დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის შეუსრულებელი ბიუჯეტი
2013/08/06 15:10:04

6 თვის ანგარიშის მიხედვით ქუთაისის 2013 წლის ბიუჯეტი კატასტროფულ მდგომარეობაშია. ასეთ შეფასებას აძლევენ  საფინანსო–სარევიზიო კომისიის წევრები ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის 6 თვის მონაცემებს. ბიუჯეტის  შესრულების მონიტორინგის შედეგები საფინანსო–სარევიზიო კომისიის სხდომაზე დღეს განიხილეს.

შედეგების მიხედვით, მნიშვნელოვანი დარღვევებია დასუფთავების, ქონების და  სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელთან დაკავშირებით. არაფინანსური აქტივების კლება  კი ბიუჯეტში კვლავ   უმთავრეს პრობლემად რჩება. ბიუჯეტის ამ ნაწილში შესრულება მხოლოდ 9.5 % –ია  და ეს ნიშნული ბოლო ორი თვეა არ შეცვლილა. არაფინანსური აქტივების 4 მილიონიანი დეფიციტის გამო ქუთაისის ბიუჯეტი შესაძლოა ბოლო წლების განმავლობაში პირველად სეკვესტრის საფრთხის წინაშე დადგეს.

"კატასტროფული მდგომარეობაა არფინანსურ აქტივებში და ქონების შემოსავლების ნაწილში. რაც შეეხება სათამაშო ბიზნესს, აქ ადგილი აქვს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების არაკოონდინირებულ თანამშრომლობას, რის შედეგადაც არასწორად მოხდა დაგეგმვა ამ შემოსავლების", –აცხადებს საფინანსო–სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე გოგიტა გოგელაშვილი.

ქონების მართვის  სამსახურის უფროსი ბესო ცქიფურიშვილი არაფინანსურ აქტივებში დაბალი შემოსავლების მიზეზად მიწის ნორმატიული ფასის არასტაბილურობას ასახელებს.

"აქამდე მიმდინარეობდა საკრებულოში მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრა, რამაც შეაფერხა როგორც მიწების, ასევე შენობა–ნაგებობების პრივატიზება. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ის ოთხმილიონიანი  გარღვევა რაც გვაქვს, მოკლე ვადაში იქნას აღმოფხვრილი", –ამბობს სამსახურის უფროსი.  

ბიუჯეტის 4 მილიონიანი დეფიციტის ამოღებას  ეჭვქვეშ აყენებს კომისიის წევრი კახა ნემსიწვერიძე.  

"ეს არის კოლოსალური თანხა. 4 მილიონი არასდროს არ შემოსულა ქონების გასხვისებიდან  ქალაქის ბიუჯეტში.   აქედან გამომდინარე, ვფიქრობ რომ  ძალიან რთული იქნება იმ პასუხისმგებლობის შესრულება, რომელიც თავიდანვე აიღო ქალაქის მერიამ", –ამბობს  კახა ნემსიწვერიძე.   

ბიუჯეტის შესრულება შეაფასა ქალაქის მერმაც. დიმიტრი კოპალიანის თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიუჯეტში პრობლემები იყო, აქამდეც უნდა გამჟღავნებულიყო.

"მე მიკვირს, რომ ახლა საუბრობენ ამაზე.  ეს არ არის ერთი დღის პრობლემა. თვეების განმავლობაში გროვდებოდა ეს ყველაფერი,  უბრალოდ არ საუბრობდნენ ამაზე. 6 თვის მონაცემებით, ძალიან მაღალია  ბიუჯეტის სეკვესტრის რისკები. ჩვენ შევთანხმდით, რომ ყოველ ორ კვირაში  მოხდეს შეხვედრა და ვიცოდეთ სად რა პრობლემაა", –ამბობს ქალაქის მერი.

6 თვის შედეგების მიხედვით ქუთაისის ბიუჯეტი მხოლოდ 38% –ით არის შესრულებული.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1923
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია