დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როგორ ცხოვრობენ საჩხერეში უნარშეზღუდული ადამიანები და ვინ ზრუნავს მათზე
2013/08/07 22:35:18

 მახსენდება, ადრე ჩვენს სოფელში ხშირად ამოდიოდნენ ყრუ-მუნჯი ტყუპი დები, რომლებსაც სპეციალიზებულ სკოლაში ასწავლეს, მერე დაასაქმეს და ბინაც მისცეს ქუთაისში. ახლა კი ამ კატეგორიის ადამიანებისათვის პერსპექტივა თითქმის არ არსებობს!  სოციალურ პრობლემებზე ბევრს ლაპარაკობენ,  პოლიტიკოსების უმეტესობა ქულებს იწერს ასეთი საკითხების აპელირებით, ზოგიერთი ადამიანი პატივმოყვარეობას იკმაყოფილებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისათვის დახმარების გამოჩენით. მინახავს, ერთი პაკეტი მიუტანიათ სოციალურად შეჭირვებულისათვის და სამი ტელევიზია მაინც მისდევს უკან, აქაოდა სიკეთე და მადლი არ დაგვიწყებიაო. სხვათაშორის, ეს არ მაღიზიანებს: ოღონდაც ვინმემ ქველმოქმედება წამოიწყოს და თუნდაც არა ტელევიზიის ეკრანზე, არამედ ჩართულ უთოზეც გამოჩნდეს!

 სანამ საქართველოს მთავარ სალაყბოში (საფიხვნოს წოდება ერთობ დიდი კომპლიმენტი იქნება ჩვენი პარლამენტისათვის)  მსჯელობენ, საუბრობენ ან იბუტებიან პარტიების დაფინანსების საკითხზე, მანამდე მოსახლეობის ძირითადი ფენები თავგადარჩენის რეჟიმშია. ადამიანების  ჯანმრთელ ნაწილს, რომელსაც არც ფსიქიკური და ფიზიკური შეზღუდვები არ აქვთ, როგორღაც შეუძლია შრომით თუ რაღაც სხვა მაქინაციებით გაუძლონ სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველობასა და მატერიალურ გასაჭირს, მაგრამ რა ქნან შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებმა?! მათთვის არც განსაკუთრებული ზრუნვა გამოუჩენია ვინმეს, მათი დასაქმების მაჩვენებელიც თითქმის ნულის ტოლია და არც პერსპექტივა ჩანს ,,ინვალიდებისათვის“. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს აქვთ სახელმწიფო შემწეობა, რომელიც მხოლოდ სრულფასოვან კვებასაც ვერ ეყოფა, თავი რომ დავანებოთ მკურნალობა-რეაბილიტაციას, დასვენებასა და კომფორტს.

  6 აგვისტოს საჩხერეში, გორგასლის #6-ში მივაკითხე საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალს. აგვისტო ის პერიოდია, როცა ყრუ ბავშვები ისვენებენ: შუა ივნისიდან შუა სექტემბრამდე ბავშვები არდადეგებით სარგებლობენ, თუმცა აღნიშნული ფილიალის თანამშრომლები მობილიზებული ჯარისკაცებივით დამხვდნენ მე-3 ბაგა-ბაღის შენობის იმ ნაწილში, სადაც 18 ბენეფიციარ ბავშვს 9 თვის განმავლობაში მზრუნველობენ და თანაც ყოველთვიურად იხიდიან ფართის ფულს: 57 ლარს 137 კვადრატულ მეტრში. შენობა მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, საჩხერის ხელისუფლება ამ ბავშვებისათვის წლიურად 20 ათას ლარს იმეტებს, მაგრამ 1000 ლარამდე ფართის ხარჯია, ამაზე ბევრად მეტი_ კომუნალური სახდელები და ერთჯერადი კვებისათვისაც საკმაოდ დიდი წილი მიდის დაფინანსებისა. რაც შეეხება სახელფასო ფონდს, ის არ არის მნიშვნელოვანი, რადგან  ხელფასი  დაახლოებით საშუალოდ 150 ლარზე ნაკლებია ერთ თანამშრომელზე გადაანგარიშებით.

  ,,2009 წელს საჩხერეში ბევრი ასეთი ადამიანი შემხვდა და გადავწყვიტე, რომ ეს არასამეწარმეო იურიდიული პირი (არასამთავრობო ორგანიზაცია) ჩამომეყალიბებინა. მაია მეტონიძეს დავუკავშირდი, რომელიც ყრუთა კავშირის ვიცეპრეზიდენტია და შევქმენით ფილიალი საჩხერეში. 140 ბენეფიციარი მოვიძიეთ, რომლებსაც არა მარტო სმენის პრობლემა აქვთ, გვყავს დაუნის სინდრომით, ცერებრალური დამბლით ბავშვები... თუ გინდათ, მშობლებს დაეკითხეთ, რამდენად პროგრესირებული არიან ჩვენი პატარები. ამბობთ, რომ მწირი დაფინანსება გვაქვს. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი გვეუბნებიან, რომ ბევრია. იყო ლაპარაკი იმაზე, რომ მუნიციპალური დაფინანსებაც მოეხსნათ. ჩვენ თავიდან წელიწად-ნახევარი უფასოდ ვიმუშავეთ. სახლიდან ვეზიდებოდით საჭირო ნივთებსა და საკვებს ბავშვებისთვის. მხარში მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე გვიდგას აქტიურად, მათზე ვართ მიწებებულები. ახალი გამგებლის დანიშვნისთანავე წერილობით მივმართეთ ბატონ ივანე გოშაძეს, ისიც დაგვპირდა, რომ მოხდებოდა ბიუჯეტის კორექტირება და დაფინანსებას გაგვიზრდიდა, თუმცა ჯერ არაფერი ჩანს“, _აღნიშნა ,,პოსტკრიპტუმთან“ საუბარში ფილიალის დირექტორმა, თამარ ზაბახიძემ.

 საჩხერეში ჩემს ვიზიტს დაემთხვა ერთი ორგანიზაციის (ასე ეწოდება _,,საქართველო დევნილთა მხარდაჭერისათვის“) საქველმოქმედო აქცია. ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ, მაია ბერაძე-ჯონსონმა, 20 სასმენი აპარატი ჩამოიტანა და სმენადაქვეითებულებს გადასცა (თავად ორგანიზაცია აფხაზეთის ჯანმრთელობის დაცვის ყოფილ მინისტრს, დალილა ხორავას, ჩამოუყალიბებია). წინასწარ შეუმოწმებიათ ის ბენეფიციარები, რომლებიც სათანადოდ გამოიყენებდნენ ამ ტექნიკურ საშუალებას და ეფექტიც ექნებოდა. ასაკს მნიშვნელობა არ ჰქონდა და ჩემი თვალით ვნახე ასაკში შესული ქალბატონი, რომელიც სიხარულისგან სამადლობელ სიტყვასაც ვერ ამბობდა, ხოლო სმენის ხარისხის გაზრდას კი ცრემლმორეული ადასტურებდა.  

ქალბატონი მაია კვლავ აპირებს, რომ საჩხერში ჩამოვიდეს (და არა მარტო საჩხერეში). მისი პირადი კონტაქტები შვედეთთან (მეუღლე ჰყავს შვედი) საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ დასავლეთ ევროპულ ინსტიტუციებს ყურადღება გამოეხატათ სმენადაქვეითებული ქართველების საკეთილდღეოდ. ყოველწლიურად შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით ჩამოდიან შვედი სპეციალისტების ჯგუფი (მინიმუმ 7 სპეციალისტისგან შედგება ხოლმე) და არასამთავრობო ორგანიზაციის სახელწოდებიდან გამომდინარე, კონფლიქტისპირა ზონებში სამედიცინო-საკონსულტაციო სამუშაოებს ატარებენ.

 ზოგჯერ ასეთი ტიპის დაწესებულებებს ხელს უწყობენ ისეთი ადამიანები, ვისაც შეზღუდული უნარებით ჰყავ(და)თ ახლობლები, მაგრამ  თამარ ზაბახიძესა  და მაია ბერაძე-ჯონსონს ასეთი არავინ ჰყავთ, თუმცა ამბობენ, რომ ამქვეყნად არავინაა არაფრისგან დაზღვეული და სიკეთის კეთება ხმაურის და პირადი პრობლემების საკუთარ თავზე წვნევის  გარეშეც უნდა შეძლონ ადამიანებმა.

 

 საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს როცა აღნიშნულ საკითხზე დავუსვი შეკითხვა, პირველ რიგში ინგა ზაბახიძემ აღნიშნა, რომ თამარ ზაბახიძე მხოლოდ მეგვარეა მისი (ნეპოტიზმის ბრალდების გამორიცხვისათვის!): ძალიან კარგი საქმე კეთდება საჩხერეში, მადლობა უნდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებიც არ ივიწყებენ შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებს. საკრებულო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ ორგანიზაციამ საქმიანობა გააგრძელოს. ყურადღებიანობა ჩვენი ადამიანობის ხარისხის მაჩვენებელია.

 რადგან მრავალი საკითხი მაინტერესებდა, ყველა ბენეფიციარზე დაკვირვება ვერ მოვახერხე, თუმცა ერთ ყმაწვილს როგორ გადასცა ინგა ზაბახიძემ მოზრდილა პაკეტი, ეს დავინახე. პაკეტი იქვე გახსნა ბავშვმა. სათამაშოები, ჰიგიენური საშუალებები და ტკბილეული ამოალაგა, თუმცა ყველაზე მეტი ყურადღება ინგლისურ ენაზე შედგენილ სახელმძღვანელოზე შეაჩერა. ბენეფიციარის დედამაც აღნიშნა, რომ ასეთი წიგნები მის შვილს ძალიან გამოადგება.

 როცა დავემშვიდობე საჩხერლებსა და მათ სტუმრებს, გზად სულ იმას ვფიქრობდი: სოციალური ქსელებით უნდა მოავხერხო და ერთი საოფისე კომპიუტერი იქნებ სექტემბრისთვის შევუძინოთ პატარებს, რომლებსაც ხმა ბიძინა ივანიშვილამდე ვერ მიუწვდებათ, თორემ... თუმცა, თუ ვინმეს აქვს სურვილი, რომ თუნდაც ნახმარი (მაგრამ მუშა) კომპიუტერი გადასცეს ფილიალს, მისამართს დავაკონკრეტებ: საჩხერე, გორგასლის 6!

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1942
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია