დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა კავშირი აქვს სერგო იაკობიძეს ჭიათურის ბაგირგზების რეაბილიტაციასთან
2013/07/07 12:51:02

 საბჭოთა კავშირში ჭიათურა ლიდერობდა ბაგირგზების სიგრძითა და რაოდენობით. საბაგირო ტრანსპორტი ჭიათურაში მგზავრთბრუნვასა და ტვირთბრუნვას ემსახურებოდა. იყო პერიოდი, როცა ზემო  იმერეთის ორ  სოფელს შორის მსოფლიოში ყველაზე გრძელი საბაგირო გზა იყო მოქმედი. ზოდი-ზედუბნის დამაკავშირებელი ბაგირგზა დღეს უმოქმედოდაა, ისევე, როგორც შიდასაქალაქო რამდენიმე მარშრუტი. კომუნისტური პერიოდიდან ჭიათურას ორი უცილო კომპონენტი ახასიათებდა: მანგანუმი და ჰაერში საიმედოდ მოსრიალე ბაგირზე დაკიდებული ვაგონები. უძლეველად წარმოდგენილი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ტრანსპორტის ამ სახეობასაც დაეტყო კრიზისი: გაჩერდა რამდენიმე სამოქალაქო დანიშნულების მარშრუტი, ხოლო დღესაც მომუშავე ბაგირგზებს ეჭვის თვალით უყურებს მოსახლეობა, რადგან ვიზუალის გარდა, ვაგონებს აშკარად ეტყობა კოროზიაც.

 გამსახურდიას პერიოდიდან დაიწყო საბაგირო ტრანსპორტის უჩვეულო რეჟიმში მუშაობა. იმის შიშით, რომ  ლითონი არ დაეტაცებინათ, სადგურიდან დაშორებით რამდენიმე მეტრში ბაგირებზე ქანაოდა უფუნქციო ვაგონები, შემდეგ რამდენიმე მარშრუტი გაუქმდა, რამდენიმე დარჩა, თუმცა ქალაქში ყველა მიმართულებით საჭირო იყო მათი ექსპლოატაცია. ამ პერიოდში დაიწყო ე.წ. უდენოდ საბაგირო ვაგონების გადაადგილებაც: ელექტროენერგიის ამორთვის დროს მუხრუჭის გამოყენებით უკან აბრუნებდნენ (მდინარის ხეობისკენ) ვაგონს, ან ჯალამბარით ექაჩებოდნენ ვაგონს. იყო შემთხვევა, როცა მგზავრების ჩამოყვანა მაშველების დახმარებით მოხდა შუა მარშრუტიდანაც.

 ჭიათურაში ამჟამად მუნიციპალური და ,,ჯორჯიან ამერიქენ ელოიზის“ დაქვემდებარებაში არსებული ბაგირგზებია, მუნიციპალიტეტს ემსახურება 4, ხოლო მანგანუმის მრეწველ ორგანიზაციას_ 11. ყველა მიმართულება საშიშროების მომცველია. სპეციალისტების აზრით, მათი რეაბილიტაცია საჩქაროა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ფატალურად დასრულდეს რომელიმე მარშრუტზე მგზავრთა ბედი.

 დიდი ხანია, საუბრობენ იმაზე, რომ  რელიეფიდან გამომდინარე საბაგირო ტრანსპორტის შენარჩუნება ჭიათურაში აუცილებელია ბევრად უფრო მეტად, ვიდრე თბილისში, ბორჯომსა და ქუთაისში. საქართველოს ყველა კუთხეში უმეტესად საბაგირო გზებს ტურისტულ-რეკრეაციული დანიშნულება აქვს, ჭიათურაში ამ ფუნქციებს ემატება სოციალური დატვირთვა. საავტომობილო ნახევარსაათიანი მარშუტების დაძლევა ბაგირგზებით რამდენიმე წუთში შეიძლება, ამას ემატება მისი ეკოლოგიურად უსაფრთხოებაც.

 არც ისე დიდი ხნის წინ ჭიათურაში ჩამოსული იყო ორგანიზაცია ,,პომა“, რომელიც მსოფლიოში ცნობილია ბაგირგზების აგებითა და სარეაბილიტაციო საქმიანობით.  ფრანგული კომპანია სამთავრობო დონეზე შეთანხმებით და პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით ოთხი მიმართულების საბაგირო გზის რეაბილიტაციას განახორციელებს. ,,პომას“ მენეჯერის, სებასტიან ვილაუმის თქმით, ჭიათურას ეწვევიან ფრანგი სპეციალისტები, რომლებიც არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნობიან და მალე მოხდება სრული მოდერნიზაცია ოთხივე მიმართულების ბაგირგზაზე.

 ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სულხან მახათაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობს და ამჟამად ჭიათურის მუნიციპალიტეტშიც მალე ჩადებენ ინვესტიციას.

 ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ,,პომას“ დაკავშირება ჭიათურასთან სერგო იაკობიძის მეშვეობით მოხდა. იაკობიძე 2003 წელს საპარლამენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს მაჟორიტარ დეპუატატად, როგორც უპარტიო პირი. შემდეგ მის წინააღმდეგ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო იმავე კატეგორიის ქმედებები, რაც მოჰყვა 2004 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის გამარჯვებას. 2004 წლის მარტში მას იმუნიტეტი მოეხსნა, რასაც ადასტურებს ცენტრალური საარჩევნო კომისია:

,,19 მარტს, 13:00 საათზე გამართულ სხდომაზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიღებული განკარგულებით თანხმობა განაცხადა 2004 წლის 28 მარტს, #56 ჭიათურის საარჩევნო ოლქში ჩასატარებელი ხელახალი მაჟორიტარული არჩევნებისათვის წარდგენილი კანდიდატის სერგო იაკობიძის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოქმედების-დაკავების, დაპატიმრებისა და ჩხრეკის განხორციელებაზე.

ცესკო-ს განკარგულება ეყრდნობა საქართველოს გენერალური პროკურორის წერილს სერგო იაკობიძის დაკავების, დაპატიმრებისა და გაჩხრეკვის შესახებ. სერგო იაკობიძე 2004 წლის 21 იანვრიდან ძებნილია პროკურატურის მიერ, მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის (მითვისება ან გაფლანგვა) მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, აგრეთვე 192-ე (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა) მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით.”

 წითელი ცირკულარით ძებნილ ქართველთა შორის სერგო იაკობიძე ერთ-ერთი იმ პირთაგანია, რომელმაც შეძლო თავიდან აეცილებინა ქართული მართლმსაჯულების ძალამოსილება ემიგრაციაში წასვლით.

 იაკობიძე ჭიათურაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიროვნება იყო იმით, რომ სრულიად უცნობ ადამიანებს ეხმარებოდა, თუმცა ამას მისი ოპონენტები იმით ხსნიდნენ, რომ მან ,,საფოსტო ბანკის“ სახსრები გამოიყენა (მათ შორის, დევნილთათვის განკუთვნილი შემწეობები).

 ,,სოციალისტური პარტია“ და მისი ჭიათურელი წარმომადგენლობა  იაკობიძეს ადანაშაულებდა შავ სამყაროსთან სიახლოვეში, დევნილთა თანხების დატაცებასა და ზურაბ ჟვანიასთან ალიანსში. პროკურატურა იაკობიძეს ედავებოდა რამდენიმე მილიონი ლარის მიტაცებას. რადგან 2004 წლის 4 იანვარს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში იაკობიძემ სოციალისტ მოცრაძეს აჯობა (შემდეგში ბატონი მოცრაძე ,,ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტირებდა), მას სადეპუტატო იმუნიტეტიც უნდა ჰქონოდა, თუმცა ამას ხელი შეუშალა ,,ნაციონალი“ დეპუტატების ქმედებებმა. სერგო იაკობიძის ნაცვლად, მისი მეუღლე დააკავეს (21 იანვარი, 2004 წელი).

,,პოსტკრიპტუმის“ წყარომ, რომელიც სერგო იაკობიძეს იცნობს, განაცხადა, რომ იაკობიძე პროფესიონალი ფინანსისტია და მას მსოფლიოს არაერთი კვალიფიციური ორგანიზაცია დიდ პატივს სცემს. ამ წყაროს განცხადებით, იაკობიძე საქართველოში პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელებას, სავარაუდოდ, არ მოისურვებს. თუმცა სერგო იაკობიძემ უკვე განაცხადა, რომ  ხელისუფლებამ მას ანტიპიარი გაუკეთა, თითქოს პენსიებისა და შემწობების  მიტაცება მოახდინა. იაკობიძის თქმით, ნაციონალური მოძრაობა დაინტერესებული იყო საფოსტო ბანკით და თავდაპირველად პარტიის დაფინანსებას, ხოლო შემდეგ ბანკის 80%–იანი წილის გადაფორმებას სთხოვდნენ. 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს არსებობდა აზრი, რომ იაკობიძე ოპოზიციურ ძალებს ფინანსურად ეხმარებოდა.

იაკობიძის თქმით, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ზაზა გოროზია აქტიურობდა მისთვის ბანკის ჩამორთმევის პროცესში.  ბიზნესმენის ინფორმაციით, ხელისუფლებამ საფოსტო ბანკი წაართვა და  12 მილიონამდე დავალიანება გამოუწერა, რაც სიმართლეს არ შეეფერება.

არსებობს აზრი, რომ იაკობიძე ჭიათურაზე ზრუნვას მაინც გააგრძელებს. ჭიათურის მოსახლეობა საუბრობს იმაზე, რომ ,,პომა“ მუნიციპალურ ოთხ საბაგირო მარშრუტს იაკობიძის ფაქტორის გამო თანამედროვე სტანდარტებით გააკეთებს, ხოლო ,,ჯორჯიან ამერიქენ ელოიზის“ კუთვნილი საბაგირო მარშრუტების სარეაბილიტაციოდ, თუკი ამერიკულ ორგანიზაციას ექნება სურვილი, გამოყოფს სათანადო ინვესტიციას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2721
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია