბნელებად-ცვალებადები“ ეწოდებათ. ამ ტიპისაა პერსევსის თანავარსკვლავედის „ბნელებად-ცვალებადი“ ვარსკვლავი „ალგოლი“ (არაბულად ქაჯი), რომელიც ზამთრობით შესანიშნავად მოჩანს საქართველოს განედებიდან შეუიარაღებელი თვალით, იგი ნარინჯისფერი გიგანტია, თანაც სამმაგი, მიზიდვაში ჰყავს ერთი ცისფერი და ერთიც თეთრი ჯუჯა. ორი დღე-ღამისა და თერთმეტი საათის განმავლობაში „ალგოლის“ ნათება ჩვეულებრივია, მაგრამ შემდეგ ცისფერი ვარსკვლავის ჩამოფარების შედეგად მისი ნათება იკლებს და ხუთ საათში მინიმუმი დგება, მერე ნათება თანდათან ძლიერდება და მომდევნო ხუთ საათში აღდგება პირვანდელი სახით.

უფრო საინტერესოა ის ვარსკვლავები, რომელთა სიკაშკაშე იცვლება არა გეომეტრიული მიზეზებით, არამედ თვით ვარსკვლავის წიაღში მიმდინარე ფიზიკური პროცესებით. ასეთი ვარსკვლავები განიცდიან პულსაციას, იკუმშებიან და ფართოვდებიან, ამის გამო ეცვლებათ ფართობი, დიამეტრი, ნათების სიძლიერე, ტემპერატურა და ფერიც. ამ კლასის ტიპიური ვარსკვლავია ცეფევსის „დელტა“. იგი რეგულარულად ცვალებადობს. კერძოდ ყოველ 5,37 დღე-ღამეში ადიდებს და ამცირებს ნათებას მცირე ინტერვალით. ამასთან, ნათების მინიმუმში თეთრია, მაქსიმუმში ყვითელი. დროის ასე მცირე მონაკვეთში ცვალებად ვარსკვლავებს მოკლეპერიოდიანი ცვალებადები ანუ „ცეფეიდები“ ეწოდებათ.

გრძელპერიოდიანია ისეთი ვარსკვლავები, რომლებიც დროის დიდ ინტერვალში ცვალებადობენ. ეს დრო 80-დან 1000 დღე-ღამეა, თანაც ცვალებადობის ამპლიტუდა დიდ ფარგლებში მერყეობს. ტიპიური წარმომადგენელია ვეშაპის ვარსკვლავი „მირა“ (არაბულად, უცნაური). ნათების მინიმუმში ეს ვარსკვლავი თვალისათვის უხილავია, 332 დღე-ღამეში კი მისი ნათება მაქსიმუმს აღწევს და კარგადაც მოჩანს. მაქსიმუმში ნათება 1600 ჯერ მეტია მინიმუმში ნათებაზე. ასეთ ვარსკვლავებს „მირიდები“ უწოდეს.

ისეთი ვარსკვლავებიც არსებობენ, რომლებსაც დროის უმცირეს მონაკვეთებში აფეთქებისმაგვარი კატასტროფული ანთებები ახასიათებთ. ამ შემთხვევაში ვარსკვლავის მოცულობა მცირე დროში ათასეულჯერ იზრდება და გამოსხივებაც მილიონჯერ იმატებს. ასეთებს „ახალი“ ვარსკვლავები უწოდეს, რადგან წინათ ძველ დროში, ეგონათ, რომ მართლა ახალი ვარსკვლავი ინთებოდა ცაზე. 1942 წელს კიჩოს თანავარსკვლავედის ერთმა ვარსკვლავმა ისეთი ძალით გაზარდა გამოსხივება, რომ მაქსიმუმში 7 მილიონჯერ მეტს ასხივებდა ვიდრე მზე. წარმოვიდგინოთ რა მოხდებოდა, ჩვენს ცაზე, შვიდი  მილიონი  მზე  რომ  ანთებულიყო,  თითქმის  მთელ ცას მზე გადაფარავდა და ორთქლად აქცევდა დედამიწას. გალაქტიკაში „ახალი“ ვარსკვლავები თითქმის ყოველწლიურად ინთებიან, მაგრამ ზოგი მათგანი რამდენჯერმე ანთებულა. მაგალითად, ორიონის „ენ“, კომპასის „ტე“ და სხვა. ასეთ ვარსკვლავებს „განმეორებადი ახლები“ ჰქვიათ. აქვე უნდა ითქვას, რომ არცერთი ეს ვარსკვლავები სიკეთეს არ მოუტანდნენ თავიანთ პლანეტებს.

ზოგი ძლიერ მასიური ვარსკვლავი ცვალებადობის პროცესში შეიძლება ისეთი ძალით აინთოს, რომ მისი გამოსხივება მთელ გალაქტიკას გაუტოლდეს, ანუ ერთი ვარსკვლავი გაანათებს ისე, როგორც 200 მილიარდი ვარსკვლავი ერთად აღებული. ასეთ ვარსკვლავს „ზეახალი“ ეწოდება. ამ დროს საშინელი და დაუჯერებელი ძალის ენერგიას გამოჰყოფენ ასეთი ვარსკვლავები. განიცდიან სწრაფ გაფართოებას. მათ სისქეს წამში 2-3 ათასი კილომეტრი ემატება, ვარსკვლავი წარმოუდგენლად იბერება და რამდენიმე თვის შემდეგ მისი დიამეტრი მილიარდობით კილომეტრს აღწევს. ბოლოს ვარსკვლავს აღარ ეყოფა მიზიდულობის ძალა რომ შეაკავოს და შეინარჩუნოს ასე დიდ მანძილზე განვრცობილი საკუთარი სხეული. ამის გამო მას ჩამოშორდება შორ მანძილზე გაშლილი გარე ფენები და გაიფრქვევა სივრცეში საშინელი სიჩქარით ყოველი მიმართულებით. ზედმეტია საუბარი მასზე, რომ ამნაირი ძალის ანთებებით „ზეახალი“ ვარსკვლავები არა მარტო საკუთარ, არამედ სხვა, შორეულ სისტემებსაც ღუპავენ.

„ზეახალი“ ვარსკვლავის ანთება სამყაროს უიშვიათესი მოვლენაა. ჩვენს გალაქტიკაში ცნობილია სამი ზეახალის ანთება: 1054 წელს კუროს თანავარსკვლავედში, 1572 წელს კასიოპეას თანავარსკვლავედში და 1604 წელს მშვილდოსნის თანავარსკვლავედში. მათი გამოსხივება იმდენად ძლიერი ყოფილა, რომ მზიან დღეებშიც ჩანდა შეუიარაღებელი თვალით.

თანამედროვე ასტრონომთა ვარაუდით, კიჩოს თანავარსკვლავედში მდებარე ერთ-ერთი ვარსკვლავი „ეტა“ კანდიდატია, რომ „ზეახალივით“ აინთოს.

 

მოამზადა ალეკო ნემსაძემ

მასალები ამოკრებილია კალაშნიკოვის, დანლოპის და შკლოვსკის ასტრონომიული წიგნებიდან

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4615
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია