დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჩაშლილი და განმეორებით გამოცხადებული კონკურსი ქუთაისის მერიაში
2013/08/12 18:56:23

ქუთაისის მერიაში ბოლო ერთ თვეში ორი ელექტრონული კონკურსი ჩაიშალა. ქალაქის 127 ქუჩაზე ღვარსადენებისა და კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმარება არც ერთმა საპროექტო ფირმამ არ მოისურვა. ერთი თვის წინ პარალელურ რეჟიმში გამოცხადებული 8 ათას ლარიანი და 33 500 ლარიანი კონკურსი,  მონაწილეთა არარსებობის გამო ჩავარდა. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, ეს არ არის უპრეცენდენტო შემთხვევა, რადგან სხვადასხვა მიზეზის გამო, ფირმები ზოგჯერ არ თანხმდებიან   კონკურსში მონაწილეობაზე, თუმცა,    ამჯერად საქმე ეხება 41 ათას 500 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაგეგმარებას, რაზეც,  როგორც წესი, საპროექტო ფირმები უარს  არასდროს ამბობენ.

მომხდარმა გაუგებრობა და დაბნეულობა გამოიწვია როგორც შესაბამის სამსახურებში, ასევე - საკონურსო კომისიაშიც. არაოფიციალურ საუბრებში გამოითქვა ვარაუდი იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კონკურსის ხელოვნურად დაბლოკვას. ასეთ შემთხვევაში  ერთადერთი მიზანი შეიძლებოდა ყოფილიყო ტენდერების გამოცხადების დაგვიანება, რაც, თავის მხრივ, შეაფერხებდა ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროულად დაწყებას. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კონკურის პირველივე ეტაპზე ჩავარდნამ უკვე ერთი თვით შეაფერხა ტენდერების გამოცხადება, კონკურსის ხელოვნურად ჩაგდების მოსალოდნელი შედეგი შესაძლოა ყოფილიყო სამუშაოების დაწყების ვადის შემოდგომამდე გადაწევა, მაშინ, როცა,  მსგავსი ტიპის სამუშაოებისთვის არახელსაყრელი პერიოდია. არაეფექტურ დროს შესრულებული პროქეტები კი დიდი ალბათობით უხარისხო იქნებოდა. აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ კონკურსის ხელოვნურად ჩაგდების შემთხვევაში,  ერთადერთი მიზანი,  დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების უხარისხოდ შესრულება იყო.

ვის ინტერესში შეიძლება შედიოდეს ქალაქის ახალი  ხელისუფლებისთვის ხელის შეშლა, ამაზე   ადგილობრივ თვითმმართველობაში ღიად არ საუბრობენ.

"მესმის, რომ ფაქტი ასეთია, მაგრამ დასაბუთების გარეშე, ეჭვების დონეზე ვერ ვისაუბრებ. თუ ვინმე გვიშლიდა ხელს, ესეც მალე გამოჩნდება. მე რომ მქონდეს რაიმე საბუთი, დამერწმუნეთ აუცილებლად მივმართავდი შესაბამის ორგანოს", –ამბობს ქუთაისის მერიის საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე  და სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ გაბიძაშვილი.

როგორც აღნიშნულ სამსახურში ამბობენ, ქალაქში დაახლოებით 10–მდე საპროექტო ფირმაა, რომლებიც მსაგავსი ტიპის კონკურსებში იღებენ მონაწილეობას, თუმცა მათი  იდენტიფიცირება ელექტრონული შესყიდვების კანონის შესაბამისად, დაუშვებელია. ამასთანავე, ქუთაისის მერიას ელექტრონული კონკურსის ფარგლებში ფირმებთან პირდაპირი კონტაქტი ეკრძალება, რაც შეუძლებელს ხდის ამ კონკრეტულ შემთხვევაში კონკურსის ჩავარდნის რეალური მიზეზის დადგენას.

ამ საკითხს ერთ–ერთი პირველი საკრებულოს ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარე კახა ნემრსიწვერიძე გამოეხმაურა. მან კონკურსის ჩავარდნის რეალურ მიზეზთან დაკავშირებით ეჭვი გამოთქვა და განაცხადა,  რომ შესაძლოა, ეს ხელოვნური პროცესი იყოს.   "ბევრი რამ ბადებს ეჭვის საფუძველს, ხომ არ არის ეს ხელოვნური პროცესი. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ვინმე ხელოვნურად ეწინააღმდეგებოდეს ამას, მაგრამ ნამდვილად გასაკვირია, რომ 100–ზე მეტ პროექტზეა გამოცხადებული კონკურსი და შემსრულებელი არ ჩანს. მე მოვუწოდე კიდეც შესაბამის სამსახურს, რომ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს შემსრულებლებს სხვადასხვა გზით, რომ დაინტერსესდნენ ფირმები და მიიღონ მონაწილეობა კონკურსში",–ამბობს კახა ნესიწვერიძე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ნემსიწვერიძის ფრაქციული და  პარტიული თანაგუნდელები აპროტესტებდნენ ორი თვის წინ ტენდერებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების შეჩერებას და ქალაქის ახალ მერს შესაბამისი სამსახურების ამოქმედებისკენ მოუწოდებდნენ.

მალევე, ტენდერების არგამოცხადებას ლამის შეწირული ქალაქის ახალი მერისა და მისი  გუნდის ნომერ პირველი ამოცანა სწორედ ინფრასტრუქტურული სამუშაოების სასწრაფოდ დაწყება გახდა, რაც ქალაქის ვიცე–მერად ინფრასტრუქტურის კუთხით თენგიზ თოფურიძის დანიშვნამაც დაადასტურა. მალევე გამოცხადდა კონკურსი ორ მსხვილ პროექტზე, რომელიც 115 ქუჩაზე ღვარსადენების, 17 ქუჩაზე კი საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა, თუმცა,  6 ლოტად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი არც ერთმა საპროექტო ფირმამ არ  გამოთქვა.   

ურთიერთგამომრიცხავ პროცესებს ახსნას ვერ უძებნიან ვერც სატენდერო კომისიაში, ამბობენ მხოლოდ იმას, რომ  ბოლო წლების პრაქტიკის გათვალისიწინებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესყიდვაზე პრობლემები  არასდროს ყოფილა.

"თუ ვარაუდებს მივყვებით, ვის და როგორ შეეძლო კონკურსის ხელოვნურად ჩაგდება, ფანტასტიკის სფერომდე შეიძლება მივიდეთ. ეს ჩემთვისაც არ არის ჩვეულებრივი მომენტი და მეც მიკვირს, რატომ მოხდა ასე, თუმცა ფაქტი არის ის, რომ მონაწილეობის სურვილი არავინ გამოთქვა", –ამბობს მერიის სატენდერო კომისიის წევრი და საფინანსო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ავალიანი.

"ჩვენც გაურკვევლობაში ვართ. ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა. ამ შემთხვევაში ხელ–ფეხი გვაქვს შეკრული, რადგან არ შეგვიძლია მათთან ვაწარმოოთ პირდაპირი მოლაპარაკება.  ერთადერთი ბერკეტი, რაც გაგვაჩნია, არის  კონკურსის  განმეორებით გამოცხადების უფლება.  თუ იგივე განმეორდა და კონკურსი კვლავ ჩავარდა, მაშინ აღმოვჩნდებით ფორსმაჟორულ სიტუაციაში. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს უფლება, კონკურსი ჩავატაროთ ერთ პირთან მოლაპრაკების გზით", –ამბობს სატენდერო კომისიის წევრი და  კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ზამბახიძე.

პროცედურულად, იმისთვის, რომ მოლაპარაკება გაიმართოს ერთ პირთან პირდაპირი კონტაქტის გზით, პროექტზე კონკურსი მინიმუმ ორჯერ უნდა იყოს გამოცხადებული. 41 ათას 500 ლარის ღირებულების საპროექტო წინადადებები ელექტრონულ კონურსზე  მეორედ უკვე გავიდა.

 გაგრძელდება თუ არა საპროექტო ფირმების  არაღიარებული "ბოიკოტი", მიმდინარე  კვირაში  გახდება ცნობილი, თუმცა ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ იმის მიუხედავად, ჩავარდება თუ არა კვლავ კონკურსი, ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას საფრთხე არ დაემუქრება და პროექტები ერთ პირთან მოლაპარაკების გზით მაინც განხორციელდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2013
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია