დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბლოგოსფერო
2009/12/07 15:53:55

„საქართველოში ინტერნეტის სწორად გამოყენების კულტურა არ არსებობს. ჩვენ არ ვცდილობთ, ინფორმაცია მოვიძიოთ, ან გავცეთ კომპიუტერის საშუალებით, არამედ მას მხოლოდ გასართობ მოწყობილობად აღვიქვამთ“, - ასე იწყებოდა 19 წლის გოჩა გაბოძის პოსტი სათაურით „რატომ უნდა გავხდეთ ბლოგერი“, რომელსაც facebook-ში გადავაწყდი. სწორედ ამ საიტზე განთავსებული „ბლოგების“ საშუალებითაა, რომ მას და მის პოსტებს უკვე ათიათასობით ადამიანი იცნობს...

ინტერნეტი, იმ უამრავი შესაძლებლობის გარდა, რომელთა შესახებ საუბარი ზედმეტია, ძლიერი მარკეტინგული ინსტრუმენტია, ზოგ შემთხვევაში - ბევრად უფრო ძლიერი და ეფექტურიც, ვიდრე მედია-საშუალებები. მსოფლიო აბლაბუდას ეს თვისება დიდი ხანია, რაც განვითარებულ ქვეყნებში შეამჩნიეს და მშვენივრადაც იყენებენ მას. საქართველოში კი ინტერნეტს, ძირითადად, მხოლოდ გასართობ საშუალებად აღიქვამენ. მისი მარკეტინგული მიზნებისთვის გამოყენებაც სტანდარტული საიტით და მოსაწყენი რეკლამებით შემოიფარგლება. მაშინ, როცა:  „სწორი გათვლებისა და ცოტა კრეატივის შემთხვევაში, შესაძლოა, საერთოდ დანახარჯების გარეშეც კი „მისწვდეს“ ჭკვიანი ადამიანი ათიათასობით მომხმარებელს“, - განმარტავენ ერთ-ერთ საიტზე.

ათიათასობით მომხმარებლისთვის საკუთარი თავის გაცნობის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და ჩვენთვის ჯერჯერობით ნოვატორულ საშუალებად დღეისთვის ბლოგი ითვლება.

ბლოგი ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიერ წარმოებული ვებ-საიტია, რეგულარული ჩანაწერებით, რომლებიც აღწერენ სხვადასხვა მოვლენას, ან შეიცავენ გრაფიკულ-ვიდეო-აუდიო მასალას.  ბლოგების უმეტესობა კომენტარსაც შეიცავს, ან ახალ ამბავს კონკრეტული თემის შესახებ, ზოგჯერ კი წარმოადგენს ონლაინ-დღიურს. მკითხველების მიერ კომენტარების დატოვების საშუალება ინტერაქტიული ფორმატით ბევრი ბლოგის მნიშვნელოვანი ნაწილია. მათი უმეტესობა, ძირითადად, ტექსტურია, თუმცა, ზოგიერთი ფოკუსირებულია ხელოვნებაზე, ფოტოგრაფიაზე, ვიდეო მასალაზე, მუსიკაზე, აუდიო მასალაზე და ა.შ. ბლოგოსფერო ყველა არსებული ბლოგის კრებითი სახელია.

სწორედ ბლოგების საშუალებით გაიცნო გოჩა უამრავმა ადამიანმა. ბლოგერებმა პროფესიონალური გაკვეთილების ავტორზე უკვე ყველაფერი იციან: როგორ ცხოვრობს, რა აინტერესებს, რაზე ფიქრობს... მის კრიტიკულ სტატიებსაც ხშირად ეცნობიან. ეს ყველაფერი კი - იმ მოკლე ჩანაწერების მეშვეობით, რომლებიც ბლოგერად გახდომის შემდეგ ინტერნეტში ავტომატურად ვრცელდება და რომელსაც ყოველდღიურად ათიათასობით ადამიანი ეცნობა. ეს ერთგვარი  „ინტერნეტ-დღიურია“...

გოჩა განმარტავს: „თქვენ შეგიძლიათ, გახდეთ ინფორმაციის გამცემი. არ არის აუცილებელი, რომ მაინც და მაინც პოლიტიკური ნიუსების ტიპის ინფორმაციას გასცემდეთ, რომლის მოპოვებაზე, შეიძლება, ხელი არ მიგიწვდებათ, არამედ, შეუზღუდავი თემატიკიდან აირჩიეთ თქვენთვის სასურველი და მის შესახებ დაიწყეთ წერა. მაგალითად, თქვენს კატაზე, რომელიც ძალიან გიყვართ. მერწმუნეთ, 2 თვეში ის ნახევარ საქართველოს ეყვარება.

პოსტის (სტატიის) საწერად მე საშუალოდ საათნახევარი, ორი საათი მჭირდება. საწერ თემას ყოველთვის წინასწარ ვფიქრობ. „გონებრივი იერიში“-ს (ეს არის მეთოდი, რომლითაც კონკრეტული სიტყვის, აზრის, თემის გაშლას სხვადასხვა, მისგან გამომდინარე თემებად ახერხებ, შედეგად კი ერთის ნაცვლად 15-20 სათაურს იღებ, რომელთაგანაც საუკეთესოები შეგიძლიათ განავრცოთ და პოსტებად აქციოთ) გამოყენებით თითქმის ერთი თვის მასალა მიგროვდება....

ბლოგების საშუალებით შეგიძლიათ, თქვენი პროფესიის თუ ინტერესების ადამიანებიც მოიძიოთ მთელს მსოფლიოში, რაც, შესაძლოა, საინტერესო კონტაქტებისა და შემოთავაზებების საწინდარიც გახდეს.

დავინტერესდი და ინტერნეტში ბლოგებზე გარკვეული ინფორმაციაც მოვიძიე. აღმოჩნდა, რომ საქართველოში პროფესიული, თემატური ბლოგები დღემდე არ არსებობს. ფართო საზოგადოებასთან ურთიერთობის ამ ყველაზე მეგობრულ, უშუალო, ინტერაქტიულ და შედეგიან ფორმას დღეს საქართველოში არც ერთი კომპანიის მარკეტინგული სამსახური არ იყენებს.

ვცადე, ისიც გამერკვია, თუ რამდენად იცნობს და იყენებს ახალგაზრდობა ამ შესაძლებლობებს. აღმოჩნდა, რომ უმეტესობას ბლოგებზე არც სმენია, უმცირესობა კი ბუნდოვნად ცდილობს, ამიხსნას, რა არის, მისი აზრით, ბლოგი: „მართალი გითხრა, წარმოდგენა არა მაქვს, კონკრეტულად რას ნიშნავს, მაგრამ, ალბათ, რაღაც ისეთია, შენთვის საინტერესო თემას რომ აგდებ, ინფორმაციას უზიარებ...“

„რაღაც ისეთით“ დაინტერესების შემთხვევაში, რაც თქვენთვის საინტერესო თემებისა თუ ინფორმაციის გაცვლას და ინტერნეტის მეშვეობით, საკუთარი თავის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას გულისხმობთ, არჩევანი ორ საიტს, - blogger.com-სა და wordpress.com-ს შორის გაქვთ. არსებობს სხვა საიტებიც, თუმცა, საქართველოში მათ ნაკლებად იყენებენ. ამ ორს შორისაც თითქმის არანაირი სხვაობა არ არის და არჩევანი მხოლოდ თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1751
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია