დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წარუმატებელი რეფორმა?
2009/07/31 20:10:43

 მოსწავლეები უმაღლეს სასწავლებლებში ვერ აბარებენ. პედაგოგებისა და მოსწავლეების უფლებებზე დღეს განათლების სამინისტროშიც საუბრობენ და არასამთავრობო სექტორშიც. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა  თავისუფალი პროფკავშირები განათლების სისტემაში არსებულ ვითარებას წარუმატებელ რეფორმას აბრალებენ. უხარისხო განათლების რეფორმის ერთ-ერთ მაჩვენებლად კი რეპეტიტორების ინსტიტუტის გაძლიერებას ასახელებენ.

 

განათლების სისტემაში არსებულ ვითარებაზე საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების თავმჯდომარეს მანანა ღურჭუმელიძეს ვესაუბრეთ.

 

- ქალბატონო მანანა, თქვენ ხარისხიანი განათლების შესახებ საუბრობთ, იქნებ დააკონკრეტოთ, რას გულისხმობთ?

- ხარისხიან განათლებასთან დაკავშირებით მრავალი განმარტებაა. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის განათლება, რომელიც ყველას აძლევს საშუალებას, დასაქმდეს. ანუ ეს არის განათლება, რომელიც კონკურენტუნარიანია და საშუალებას გაძლევს შენი ცოდნა გაყიდო. დღეს საქართველოში რამდენიმე ინსტიტუტს აქვს იმიჯი, რომ მისი კურსდამთავრებულები კარგ სამუშაო ადგილებში დასაქმდეს. უფრო თუ დავაკონკრეტებთ, სკოლის მოსწავლეს რეპეტიტორის გარეშე უნდა შეეძლოს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება. აი, ეს არის ხარისხიანი განათლება.

- როგორ უნდა იყოს განაწილებული ხარისხიან განათლებაში პედაგოგის და მოსწავლის უფლებები?

- განათლება და, საერთოდ, სასწავლო დაწესებულება არსებობს იმისთვის, რომ ყველა მოსწავლეს ჰქონდეს საშუალება, თანაბარ პირობებში მიიღოს კარგი განათლება. ეს თანაბარი შესაძლებლობა კი თითოეულ ბავშვს სახელმწიფომ უნდა შეუქმნას. ლენტეხის რაიონის რომელიმე სოფლის სკოლის მოსწავლეს და თბილისის ?51 საჯარო სკოლის მოსწავლეს ერთნაირი პირობები უნდა ჰქონდეს. ლენტეხში მცხოვრებ ბავშვს არ უნდა ექმნებოდეს უცხო ენის, ან მათემატიკის რეპეტიტორთან მომზადების გარეშე ჩაბარების ბარიერი. როცა ვსაუბრობთ მოსწავლის უფლებებზე, ეს უპირველესია, რაც სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს. ხშირ შემთხვევაში რეგიონებში უკვე ბევრი საგნის მასწავლებელი აღარ ჰყავთ. სახელმწიფო არამარტო ხარისხიან განათლებას უნდა უზრუნველყოფდეს, არამედ ამას, კომპლექსურად, ისე უნდა აწვდიდეს ბავშვს, რომ შეეძლოს ადგილის დამკვიდრება. პროცესი კი უსაფრთხო და ჰუმანური უნდა იყოს.  ბაღები, სკოლები და უნივერსიტეტები არსებობს ბავშვებისთვის, მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის, ხოლო მასწავლებლები ასეთ შემთხვევაში არიან დაქირავებული იმიტომ, რომ მათ შეასრულონ დაკისრებული მისია.

სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოში ამ საკითხზე ან საერთოდ არ საუბრობენ, ან საუბრობენ დილეტანტურად. მოსწავლეს აქვს უფლება, ჰყავდეს მასწავლებელი, რაც არ ნიშნავს იმას, რომ გაკვეთილზე შედიოდეს ცხრილში ჩაწერილი პედაგოგის სახელი და გვარი. გაკვეთილზე უნდა შედიოდეს მოტივირებული ადამიანი, რომელსაც აქვს ხელფასი და კვალიფიკაცია. მან უნდა იცოდეს, რომ ის იმიტომაა სახელმწიფოს მიერ დაქირავებული, მოსწავლეებს ასწავლოს. სამწუხარო რეალობაა, რომ თუ მასწავლებელს არ აქვს რაიმე ელემენტარული უფლება, ის ვერ უზრუნველყოფს მოსწავლის უფლებას. თუკი მასწავლებელს აქვს დადებითი ენერგია, ეს ბავშვსაც გადაეცემა გაკვეთილზე, მაგრამ, სამწუხაროდ, როდესაც ვსაუბრობთ მასწავლებლის უფლებებზე, აქ ელემენტარულ სიცოცხლის უფლებაზეა საუბარი, რაც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. მათ უნდა ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ თავიანთ შვილებს კარგი განათლება მისცენ.

- რამდენად მისაღებია რეპეტიტორების ინსტიტუტი მაშინ, როცა მინისტრი ხარისხიან განათლებაზე საუბრობს?

- რეპეტიტორების ინსტიტუტის საქართველოში არსებობა პირველი მაჩვენებელია იმისა, რომ სახელმწიფო კონსტიტუციით ნაკისრ ვალდებულებას ვერ ასრულებს. სამწუხაროდ, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ჭყონდიდელის ქვეყანაში რეპეტიტორების გარეშე მოსწავლეები უმაღლეს სასწავლებლებში ვერ აბარებენ. მშობლები კარგ რეპეტიტორებს ეძებენ იმიტომ, რომ იციან - სკოლაში მიღებული განათლებით მათი შვილები ვერ მოეწყობიან უმაღლეს სასწავლებლებში. და ვინ არიან რეპეტიტორები? ისევ და ისევ ის  პედაგოგები, რომლებიც პარალელურად სკოლაში მუშაობენ. ამბობენ, რომ მასწავლებლებს აქვთ დაბალი კვალიფიკაცია, მაგრამ როცა აქვთ მოტივაცია და აკადემიური თავისუფლება, მათ შეუძლიათ, ბავშვებს ასწავლონ კარგად. მაგრამ არიან სხვა სახის რეპეტიტორებიც, რომლებიც ბავშვებს აიძულებენ, მოემზადონ. ამ ფაქტმა მიმდინარე წელს მასობრივი ხასიათი მიიღო და, ვფიქრობ, ეს საკითხი დამაფიქრებელია. რეპეტიტორების ინსტიტუტი ინდიკატორია იმისა, თუ რა დონის განათლება გვაქვს სახელმწიფოში. საინტერესოა სტატისტიკაც, 10 წლის წინ რეპეტიტორი მხოლოდ დამამთავრებელ კლასში სჭირდებოდა მოსწავლეს და მათი რაოდენობა 15-20%-ს არ აღემატებოდა. დღეს რეპეტიტორთან დაწყებითი კლასის მოსწავლეებიც დადიან და მათი რაოდენობა 80%-მდე გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ განათლების ხარისხი დაბლა და დაბლა იწევს ყოველდღიურად და ეს ვარდნა ჯერ ვერ შეჩერდა. რამდენად წარმატებულია განათლების რეფორმა ქვეყანაში, ამის მაჩვენებელი სწორედ ეს სტატისტიკაა.

- თქვენ საუბრობთ პედაგოგების უფლებების დარღვევაზე, რამდენად იცავს სამინისტრო მათ უფლებებს?

- პედაგოგის უფლებები რამდენიმე კომპონენტში ირღვევა. პირველ რიგში კი ირღვევა შრომის უფლება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროპულ სივრცესთან ინტეგრაციაზე, ევროპაში აღარც კი ახსოვთ, როდიდან აიკრძალა იძულებითი და მონური შრომა. სამწუხაროდ, მასწავლებლებს, გარდა იმისა, რომ აქვთ ძალიან მცირე ხელფასები, უწევთ იძულებითი შრომაც, რაც გამოიხატება იმაში, რომ დღეს 18 და 20 საათზე მასწავლებელს ერთნაირი ხელფასი ეწერება. ასევე იმავე ხელფასს იღებს, 21 საათზე ზევით რამდენი გაკვეთილიც არ უნდა ჩაატაროს. სწორედ ეს გახლავთ იძულებითი შრომა.

- საქართველო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, რამდენად სრულდება ნაკისრი ვალდებულებები?

- საერთაშორისო კონვენციით შრომით ვალდებულებას საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს რატიფიცირებული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციები. ეს არის გაერთიანებების და კოლექტივების თავისუფლებაზე, რასაც არ ასრულებს. გარდა ამისა, რატიფიცირებულია ქალთა და ბავშვთა შრომის უფლებების კონვენციებიც, სადაც სერიოზული დარღვევებია. მიმდინარე წელს ჯანმრთელობისა და შრომის მინისტრმა აიღო ვალდებულებები, რომ ევროპულ მოთხოვნათა შესაბამისობაში მოექცეოდა შრომის კოდექსი და შეიცვლებოდა 37-ე მუხლის „დ“ პუნქტი, რომლითაც დამსაქმებელს აქვს უფლება, გაუფრთხილებლად გაათავისუფლოს ადამიანი დაკავებული სამსახურიდან. ვფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობა ამ პუნქტს შეცვლის.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1986
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია