დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არდადეგები ხურვალეთში
2009/09/07 13:30:34

ერთი წლის წინ ტყვიების ზუზუნის ქვეშ სხვებთან ერთად დატოვა მშობლიური სოფელი - ქსუისი, მაშინაც არდადეგები ჰქონდა, ქალაქის სიცხეს და ხვატს შვილთან ერთად გაერიდა და დედის სითბოსა და ლიახვის ხეობის სიგრილეს შეაფარა თავი.

 

ნუნუ ჯავახიშვილი ყოველ ზაფხულს ქუთაისიდან მშობლიურ სოფელში მიდიოდა და მერე ქალაქში, მთელი წელი, იქ მიღებული ენერგიით ცხოვრობდა.

წელს ყველაფერი სხვანაირად იყო...

მშობლიური სახლი დღეს ხურვალეთშია, ქსუისიც ხურვალეთშია...

პატარა სახლების პირველი ორი რიგი ქსუისელებისაა: ჯავახიშვილების, ტოლიაშვილების, შოშიტაშვილების, რაზმაძეებისა და ლაფაჩების...

„ასე გგონია, ისევ მშობლიურ სოფელში ხარ, რადგან ყველა აქაა, თან ისე ახლოს არიან ერთმანეთთან...“

საერთო დარდიც, ტკივილიცა და ოცნებაც  უფრო აახლოებთ... ქსუისისა და საკუთარი სახლების მონატრებას ერთმანეთს უზიარებენ, ერთმანეთს აძლებინებენ.

სახლები ფუტკრის სკებივით პატარაა, იმ სახლებში კი მართლაც ფუტკარივით გამრჯე ხალხი ცხოვრობს.

„ყველა კარი ღიაა, და არც არაფერი იკარგება. შესასვლელში ერედვის პოლიცია დგას და მკაცრი კონტროლია. საერთოდ, ხურვალეთი ნახევრად ოსური სოფელია, მაგრამ ამ ახალი დასახლებიდან იმდენად შორსაა ძირეული სოფელი, რომ ინციდენტები გამორიცხულია. ესეცაა, იქაური ოსები აგრესიულად განწყობილი ნამდვილად არ არიან ქართველებისადმი.

ეს სკების მსგავსი სახლები კი სულაც არაა პატარა: დიდი სასტუმრო ოთახია, ორი საძინებელი და სამზარეულო... წყალი ეზოებშია, ტუალეტები უკანა ეზოებში... შეჰპირდნენ, მალე გაზსაც შემოგიყვანთო, მანამდე შუქი აქვთ უფასოდ...“

ნუნუ ჯავახიშვილის დედას, ქალბატონ მარიკო ანდრაზაშვილს ხურვალეში სახლი აქვს, მართალია, 80 წელს გადაცილებული მოხუცი უფრო ხშირად შვილებთან არის, მაგრამ მისი სამომავლო ფიქრები მაინც იმას დასტრიალებს, ხურვალეთში სხვების მსგავსად გააშენოს ბაღი, ყვავილები დარგოს, ხეხილი ჩაყაროს...

ასე უკვე თითქმის ყველა ოჯახი მოიქცა, თითო ოჯახს 600-600 კვადრატული მეტრი მიწა გამოუყვეს, დაურიგეს თესლები.

„მშრომელმა ხალხმა ღვთის თვალი დაატრიალა. ჯეჯილივით ღელავდა მწვანილი, პომიდორი უკვე მწიფდებოდა, ხილის ნერგებიც ჩაყარეს... ესაა, ხილის სამშობლოდან წამოსულებს ხილი ენატრებათ...

მრავლად დარიგებულ მაკარონის ფუთებს საზამთროებსა და ხილზე ცვლიან, ფული ნაკლებად აქვთ... ეს მაკარონიც არ ილევა - ურიგებენ და ურიგებენ... თუ მოინდომა, მაკარონით სახლს ააშენებს კაცი...

ყურადღება არ აკლიათ, დღე ერთია და ათასი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მოდის... ქალები დედაქალაქში მიჰყავთ კომპიუტერის სასწავლებლად. ზოგიერთი დასაქმდა კიდეც: დაცვაში, მშენებლობაზე...“

მაგრამ უმუშევრობა მათი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.

600 მეტრ მიწაზე მუშაობას მალევე მორჩებიან ხოლმე და მერე მთელი დღეები ეზოებში სხედან. ნოსტალგიისთვის ასე მეტი დრო რჩებათ...

მადლობასაც ამბობენ: ძველი დევნილებისთვის ამდენიც კი არავის მიუციაო, მაგრამ მაინც თავისი უნდათ და ენატრებათ... ჩვენი დანგრეული, გადამწვარი სახლები გვირჩევნიაო.

ბევრი სადარდელი აქვთ ქსუისის და მერეთის საზღვარზე. ეს ორი ქართული სოფელი დღეს რუსეთ-საქართველოს საზღვრად არის დადებული...

იმაზეც დარდობენ, თამარაშენს, მე-12 საუკუნეში თამარ მეფის დაარსებულ სოფელს, ლუჟკოვმა რომ დაადგა თვალი და „მოსკოვსკოედ“ უპირებს სახელის გადაკეთებას, მოსკოველებისთვის „დაჩების“ აშენებას.

თან მინდვრის თაგვებს ებრძვიან ხურვალეთში, მუჭის სიმსხო ხვრელები რომ გაიკეთეს და ლამის შიგ ჩაგითრიონ...

ხურვალეთში ამბავი მოვიდა, მხოლოდ ახალ წლამდე მიიღებთ დახმარებებს, მერე თქვენ თავს თვითონ მიხედეთ, შუქის ფულიც გადაიხადეთო...

***

არ გავდა ხურვალეთის არდადეგები ძველს... მაგრამ მაინც ასე ეგონა, თავის სოფელში იყო - ქსუისში, თავის სახლში...

ლაღიც დაბრუნდა და დამძიმებულიც - ხურვალეთში ახალი ქსუისია, მაგრამ მაინც სულ თავისი დიდი ბაღი ახსენდება, ლიახვის პირას რომ იყო გაშენებული და გეგონებოდა, შიგ უფლის თვალი ტრიალებსო...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1591
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია