დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ამბერკი დვალიშვილი ქუთაისის ყოფილ ხელმძღვანელობას ქალაქის საბოტაჟში ადანაშაულებს
2013/08/03 19:16:54

2012 წლის საპარლემენტო არჩვნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებამ ბევრ პოლიტიკურ ფიგურას მნიშვნელოვნად შეუცვალა პოლიტიკური აზროვნება და  ჯერ კიდევ გუშინ  „ნაციონალებმა“ პოლიტიკური კარიერის გადასარჩენად ახალი „გზების“ ძებნა დაიწყეს, ნაწილი ღიად შეუერთდა „ქართულ ოცნებას“, ნაწილი კი ახალი პარტიით გამოჩნდა პოლიტიკურ ორბიტაზე.  „ნაციონალებმა“ ყოფილ თანამებრძოლებს ღალატი არ აპატიეს და თავიანთი საქციელის გამო, მათ „პოლიტიკური ვირთხები“ უწოდეს. თუმცა, მიუხედავდ ამ დაპირისპირებისა, ხშირად საუბრობდნენ, რომ სახელშეცვლილი “ნაციონალები“ თავიანთი ქმედებით კვლავ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ მოქმედებენ და ახალ ხელისუფლებას დაბრკოლებებს უქმნიან.

 ქუთაისის განვითარების შეფერხებაში ყოფილი „ნაციონალების“ როლზე საუბრობს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის პარტიული ორგანიზაციის ბიზნესისა და მრეწველობის განვითარების კომისიის თავმჯდომარე ამბერკ დვალიშვილი, რომელიც psnews.ge-თან საუბრისას ქუთაისის ძველ ხელმძღვანელობას ქალაქისათვის მოწყობილ საბოტაჟში ღიად ადანაშულებს:

-ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ქუთაისის იმ დროინდელი მთავრობა პირდაპირ დავადანაშაულე და განვაცხადე, რომ 9 წლის განმავლობაში ქალაქში არაფერი რომ არ  კეთდებოდა, მათი ბრალი იყო. სამწუხაროდ, არც დღეს და არც ხვალ არაფერი გაკეთდება, ვინაიდან, ქუთაისის მმართველობა იგივე ხალხის ხელშია. არ აქვს მნიშვნელობა, „ნაციონალები“ ჰქვიათ მათ თუ "პატრიოტები", პიროვნებები იგივე არიან, რომლებიც ქალაქში არაფერს ისე არ აკეთებდნენ, თუ მათი ინტერესები არ იქნებოდა ჩადებული. მათ ამ წლების განმავლობაში მერიაში შესული არცერთი პროექტი არ დაუმტკიცებიათ და დღესაც ქალაქის მისამართით საბოტაჟს ეს ადამიანები აწყობენ. ქალაქი სათანადოდ არ სუფთავდება, „ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიზე ანტისანიტარიაა, მოპარულია სარდაფის თავები, გვიან რომ მივიდეს ადამიანი, ჩავარდება და მოკვდება; ქუჩებში წყლები დგას, რადგან სისტემა, მიუხედავად არაერთხელ გაკეთებისა, კვლავ გაუმართავია; არცერთ ქუჩაზე დაგებული ასფალტი ხარისხიანი არაა. რთულადაა ბიზნესის მდგომარეობა. ადგილობრივ ბიზნესს ყოველთვის უჭირდა ე.წ.  ბრენდირებულ კომპანიებთან ბრძოლა, რადგან მათ მაღალჩინოსნები ლობირებდნენ,  რისი მეშვეობითაც ამ კომპანიებმა დიდი კაპიტალი დაგროვეს. საინტერესოა, ეს კაპიტალი საიდან აქვთ მოზიდული? ჩვენ კომისიის ფარგლებში ჩავატარეთ კვლევები: სესხებთან და ქუთაისის ბაზარზე ადგილობრივი პროდუქციის რაოდენობასთან დაკავშირებით. მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ დამწყები და მცირე ბიზნესის განვითარებისათვის ბანკები დაბალპროცენტიან კრედიტს არ გასცემენ. ქუთაისის ბაზარზე კი ადგილობრივი პრედუქცია მცირე რაოდენობით შედის. ბაზარი დაბინძურებულ პროდუქციას მიაქვს. ეს იმის ბრალია, რომ ფაქტობრივად, არ არსებობს ანტიმონოპოლიური სამსახური. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული სურსათის უვნებლობის სამსახური კი თავის ფუნქციას არ ასრულებს, რის გამოც მაღაზიებში მხოლოდ კუსტარულად დამზადებული ადგილობრივი პროდუქცია შედის. არ არსებობს ლიცენზიების სამსახური, ვისაც რა უნდა, იმას აკეთებს და ყიდის.

-თქვენ ქუთაისის ყოფილ ხელისუფლებას ღიად ადანაშაულებთ ბიზნესის ხელშეშლაში, რის საფუძველზე აცხადებთ ამას და თუკი თვლით, რომ  თვითმმართველობა კვლავ ამ ადამიანების მმართველობაშია, არსებული სიტუაციიდან რა გამოსავალს ხედავთ?

-პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობიდან მათ ძალისმიერი მეთოდით ნამდვილად არავინ გამოყრის. ერთადერთი გამოსავალი ადგილობრივი თვითმმართველობის აჩევნების მოგებაა. რაც შეეხება ბრალდებას, ჩემი მაგალითიდან გეტყვით, რომ წინა ხელისუფლება არც ერთ ჩემს პროექტს არ ამტკიცებდა, რადგან მათში პირად ინტერესებს ვერ ხედავდა. ერთი მავნე ჩვევა აქვთ ქუთაისის მერიაში, სხვის შემოსავლებს ითვლიან გადასარევად, მაგრამ შემოსავალს გასავალიც რომ აქვს, ეს არავის აინტერსებს. ქუთაისი არაა მდიდარი ქალაქი, აქ დიდი ფული არ ტრიალებს, ადგილობრივ კომპანიებს დახმარება სჭირდებათ. არსებული მდგომარეობის გამო, ქუთაისის რძის ქარხანა გაჩერებულია, ბევრი კომპანია კრიზისის ზღვარზეა. ქუთაისში ბიზნესი მხოლოდ მაღაზიების და საცხობების დონეზეა დასული . ჩვენი კომისია სხვადასხვა პროექტზე მუშაობს, ერთ-ერთი პროექტი ქუთაისის ბიზნესის გადარჩენის ფონდს შეეხება.  ეს იქნება ფონდი, რომელიც ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.

აქვე ვიტყვი, რომ „პატრიოტები“ იქამდე იქნებიან ახალი ხელისუფლებისათვის ხელისშემშლელები, ვიდრე ქალაქის განვითარებისათვის პროექტები არ გაკეთდება. როგორც აღვნიშნე, ამ დროისთვისაც ჯერ კიდევ მათ მიერ იმართება ქალაქი.  მერი ახალი მოსულია და ნაცვლად იმისა, რომ გვერდით დაუდგნენ და ერთობლივი ძალებით იბრძოლონ ქუთაისის განვითებისათვის, საკუთარ ბერკეტებს იყენებენ და ულტიმატუმებით ესაუბრებიან ახალ ხელმძღვანელობას. ბევრი მოაზროვნე კადრი ჰყავს ამ ქალაქს, რომელთა გამოცდილებაც უნდა გამოიყენონ. თანამდებობებზე ადგილობრივი პირები უნდა დაინიშნონ, ისინი, ვისაც ეს ქალაქი მართლა უყვარს და არა - თბილისელი კადრები, რომლებიც მხოლოდ მითითებების შესასრულებლად არიან თანამდებობებზე. თუ შენ გადაწყვეტილების მიღება არ შეგიძლია, როგორი უფროსი ხარ, ესე იგი, გმართავენ? ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს, რომ თანამდებობაზე ყოველთვის დროებით ინიშნებიან და არა - მუდმივად, ამიტომ რამდენი ხნითაც არ უნდა იყო თანამდებობაზე, საქმე უნდა აკეთო, გადაწყვეტილებები მიიღო. რა მნიშვნელობა აქვს, რა სტატუსით ხარ. თუკი დღეს თანამდებობაზე დროებით ხარ და ამბობ, რომ საქმეს არ იცნობ, რა, ხვალ რომ პოსტზე დაგამტკიცონ, გეცოდინება? ე.ი. მაშინაც მითითებების შემსრულებელი იქნები.  ამიტომ სისტემის ძირეული ცვლა  უნდა მოხდეს. ძველი კადრები, რომლებმაც სახელი ადვილად შეიცვალეს, აზროვნებას მარტივად ვერ შეიცვლიან  და ყოველთვის ქალაქის ინტერსებზე მაღლა პირად ინტერესებს დააყენებენ. ამიტომ ჩვენ, ბიზნესისა და მრეწველობის განვითარების კომისიის წევრები  პირდაპირ ვაცხადებთ, რომ აქტიურად ჩავერევით პოლიტიკურ პროცესებში და არცერთ ძალას არ მივცემთ უფლებას, ქალაქის განვითარება შეაფერხოს.

-თქვენი განცხადება ხომ არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკაში მოსვლას გეგმავთ?

-პოლიტიკაში ირიბად თუ პირდაპირ უკვე მოსული ვარ, მაგრამ ამ დროისათვის ყველას დასამშვიდებლად შემიძლია ვთქვა, რომ არანაირი თანამდებობა ჩემს ინტერესს არ წარმოადგენს, თუმცა, როგორც აღვნიშნე, პოლიტიკურ პროცესებს აქტიურად მივადევნებ თვალს და საჭიროების შემთხვევაში, ჩავერევი კიდეც და როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ჩემი ქალაქის გვერდით ვიქნები.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2003
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია