დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლაგოდეხელები წყალმომარაგების კომპანიის წინააღმდეგ
2013/07/17 15:46:30

რატომ ითხოვს ლაგოდეხის მოსახლეობა გაუფილტრავ წყალს?

უკვე ერთი თვეა, ლაგოდეხის მოსახლეობა წყალმომარაგების სისტემაზე დაწესებული ახალი რეგულაციების მოხსნას ითხოვს. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მას შემდეგ, რაც „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების  კომპანიამ“  რაიონში წყალმომარაგების სისტემის ახალი პროექტის  განხორციელება დაიწყო, ლაგოდეხელებს წყალი შეზღუდვით მიეწოდება. გარდა ამისა, მათი თქმით, ახალი ფილტრების დაყენების მიუხედავად, მილებში მაინც დაბინძურებული წყალი მოდის.  

 

დაწესებული გრაფიკისა და წყლის  შეზღუდული რაოდენობით მიწოდების გამო, მოსახლეობა ითხოვს, წყლის კომპანიამ  შეაჩეროს პროექტის განხორციელება და რაიონმა ისევ  ძველი სისტემით მიიღოს წყალი.

აღსანიშნავია, რომ რაიონში წყალმომარაგების კომპანიის შემოსვლამდე ლაგოდეხის მოსახლეობა მდინარის გაუფილტრავი წყლით სარგებლობდა. წყლის სათავე ნაგებობა  ღია იყო და მუდმივად ბინძურდებოდა, ამასთანავე, მილების გარეშე, ბუნებრივ კალაპოტში გამდინარე წყარო დღემდე ადგილობრივთა გართობის ყველაზე პოპულარული საშუალებაა. მოსახლეობა ზაფხულის ცხელ დღეებში  წყაროში ბანაობს, მის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ოჯახურ ვახშმებს აწყობს. მიუხედავად იმისა, რომ წყარო მუდმივად დაბინძურებული და  სასმელად უვარგისია,  ლაგოდეხელები მაინც არჩევენ,  გაუფილტრავი წყალი მიიღონ, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ წყალი გრაფიკის გარეშე და შეუზღუდავი რაოდენობით მიეწოდებათ.

„ზაფხულია და ყველაზე მეტად ახლა გვჭირდება წყალი. ნათესების მორწყვას  ვეღარ ახერხებს ხალხი. მართალია, ხევის  წყალი გაუფილტრავია, მაგრამ მაინც გვირჩევნია გაუფილტრავი მივიღოთ შეუზღუდავად, ვიდრე გაფილტრული – გრაფიკით. თანახმა ვართ, როგორც ადრე, ისევე ვიყიდოთ  სასმელი წყალი, ოღონდ ნათესების მორწყვა შევძლოთ.  ხევის წყალს ისედაც არ ვიყენებდით დასალევად,“ – ამბობს ლაგოდეხელი მამუკა ისკანდარიშვილი.

მოსახლეობის თქმით, პრობლემას ასევე ქმნის წყალზე ცენტრალიზებული მართვა, რის გამოც ადგილობრივი, თუნდაც უმნიშვნელო პრობლემის მოგვარება კომპანიის სათავო ოფისთან შეთანხმების გარეშე ვერ ხერხდება, რაც თავის მხრივ პრობლემის აღმოფხვრის პროცესს აჭიანურებს.

ლაგოდეხელები ითხოვენ,  რაიონის  წყალმომარაგების სისტემის რეგულირების მექანიზმი ადგილობრივ თვითმმართველობას გადაეცეს.

„აქ რომ მილი დაზიანდეს, თელავში უნდა მივაკითხოთ კომპანიის სერვისცენტრს.  ისინი წყვეტენ ჩვენს მაგივრად, რა და როგორ უნდა იყოს. რატომ არ შეიძლება, რომ ის უფლებები, რაც აქვს ცენტრალურ ოფისს, ჰქონდეს ლაგოდეხსაც. გრაფიკი დაგვიწესეს, მაგრამ ამ გრაფიკსაც არღვევენ. როცა უნდათ, მაშინ უშვებენ წყალს“, - ამბობს ლაგოდეხის მცხოვრები ლევან კორახაშვილი.

 

როგორც ადგილობრივები განმარტავენ,  ფილტრები, რომლებიც  კომპანიამ პროექტის ფარგლებში დააყენა, ლაგოდეხის მთელი  მოსახლეობისთვის საჭირო წყლის რაოდენობის გაფილტვრას ვერ ახერხებს. მათი თქმით, სუსტი სიმძლავრის ფილტრების გამო წყალი მხოლოდ რამდენიმე ასეული ოჯახისთვის არის საკმარისი.  არის ოჯახები, რომელთაც წყალი თვეზე მეტია არ მიუღიათ.

„მილიონნახევარი უკვე დაიხარჯა, განხორცილდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, მაგრამ საბოლოო  ჯამში მივიღეთ დაბინძურებული წყალი შეზღდვებით. ეს უარესია, ვიდრე იყო. ადრე გაუფილტრავს, მაგრამ შეუზღუდავად მაინც იღებდა მოსახლეობა. ამათ არ ესმით, რომ ამ დანადგარებით მაღალი ხარისხით  წყლის გაფილტვრა ვერ მოხერხდება, რადგან ლაგოდეხში არის ღვარცოფული მდინარეები და ყოველი წვიმის შემდეგ ორი კვირა არის საჭირო იმისთვის, რომ წყალი დაიწმინდოს. თვაიდანვე არასწორად შეიმუშავეს პროექტი და ამიტომაც მივიღეთ ეს შედეგები,“ – მიაჩნია არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციის“  თავმჯდომარეს გიორგი ბოკერიას.

 

მისივე თქმით, პრობლემის მოგვარება შესაძლებელია რაიონში  მცირე ჰესის აშენებით, რომელიც საკმარისი რაოდენობის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და მთელი ლაგოდეხისთვის საჭირო წყლის გაფილტვრას შეძლებს, თუცა ამისთვის კომპანიის მხრიდან კეთილი ნება არ არსებობს, რაიონს კი საკმარისი სახსრები  არ გააჩნია.

„ამბობენ, წინა ხელისუფლებამ შეჭამა ფულიო, მაგრამ ძნელია ახლა ამის  დამტკიცება. წყალმომარაგების კომპანია  დაგვპირდა, უახლოეს დღეებში მოვაგვარებთ პრობლემას და გრაფიკი აღარ იქნებაო, მაგრამ როგორც წესი, ასეთი საკითხები ორ და სამ დღეში არ წყდება. როგორც ვიცი, დაახლოებით 1500 კილოვატი საათის ენერგიაა საჭირო სრულყოფილი ფილტრაციისთვის, რისი საშუალებაც  ამ ეტაპზე არ არსებობს. არის ალტერნატიული გზებიც წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად, მაგრამ, როგორც ექსპერტებმა მითხრეს, ამისთვის დაახლოები 10 მილიონი ლარია საჭირო, რაც ჩვენს პირობებში კოლოსალური თანხაა,“ – ამბობს ლაგოდეხის გამგებელი ვლადიმერ ალიბეგაშვილი.

 

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" მისამართით ლაგოდეხელთა ბრალდებებს არ იზიარებენ კომპანიაში. კომპანიის ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი ზაზა სიხარულიძე    რაიონში წყალმომარაგების  პრობლემას მოსახლეობის დაუდევრობას უკავშირებს  და ამბობს, რომ რაიონში ადგილი აქვს დიდი რაოდენობით წყალქცევებს, რის გამოც კომპანია იძულებულია წყალმომარაგებაზე გრაფიკი დააწესოს. 

„50 მილიმეტრიანი მილებით აქვთ წყალი მიშვებული ნათესებში. ონკანსაც კი არ უკეთებენ, რომ მაშინ მაინც დაკეტონ, როცა არ სჭირდებათ. ერთ სულზე 200 ათასი ლიტრი წყალია განსაზღვრული და ამ პირობებში შეიძლება წყლის დეფიციტზე საუბარი? არ ყოფნით იმიტომ, რომ დაუდევრად მოიხმარენ. რაც შეეხება წყლის ხარისხს, მინდა გითხრათ, რომ ამ მხრივ პრობლემები იქმნება მხოლოდ ძლიერი ნალექის დროს.  ჩვენ უმაღლესი ხარისხის ფილტრები დავაყენეთ, რომელიც ავტომატურად არეგულირებს წყლის ხარისხს,“ – განაცხადა „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ტექნიკური დეპარტამენტის უფროსმა ზაზა სიხარულიძემ.  ამავე დროს იგი არ მალავს დამატებითი ფილტრების  საჭიროებას და ამბობს, რომ ახალი ფილტრების დაყენება უახლოეს მომავალში იგეგმება. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მალე ლაგოდეხელებს წყალმომარაგებასა და წყლის ხარისხზე  პრობლემა აღარ ექნებათ.

ლაგოდეხში წყალმომარაგების სისტემის პროექტირების  პროცესი დასასრულს უხლოვდება. „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ცნობით, ამ ეტაპზე სრულადაა მოწესრიგებული სათავე ნაგებობა, ლაგოდეხის ხევში მოეწყო მიწისქვეშა დრენაჟები,  სალექავი რეზერვუარი და თანამედროვე ფილტრები.  უახლოეს მომავალში  კი დამონტაჟდება დამატებითი ფილტრები, მოწესრიგდება გამანაწილებელი და გადამყვანი მოწყობილობა, რის შემდეგაც რაიონის მოსახლობას 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.  კომპანიაში  ასევე ამბობენ, რომ მკაცრი კონტროლი დაწესდება წყლის ხარისხზეც, კერძოდ, კომპანიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს უკვე გადასცა თანამედროვე ქიმიური და ბაქტეოროლოგიური აპარატები, რომლის საშუალებითაც მუდმივად გაკონტროლდება წყლის ხარისხი.

რაიონში  წყლის სისტემის სრული რეაბილიტაციისთვის ჯამში  6 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს. ლაგოდეხი  იმ 28 ქალაქის რიცხვში შედის, სადაც „ევროპის საინვესტიციო ბანკის“ დაფინანსებით წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კახეთის რაიონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მომავალი წლისთვის უნდა დასრულდეს. სავარაუდოდ, ამ დროისთვის  ასევე დასრულებული იქნება ინდივიდუალური  გამრიცხველიანებაც, რომელიც ლაგოდეხში უახლოეს მომავალში   დაიწყება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1769
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია